Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დრაკონული ნარკოპოლიტიკა: ხალხის თუ პოლიტიკოსების არჩევანი

29 ნოემბერი 2017

დღეს საქართველოში ნარკოპოლიტიკის წარმოება სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ დასახულ სამოქმედო გეგმასთან შეუსაბამოა, რადგან შინაარსით არ პასუხობს არც გეგმით დასახულ პრიორიტეტებს და არც საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ეწინააღმდეგება საზოგადოების აზრს და მიუხედავად თავისი მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკური პრიორიტეტის - ადამიანისა, კვლავ დამსჯელი ინსტიტუტის როლი აქვს მორგებული.

ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია თითქმის ყველა ანგარიშში ხაზს უსვამს, რომ ომი ნარკოტიკებისა და ნარკომანიის წინააღმდეგ წაგებულია, ხოლო სახელმწიფოებს ურჩევს, ნარკომანიას შეხედონ, როგორც ჯანდაცვის პრობლემას და არა - კრიმინალს. როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი გამოცდილებაც ამტკიცებს, რომ ომი ნარკომანიის წინააღმდეგ უკვე წაგებულია და კრიმინალიზაციას ბევრად უარესი შედეგი მოაქვს. საქართველოში დღემდე არსებულ უმკაცრეს ნარკოპოლიტიკას მრავალი აქტივისტი აპროტესტებს. რაც მთავარია, ამ საკითხთან დაკავშირებით არც საქართველოს მოსახლეობის აზრია განსხვავებული. საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ მოსახლეობა უპირატესობას მსუბუქ ნარკოპოლიტიკას ანიჭებს და უფრო მეტიც, ნარკოტიკების მომხმარებელთათვის საპატიმრო სასჯელის შეფარდებას მიუღებლად მიიჩნევს.

ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფოების მხრიდან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისადმი დამსჯელობითი დამოკიდებულება ეფუძნება იმ მცდარ იმედს, რომ ნარკოტიკების მოხმარების აღმოფხვრა შესაძლებელია. კომისია რეკომენდაციას არა მარტო ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების, არამედ მცირე რაოდენობით გასაღების დეკრიმინალიზაციასაც უწევს და მიიჩნევს, რომ ამ ტიპის სამართალდარღვევაზე არც ადმინისტრაციული სასჯელი უნდა არსებობდეს. ხშირად მკაცრი სახელმწიფო პოლიტიკით ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი ნარკოტიკული საშუალებების მიღებით გამოწვეულ ზიანს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ ომი, პრობლემის აღმოფხვრის ნაცვლად, შიდსის/იმუნოდეფიციტის სინდრომისა და C ჰეპატიტის გავრცელებას უწყობს ხელს. ამასთან, მკაცრი ნარკოტიკული პოლიტიკა ხშირად სოციალური კონტროლის იარაღად გამოიყენება და მისი მსხვერპლი უკვე მარგინალიზებული, ე.წ. საეჭვო ადამიანები ხდებიან.

საქართველოში ექსპერტები ნარკოპოლიტიკას დრაკონულად მისი სიმკაცრის გამო მოიხსენიებდნენ. კერძოდ, 1999 წლის კანონმდებლობა არ ასხვავებდა მომხმარებელს გამსაღებლისგან, არ იყო მკაფიოდ განსაზღვრული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, 2006 წლიდან კი, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფარგლებში, ნარკოტიკის მოხმარება/შენახვა სხვა დანაშაულებთან ერთად მკაცრად დასჯადი გახდა. საქსტატის ინფორმაციით, 2014 წლამდე 273-ე მუხლით მსჯავრდებულთა რაოდენობა იმატებს და 5000-საც კი აჭარბებს, ხოლო 2015 წლიდან ეს რიცხვი თითქმის ნახევრდება. უმკაცრესი ნარკოპოლიტიკა, საზოგადოების გარდა, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის კრიტიკის საგანიც გახდა. ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შერბილება კოალიცია „ქართული ოცნების“ 2012 და 2016 წლების საარჩევნო პროგრამაში, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის პრიორიტეტად იყო დასახელებული.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მკაცრი ნარკოპოლიტიკის შერბილებისკენ გარკვეული ნაბიჯები მართლაც გადაიდგა. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო აღიარებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის არაეფექტიანობას, ხოლო პრობლემის აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი „პრაგმატული და რეალისტური სტრატეგია“ უნდა ეფუძნებოდეს ადამიანების უფლებების დაცვას და სამეცნიერო მტკიცებულებებს. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგიის მიზანს პიროვნების ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენს, მთავარი მიზანი კი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის პრობლემის მართვა, მომხმარებლის სამედიცინო და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციაა.

