Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯარიმებს შეწირული მართვის მოწმობა

12 ივნისი 2013

თუკი მანქანის მფლობელი ბრძანდებით და მართვის მოწმობაც გაქვთ, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ერთ დღეს საგზაო  წესების დარღვევისთვის პატრულმა გაგაჩერათ და ორივეს  გასაკვირად აღმოაჩინეთ, რომ უკვე დიდი ხანია, მართვის მოწმობა ჩამოგერთვათ.

მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიცია ჯარიმას გამოწერს და ქვითარს სამართალდამრღვევს გადასცემს, მოქალაქეს ჯარიმის გადახდისთვის 30-დღიანი ვადა აქვს. თუკი რაიმე მიზეზით მან ეს ვერ მოახერხა, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მას 150-ლარიანი საურავი ეკისრება, რომლის გადახდისთვისაც ასევე 30 დღე აქვს. იმის გამო, რომ მოქალაქეები ამის შესახებ არასათანადოდ არიან ინფორმირებულები და ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება, ხშირ შემთხვევაში, რამდენიმეთვიანი დაგვიანებით ან საერთოდ არ მისდით, მძროლები საურავის გადახდას ვერ ახერხებენ. გადაუხდელი საურავის გამო მათ მართვის უფლება ავტომატურად ერთმევათ. მართვის უფლების დასაბრუნებლად კი 1-წლიანი ლოდინი ან 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა სჭირდებათ.

მსგავსი პრობლემით ორთაჭალაში, ე.წ. მეთორმეტე ოთახში, ყოველდღიურად მიდიან მოქალაქეები. მიმდებარე ტერიტორიებზე ახლაც ხალხმრავლობაა. მოსაცდელში რამდენიმე მამაკაცი და ორი გოგონა ზის. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ იმყოფებიან იქ, ყველა პასუხობს, რომ რაღაცის გასარკვევად მოვიდნენ. თუმცა, დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ.

ერთი შუახნის მამაკაცი ყურადღებით გვისმენს და შემდეგ გვეუბნება, რომ სწორედ ამ პრობლემით მოვიდა აქ. დავით ბიბილური თებერვლის ბოლოს შუქნიშნის წითელ შუქზე გავლისთვის დააჯარიმეს. თანხა სწრაფი გადახდის აპარატით დაახლოებით ხუთი დღის შემდეგ შეიტანა, მაგრამ ქვითარი არ წამოუღია. გაურკვეველი მიზეზის გამო, თანხა ანგარიშზე არ დაირიცხა, შესაბამისად, ჯარიმის გადაუხდელობისთვის ბიბილურს 150-ლარიანი საურავი დაეკისრა. მას შემდეგ, კიდევ ერთი თვე გავიდა და მართვის უფლება ჩამოართვეს. თუმცა ის არც ამის შესახებ იყო ინფორმირებული. ეს მხოლოდ მაშინ შეიტყო, როცა საპატრულო პოლიციამ გააჩერა: „სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ მართვის მოწმობა ჩამორთმეული მქონდა. 6 თვის მერე შეგიძლია შეწყალებაზე განცხადება დაწერო, მაგრამ მანქანა მჭირდება და იძულებული ვარ 1000 ლარი გადავიხადო. რომ მცოდნოდა, პირველი გადახდა არ დაფიქსირდა, მეორედ გადავიხდიდი იმ 50 ლარს, ახლა კი 50-ის ნაცვლად 1150 ლარის გადახდა მომიწია,“- ამბობს  „ლიბერალთან“ საუბრისას დავით ბიბილური.

