Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კონცეფცია, როგორც გამოწვევა

27 ივნისი 2013

უმაღლესი განათლების კანონში დაგეგმილმა ცვლილებებმა სტუდენტური პროტესტის მორიგი ტალღა გამოიწვია. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში უფრო და უფრო ხშირად ისმის კითხვა, თუ რა კავშირშია ეს ცვლილებები და საერთოდ მიმდინარე თუ დაგეგმილი რეფორმა რეფორმების კომისიის კონცეფციასთან, რა ხდება ამ მიმართულებით, რა ეტაპზეა დღეს ამ კონცეფციის დანერგვა. ამ კითხვებზე ასეთი პასუხები გვესმის: დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები, სანამ კონცეფციის უშუალო დანერგვაზე გადავალთ, ჯერ საჭიროა გარკვეული წესრიგის დამყარება უმაღლესებში. იყო ასეთი კომენტარიც, რომ ეს  კონცეფცია სიმბოლურად სახლის პროექტია, ჩვენ  ახლა მისკენ გზის გაყვანის ეტაპზე ვართ, ეს გზა კი ძალიან გრძელია.

ვფიქრობ, რომ იმ სახლის საძირკველი, რასაც მაღალი სტანდარტების უმაღლესი განათლება ჰქვია, საქართველოში დიდი ხანია ჩაყრილია, კედლებიც ამოყვანილია. რა თქმა უნდა, ეს არის ქართული კულტურის, მეცნიერებისა და განათლების ჯერ კიდევ საუკუნეების წინ არსებული მძლავრი კერები. რომელი ერთი ჩამოვთვალო: III-VI საუკუნეებში ფაზისის ახლოს არსებული ლაზთა აკადემია, პეტრე იბერის მიერ V საუკუნეში სირიაში დაარსებული სკოლა, ათონის ივერთა მონასტერი, პეტრიწონის მონასტერი, გელათის აკადემია, XI-XII საუკუნეებში არსებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო სკოლები - აკადემიები გრემსა და იყალთოში... 1918 წელს ივანე ჯავახიშვილის მიერ დაარსებული პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში. ასე რომ, თუ ზემოთ ნახსენებ მეტაფორას გამოვიყენებთ, სინამდვილეში ჩვენ უკვე არსებული სახლის რეკონსტრუქცია უნდა განვახორციელოთ. რეკონსტრუქცია კი მართლაც საფუძვლიანია საჭირო, ვინაიდან სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა - ასეთი წარსულის მქონე ჩვენი განათლების სისტემა დღეს აშკარა და სერიოზულ კრიზისშია. ეს არცაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ ისტორიული ძნელბედობის მძიმე ჟამს, შემდგომ საბჭოთა ტოტალიტარულ წარსულს, მუდმივ იდეოლოგიურ წნეხსა და გაუთავებელ, დღესაც მიმდინარე გარდამავალ პერიოდს. (საერთოდ, ვფიქრობ, რომ რამაც დღემდე მოიტანა ჩვენი განათლების სისტემა, ეს ცალკეული პიროვნებების - ჩვენი უდიდესი მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეების ღვაწლი, თავდადება და თავგანწირვაც კია). ზემოთ აღნიშნული რეკონსტრუქციის საფუძველი კი სწორედ რეფორმების კომისიის შემოთავაზებული კონცეფცია უნდა იყოს.

ამ კონცეფციაზე თავდაპირველი  რეაქციაც არაერთგვაროვანი იყო და ასეა დღესაც. არიან მხარდამჭერებიც, ისმის კითხვებიც მისი რელევანტურობის შესახებ და ეს ბუნებრივიც არის. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ეს კონცეფცია თავიდანვე უტოპიად გამოაცხადა.

კრიტიკის ნაწილი, რა თქმა უნდა, კონსტრუქციულია და საჭიროა მას შემდგომი ჯანსაღი მსჯელობა მოჰყვეს. თუმცა ოპონენტების უმეტესობის ძირითადი პრეტენზია, ჩემი აზრით ისაა, თუ რატომ არ არის კონცეფციაში მოცემული ყველა არსებული პრობლემის მოგვარების სრულყოფილი დეტალური გეგმა, სტრატეგია, მზა რეცეპტი. სინამდვილეში კი ამ კონცეფციის დანიშნულება სხვაა. იგი სტიმულია, ბიძგია, ვექტორია რეფორმების დასაწყებად, რასაც თავისთავად მოჰყვება სხვა არსებული ხილული თუ დაფარული პრობლემების წარმოჩენა და გაადაჭრა. სწორედ ამიტომ იყო და არის საჭირო რეფორმის დაწყება სწორედ აქედან. ამიტომ მიმაჩნია, რომ პირველ რიგში გასაკეთებელი, საფუძველი, ამ კონცეფციით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა ყოფილიყო, ხოლო სხვა კანონპროექტები, რომლებსაც დღეს ე.წ. მოსამზადებელ სამუშაოებს ვეძახით - ამის ზედნაშენი.

