Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რაგბისთან დამეგობრება

08 ნოემბერი 2017

მგონი, სულ, საერთოდ და ყოველთვის რაგბი როგორღაც ასე გამოვიდა. გამოვიდა, კი არა და ჩამოყალიბდა. რა თქმა უნდა, არა თავისით, ბევრი ხალხის შრომით და უამრავი რამის თანხვედრით.

ახლა, როცა უცხოურ გაზეთებში ჩვენს სარაგბო ცხოვრებაზე წერენ, ცოტათი ეგზოტიკურ, კეთილ წერილებს და ასეთი საკითხავი ყოველკვირეულად იმატებს, სულ ის მახსენდება, როგორ წერდა ერთადერთი ქართული გაზეთის ერთადერთი ჟურნალისტი გამუდმებით და ჯიუტად – რაგბის შესახებ წინა საუკუნის ბოლო ათწლეულში და რა შორეული სამყარო იყო ეს რაგბი, იმის მიუხედავად, რომ აგერ ყურისძირშიც გვქონდა ჩვენი, პატარა, საბჭოეთის ოსტატთა შორის სამი გუნდითაც კი წარმოდგენილი, მაინც ტიტულებიანი, რიგ სასწავლებელთა, რიგ სტუდენტებში სავარჯიშოდ პოპულარული, მაგრამ მაინც ცარიელტრიბუნიანი თამაში, რომელზეც ასეთიც გამიგონია: კი, ძმაო, ვაჟკაცური სპორტია, მაგარია რა, მარა ეს მიწაზე რო ხოხიალობენ, არ მომწონს.

ესეც იყო, რომ რაგბის წესებისა არავინ არაფერი იცოდა, ამ თამაშში ჩართული და მის გარშემო მოტრიალე ადამიანების გარდა. ცნობილი იყო ერთი მთავარი წესი, რომ ბურთი მოწინააღმდეგის ხაზს იქით უნდა დადო და ჯარიმას ძელს ქვემოთ კი არა, ძელს ზემოთ უნდა გატანა.

რაგბის ბურთი ასევე საინტერესო საგნად გამოიყურებოდა, დანარჩენი კი, აბა საიდან. საკუთრივ მორაგბენი კაი ტიპებად აღიქმებოდნენ, მათი სპორტისა და თამაშის უნახავად, უფრო იმ ამბავში, რო, აი, ეგენი ერთი თემია, მორაგბე მორაგბეს ყოველთვის მიეშველება და ჩხუბში პირდაპირ ორასნი მოდიან და ბედმა კი იმას გაუღიმა, ვისაც ჩხუბი მოუხდა და მორაგბე ძმაკაცი ჰყავს, რადგან ის ხომ წამოჰყვება და წამოჰყვება ჩხუბში და იმის ის ორასი თანამეთემეც დაუნანებლად, თანაც, ამ მორაგბულ ავტონომიაზე დიდად არ ჭრიდა ქუჩის გაგება და შეკითხვები, რო, აი, რა ცხოვრებით ცხოვრობ და ასე შემდეგ.

მოკლედ, ეს იყო სარაგბო ცოდნები და აქედან კი, ბოლო ოცდაათ წელიწადში რაც ამოიზარდა, კი ვხედავთ.

როგორ მოხვდა რაგბი ხალხის გულებში, როგორ შეივსო ტრიბუნები და როგორ ამბობენ დღესა, რომ რაგბი ჩვენი ეროვნული სპორტია, გრძელი ამბავია და რაღაც კუთხით, შესაძლოა, ჯადოსნურიც დაერქვას, თუმცა მხოლოდ ჯადოსნობით არაფერი გამოვა. როგორც შერლოკ ჰოლმსი იტყოდა, დამნაშავე ჩიტი არ არის, რომ დაფრინავდეს. ის კვალს ტოვებს.

ჰოდა, იყო რაღაც ისეთი, რამაც მარადიული კაუჭი მოსდო ქართველ ხალხს, რომელიც თავიდან ბოლომდე ფეხბურთსა და კალათბურთს ქომაგობდა და თვალსასეიროდ და გულის გამხარებლად მხოლოდ ამათ მიიჩნევდა. კარგა ხანს ვერავინ იფიქრებდა, რომ რაგბი სანახაობაა. ფეხბურთსა და კალათბურთზე გაჩვეული თვალი რაგბიზე როგორ მოსცდებოდა. ერთი იყო, რომ ამბობდნენ, ტელევიზორში უცხოელების გაშლილი მარაო ვნახე და რა ლამაზიაო, მარა ამ მარაოს ცდაში აბა სტადიონზე ვინ მივიდოდა.