გარდა ამისა, 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის საპატიმრო სასჯელი გამოაცხადა კანონსაწინააღმდეგოდ, 2017 წელს კი მისი დათესვა, მოყვანა და კულტივირებისთვის დაპატიმრება აღიარა არაკონსტიტუციურად. სისხლის სამართლის კოდექსი დღეს უკვე განასხვავებს ნარკოტიკების მომხმარებელს გამსაღებლისგან, ხოლო სამედიცინო დაწესებულებას ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული შემთხვევების შესახებ შსს-ის ინფორმირების ვალდებულება არ გააჩნია. შესაძლოა, ითქვას, რომ ნარკოპოლიტიკა, რომელსაც აქამდე რეპრესიულად მოიხსენიებდნენ, თანდათან რბილდება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ სახელმწიფოს კეთილი ნების შედეგი არაა. დრაკონული ნარკოპოლიტიკის შერბილებაში უდიდესი როლი აქტივისტების თავდადებულ მუშაობას და ზოგადად, საზოგადოების განწყობასაც მიუძღვის.  ბექა წიქარიშვილის გახმაურებულმა საქმემ კარგად აჩვენა, თუ როგორი ნელი ტემპით მიდიოდა რეფორმა. ცვლილებების დანაპირების შეუსრულებლობამ საზოგადოების ნაწილის პროტესტი და მსუბუქი ნარკოტიკის, კერძოდ, მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, პირველი საპროტესტო აქციის გამართვა გამოიწვია.  უკმაყოფილება სხვადასხვა დროს კანონის გულმოდგინე შესრულებისას დაშვებულმა გადაცდომებმაც გაზარდეს, რომლებსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. მამუკა მიქაუტაძის, დემურ სტურუას, ლევან აბზიანიძის, საქმეებმა და მათ მხარდასაჭერად გამართულმა აქციებმა „ჩემი რეპრესია შენი რეგრესია“„დეკრიმინალიზაცია გარდაუვალია“, „ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ “, „მეტი რაღა უნდა მოხდეს“ - სახელმწიფოს კარგად დაანახა მკაცრი ნარკოპოლიტიკისადმი ქვეყანაში არსებული ნეგატიური დამოკიდებულება.