მას შემდეგ, რაც ვრწმუნდებით, რომ მოსაცდელში მყოფი არცერთი პირი ჩვენთვის იქ ყოფნის რეალური მიზეზის გამხელას არ აპირებს, ეზოში გავდივართ. იქ ერთი ქალბატონი მეორეს უყვება, როგორ ჩამოართვეს მის ორ მეგობარს მართვის მოწმობა ჯარიმის გადაუხდელობის გამო. ქალბატონიც იმავე თანმიმდევრობით ჰყვება ამის შესახებ, როგორც სხვები - ჯერ დამაჯარიმეს, მაგრამ რადგან ამის შესახებ არაფერი იცოდა, ჯარიმა არ გადაუხდია, შესაბამისად, საურავი დაეკისრა და ბოლოს ყველაფერი მართვის მოწმობის ჩამორთმევით დასრულდა. ორივე მათგანს 1000 ლარზე მეტის გადახდა მოუწია. მას შემდეგ, რაც საუბარში ჩვენც ჩავერთეთ, მანამდე განზე მდგარი ხალხიც მოგვიახლოვდა და ერთ-ერთმა მათგანმა თავისი პრობლემის გამხელაც ისურვა.

იგი 2013 წლის 21 მარტს დააჯარიმეს. ქვითარზე ხელი ჰქონდა მოწერილი და იცოდა, რომ უნდა გადაეხადა. თუმცა, ქვითრის დაკარგვის გამო, ჯარიმის გადახდა დაავიწყდა. გადაუხდელობის გამო საურავის დარიცხვის შესახებ კი მხოლოდ 2 თვის შემდეგ გაიგო, მაშინ, როცა საურავი ერთი თვის შემდეგ ეკისრება პიროვნებას: „31 მაისს ფოსტით მივიღე შეტყობინება, რომ 150 ლარი მქონდა გადასახდელი და ამას დამატებული 30-ლარიანი ჯარიმაც. თანამშრომელი მყავს გაფრთხილებული და სულ ამოწმებს, რაიმე ჯარიმა ხომ არაა ჩემზე დარიცხული. აქამდე იყო ცნობა, რომ ყველა ჯარიმა დროულად მქონდა გადახდილი. ერთი კვირის წინ კი გაჩნდა შეტყობინება, რომ 10-ლარიანი ჯარიმა მქონდა დაკისრებული. მერე ფოსტითაც მოვიდა შეტყობინება და აქ რომ მოვედი, მითხრეს რომ მაგ ჯარიმისა და საურავის გარდა მართვის უფლებაც ჩამორთმეული მაქვს. მაგრამ ინფორმაცია არსად მომსვლია, მხოლოდ 2 თვის მერე გავიგე,“- განაცხადა ახალგაზრდა მამაკაცმა და დასძინა, რომ საბოლოოდ 1180 ლარის გადახდა უწევდა და სწორედ ამ თანხის შესატანად იყო მოსული. მისი თქმით, მაღალი ხელფასის პირობებშიც კი რთულია ამხელა თანხის გადახდა, მაგრამ როცა აუცილებლად გჭირდება, სხვა გზა არ გაქვს. იგი მიიჩნევს, რომ ეს შსს-შიც კარგად იციან და სწორედ ამიტომ არ ცდილობენ რამის გამოსწორებას, რადგან ბიუჯეტია შესავსები: „როგორც ჩანს, მიიჩნევენ, რომ ვისაც მანქანა ჰყავს და მართვის მოწმობა უნდა, თანხის გადახდასაც შეძლებს. თუმცა, იმედია, ბიუჯეტს მალე შეავსებენ და სიტუაციაც გამოსწორდება.“                 

ზემოაღნიშნული პრობლემების თაობაზე „ლიბერალი“ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელ - დავით ცინარიძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, საგზაო წესების დარღვევისთვის გამოწერილი საჯარიმო ქვითრის უკანა მხარეს მძღოლის უფლებები და მოვალეობები, გადახდის ვადები და აგრეთვე, გადაუხდელობის შემთხვევაში დამატებითი ადმინისტრაციული ზომების გატარების შესახებ ინფორმაციაა მოცემული: „სამართალდარღვევის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას გამოიწერება საჯარიმო ქვითარი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ და იგზავნება მისი რეგისტრაციის მისამართზე ფოსტის მეშვეობით. საჯარიმო ქვითარში აისახება სამართალდარღვევის არსი, კანონის ნორმა, სამართალდამრღვევი პირის სახელი და გვარი, საჯარიმო ქვითრის შემდგენი თანამდებობის პირის სახელი და გვარი, თარიღი და სხვა რეკვიზიტები.“

