Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როცა ლელოს გოგოები დებენ

21 ნოემბერი 2017

„ბურთი! ბურთი! ბურთი!“ – სოფლის სიმყუდროვესა და  სიჩუმეს, რომელიც სკოლის ეზოში გაკვეთილების დასრულების შემდეგ ჩამოწვება ხოლმე, გოგოების ენერგიული შეძახილები არღვევს. რაც უფრო ვუახლოვდები, წკრიალა ხმებს შორის კაცის მოკლე ფრაზებსაც ვარჩევ: „იმოძრავეთ, არ გაჩერდეთ, სწრაფად! ბურთი დაატრიალე“.

გოგოები 13-17 წლისები იქნებიან. ერთნაირი, თეთრ-ლურჯზოლებიანი ფორმები აცვიათ და ამით მიანიშნებენ, რომ რაც ახლა ხდება, უბრალოდ სპორტის გაკვეთილი არ არის.

დარჩელის პირველი საჯარო სკოლის ეზოში რაგბის კლუბი „ზუგდიდი“ ვარჯიშობს. მოედანზე ერთადერთი კაცი – მწვრთნელი ვახო კორკელიაა. მე აქ იმიტომ ვარ, რომ მასსა და იმ გოგოებზე მოვყვე, რომლებიც ლელოს დებენ.

სასტვენის ხმა მალევე გაისმის. შესვენებაა. ლოყებაწითლებული გოგოები ჩემკენ მორბიან. სანამ ისინი სულს ითქვამენ, მე მათ მწვრთნელს ვესაუბრები. დარჩელში გოგოების რაგბის ისტორია სწორედ სპორტის ადგილობრივ მასწავლებელს, 33 წლის ვახო კორკელიას უკავშირდება. ვახო სპორტის გაკვეთილებს ზუგდიდშიც ატარებს, წლების წინ სამოყვარულო დონეზე რაგბის თავად თამაშობდა, მერე მწვრთნელის ლიცენზია აიღო.

 „არსებობს შეხედულება, რომ რაგბი უხეში, ძალისმიერი სპორტია, ამიტომ ვიფიქრე,  პატარა ასაკის გოგოებიდან დავიწყებ-მეთქი. მეგონა, დიდები არ მოინდომებდნენ და თავდაპირველად გუნდი უმცროსკლასელი გოგოებით ჩამოვაყალიბე“, – ჰყვება ვახო. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილებამ ზოგიერთი უფროსკლასელი გაანაწყენა: რაგბის თამაში ჩვენც გვინდოდაო. 1 წლის წინ, როცა ვახომ პატარების გუნდი ქუთაისში, ტურნირზე წაიყვანა, საგულშემატკივროდ „განაწყენებული“ მოზარდებიც გაიყოლა. თუმცა, ამბავი სულ სხვაგვარად გაგრძელდა.

ვახო იხსენებს, რომ ქუთაისში ჩასულებს სიურპრიზი დახვდათ: მონაწილეები დარჩელელებზე ბევრად უფროსები აღმოჩნდნენ. მწვრთნელ კორკელიას სხვა გზა აღარ ჰქონდა, საგულშემატკივროდ წაყვანილ გოგოებს, რომლებმაც მაშინ ბურთის ჭერაც კი არ იცოდნენ, წესები იქვე აუხსნა და მოედანზე გაიყვანა. პირველი მატჩი ოზურგეთელ თანატოლებთან ითამაშეს და ყველასთვის მოულოდნელად ანგარიშით 2:1 მოიგეს. ამ დღის შემდეგ, დარჩელისა და მეზობელი სოფლების 18 წლამდე ასაკის გოგოების რაგბის გუნდის ჩამოყალიბება დაიწყო.

