Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

14 ნოემბერი 2017

„მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანია მზადაა, განიხილოს შშმ პირთა რეზიუმეები ნებისმიერ პოზიციაზე“ ,- ამგვარი მინაწერით სამსახურის მაძიებელთა ვებსაიტებზე განცხადებები იშვიათად ქვეყნდება. სინამდვილეში ეს სტანდარტული ფრაზა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ხშირად პირველი მნიშვნელოვანი კარია. კარი, რომელიც მათ დამსაქმებელ კომპანიაში უნდა შეაღონ, თუმცა ქართულ რეალობაში ის უმეტესად დაკეტილი ხვდებათ.

22 წლის ნინო ღვალაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ამბობს, რომ როცა ვაკანსიებში ეს წამახალისებელი ფრაზა წერია, ბარიერი მაშინვე იხსნება: „ასეთ დროს ხვდები, რომ შეგიძლია რეზიუმე გაგზავნო და თან მიუწერო: მე შშმ პირი ვარ. სიმართლე გითხრათ, ჩემი ინიციატივით ასეთი მითითება არასდროს გამიკეთებია. ადამიანებს ჰგონიათ, რომ შეზღუდვა საქმეში ხელს შეგიშლის. სჯობს გასაუბრებაზე დაგიბარონ, პირისპირ უფრო მარტივია ისინი საწინააღმდეგო აზრში დაარწმუნო“, - ამბობს ის.

ნინო პროფესიით ფსიქოლოგია. რამდენიმე თვის წინ შეიტყო, რომ სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) ბიზნესსექტორში შშმ პირების დასაქმებისთვის პროექტს ახორციელებდა, ინიციატივაში ჩაერთო და სამსახურის შეთავაზებაც მალევე მიიღო. უკვე თვეზე მეტია იგი კარფურში, საკვების სექციაში კონსულტანტად მუშაობს და თან კავკასიის უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე, კლინიკური ფსიქოლოგიის პროგრამაზე სწავლობს.: „მახსოვს, პირველ დღეს ცოტა დაძაბული ვიყავი, მაგრამ მალევე ავითვისე. თავიდან სამზარეულოში ვეხმარებოდი, ახლა კი უშუალოდ მომხმარებლებს ვემსახურები. გარემო ძალიან პოზიტიურია, თანამშრომლებს მარტივად შევეჩვიე, თავსაც ძალიან კარგად ვგრძნობ“, - ამბობს ის.

ნინოსთან ერთად სუპერმარკეტების ქსელში კიდევ ერთი შშმ პირი დასაქმდა. კარფურის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო რამიშვილი ყვება, რომ ბიზნესკომპანიები შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. სწორედ ამიტომ, მენეჯმენტისთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტი მათი დასაქმებაა. „ჩვენთან სხვადასხვა პოზიციაზე სულ 6 შშმ პირი მუშაობს. გვინდოდა, ამ ადამიანებისთვის მაქსიმალურად ადაპტირებული გარემო შეგვექმნა, ამიტომ კარფურის თანაშრომლებს ცნობიერების ამაღლების ტრენინგები ჩაუტარდათ. ასევე, ვაკანსიების გამოცხადებისას უკვე ტექსტშიც მკაფიოდ ვუთითებთ, რომ თუ კანდიდატი საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს, კომპანია დისკრიმინაციას გამორიცხავს და მათ რეზიუმეებს განიხილავს“, - აცხადებს ნინო რამიშვილი.

კარფურის გარდა, სიდას პროექტში კიდევ ორი კომპანია მონაწილეობდა: Accor Hotels ჯგუფი და დიო. თითოეული მართგანი შშმ პირების დასაქმებას სისტემურად მიუდგა: ჯერ საკუთარი  რისკები და შესაძლებლობები შეაფასა, შემდეგ კი შშმ პირების ინტეგრაციის სამოქმედო გეგმები შეიმუშავა. ნინო ღვალაძის გარდა,  ინიციატივის ფარგლებში, სამსახური კიდევ ოთხმა შშმ პირმა დაიწყო.