დავით ცინარიძის განმარტებით, თუ მძღოლი  საჯარიმო ქვითარს დაკარგავს, მას შეუძლია, პირადი ნომერი სპეციალური ელექტრონული გადახდის აპარატში შეიყვანოს და  გადასახდელ ჯარიმასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღოს. ასე რომ, საჯარიმო ქვითრის არქონის შემთხვევაშიც, ადგილზე შეუძლია ჯარიმის გადახდა: „აგრეთვე, მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა აღრიცხვის და ანალიზის სამსახურს, სადაც მიიღებს საჯარიმო ქვითრის გადახდისთვის საჭირო ინფორმაციას და ადგილზევე არსებულ საბანკო ფილიალში მოახდენს ანგარიშსწორებას.“

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით, საჯარიმო ქვითარის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში, მანამდე, სანამ სამართალდამრღვევის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი არ ჩაიბარებს საჯარიმო ქვითარს, მას ჯარიმის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. თუმცა, ზემოხსენებული შემთხვევები საპირისპიროზე მიუთითებს, რადგან ყველა მათგანი აცხადებს, რომ მათ ან დაგვიანებით, ან საერთოდ არ მიუღიათ ქვითარი.

ამასვე მოწმობს ჩვენი კიდევ ერთი წყარო: "ვფიქრობ, ცალსახად დაირღვა ჩემი უფლებები. გადაუხდელი 10 ლარიანი ჯარიმის გამო, ისე დამეკისრა საურავი, და შემდეგ ისე ჩამომერთვა მართვის მოწმობა, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. რაც მთავარია, სისტემაშიც არის დაფიქსირებული, რომ საფოსტო შეტყობინება ჩემამდე არ მოსულა, ძველ საცხოვრებელ მისამართზე გაგზავნეს და უკან დაბრუნდა. ამიტომ სრულიად გაუგებარია, რატომ ჩამომერთვა მართვის მოწმობა და რატომ უნდა ვიხადო უზარმაზარი ჯარიმები? კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ მას შემდეგ, რაც სისტემა ელექტრონული გახდა, საპატრულო პოლიცია აღარ ინახავს დაკისრებული ჯარიმების ხელმოწერილ ასლებს. თუ ვერ იხსენებთ, როდის, სად და ვინ დაკაკისრათ ჯარიმა, ამის შესახებ ვერნაირ ინფორმაციას ვერ მოიპოვებთ, ბაზაში ეს ინფორმაცია აღარ ინახება, ისევე როგორც არ ინახება ჯარიმის ასლი. თუ მძროლი აცხადებს, რომ მას საჯარიმო ქვითარი არ მიუღია, მტკიცების ტვირთი არა საპატრულო პოლიციაზე, არამედ მთლიანად მძღოლზეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კანონი "ბრმა" ნდობას უცხადებს პატრულს და არანაირ ნდობას არ უცხადებს მოქალაქეს."

დავით ცინარიძის ცნობით, საპატრულო პოლიციაში ამ მიმართულებით სიახლეა - საჯარიმო თანხის გადახდის კანონით დადგენილი ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე, მოქალაქეს მობილურზე მოკლე ტექსტური შეტყობინება მიუვა, რომელიც მოქალაქეს, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოსალოდნელი ადმინისტრაციული ზომების შესახებ გააფრთხილებს.

ამ სიახლის ანონსი დიდი ვერაფერი შეღავათია იმ მძღოლებისათვის, რომლებიც დღემდე ჯარიმდებიან უსამართლოდ. "როცა განცხადება დავწერე და გავასაჩივრე, შსს თანამშრომელი დამეთანხმა, დიახ, გაფრთხილებების გაგზავნის უფრო ეფექტური ფორმა გვჭირდება და ვწუხვარ, რომ თქვენ სისტემის მსხვერპლი გახდითო" - აღნიშნავს დაზარალებული მძროლი.

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ჯარიმებიდან შესული თანხების ბიუჯეტთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ სამართალდარღვევის ჩადენა დამოკიდებულია მოქალაქეზე: „ხოლო კანონმდებელი პროპორციულობის პრინციპის დაცვით კონკრეტულ სამართალდარღვევაზე აწესებს კონკრეტულ სახდელს.“

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^