ამ შემთხვევაში იმ შეცდომებსაც და აჟიოტაჟსაც ავცდებოდით, რაც ამ დღეებში განსახილველი კანონპროექტის ერთ-ერთმა მუხლმა გამოიწვია, რომელიც უნივერსიტეტების ავტონომიას ეხება, ვინაიდან კონცეფციის არსი – „აკადემიური თავისუფლება“ თავის თავში უნივერსიტეტების ადმინისტრაციის ავტონომიურობის გარდა აკადემიური პერსონალის სწავლების, კვლევისა და საორგანიზაციო საქმიანობის თავისუფლებასაც გულისხმობს.

ოპონენტების ერთ-ერთი არგუმენტი ასევე არის ის, რომ კონცეფციის ავტორები არ იცნობენ ჩვენს განათლების სისტემას. მე კი ვფიქრობ, რომ კონცეფციის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ მისი ავტორები გარედან, მიუკერძოებელი თვალით აფასებენ ჩვენს განათლების სისტემას, ვინაიდან ხშირად უფრო ძნელია დაინახო პრობლემები, როცა ამ პრობლემებში თავად „იხარშები“ და ამ შემთხვევაში გარედან შემფასებლის თვალსაზრისი შეიძლება უფრო ობიექტური და სწორი აღმოჩნდეს. რაც შეეხება ჩვენი განათლების სისტემის ღრმად ცოდნას – ამისთვის საჭიროა ასეთი მცოდნე სპეციალისტების მაქსიმალურად მობილიზება და კონცეფციის იმპლემენტაციის პროცესში ჩართვა.

ამ ყველაფრის გააზრებასა და გათავისებას, როგორც ჩანს, დრო სჭირდება, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. ამასთან დაკავშირებით გია დვალის მიერ ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი ფრაზა მახსენდება: „კითხვა, ვართ თუ არა მზად დემოკრატიისთვის - შეურაცხმყოფელია“. ასეთ პერიფრაზს გავაკეთებდი: „შეურაცხმყოფელია კითხვა, ვართ თუ არა მზად დასავლური სტანდარტების განათლების სისტემის აწყობისთვის“.

ვფიქრობ, თავიანთი თამამი კონცეფციით მისმა ავტორებმა თავიდანვე მიგვანიშნეს - თუ რეალური ცვლილება და გაუმჯობესება გვინდა, პირველ რიგში თავადვე უნდა დავიჯეროთ, რომ არაფრით ვართ სხვებზე ნაკლებნი და ამ ცვლილებების გატარება შეგვიძლია. ეს კონცეფცია ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა და ჩვენს განათლების სისტემაში ფუნდამენტურ ძვრებს გულისხმობს. არავინ ამბობს რომ ეს ადვილია, (შემოთავაზებული თამასა მაღალი) – მაგრამ აუცილებელია. დროც არ იცდის, რეფორმის დაგვიანებამ შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ამიტომ მინდა ჩვენი განათლების სისტემის მესვეურებს მოვუწოდო: უპასუხეთ ამ გამოწვევას და დაიწყეთ რეალური რეფორმა, რეკონსტრუქცია... როგორც იტყვიან – „ჭერი ასწიეთ, დურგლებო“...

წინა კვირაში რეფორმების კომისიის ერთ-ერთი წევრის, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორისა და ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორის ზაზა კოკაიას ლექციას დავესწარი სამედიცინო უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა ფაქტობრივად დამთავრდა, საგამოცდო პერიოდია და სტუდენტებიც საგამოცდო ციებ-ცხელებით არიან დაკავებულები, ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. სტუდენტები მთელი გულისყურით უსმენდნენ პროფესორის ძალიან საინტერესო მონათხრობს მეცნიერების ფანტასტიკურ შესაძლებლობებზე, კლონირების მეთოდის გამოყენებით უკურნებელი სნეულებების დამარცხებაზე, კიდევ უფრო დიდ პერსპექტივებზე.  ერთმა სტუდენტმა ასეთი კითხვაც დაუსვა ლექტორს: „იქნებ შესაძლებელია დამყარდეს ჩვენს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა და შევძლოთ კვლევების ჩატარება თქვენს ცენტრში?“

ჩვენს ახალგაზრდებს უნდათ და იმსახურებენ მაღალი ევროპული სტანდარტების შესაბამის განათლებას. ჩვენ წინაშე დღეს არსებული გამოწვევაც ეს არის, გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა მივცეთ მათ შესაძლებლობა ეს განათლება მიიღონ აქ,  საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ უნივერსიტეტებში სწავლისას.

უცხოეთში მოღვაწე ბევრი ქართველი მეცნიერი ძალიან ბევრს აკეთებს ჩვენი განათლების სისტემისა და ქართველი სტუდენტების დასახმარებლად, რათა დღევანდელი განათლების სისტემა გამოვიდეს ჩიხიდან და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გახდეს. ამის გამოხატულებაა ის კონცეფციაც, რომელიც დიდი ენთუზიაზმით, სრულიად უანგაროდ იყო შემუშავებული გია დვალის კომისიის მიერ.

ჯერი ჩვენზეა!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^