Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა გავლენას ახდენს უმაღლესი განათლება დასაქმებაზე

05 დეკემბერი 2017

უმაღლესი განათლების მიმართულებით, გარდა ხარისხისა და ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული პრობლემებისა, რომელთა შესახებაც სტუდენტები ყურადღებას ხშირად ამახვილებენ, კურსდამთავრებულთა კომპეტენციების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაც, მათი შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. რამდენად უზრუნველყოფს საქართველოში უმაღლესი განათლება კურსდამთავრებულის შრომის ბაზრისთვის მზადყოფნას? რა პრობლემებს ხედავენ სტუდენტები ამ მიმართულებით და როგორ აფასებენ უმაღლესი განათლების ხარისხს?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, მარიამ გულიაშვილი, მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტი მეტწილად ვერ ახერხებს, უზრუნველყოს კურსდამთავრებულების მომზადება შრომის ბაზრისთვის. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ  სასწავლო პროცესი, ძირითადად, თეორიული მასალის შესწავლაზეა ორიენტირებული და სტუდენტები პრაქტიკულ საქმიანობას ნაკლებად იცნობენ, ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, სტუდენტობის პერიოდში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. მისივე განმარტებით, პრაქტიკული ცოდნის დანაკლისის შევსებას სტუდენტები უნივერსიტეტის გარე აქტივობით, მაგალითად, სტაჟირების გავლით ცდილობენ, თუმცა ამ მიმართულებითაც ბევრ პრობლემას აწყდებიან.

„სახელმწიფო სექტორში სტაჟირების შემთხვევაში, დარეგისტრირება ონლაინ ხდება და დასწრებაზეა. მინდოდა ამ ტიპის სტაჟირების გავლა, მაგრამ შეზღუდულია; ადგილები მალევე ივსება და სტუდენტები შესაძლებლობების მიხედვით არ ფასდებიან. ეს ყველაფერი იქამდე მიდის, რომ CV-ში სამუშაო გამოცდილების ჩაწერის მიზნით, სტუდენტები თავიანთი პროფესიული ინტერესების გათვალისწინების გარეშე, სადაც თავისუფალი ადგილია, იქ რეგისტრირდებიან, რაც ცხადია, სტაჟირების მიზანს, პროფესიის მიმართულებით მიიღო პრაქტიკული ცოდნა, იმთავითვე ეწინააღმდეგება. რაც შეეხება კერძო სექტორს, აქ კიდევ უფრო რთულია პრაქტიკის გავლა. ღია კონკურსს ნაკლებად აცხადებენ, მეც, როცა პირველად გავიარე სტაჟირება ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ღია კონკურსი არ გამოუცხადებიათ, შემომთავაზეს და მეც დავთანხმდი“,- ჰყვება მარიამ გულიაშვილი.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, პროფესიული განვითარება სტუდენტის ინდივიდუალურ მონდომებაზე მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო პროგრამებზე.

გიორგი არობელიძემ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი თსუ-ში შარშან დაასრულა. ამჟამად თანამოაზრეებთან ერთად კვლევით პროექტზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც, 1918-21 წლებში საქართველოს რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს იკვლევენ.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, აკადემიურად რამდენად წარმატებულია სტუდენტი, უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, ხშირ შემთხვევაში, მას სათანადო პრაქტიკული უნარი არ აქვს იმისათვის, რომ არსებულ შრომის ბაზარზე დასაქმდეს.

„ეს ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ სტუდენტებს უნივერსიტეტში არ შეუძლიათ პრაქტიკული სამუშაოს შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული ტიპის  სტაჟირების პროგრამები დამამთავრებელი კურსებისთვის, ძალიან ცოტა სტუდენტს მოიცავს და მათი გავლის შემდეგ არავითარი გარანტია არ გაქვს, რომ დაიწყებ სამსახურს. უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებებს ვსწავლობდი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი სასწავლო კურსი გავიარე, ჩემი ამჟამინდელი სამუშაოდან გამომდინარე, როცა პრაქტიკაზე მიდგა საქმე, აღმოჩნდა, რომ არ ვიცოდი, თუ როგორ უნდა გადამეჭრა კვლევისას წარმოქმნილი ესა თუ ის პრობლემა. უნივერსიტეტში ბაკალავრიატის დონეზე პრაქტიკულად არ იყო შესაძლებლობა, კვლევებში ჩავრთულიყავი. თუ არ ჩავთვლით საბაკალავრო ნაშრომის მომზადების პროცესს, რომელიც ზოგიერთ მიმართულებებზე სავალდებულოც კი არაა და შეგიძლია, უნივერსიტეტი ისე დაამთავრო, რომ საერთოდ კვლევასთან შეხება არ გქონდეს“,- ამბობს გიორგი არობელიძე.

როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტი ნიკა გვაზავა ამბობს, სტუდენტებისთვის პრობლემურია სალექციო საათებისა და სტაჟირების ურთიერთშეთავსება.

„რამდენჯერმე ვცადე სტაჟირების გავლა, მაგრამ უნივერსიტეტში სასწავლო გრაფიკი ისე არის გადანაწილებული, რომ თავის დანებება მომიწია. ვიღაცები ამას ახერხებენ; ხშირ შემთხვევაში რთულია; არჩევანის გაკეთება გიწევს.  ერთ-ერთი სტაჟირება უნივერსიტეტში ვცადე - ადმინისტრაციაში ვაპირებდი სტაჟირების გავლას, მაგრამ თვითონ უნივერსიტეტმაც ვერ შემიწყო ხელი, რომ მუშაობა სწავლასთან შემეთავსებინა. რომ გადავხედოთ ვაკანსიებს, ყველა მათგანი სამუშაო გამოცდილებას მოითხოვს, თუკი ეს გამოცდილება სწავლის პარალელურად ვერ დააგროვე, ცხადია, სწავლის დასრულების შემდეგ გიჭირს, დასაქმდე. ასეთ პირობებში კი ამგვარი სამუშაო გამოცდილების დაგროვება ადვილი არ არის“, - ამბობს ნიკა გვაზავა.

ამბობს, რომ  ამ „დანაკლისს“ სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტში არსებულ კლუბებში გაწევრებით ივსებს. მისი თქმით, ილიას უნივერსიტეტში ყველა აკადემიურ მიმართულებას თავისი სტუდენტური კლუბი აქვს. სფეროში მომუშავე პროფესიონალებთან შეხვედრები, საჯარო ლექციები, დისკუსიები სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თავიანთი პროფესიის შესახებ მეტი გაიგონ, რაც შესაძლოა, სასწავლო კურსის ფარგლებში ვერც კი ესწავლათ.

ის, თუ რამდენად მარტივად დასაქმდება სტუდენტი უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, გარკვეულწილად, დამოკიდებულია იმ აკადემიურ მიმართულებაზე, რომელსაც უნივერსიტეტში სწავლობს. როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი გიგლა ქამაშიძე ამბობს, ეს განსაკუთრებით თვალნათლივ რეგიონში ჩანს. იგი უნივერსიტეტში ინფორმატიკას სწავლობს. მისი თქმით, თანატოლებისგან განსხვავებით, რომლებიც, მაგალითად, იურიდიულ ან ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სწავლობენ, მას პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მიზნით, სტაჟირების გავლა უფრო ადვილად შეუძლია, მის სფეროში კონკურენცია ნაკლებია და დასაქმების მეტი შესაძლებლობაა. მაგალითად კი მოჰყავს ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებსაც ხშირად, პროფესიიდან გამომდინარე, გარკვეული ტიპის სამუშაოების შესრულებაში ეხმარებიან.

ამ მოსაზრებას ადასტურებს კვლევის შედეგებიც, რომლის თანახმადაც, დასაქმების ალბათობა მნიშვნელოვნად განსხვავდება უმაღლესი განათლების მიმართულების მიხედვით. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ წარმოებული კვლევის, - „უმაღლესი განათლების გავლენა სამუშაო ძალის ფორმირებაზე“ შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულების კურსდამთავრებულები, ძირითადად, სამ სექტორში არიან დასაქმებულები. ეს სექტორებია,- განათლების, საბანკო-საფინანსო და სერვისის სფეროები.