„თავიდან „ლენტებით“ თამაშობდნენ, ანუ ისე, როგორც ახალბედები იწყებენ ხოლმე, რათა სპეციფიკას მიეჩვიონ. შემდეგი ეტაპი უკვე ბოჭვით თამაშია, თუმცა პირველივე მატჩის შემდეგ გოგოებმა დაინახეს, რომ სხვები ბოჭვით თამაშობდნენ. ვისზე რა ნაკლებები ვართო –  თავი მოიკლეს, ჩვენც ასე გვინდაო. მას შემდეგ ბოჭვით ვთამაშობთ. გოგოებს რაგბი ახლა კიდევ უფრო მოსწონთ. ტურნირებზეც სტიმული მიეცათ: სხვა თანატოლებიც გაიცნეს, დაუმეგობრდნენ. თანაც, რაგბისთვის დამახასიათებელი ფასეულობებით ცხოვრობენ: თამაშის შემდეგ ყოფილი მეტოქეები ერთმანეთს ამხნევებენ, გამარჯვებას ულოცავენ. ეუბნებიან, „ყოჩაღ, კარგად ითამაშეო“, – ამბობს მწვრთნელი.

სულ ცხრანი არიან: დები მარიამ და ნინო გუგუჩიები, თეკლე შენგელია, ლიკა პერტაია, ლიკა ხუფენია, მართა ასათიანი, მარიამ კურდღელია, ანი შამათავა და ნინო მიქანძე. ზოგი დარჩელში ცხოვრობს, ზოგიც მეზობელი სოფლებიდან მოდის. აი, მაგალითად, თეკლე და ლიკა განმუხურში ცხოვრობენ და ფეხბურთსაც თამაშობენ. ვახომაც იქ მიაგნო. გოგოებს თავიდან ოვალური ბურთის დანახვა ძალიან გაუკვირდათ, თუმცა ახლა თურმე ფეხბურთის მწვრთნელი ხუმრობს კიდეც, რაგბიმ გოგოები წაგვართვაო. „ეს უფრო ძლიერი თამაშია: მომწონს შებოჭვა, სირბილი, ლელოს დადება. ფეხბურთზე უკეთ გამომივიდა კიდეც“, – ამბობს ლიკა. „ვარჯიშს არასდროს ვაცდენთ. იცით, რამდენჯერ წამოვსულვართ წვიმასა და ქარში ფეხით?“ – აგრძელებს თეკლე.

დები მარიამ და ნინო გუგუჩიები კი რაგბიზე ინგირიდან დადიან. მანამდე საკუთარი ძალები მძლეოსნობაში, ბადროსა და ბირთვის ტყორცნაში გამოსცადეს, თუმცა სპორტის დანარჩენ სახეობებს რაგბი ამჯობინეს. „ისინიც კარგი იყო, მაგრამ საკუთარი თავი რაგბიში აღმოვაჩინეთ, ამიტომ ჩვენი ცხოვრების ნაწილად სწორედ სპორტის ეს სახეობა მივიჩნიეთ“, – ამბობს ნინო. „ისეთი აღნაგობა მქონდა, სამოდელოზე წამოდიო, მეუბნებოდნენ. რაგბი რომ ვარჩიე, ყველას გაუკვირდა: შენ მოდელობა არ გინდოდაო? ინგირიდან დარჩელამდე მანძილი არ გვაშინებს, მეტი და მეტი გვსურს“, – აგრძელებს მარიამი და სამომავლო გეგმებსაც გვიმხელს: დებს სწავლის გაგრძელება კადეტთა აკადემიაში სურთ.

როცა, 8 თვის წინ, მარიამისა და ნინოს მამამ მათი რაგბის გუნდში მოხვედრის სურვილი მოისმინა, მწვრთნელს თავად დაურეკა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ვახოს მშობელი თავად უკავშირდებოდა. დამოკიდებულება – „გოგოს რაგბიში რა უნდა?“ მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. მორაგბე გოგოებს ხშირად ბრძოლა არა მარტო მოედანზე, არამედ მის მიღმაც – სტერეოტიპების დასამარცხებლად უწევთ. ალბათ ამიტომაცაა, რომ საქართველოში მორაგბე გოგოების მხოლოდ 6 გუნდია.

„რომ ვამბობთ, რაგბის ვთამაშობთო, უკვირთ: გოგოების რაგბი არსებობსო?“ – ჰყვება თეკლე. 

