„ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ახლა მზადდება, ხელს შეუწყობს სახელმწიფოში სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობისაკენ მიმართული საქმიანობების განვითარებას. ამასთანავე, ეს კანონი ბიზნესსა და მოქალაქეებს ფილანთროპიული საქმიანობის დაფინანსების საგადასახადო და სამართლებრივ მოტივაციას გაუჩენს.
„შეასრულე მოვალეობა, გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე“ - დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი, რომელიც ძირითადად ჟურნალისტებისგან შედგება, მთავრობას 12 წლის მირზა ცეცხლაძის გადარჩენას ამ ლოზუნგით სთხოვდა. ლეიკემიით დაავადებულ მირზას სამკურნალოდ 100 000 ევრო სჭირდებოდა. რამდენიმეკვირიანი კამპანიის შემდეგ ჟურნალისტებმა ამ თანხის მხოლოდ ნაწილის შეგროვება შეძლეს.
25 ივნისს მირზა ცეცხლაძეს სხვა, ასევე, მძიმედ დაავადებულებთან შედარებით, გაუმართლა - სამკურნალო ფული ჯანმრთელობის სამინისტრომ მოიძია და დანაკლისი თანხა აანაზღაურა. სახელმწიფო მძიმე და ძვირადღირებულ ავადმყოფობებს, მით უმეტეს, საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს რესურსებისა და სახსრების ნაკლებობის მომიზეზებით, როგორც წესი, არ ფარავს.
მძიმედ დაავადებულებისათვის თანხის შეგროვების განცხადებები პერიოდულად ვრცელდება, რამდენიმე შემთხვევაში თანხის შეგროვება მოხერხდა, თუმცა, მსგავსი განცხადების გავრცელებაც და შემდეგ საქველმოქმედო კამპანია მაინც ერთეულ შემთხვევად რჩება. მსგავს ქველმოქმედებას სისტემური და ორგანიზებული ხასიათი არ აქვს, საზოგადოებამდე მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ისტორია მიდის და ამგვარი კამპანიებიც ყოველთვის წარმატებული არ არის.
„ფონდმა ტასომ“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ და „ქალთა გლობალურიფონდის“ დონორობით „ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და სოციალური პარტნიორობის შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა. კანონპროექტი ფილანთროპიულ და საქველმოქმედო საქმიანობას ახალისებს და ფილანთროპიის შემთხვევაში საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.
ფილანთროპიული საქმიანობის წახალისებით შესაძლოა საქველმოქმედო საქმიანობამ და ფილანთროპიამ ორგანიზებული, სისტემური სახე მიიღოს და ერთეულ შემთხვევად არ დარჩეს.
ფონდი „ტასოს“ ხელმძღვანელის მარინა თაბუკაშვილის თქმით, „ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ“ კანონპროექტი გულისხმობს, რომ სახელმწიფომ სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობისაკენ მიმართული საქმიანობები ფილანთროპიად აღიაროს და კანონმდებლობით ბიზნესსა თუ თითოეულ მოქალაქეს ფილანთროპიული საქმიანობის დაფინანსების საგადასახადო და სამართლებრივი მოტივაცია გაუჩინოს.
კანონპროექტის მიხედვით, ფილანთროპია შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული სფეროების განვითარებისათვის, მაგალითად, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, სიღარიბის აღმოფხვრა, ჯანმრთელობის დაცვა და პრევენცია, გარემოს დაცვა და ა.შ. ქველმოქმედება ფიზიკური პირების: დევნილების, ბავშვების, ხანდაზმულების, ბუნებრივი და ჰუმანიტარული კატასტროფების მსხვერპლების და ა.შ. დახმარების გულისხმობს. დახმარების გაწევის შემთხვევაში სახელწიფომ ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობა არ უნდა დაბეგროს და ფილანთროპი ორგანიზაცია თუ ბიზნესი მოგების გადასახადის ნაწილისგან გაათავისუფლოს.
„ქველმოქმედება ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის გადაუდებელი, ამ წუთიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. ეს შეიძლება იყოს გადაუდებელი ოპერაცია, ძვირადღირებული წამლის ყიდვა, მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარება. ამ შემთხვევაში ბიზნესმა, მთავრობამ, ორგანიზაციებმა, ყველამ უნდა გაიღოს დახმარება, მაგრამ ფილანთროპია გვჭირდება იმისთვის, რომ ქველმოქმედება არ დაგვჭირდეს. ფილანთროპიის კონცეპტი სოციალურ სამართლიანობას, ადამიანის უფლებების დაცვას, მათზე ხელმისაწვდომობას და მშვიდობას გულისხმობს.“ - ამბობს მარინა თაბუკაშვილი.
მსგავსი საკანონმდებლო პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში უკვე წლებია, წარმატებულად მუშაობს. საქართველოში კი კანონი, რომელიც ბიზნეს თუ საზოგადოებას ფილათროპიისადმი ინტერესს გაუჩენდა, დღემდე არ არსებობს. ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელის ლია მუხაშავრიას თქმით, საკანონმდებლო ბაზისა და შესაბამისი შეღავათების არარსებობის გამო ბიზნესი ფილანთროპიულ და საქველმოქმედო ინტერესს ნაკლებად ამჟღავნებს. რამდენადაც ფილანთროპიის იმგვარი ტრადიცია, რომელიც დასავლეთში წლების განმავლობაში განვითარდა, ჩვენთან არ არსებობს და მას საკანონდებლო რეგულირება აუცილებლად სჭირდება.