უფრო კონკრეტულად კი, განათლების სფეროში დასაქმებულების უმეტესობა მასწავლებლად მუშაობს, საბანკო სფეროში დასაქმებულების უმრავლესობა მოლარე-ოპერატორია, ხოლო სერვისის სფეროში დასაქმებულები, მეტწილად, ხელოსნები, მძღოლები, კონსულტანტები, მიმტანები და ა.შ არიან.

რეგიონებიდან უკეთესი განათლებისა და სამუშაოს ძებნის მოტივით მიგრაციაზე საუბრობს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტიკისა და მთარგმნელობითი საქმის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ლანა გაუარაშვილი. ჰყვება, რომ თანაკლასელებისა და თანაკურსელების დიდმა ნაწილმა რეგიონი სწორედ ამ მოტივით დატოვა და საცხოვრებლად დედაქალაქში გადმოვიდნენ, შედარებით მცირე ნაწილი კი საზღვარგარეთ წავიდა. მისი თქმით, მას გაუმართლა და ჯერ კიდევ ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლისას ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციაში მოხალისედ დაიწყო მუშაობა, დღეს კი „ახალგაზრდული ხედვა კახეთის“ თანამშრომელია.  ორგანიზაციამ რამდენიმე თემსა და თელავში ახალგაზრდების საჭიროებები გამოიკვლია. მისი თქმით, კვლევის შედეგებმა უფრო მასშტაბურად აჩვენა, რომ ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის დასაქმება ყველაზე პრობლემური საკითხია. მათთვის დამაკმაყოფილებელი არ არის განათლების ხარისხიც, უჩივიან, როგორც გართობის, ასევე არაფორმალური განათლების მწირ შესაძლებლობას.

განათლებისა და დასაქმების ურთიერთკავშირი, კურსდამთავრებულთა შრომის ბაზრისთვის მომზადება უფრო მასშტაბურად ფრიდრიხ ემბერტის ფონდის ინიციატივით გამოიკვლიეს.  „თაობა გარდამავალ პერიოდში - ახალგაზრდობის კვლევა“ 2016 წელს ჩატარდა. თვისებრივი კვლევის მონაწილე ახალგაზრდების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქართული უმაღლესი სასწავლებლები, მეტწილად,  თავიანთი კურსდამთავრებულების შრომის ბაზრისთვის მზადყოფნას ვერ უზრუნველყოფენ. 

კურსდამთავრებულების მომზადების დონეს კი, კვლევაში მონაწილე ახალგაზრდების შეფასებით, განაპირობებს როგორც სწავლების პროცესში ჩართული კადრების პროფესიონალიზმი, ასევე უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პოლიტიკა.  უფრო კონკრეტულად კი, ახალგაზრდების მოსაზრებით, ლექტორების ნაწილი არასათანადო კვალიფიკაციისაა, რაც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია იმით, რომ თავად ლექტორებს პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. გარდა ამისა, თვისებრივი კვლევის მონაწილე თითქმის ყველა რესპონდენტი უნივერსიტეტის პროგრამის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს, ვინაიდან, მათივე განმარტებით, უნივერსიტეტებს პროგრამაში არ აქვთ გაწერილი პრაქტიკული მოდული და, შესაბამისად, ვერც უზრუნველყოფენ სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის მიცემას.

კვლევის ანგარიშის თანახმად, ახალგაზრდების მოსაზრებით, ერთეულ კერძო სასწავლებლებში  განსხვავებული მდგომარეობაა, როგორც ლექტორების კვალიფიკაციის დონის, სტუდენტების აკადემიური მოსწრებისა და პრაქტიკის უზრუნველყოფის კუთხით, თუმცა აღნიშნული სასწავლებლები, კურსდამთავრებულთა მცირე რაოდენობის გამო, საერთო სურათზე გავლენას ვერ ახდენს.

როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, ახალგაზრდების უმრავლესობა ფიქრობს, რომ დასაქმების მხრივ ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა. რაც შეეხება ზოგადად ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებელს, ახალგაზრდების თითქმის ერთი მეოთხედი დასაქმებულია. დასაქმებული ახალგაზრდების 31% თავისი პროფესიით მუშაობს ნაწილობრივ ან სრულად, ხოლო 35% არ არის თავისი პროფესიით დასაქმებული.