„ზოგი დაცინვით გვიყურებს, რადგან მორაგბეები ვართ. გოგომ როგორ უნდა ითამაშოს, დაიმტვრევაო, მაგრამ ასე არ არის: ტრავმები აქ ბევრად ნაკლებია, ვიდრე ფეხბურთში, მთავარია, სწორად ითამაშო“, – ამბობს ლიკა.

„სადაც საჭიროა, ნაზი ვიქნები, მოედანზე კი მხეცი უნდა იყო. ნერვები მეშლება, როცა მეკითხებიან: „უი, შენ მორაგბე ხარ?“ რა მოხდა მერე? გოგო რადგან ვარ? ხომ ყველას თანაბარი უფლებები გვაქვს? ჩვენც გვინდა, დავამტკიცოთ, რომ სუსტები არ ვართ და შეგვიძლია. გუნდის დიდ ნაწილს გვსურს, კარიერა რაგბის დავუკავშიროთ და სერიოზული მიზნები გვაქვს“, – მეუბნება გუნდის კაპიტანი ნინო მიქანძე.

გოგოებს სტერეოტიპების მიმართ საკუთარი მყარი არგუმენტები აქვთ: „ანუ რა გამოდის, გოგო მხოლოდ სწავლაზე უნდა იყოს გადართული და სპორტით არ დაკავდეს? ეს მცდარია. ჩვენ გოგოები ვართ და რაგბი ჩვენი თამაშიცაა“, – ამბობს მარიამი, რომელსაც თანაგუნდელებიც ეთანხმებიან.

სასტვენის ხმა ისმის, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი გოგოებს ვარჯიშის გასაგრძელებლად უხმობს. ამჯერად ორ გუნდად იყოფიან და ერთმანეთს ეთამაშებიან. დაძაბულობაც მეტია. აი, ლიკამ ბურთი ხელში ჩაიგდო და მოედნის მეორე ბოლოსკენ გაიქცა. ემოციები და შეძახილები იზრდება, სულ ცოტაც, ერთი ნაბიჯი და... ლელო დადებულია! „ყოჩაღ, გოგოებო“, – აქებს ვახო და რამდენიმე წუთით ისევ შესვენებაზე უშვებს.

„რაღაც განსაკუთრებული, ემოციური შეგრძნებაა: მოწინააღმდეგე მოდის, შენ მირბიხარ, გგონია, რომ დაგეწევა, მაგრამ ლელოს მაინც დებ. ენით გამოუთქმელი სიხარულია“, – ლიკა იმ განცდის გადმოცემას ცდილობს, რაც ლელოს დადებისას ეუფლება ხოლმე.

ლელოზე ახლა განსაკუთრებით ბევრს ფიქრობენ: ორ დღეში ქუთაისში, საპასუხისმგებლო საერთაშორისო ტურნირზე მიდიან. მეტოქეები ძლიერები და მათზე გამოცდილები არიან, მონაწილეობის მისაღებად მათი უცხოელი თანატოლებიც ჩამოვლენ. ეს პირველი ტურნირი იქნება, რომელშიც გოგოები საერთაშორისო სტანდარტით ითამაშებენ.

ყველანი ღელავენ, მაგრამ გუნდის კაპიტანი კიდევ უფრო მეტად. „იცით, ეს რას ნიშნავს? შენს გუნდს გვერდში უნდა დაუდგე, კაპიტანი ყველასთან ერთად უნდა იყო. თან 9 ნომერი ვარ, ანუ უნივერსალური მოთამაშე, მოედანზეც ბევრი მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღება მიწევს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“, – ჰყვება ნინო მიქანძე კაპიტნის დამაჯერებლობით.  

კაპიტანი თანაგუნდელების იმედია. „წამებში შეუძლია ორგანიზება. გვაფრთხილებს, გვირჩევს, როგორ მივუდგეთ მოწინააღმდეგეს, როგორ შევუტიოთ. როცა მოედანზე პირველად გავედით, ამდენი ხალხი ძალიან გვეუცხოვა. დაძაბულები ვიყავით, მაგრამ ნინო  წინამძღოლივით გვედგა და ძალიან გვეხმარებოდა“, – იხსენებს მარიამ გეგუჩია.  