ის, რომ საზოგადოებრივ აზრს სახელმწიფო მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს, კარგად ჩანს ნარკოვითარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის ანგარიშში, რომლის თანახმად, მთავრობა, ნარკოპოლიტიკის დასაბალანსებლად, ეყრდნობა იმ  სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების  მიერ 2012 და 2013 წელს ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მარიხუანის დეკრიმინალიზაციას/ლეგალიზაციას არ ემხრობა. თუმცა გასათვალისწინებელია სხვა კვლევების შედეგებიც: 2012 წელს სახელმწიფოს დაკვეთით კვლევითი კომპანია „გორბის“ კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 7% მიიჩნევს, რომ სავალდებულოა ნარკომომხმარებელთათვის თავისუფლების აღკვეთა. უფრო მოგვიანებით, ACT-საქართველოს მიერ 2017 წლის იანვარში ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 53% ეწინააღმდეგება მარიხუანის დეკრიმინალიზაციას, ხოლო 37% ემხრობა მას.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანებისთვის ტექნიკური ტერმინოლოგია გაუგებარია ან, როდესაც ისინი გარემოს ზეგავლენით ემხრობიან ან ეწინააღმდეგებიან ამა თუ იმ აზრს, რომლის მნიშვნელობაც ბოლომდე არ ესმით. ამას ადასტურებს 2017 წლის ივნისში CRRC-საქართველოს მიერ NDI-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევა პოლიტიკური შეხედულებების შესახებ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობის 57% ამბობს, რომ ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანის, ინტრავენულის, აბებისა და ა.შ.) პირადი მოხმარებისთვის ადამიანმა არ უნდა მოიხადოს ციხის სასჯელი.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. ამ მხრივ ყველაზე ლოიალურადაა განწყობილი თბილისის მოსახლეობაა, რომელთა 69% მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარებისთვის ადამიანები არ უნდა დაისაჯონ პატიმრობით. დამოკიდებულება დიამეტრალურად განსხვავდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის - მსგავსი განწყობა მათ შორის მხოლოდ მეხუთედს აქვს. მცირედი სხვაობა არსებობს ქალებსა და მამაკაცებს შორის - მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შედარებით ნაკლებად ტოლერანტული დამოკიდებულება აქვთ. ახალგაზრდებთან შედარებით, ნარკოტიკების პირად მოხმარებასთან დაკავშირებით, სკეპტიკური დამოკიდებულება ხნიერ მოქალაქეებსაც აქვთ - მართალია, 65 და უფროსი ასაკის ადამიანების ნახევარი მაინც მიიჩნევს, რომ პირადი მოხმარება ციხით არ უნდა ისჯებოდეს, თუმცა 35 წლის და უფრო ახალგაზრდა მოსახლეობაში იგივე მაჩვენებელი 65%-ს შეადგენს.

როგორც ჩანს, დამოკიდებულებებს შორის სხვაობას რესპონდენტის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსიც განსაზღვრავს. უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები, მაღალი ალბათობით, ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარებისთვის ციხის სასჯელს მხარს არ დაუჭერენ. მსგავსი ტენდენცია იკვეთება მონაცემების ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის ჭრილში გაანალიზებისას. მაღალი შემოსავლის მქონე რესპონდენტები უფრო ნაკლებად ემხრობიან საპატიმრო სასჯელს, ვიდრე  დაბალი შემოსავლის კატეგორიაში მყოფი ადამიანები. ზოგადად, მაღალი სოციოეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანები უფრო შემწყნარებლური შეხედულებებით გამოირჩევიან და დასჯაზე მეტად უპირატესობას მკურნალობას ანიჭებენ.

მაშინ, როდესაც იუსტიციის სამინისტრო ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიაში აღიარებს, რომ ნარკოდანაშაულთან მიდგომა პრევენციული ხასიათის უნდა იყოს, იცავდეს ადამიანების უფლებებს და ეყრდნობოდეს სამეცნიერო კვლევებს, პოლიტიკა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით სჯის ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარებისთვის, არათანმიმდევრულია და ამავდროულად ეწინააღმდეგება ხალხის აზრს. სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უფრო მსუბუქ ნარკოპოლიტიკას უჭერს და ნებისმიერი სახის ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებისთვის ციხის სასჯელს ეწინააღმდეგება.  ამასთან, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი გამოცდილებაც ამტკიცებს, რომ ომი ნარკომანიის წინააღმდეგ უკვე წაგებულია და კრიმინალიზაცია ბევრად უფრო წამგებიანია, ვიდრე აქცენტის განკურნებასა და პრევენციაზე გადატანა. ამ ყველაფრის ფონზე გაუგებარია, რატომ არ იცვლება ნარკოპოლიტიკა და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ნამდვილად ადამიანია მთავარი პრიორიტეტი თუ სხვა რამ.

ავტორი - ნათია მოსიაშვილი, CRRC-საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა მკვლევარი. ამ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავს CRRC-საქართველოს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ან სხვა მხარის ინტერესებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^