„ინგლისში ოფისებში თუ სხვაგან მუდმივად აგროვებენ ხოლმე ფულს, დღესასწაულივითაა. იქ დღესასწაულებს ვიღაცის დახმარებით აღნიშნავენ. სოლიდარობის განცდა ჩვენს საზოგადოებაშიც არსებობს, ასე გადავიტანეთ 90-იანი წლები, მაგრამ ჩვენი ქველმოქმედება რომ უფრო რეგულირებული და ცივილიზებული გახდეს, ასეთი ორგანიზების ფორმები უნდა შეიძინოს,“ -ამბობს ლია მუხაშავრია.
რაც შეეხება ბიზნესს, მუხაშავრია თვლის, რომ საქართველოში ბიზნესი საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობას ნაკლებად გრძნობს. ამიტომაც მისთვის ბიძგის მიმცემად და წამხალისებლად კანონში გაწერილი საგადასახადო შეღავათები უნდა იქცეს.
„არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ბიზნესებს სოციალური პასუხისმგებლობის ისეთივე გრძნობა აქვთ, როგორიც დასავლეთში. მათ იქამდე გაზრდა სჭირდებათ, ამისთვის კი საგადასახადო და სხვა შეღავათები უნდა უქმნიდეთ მოტივაციას. როდესაც ეს გამოცდილება დაუგროვდებათ, სარგებელს დაინახავენ და ა.შ. მერე გახდებიან სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის მქონენი. დღეს ბიზნესმა ქველმოქმედება თუ გასწია, საშემოსავლო გადასახადით მაინც იბეგრება. მაგალითად, თუ რომელიმე სასტუმრომ დარბაზი კი არ მომაქირავა, არამედ მათხოვა, მას საშემოსავლოს გადახდა მაინც მოუწევს. ასეთ პირობებში მისთვის ქველმოქმედება უაზრობაა.“ - ამბობს ლია მუხაშავრია.
ფილანთროპიის შესახებ კანონის შემოღების მცდელობები წარსულშიც იყო. „კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი“ ამ მიმართულებით რამდენიმე წლის წინ მუშაობდა. ექვს წამყვან ბიზნეს ორგანიზაციასთან და რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციასთან კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ბიზნესის წარმომადგენლები საზოგადოებრივ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს, მათ ვინც სხვადასხვა ჯგუფებთან - შშმ პირებთან და ბავშვებთან მუშაობენ, ნაკლებად ან თითქმის არ იცნობენ. არასამთავრობო ორგანიზაციებს კი საკუთარი ცნობადობის გაზრდისა და ბიზნესისათვის საკუთარი ორგანიზაციის წარდგენისათვის საჭირო თანხები არ გააჩნიათ.
კვლევის მიხედვით, ბიზნესისათვის ფინანსური რესურსების გაცემის მთავარი მიზანი კომპანიის ცნობადობის გაზრდაა და მათი სოციალური პასუხისმგებლობა უმეტესწილად სპონსორობით შემოიფარგლება. სპონსორობა მარკეტინგის ნაწილად განიხილება, ბიზნესი კი, როგორც წესი, სოციალური პასუხისმგელობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტს მარკეტინგულ აქტივობად არ მიიჩნევს.
გარდა დაბალი სოციალური პასუხისმგებლობისა, ფილანთროპიულ საქმიანობაში ბიზნესს სხვა ფაქტორებიც უშლიდა ხელს.
„ბიზნესმენებმა არ იცოდნენ ან არ იყენებდნენ საგადასახადო კოდექსში მაშინ არსებულ შეღავათებს, რომლის მიხედვითაც წლიური მოგების 10 პროცენტი საქველმოქმედო ღონისძიებებზე შეგიძლია დახარჯო და შესაბამისად მოგების ნაკლები გადასახადი გადაიხადო. იმათაც ვინც იცოდნენ, ამ შეღავათს არ იყენებდნენ. იმ ორგანიზაციებში, რომლებსაც საქველმოქმედო სტატუსი აქვთ და რომლის დაფინანსებასაც ბიზნესი შეძლებდა, ცნობადი ორგანიზაცია სულ 3-4-ია. ვინ არიან, არც ჩვენ და არც ბიზნეს ორგანიზაციებმა არ ვიცით, შესაბამისად ნდობაც ნაკლები აქვთ“ - ამბობს „კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის“ თანამშრომელი თამარ ცირეკიძე.
თამარ ცირეკიძის თქმით, კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი შექმნილი პოლიტიკური კონტექსტი იყო: „კვლევაში გაცხადებული არ ყოფილა, მაგრამ ჩვენთვის ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს უთქვამთ, რომ ვისაც უნდოდათ, იმას ვერ დააფინანსებდნენ, მათ ამისათვის საჭირო თავისუფლება არ ჰქონდათ.“
„ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და სოციალური პარტნიორიობის შესახებ კანონის“ მიღების შემთხვევაში გამოჩნდება, რეალურად რამდენად გრძნობს ბიზნესი საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობას და რამდენად შეძლებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბიზნესებამდე საკუთარი პრობლემების მიტანას.