Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ორი უკიდურესობის შესახებ

27 ნოემბერი 2017

ამ პოსტში მოვყვები ყველაზე მნიშვნელოვანის შესახებ. იმაზე, რომ შშმ ბავშვების, ისევე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ბავშვების შემთხვევაში როგორც სრული უყურადღებობა, ისევე ჰიპერმზრუნველობაც არ არის კარგი და ხელს არ უწყობს მათ განვითარებას. ამას იმ სკოლის მაგალითზე დავწერ, რომელიც მე დავამთავრე. 90-იან და ადრეულ 2-ათასიან წლებში სკოლაში, ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, არაფერი არ იყო: არც დენი, არც გაზი, არც ცხელი წყალი. კვება არაადეკვატურად მცირე იყო. სწავლის პირველ წლებში მახსოვს, რომ ინტერნატში დარჩენილი ბავშვები სულ მშივრები იყვნენ. გაკვეთილები ხშირად ცდებოდა, განსაკუთრებით ზამთარში (ნუ, ჩემი დაწყებითების მასწავლებელი გამონაკლისია. არ მახსოვს, ოდესმე გაეცდინა ან დაეგვიანებინა). ერთ გოგოს იმ პირობებში ფილტვების ანთების ნიადაგზე მხედველობა გაუუარესდა და მცირემხედველიდან სრულიად უსინათლო გახდა. იყო მოსწავლეების, განსაკუთრებით პანსიონატში დამრჩენებისადმი ფიზიკური ძალადობის (ანუ ცემის) ფაქტებიც, აქა-იქ. მასწავლებელთა და აღმზრდელთა დიდი უმრავლესობა ძალიან ასაკოვანი იყო, შესაბამისად, მათ არ შეეძლოთ მთელი სკოლის გარშემო სირბილი და იმის გადამოწმება, თუ რომელი ბავშვი სად იყო და რას აკეთებდა. ეს მოსწავლეებს თავისუფლებას ანიჭებდა. ისინი არ იყვნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რაც ერთგვარად კარგი იყო.

იმ პერიოდში, 90-იან და 2-ათასიანი წლების დასაწყისში სკოლაში არც თუ ბევრი იყო ისეთი ბავშვი, რომელიც ყოველდღე სახლიდან ივლიდა. მოსწავლეთა ძირითადი ნაწილი ინტერნატში/პანსიონატში რჩებოდა. რითი იყო ეს განპირობებული? პირველ რიგში – საბჭოთა მემკვიდრეობით. საბჭოთა დროს უსინათლოთა სკოლის არსებობის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა იცოდა. მაშინ რაიმე მიზეზით ოჯახებით ერთი ადგილიდან წასვლა და გადასახლება არცთუ ხშირი მოვლენა იყო. მეორე მომენტი იყო შშმ ბავშვის ყოლის სირცხვილი.  თუ შშმ ბავშვს გავუშვებ თბილისში, ინტერნატში სასწავლებლად, იმის შესახებ, რომ ის შშმ-ა ინფორმაცია სოფელში/თემში მიიკარგება. ის არ იქნება ყოველდღიურად დადასტურებული ამ ბავშვის ამა თუ იმ ქმედებით მეზობლებისა და ნათესავების წინაშე. ბავშვის სწავლის გამო დედაქალაქში ოჯახის გადმოსვლა კი უკვე რაღაცის მაჩვენებელია, ბავშვის პრობლემურობის ხაზგამსმელი. დაბოლოს, რამდენადაც საშინლად არ უნდა ჟღერდეს, 90-იან და ადრეულ 2-ათასიან წლებში, პირობითად, ვარდების რევოლუციამდე, შშმ ბავშვთა ოჯახებში ისეთი სიღატაკე იყო, რომ უსინათლო ბავშვის ყოველდღიური გამოკვების გამოწვევის მოხსნა, რაც მისი ინტერნატში გაგზავნის შედეგი იყო, დიდი შეღავათი იქნებოდა ბევრისთვის. ამასთან, არ უნდა გამოგვრჩეს უსინათლო ბავშვთა ასევე უსინათლო და მცირემხედველი მშობლების ფაქტორი, რომლებმაც, თავის დროზე, ასევე დაამთავრეს უსინათლოთა სპეცსკოლა. ისინი იცნობდნენ იქაურ გარემოს, იქ გატარებული დრო კარგად ახსენდებოდათ (არადა, საბჭოთა კავშირის პირობებში, 90-იან და 2-ათასიან წლებთან შედარებით, ობიექტურად, ის სკოლა გაცილებით უფრო უზრუნველყოფილი იყო, თუნდაც ელემენტარული კომუნალურ-საცხოვრებელი პირობებით), ამიტომაც, თბილისშიც რომ ეცხოვრათ, მაინც ინტერნატში ტოვებდნენ თავიანთ შვილებს. ამას ერთი დადებითი შედეგი ჰქონდა. დღევანდელთან შედარებით ის თაობა უფრო მეტად იყო დამოუკიდებელი (შეეძლოთ სკოლის ტერიტორიაზე სხვათა დახმარებისა და ხელის ჩაკიდების გარეშე გადაადგილება, თავის მოვლა, რეცხვა, ელემენტარული საკვების მომზადება და ა.შ.) და, შესაბამისად, ცხოვრებისთვის მომზადებული, რადგან იმ ტოტალური   უყურადღებობის პირობებში ბავშვებს უწევდათ გარკვეული დამოუკიდებელი ცხოვრების უნარის გამომუშავება. ამავდროულად განათლების კუთხით მათ ბევრი დაკარგეს: ბრაილის შრიფტით ან აუდიოსახელმძღვანელოთა და სხვადასხვა ტექნიკური საშუალების (მაგ. კომპიუტერების, დიქტოფონებისა და ა.შ.) არარსებობის/სიმცირის/სიძველის (საბჭოთა კავშირის პერიოდში დაბეჭდილი რამდენიმე სახელმძღვანელოთი გავდიოდით რამდენიმე საგანს, მე-9 კლასში სანამ გადავიდოდი), პერსონალის დიდი ასაკის, დაბალი ხელფასის, დაბალი მოტივაციისა და ინტერესის გამო, რამე ესწავლებინათ.

