Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამოხატე, არ ტეხავს!

21 ნოემბერი 2017

რა შეიძლება გაწუხებდეს შაბათ დილით ახალგაღვიძებულ რაგბის ქომაგს?!

თუ ჩემი იღბლიანი გუნდელებივით უკვე კარდიფში ხარ - ალბათ თავის ტკივილი და ნაბახუსევის ძლიერი შემოტევა.

 თუ ჩემი გუნდელების გუნდელივით, ანუ ჩემსავით საკუთარ სახლში იღვიძებ, ალბათ მთავარი კითხვა - „სად ვუყურო თამაშს?“

თამაშამდე დარჩენილი დრო თან იწელება და თან სწრაფად გადის. იწელება ისე, როგორც უინტერესო გაკვეთილის დასრულების მოლოდინისას ზარის დარეკვა და გარბის ისე, როგორც ბავშვობა ან გნებავთ სტუდენტობა.

  თამაშამდე დარჩენილი დრო გარბის, მაშინ, როდესაც ჯერ ვერ ჩამოყალიბდი, სად უყურო თამაშს და იწელება მაშინ, როდესაც დილით გაჩენილ კითხვაზე უკვე გაქვს პასუხი.

 ერთი შეხედვით, ვითომ არაფერი - წახვალ სადმე სახინკლეში, სადაც დიდი ტელევიზორი აქვთ, დალევ ლუდს და შენი გუნდის შეტევის დროს ხმამაღალ შეძახილზე გვერდზე მაგიდიდან ნებისმიერი ასაკის თანამემამულე ისე გადმოგხედავს, გეგონება საძინებელში შეუვარდი ბორჯღალიანი კვართით და იქ ღრიალებ - „მიაწვაა, მიაწვააა“.

 ხოდა ასეთი რეაქციების მერე ვბრაზობ, ხასიათი მემღვრევა. ვერც თამაშით ვიღებ სიამოვნებას და ვერც გამარჯვებით. ამიტომაც თამაშის ყურება ძმაკაცთან გადავწყვიტე და ერთ-ერთ მაღაზიაში ლუდით დატვირთულ ურიკას ვაწვები.

ლუდი უხდება რაგბის ყურებას - რომელი გუნდური სპორტის ყურებას არ უხდებაო, გაჩნდება კითხვა. ყველას, მეტსაც გეტყვით: სპორტის გარეშეც მშვენიერია... მაგრამ ახლა ისევ რაგბიზე და მის სპეციფიკაზე. აქ ყველაფერი ურთიერთპატივისცემაზეა აგებული. ამის ყველაზე მარტივი და ნათელი მაგალითი თამაშის მერე მოგებულის მიერ წაგებულისთვის მოწყობილი დერეფანია, რომელიც ალბათ „უელსი-საქართველოს“ თამაშის მერე ვერ ნახეთ, რადგან მსაჯის სასტვენთან ერთად რეპორტაჟიც შეწყდა... ისევ რაგბის სპეციფიკის არცოდნის ამბავი მგონია. 

 რაც არ გაგვითიშეს და ვნახეთ, იყო ძალიან კარგი, ბრძოლა და თავდადება, რაც მთავარია დიდი პროგრესი და თავდაჯერებულობა, რომელიც ნაკრებს ასე ეტყობოდა. მარცხს რაც შეეხება, რაგბის ღმერთებმა ასე გადაწყვიტეს, ჯერ კიდე ადრეა ბრიტანული გუნდების „გაგორება“, ცოტაც მოითმინეთო.

 თამაშის მერე ატყდა ერთი ამბავი, უელსელების მიწასთან გასწორება, კარდიფში რომ დაიწყეს ნუცუბიძის პლატოზეც მიწას ვაყრიდით. მერე ატყდა ისევ საუბრები 6 ერზე და იქ ჩვენს მიღებაზე. კი ბატონო, ესეც კარგი კაკუნი იყო 6 ერის კარზე...

 მაგრამ, წაგებაზე მეტად მაინც არ მასვენებს ის ფაქტი, რომ რაგბის ერთად ყურება სახალხო ზეიმად ვერ იქცა. არ მასვენებს ის ფაქტი, რომ ტრიბუნები თუ გაივსება, არ გაგვიტყდეს სიმღერა, უცნობი ადმიანებისთვის გაღიმება, შეძახილების წამოწყება და ტრიბუნაზე ყვირილით დაღლა...

 ამდენი წელია ტესტებს ვთამაშობთ და ამ მიმართულებით მე სერიოზული მუშაობა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის წინ ვნახე, თუმცა მორჩა მსოფლიო და გაქრა ერთობა, რომელიც ისევე გვჭირდება, როგორც ხელით სწრაფი თამაში. მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას რაგბიზე და სარაგბო ღირებულებებზე. 6 ერში მარტო ნაკრები არ ხვდება, იქ კარგი ქომაგებიც სჭირდებათ და უზნეო ბავშვებივით თუ მოვიქეცით და ჩვენს ბიჭებს თავი მოვჭერით, არ იქნება კარგი ამბავი...

წინ 25 ნოემბერი და ამერიკაა. მიხეილ მესხის ტრიბუნების გავსება რთული არაა, თუმცა სასურველ ქომაგობამდე კიდევ რამდენიმე ტესტი გველის.

 არ მინდა, ვინმემ იფიქროს - „ეს ყველაზე ჭკვიანი“ საიდან აღმოცენდა და ჭკუას რატომ გვასწავლისო? უბრალოდ მინდა, ნაკრების ერთად ქომაგობა ტრადიციად იქცეს, სადაც ემოციების გამოხატვა არ ტეხავს და სადაც უცხო ადამიანებს რაგბი აერთიანებს.

ქატო იქა, ფქვილი აქა

ჭირი იქა, რაგბი აქა(ურობას)  

  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^