საქმე ეს იყო, რომ, როგორც უცნობი თამაშისა, ხალხმა არაფერი იცოდა – რაგბის ემოციური სამყაროსი და მისი სხვა, განსხვავებული სილამაზისა; ვერ ამყარებდა ამ თამაშთან გრძნობისმიერ, შინაგან კავშირს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგადი წესებიც კი არ იცოდა, არამედ იმიტომაც, რომ მის სანახავად არ მიდიოდა და რისთვისაც თვალი მოეკრა, ის ეგონა ერთფეროვანი და მოსაწყენი სანახაობა. თანაც, სახელმწიფო ათწლეულების განმავლობაში არ იყო ამ თამაშის დამხმარე, წარმომჩენი, გამავრცელებელი, მისი სახელის გავარდნის მოწადინე და არც სარაგბო კონვეიერი არსებობდა იმ გაგებით, როგორითაც სხვა გუნდური და არაგუნდური სპორტები დაიკვეხნიდნენ. საბჭოთა კავშირში სპორტსმენები მოყვარულებად იწერებოდნენ, მაგრამ ნამდვილი სამოყვარულო სული სწორედ რაგბიში იყო. მით უმეტეს, რომ მაშინ მსოფლიო რაგბიც სწორედ დიადი სამოყვარულო ტრადიციის თამაში იყო.

მგონი, ამ ჩვენს საუკუნეთა მიჯნაზე ქართული რაგბისთვის მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს რაგბის ნაკრების საშინაო თამაშის დიდ სტადიონზე გამართვა და ამ თამაშზე თუნდაც ათი ათასი მოსეირის შემოტყუება. მაყურებლისა და გულშემატკივრის რაგბიზე ჩასაბმელად, უშუალო ნაცნობობის გარდა, სხვა გზა ძნელი წარმოსადგენი იყო და რახან რაგბი ისეთი თამაშია, რომ თუ ერთხელ გაიბა ძაფი ორთა შორის, ის აღარასდროს გაწყდება, ძაფის მეორე ბოლო აუცილებლად მაყურებელს უნდა გამოენასკვა გულში.

ასეთი რამ მოხერხდა და მოხდა. რაგბის ნაკრები რომ „დინამოზე“ გავიდა პირველად, ტრიბუნებზე ალბათ სულ ასმა კაცმა იცოდა ამ თამაშის წესები პროფესიულად, მაგრამ რაგბის ძალასა და ემოციაზე, გაძლებასა და თმენაზე დამყარებულმა სურათმა ძალიან დიდი, როგორც გაირკვა, სამუდამო განცდა შვა. ამაში მადლიერებაც იყო, სიხარულიც, იმედიც. ალბათ, სხვა ათასიც.

ძალისმიერი ლელოები, რომლებიც მტკაველ-მტკაველ გაჰქონდა საქართველოს ნაკრებს, გულის გამხეთქავი და სხვა სპორტების რამდენიმეწამიან ემოციებს დაჩვეული ადამიანებისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. ვისაც იმ დროის ტრიბუნების გმინვა ახსოვს, ამ განსხვავებასაც შეამჩნევდა.

ეჰა, მაშინ იყო ასეთი პოლემიკა და „ლაპარაკები“, რომ მორაგბეთა დიდ მინდვრებზე შეშვება არ იქნება, რადგან ისინი ბალახს აფუჭებენო. უფრო სწორად, ბალახს უფუჭებენ ფეხბურთელებსო. დღეს, ეს ამბავი, დიდად სასაცილოდ გამოიყურება.

ჰოდა, იმ ემოციებს, ღრმას და კვალიანს, სხვა რამეებიც დაემატა. სრულიად მოულოდნელად გაირკვა, რომ სათაყვანებელ სპორტებში გამუდმებული წაგება-წარუმატებლობის გვერდით, აგერ ამ მორაგბეებს, ვისიც არავინ არაფერი იცოდა და მოთამაშეების უმრავლესობისაც გვარებიც არავის გაეგონა, თურმე, რაღაცების მოგება შეუძლიათ. დიდი კი ვერა, მაგრამ იქ და იმ წუთას იგებენ. აგებენ კიდეც, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც. თავდაუზოგაობა ტრიბუნაზე მყოფი ადამიანის დიდი პატივისცემაა. რაგბიში თავის დაზოგვა არ არსებობს და თან არ არსებობს ძალიან ხილულად.