„ჩვენს მთავარ მიზანს კომპანიებისთვის კვალიფიციური კადრების შეთავაზება წარმოადგენდა. გვინდოდა, ეს არ დაფუძნებოდა ქველმოქმედებას ან პოზიტიურ დისკრიმინაციას და დასაქმება მდგრადი და გრძელვადიანი ყოფილიყო. შშმ პირებს უნდა შეძლებოდათ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რათა არ ეფიქრათ, რომ ისინი არა შეზღუდული შესაძლებლობის გამო, არამედ იმიტომ აიყვანეს, რომ რეალურად შეუძლიათ ამ პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნების შესრულება“, - ამბობს პროექტის კონსულტანტი ზურა ორაგველიძე.

ამჟამად შშმ პირებს სამსახურის მოძიებაში სოციალური მომსახურების სააგენტო და მისი სერვისი - მხარდაჭერითი დასაქმება ეხმარება. მომსახურების მიღება ნებისმიერ შშმ პირს სააგენტოს რაიონულ ცენტრებში შეუძლია. მხარდაჭერითი დასაქმება 3 მიმართულებას მოიცავს: კვალიფიკაციის არარსებობის შემთხვევაში სახელმწიფო შშმ პირს გადამზადების კურსებს უფინანსებს. მათ, ვისაც პროფესია აქვთ, მაგრამ გამოცდილება - არა, მეორე პროგრამას - სტაჟირებას სთავაზობენ და 3 თვის განმავლობაში 150 ლარს უხდიან, ხოლო თუ შშმ პირს კვლიფიკაციაც აქვს და გამოცდილებაც, მაშინ მისი შრომის ანაზღაურება სუბსიდირდება: სახელმწიფო კერძო კომპანიებს, 4 თვის განმავლობაში ხელფასის 50%-იან თანადაფინანსებას სთავაზობს, რომლის ოდენობა თვეში მაქსიმუმ 460 ლარია. თუ დამსაქმებელი შშმ პირისთვის სამუშაო ადგილის ადაპტირებას უზრუნველყოფს, ეს ვადა 9 თვემდე გრძელდება.

დასაქმებად მინიმუმ 6-თვიანი პერიოდი ითვლება. მეხუთე თვეს სააგენტოს მიერ საბოლოო მონიტორინგი კეთდება და შშმ პირი საქმიანობას დამუკიდებლად აგრძელებს. თუ ის სამსახურიდან წამოვა, სერვისით სარგებლობას ისევ შეძლებს.

მომსახურების მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი კვლავაც შშმ პირთა რეალური ბაზის არარსებობაა. მხარადჭერითი დასაქმების კოორდინატორი დავით ნანობაშვილი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში 2600 შშმ პირია რეგისტრირებული, მათ შორის 360-ს წელს კონსულტაცია გაეწია, 140 კი 17 სხვადასხვა ორგანიზაციაში დასაქმდა. „თუმცა, მათ შორის უსინათლოების, მძიმე შეზღუდვისა და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირების წილი ძალიან მცირეა. დასაქმების ბაზარზე ყველაზე დიდ სტიგმას სწორედ ისინი აწყდებიან“, - დასძენს ის.

სტიგმა ის მთავარი პრობლემაა, რომლის გამოც შშმ პირები სამსახურის მოძებნას ვერ ახერხებენ. როგორც ნინო ღვალაძე ამბობს, მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის გამო სამუშაოზე უარი არასდროს უთქვამთ, თუმცა ამგვარი დამოკიდებულების შესახებ ზურა ორაგველიძე ყვება: „ყოფილა, რომ შშმ პირი გასაუბრებაზე დაუბარებიათ და როცა მისი მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა დაუნახავთ, აღარ გასაუბრებიან. მერე ამ ადამიანს საერთოდ აუცრუვდა გული რეზიუმეს გაგზავნაზე“, - აღნიშნავს ის.