თანდათანობით, 2-ათასიანი წლების მე-2 ნახევრისკენ გაიზარდა სკოლაში ყოველდღიურად მოსიარულე ბავშვთა და, შესაბამისად, მათი თანმხლები და მიმყვანი მშობლების რაოდენობაც. შშმ ბავშვებთან დაკავშირებული სტიგმები ნელ-ნელა სუსტდებოდა, მოსახლეობის ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც უმჯობესდებოდა, შესაბამისად, ბავშვის ყოველდღე სკოლაში ტარება და მისი შინ კვება ისეთი რთული აღარ იყო. ამასთან, მოსახლეობაში ერთი ადგილიდან მეორეში საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად გადასვლა (სოფლიდან ქალაქში, რეგიონებიდან დედაქალაქში) უფრო და უფრო პოპულარული და ჩვეულებრივი ამბავი გახდა, ზოგადად. უსინათლო ბავშვთა ოჯახებმა დაიწყეს ფიქრი, რომ ბავშვის ყოველდღიურად სკოლაში ტარების მიზნით თბილისში გადმოსვლა სხვა მხრივაც შეიძლებოდა, უკეთესი ყოფილიყო. აქ სამსახურს უფრო იშოვიდნენ და ა.შ. დაბოლოს აშკარა გახდა, რომ სკოლის პირობებში ცხოვრება ძალიან რთულია ბავშვებისთვის, არ იყო რა ის ჯერ უზრუნველყოფილი ელემენტარული პირობებით.