ასე იმატა გულშემატკივარმა და რაგბის მმართველობა და მისი მეურნეობაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვა წინსვლას და სამომავლოდ სწორ გეგმებს. საქართველო რომ პირველად გავიდა მსოფლიო თასზე, იმის ფასი რა უნდა ყოფილიყო. ერთი ნიჰილისტური ოხუნჯობაც გამიგია, ეგ რა სპორტი უნდა იყოს, საცა საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდებაო. არადა, რამხელა ნაბიჯი იყო ის პირველი მოხვედრა! რაგბის კავშირს მაშინ უჭირდა და მაინც ახერხებდა რაღაცას. ახლა, ბოლო მსოფლიო თასისთვის რომ ემზადებოდა საქართველო, იმის ხარჯი მაშინ ვის დაესიზმრებოდა. ოღონდ, ასფალტზე ვარჯიშიც ქრებოდა. ცოტა ადრე, ცხონებული, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ოკეანეთში სასტუმროს ვალში დაიტოვეს, თავის პირველ მსოფლიო თასზე მიმავალი ნაკრების ფორმის თანხა კი პატარა ფრანგულმა კლუბმა გადაიხადა. უამრავი ასეთი რამ იყო, მაგრამ მაინც სულ წინსვლა.

რაგბის რომ სამუდამო მაყურებელი გაუჩნდა და ამ მაყურებელმა თანდათან იმატა, ამისდაკვალად, ისიც გამოირკვა, რომ ეს ისეთი სპორტია, რომელშიც წაგება სირცხვილი არ არის და წაგებულს ვერაფრით შეაგინებ. ასე რომ, ეროვნული სიამაყის განცდას გულშემატკივრისთვის რაღაცნაირი დამცავი ბადეც შეემატა. ომგამოვლილი, ყველაფერში წაგებული, ღატაკი ქვეყანა და ეს თამაში. ისიც დაუმატე, რომ ქართველი მორაგბე თავისი იერით სრულიად ეხამება იმ წარმოდგენას, რაც თავისი ქვეყნის ისტორიაზე, წარსულზე, მის ოდინდელ ცხოვრებასა და ღირსეულობაზე შეიძლება ჰქონდეს უამრავ ადამიანს. კოლექტიურ მეხსიერებაში შესაძლოა, ის ყველაზე ახლოს იდგეს სიტყვა „ვაჟკაცთან“, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით.

აი, იაპონელებს აქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება სუმოს მოჭიდავეებთან. ამ დამოკიდებულების არსი ცნობილია. მთლად ასე არა, მაგრამ რაღაც ამგვარი მგონი ჩვენთანაც მოიძებნება რაგბისთან მიმართებაში. კი, გასაგებია, იმათი სხვა ტრადიციაა და სხვა ამბავია, მაგრამ ერთგვარი მსგავსება კი მაინც შეიმჩნევა.

ეგებ, მთელი ეს ლაპარაკი სულ ტყუილი და წარმოდგენებია, მაგრამ ეგებ რაღაც მაინც ასე იყო. იყო თუ არა და იყო, თუ არა იყო რა, რაგბი ჩვენთვის სამუდამო ამბავია. ამბავი, რომელიც ალბათ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ასე, ერთ რამედ თავმოყრილი არ ჩანდა. მოვიდა დრო და გამოჩნდა. შემთხვევითი არ იყო. ბევრმა ადამიანმა იშრომა ამისთვის და ბევრი გულიც აენთო. ანთებულ გულზე უკეთესი კი აბა, რომელი გულია. თუ რამეა ჯადოსნური ამ სარაგბო თავგადასავალში, სწორედ გულთან ჩაბმული ისტორიაა.

----------

გიო ახვლედიანის „რაგბისთან დამეგობრება" „ლიბერალის" სპეციალური სარაგბო გამოცემის „ჩვენი თამაშის" ერთ-ერთი წერილია. 

„ჩვენი თამაში“ ერთჯერადი სარაგბო გამოცემაა, რომელიც ქართული რაგბის ისტორიას, საინტერესო ფაქტებს, ადამიანებს, მოვლენებსა თუ მოსაზრებებს აერთიანებს.​

ჟურნალი ხელმისაწვდომია საგაზეთო ჯიხურებსა და წიგნის მაღაზიებში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

მწერლობა და დაბეზღება

ქართულ ლიტერატურას არაერთი დიდი მწერალი ჰყავს, რომელთა შემოქმედება დღემდე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს: კონსტანტინე გამ ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

როგორი სკოლა სურთ ბავშვებს

როგორი სკოლა სურთ ბავშვებს? მოსწონთ თუ არა ის, რასაც სწავლობენ და როგორც სწავლობენ? რას ფიქრობენ თავიანთ ცხოვრებაზე და რ ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მეცნიერების მტრები, ანტივაქცინაციის აბსუ ...

R E T R A C T E D -[1] სისხლივით წითელი, მჭახე ასოებით გამოყვანილი შტამპი ადევს ჟურნალ „ლანცეტის“ 1998 წლის ...

მეტი

^