შშმ პირთა სამსახურში აყვანაზე უარს დამსაქმებლები  ხშირად არაადპტირებული გარემოს გამო ამბობენ. არაადპტირებულ გარემოში კი მხოლოდ პანდუსის არარსებობას გულისხმობენ. ამ მიზეზით, ბევრი შშმ პირი, რომელსაც გადაადგილების შეზღუდვა საერთოდ არ აქვს, სამუშაო ბაზრის მიღმა რჩება. პრობლემაა ტერმინოლოგიის არასწორად გამოყენება და სტერეოტიპიც, რომ შშმ პირი ვერ იმუშავებს. „არა თუ შშმ პირს, ეტლით მოსარგებლესაც ვერ ხვდებიან. ჯერ კიდევ საბჭოური „კალიასკაა“ გასაგები ტერმინი. ან ჰგონიათ, რომ შეზღუდული შესაძლებლობა აუცილებლად ეტლს გულისხმობს. „მაგან რა უნდა გამიკეთოს?“ - ამბობენ ხოლმე, რაც  მცდარი დამოკიდებულებაა, იმიტომ რომ როგორც კი შშმ პირი სამსახურში აყავთ და კომპანია ხედავს, როგორი მოტივირებული და პროდუქტიულია იგი, პრობლემა იხსნება“,- აღნიშნავს დავით ნანობაშვილი.

სინამდვილეში ხშირად შშმ პირები, პასუხისმგებლობისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, სამაგალითო კადრები არიან, რაც მათი კოლეგების პროდუქტიულობასაც ამაღლებს. როცა კომპანიის ამ ნაბიჯს ხედავს, მომხმარებელიც ორგანიზაციის მიმართ კიდევ უფრო ლოიალური ხდება. როგორც კარფურში ყვებიან, ახლა თანამშრომლები თავს უფრო სამართლიან გარემოში გრძნობენ და კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობაშიც ჩართულები არიან.

დავით ნანობაშვილს მიაჩნია, რომ თუ ბიზნესმა სოციალური პასუხისმგებლობა არ გააფართოვა და შემხვედრი ნაბიჯები არ გადადგა, მხოლოდ სახელმწიფოს პრობლემის მოგვარება გაუჭირდება: „მაქსიმალურად ვცდილობთ დამსაქმებლებთან ურთიერთობას, მაგრამ კონტაქტზე არ მოდიან. შეიძლება 10-ს დავურეკოთ, მაგრამ შეხვედრა ერთმა მოინდომოს. კომპნიებმა შშმ პირებს შანსი უნდა მისცენ, თუნდაც სტაჟირებაზე აიყვანონ და მერე მიიღონ გადაწყვეტილება. ვფიქრობ, 90% ამ კადრს დაიტოვებს და ბევრსაც მოიგებს“, - დასძენს იგი.

შანსის მიცემა კი სწორედ ვაკანსიის წამახალისებელი ტექსტით იწყება, რადგან  ნეგატიური გამოცდილების ან დისკრიმინაციის შიშის გამო, შშმ პირებს შესაძლოა ჰგონიათ, რომ  სამსახურში  მაინც არ აიყვანენ. ნინო ღვალაძე ყველას ურჩევს, რომ აუცილებლად ცადონ.

სიდას პროექტში მონაწილე კომპანიებს უკვე აქვთ ის გამოცდილება, რომლის საფუძველზეც   შშმ პირების სამსახურით დაინტერესებას, გასაუბრებასა და დასაქმებას დახმარების გარეშეც შეძლებენ. როგორც სიდაში ამბობენ, გამოჩნდნენ ბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც, რომლებსაც ინიციატივის მხარდაჭერა სურთ, ამიტომ ორგანიზაცია ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას და ბიზნესსექტორში შშმ პირთა უფლებების გაძლიერების პრინციპების შემუშავებას გეგმავს. ამიტომ, ფრაზა -  „მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანია მზადაა, განიხილოს შშმ პირთა რეზიუმეები ნებისმიერ პოზიციაზე“ - კიდევ უფრო მეტი ბიზნესორგანიზაციის ვაკანსიაში გაჩნდება.

სტატია მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^