რა ფინანსური სარგებელი აქვს განათლებას ქვეყანაში და რამდენად შესაბამისია განათლება დასაქმების  ბაზართან,- სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა 2016 წელს ქვეყნის მასშტაბით კვლევა ჩაატარა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სკოლის განათლებასთან შედარებით, ბაკალავრის ხარისხი დასაქმების შესაძლებლობას თითქმის 3-ჯერ ზრდის, მაგისტრის ხარისხი კი - 5-ჯერ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფორმალური განათლების დონე არ განსაზღვრავს, მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე სფეროში დასაქმდება ადამიანი თუ ისეთ სამუშაო ადგილზე, რომელსაც უფრო დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს. კვლევის შედეგად გამოვლინდა ისიც, რომ უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტების დაბეგრილი ყოველთვიური ანაზღაურება, საშუალოდ, 623 ლარს შეადგენს. მხოლოდ სკოლის განათლების შემთხვევაში ეს თანხა 497 ლარია, პროფესიული განათლების შემთხვევაში კი - 375 ლარი.

კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები მეტწილად დასაქმებულები არიან განათლების სისტემაში, საოფისე/ადმინისტრაციული და საბანკო/სადაზღვევო სფეროებში. მხოლოდ სასკოლო განათლების მქონეთა უმრავლესობა კი დასაქმებულია თავდაცვაში, უსაფრთხოებაში, წარმოებისა და მშენებლობის მიმართულებით. პროფესიული განათლებით კი მეტწილად საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, ასევე ინდივიდუალურ მომსახურებაში საქმდებიან.

როგორც კვლევის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში განათლებასა და დასაქმების სისტემებს შორის შესაბამისობა პრობლემურია,- „ამ ორ სისტემას შორის სუსტი ინსტიტუციური კავშირი და შეთანხმებული პოლიტიკის არქონა არის ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც ეროვნულ შრომის ბაზარზე არ იქმნება ინოვაციური სამუშაო მიმართულებები. შესაბამისი ადამიანური კაპიტალის დეფიციტის გამო, აშკარაა დაბალანაზღაურებადი შრომის ბაზარი, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს განათლების გაუფასურებას, სადაც სამუშაო ძალის განაწილება, უფრო შემთხვევითი ხასიათისაა, ვიდრე პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი.“

კვლევის ავტორთა შეფასებით, პრობლემურია ის ფაქტიც, რომ საქართველოში განათლების, ინოვაციებისა და დასაქმების პოლიტიკა დღემდე ერთმანეთისგან განცალკევებულად ხორციელდება. სწორედ ამიტომ, მათი რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია ქვეყანამ განათლებისა და ინოვაციების ინტეგრირებული სახელმწიფო პოლიტიკა აწარმოოს. განათლების გაუფასურების თავიდან ასარიდებლად კი უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სწავლების ხარისხისა და სწავლის შედეგების მონიტორინგი უნდა აწარმოონ, გარდა ამისა, თვალი ადევნონ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე არსებულ უახლეს ტენდენციებსა და მოთხოვნებს; უზრუნველყონ ტრანსფერული უნარების სწავლების სასწავლო კურიკულუმებში ინტეგრირება.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 დეკემბერი
18 დეკემბერი

გამქრალი ბავშვები მედიაში

მარიამ ბაიდოშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის საშუალო სკოლის მეათე კლასში სწავლობს. ის მედიას თვალს ძირითადად ინტერნეტ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

„მკვდარი“ ადგილები თბილისში

თბილისში სულ უფრო იზრდება სავაჭრო ცენტრების, საცხოვრებელი კორპუსებისა და სასტუმროების რაოდენობა. ამისთვის სამშენებლო კომ ...
14 დეკემბერი
14 დეკემბერი

ცეკვა ცერებითა და ახალი „ორნამენტებით"

სუხიშვილების განახლებული პროგრამა - კიდევ ერთი ხნული გაკვალულ ყამირზე ყოველთვის, როდესაც სუხიშვილების კონცერტს ვუყურებთ ...

მეტი

^