მშობლები, ბავშვების სკოლაში მოყვანა-წამოყვანისას ერთმანეთს ეცნობოდნენ, დაიწყეს დამეგობრება, საუბარი, გამოცდილებების გაცვლა, სკოლაში არსებულ ვითარებაზე შთაბეჭდილებების გაზიარება. ბევრი მშობელი იმის გამო, რომ სკოლიდან შორს ცხოვრობდა, რჩებოდა კიდეც სკოლაში, სანამ ბავშვს გაკვეთილები დაუმთავრდებოდა. დაიწყო ძალიან მოხუც მასწავლებელთა სკოლაში დატოვების გაპროტესტება. ასევე, გაჩნდა მოთხოვნები, უფრო მეტად ეზრუნათ მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე და ხელი აეღოთ ბავშვთა დასჯის მიზნით ცემაზე. პანსიონატის საცხოვრებელი პირობებიც ეტაპობრივად გაუმჯობესდა (კვება, გაჩნდა ცხელი წყალი, ახალი ავეჯი, ბრაილის და აუდიოსახელმძღვანელოები და მხატვრული ლიტერატურა, სათამაშოები, ახალი მერხები და აღჭურვილობა, კომპიუტერები, სავარჯიშო ტრენაჟორები, სათამაშო მოედანი, მეტალპლასტმასის სიცივეგაუმტარი ფანჯრები, უსინათლოთათვის კულინარიის სწავლებისთვის აღჭურვილი სამზარეულო). თუმცა მშობელთა მოთხოვნებმა განსხვავებული კალაპოტი მიიღო, თანდათან. აღმოჩნდა, რომ მოითხოვნენ არა იმდენად ბავშვებისთვის განათლების მიცემას, მათში უნარების გამომუშავება/სწავლებას, მათ დატვირთვას სასწავლო მასალით, პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავებას, არამედ მასწავლებელთა მხრიდან ბავშვებზე ჰიპერმზრუნველობას, მათ ქება-დიდებას, რაც თუ არ უნდა გაეკეთებინათ, მათთვის კარგი ნიშნების, თუნდაც დაუმსახურებლად, დაწერას. ბავშვთა უსაფრთხოების მოთხოვნებმაც უკიდურესი ხასიათი მიიღო, რამაც გამოიწვია სასკოლო პერსონალის დაშინება, ბავშვები სადმე მაინც გაეშვათ დამოუკიდებლად. ასე მივედით იქამდე, რომ მასწავლებელს მე-4 კლასის მოსწავლე უსინათლო ბიჭი, რომელსაც მხედველობის არქონის გარდა, სხვა არავითარი შეზღუდული შესაძლებლობა არ ჰქონდა, ხელჩაკიდებული მიჰყავდა საპირფარეშოში, თანაც ქალებისაში – ბარემ ამ სართულზეა და დაბლა ჩაყვანით რომ აღარ შევაწუხო, ამ მოტივით. სკოლის შენობა არ არის დიდი. მე, მე-2 კლასიდანვე მთელ სკოლაში დამოუკიდებლად დავდიოდი. დასვენებებზეც მასწავლებლის გარეშე გავდიოდით. ის გვიშვებდა. სკოლის შენობის ფარგლებში უსინათლოსთვის გადაადგილების არავითარი სირთულე არ არის, თუმცა უსინათლო ბავშვთა ასეთი დამოკიდებულება სხვაზე სწორედ მშობელთა ჰიპერმზრუნველობის მასწავლებლებისთვის გადადებით ჩამოყალიბდა. მშობელთა უმრავლესობა კარგ მასწავლებლად მიიჩნევდა არა იმას, ვინც უსინათლო მოსწავლისგან მოითხოვდა მასალის ათვისებას, დავალების დაწერას და ა.შ... არამედ ის, რომელიც კარგ ქულებს უწერდა, აქებდა და სკოლის ასაკის ბავშვებს საჭმელს კოვზით აჭმევდა.

ამ ჩანაწერის პირველი დასკვნა არის ის, რომ არც ერთი უკიდურესობა: არც უყურადღებობა და არც ჰიპერმზრუნველობა დადებითად არ აისახება შშმ ბავშვის განვითარებასა და სრულფასოვან, სხვათა თანასწორ, კონკურენტუნარიან და რეალიზებულ მოქალაქედ ჩამოყალიბებაზე. მნიშვნელოვანია არა ის, რომ შშმ ბავშვის მშობლებს ჰქონდეთ რაიმე ტიპის მოთხოვნა, არამედ ის, რომ მათი მოთხოვნები უკავშირდებოდეს ბავშვის განვითარებას, მისი სწავლების ხელშეწყობას: არა მხოლოდ კვებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 სექტემბერი
16 სექტემბერი

რას ფიქრობენ ბრექსიტზე ქომაგები ნისლიანი ...

ფეხბურთი პოპულარული სპორტის სახეობაა მთელს მსოფლიოში, თუმცა ინგლისელებს, როგორც ამ სპორტის შემქნელებს, მისდამი განსაკუთრ ...
16 სექტემბერი
16 სექტემბერი

რამდენად რეალურია NATO-ს რეფორმა საქართვ ...

„გადარჩენილი ტერიტორიის“ უსაფრთხოების დაცვა კვლავინდებურად აქტუალურია რუსეთის უწყვეტი აგრესიის, „მცოცა ...
12 სექტემბერი
12 სექტემბერი

ბრექსიტი - რატომ არის ირლანდიის სასაზღვრ ...

როდის, როგორ ან საერთოდ დატოვებს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს, კვლავ გაურკვეველია. 2016 წლიდან მოყოლებული, კო ...

მეტი

^