„გამარჯვება ყოველთვის ყველას გვინდა, მაგრამ მთავარია, კარგი თამაში აჩვენონ, ბოლომდე იბრძოლონ, თავი გამოიჩინონ. შეიძლება წააგონ, მაგრამ ღირსეულად“, –ამბობს გუნდის მწვრთნელი და სამომავლო გეგმებით აგრძელებს: გაზაფხულზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ტურნირების ჩატარებას გეგმავს. კიდევ სურს, რომ გოგოებიდან, რომლებიც რაგბის ახლა თამაშობენ, ერთ-ერთი მწვრთნელი გახდეს და მას დაეხმაროს. „მთავარია, ყველა ტურნირში მივიღოთ მონაწილეობა, კარგად მოვემზადოთ და ღირსეულად წარვდგეთ. ამ თამაშების შედეგებით ჩვენგან 3 გოგოს ნაკრებისთვის შეარჩევენ და სექტემბერში, შვიდქალას მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანენ. გოგოებმა თავად უნდა დაამტკიცონ, რომ ნაკრებში მოხვედრას იმსახურებენ. ეს  დიდი სტიმულია. ვნახოთ, იქნებ რაგბიში გოგოების მეტი ნაკადიც წამოვიდეს“, – ამბობს ვახო და სასტვენს იმარჯვებს.

„დაიწყო!“, – კაპიტანი გუნდს მოედნისკენ მიუძღვება. ამჯერად ბიჭებს ეთამაშებიან და მიუხედავად იმისა, რომ მათ სამწლიანი გამოცდილება აქვთ, ტოლს არ უდებენ. „კარგი თამაში იყოო“, – ეუბნება გოგოებს ვახო და HeForShe-ს ლოგოიან ბურთს კაპიტანს ესვრის. ახლა შერკინების დროა.

HeForShe გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობაა გენდერული თანასწორობისთვის. მისი მთავარი იდეა კი ისაა, რომ ამ თანასწორობის მიღწევაში რაც შეიძლება მეტი კაცი იყოს ჩართული. HeForShe-ს მიზანი აქ, დარჩელის სკოლის ეზოშიც სრულდება. მოედანზე, სადაც ბიჭები და გოგოები რაგბის ერთად თამაშობენ .

***

ქუთაისის ტურნირმა წვიმის ფონზე ჩაიარა. გოგოებმა ერთი თამაში ფრედ ითამაშეს, 2 დათმეს, მათ შორის ერთ-ერთი ბერძენ გოგოებთან, მაგრამ, როგორც მწვრთნელი ამბობს,  თამაში მართლაც ღირსეული აჩვენეს. წინ მომდევნო ტურნირებია: გოგოები თეთრ-ლურჯზოლიან მაისურებს მოირგებენ, „ჩვენს გუნდს გაუმარჯოსო“, – შესძახებენ და სათამაშოდ გავლენ. მანამდე კი, დარჩელის სკოლის ეზოს ნაშუადღევის მყუდროებას „ბურთი! ბურთი! ბურთი“-ს შეძახილებით დაარღვევენ.

ტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ჟურნალ “ანაკლიაში”

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 დეკემბერი
15 დეკემბერი

„მკვდარი“ ადგილები თბილისში

თბილისში სულ უფრო იზრდება სავაჭრო ცენტრების, საცხოვრებელი კორპუსებისა და სასტუმროების რაოდენობა. ამისთვის სამშენებლო კომ ...
14 დეკემბერი
14 დეკემბერი

ცეკვა ცერებითა და ახალი „ორნამენტებით"

სუხიშვილების განახლებული პროგრამა - კიდევ ერთი ხნული გაკვალულ ყამირზე ყოველთვის, როდესაც სუხიშვილების კონცერტს ვუყურებთ ...
13 დეკემბერი
13 დეკემბერი

ბავშვები ციფრულ სამყაროში - რა უნდა ვიცო ...

რა გავლენას ახდენს ციფრული ტექნოლოგიები ბავშვების ცხოვრებაზე, რა საფრთხეს და შესაძლებლობებს შეიცავს ინტერნეტი, რა უნდა ვ ...

მეტი

^