Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთის შემადგენლობაში შესვლა - სამხრეთ ოსეთის მორიგი იმედი

17 ივლისი 2013

ვალერი ძუცევის თვალსაზრისი

 2 ივლისს ცხინვალში  ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის, ,,ედინაია ოსეტიას“  ყრილობა გაიმართა.  ყრილობაზე ძირითად პოლიტიკურ თეზისად  სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან, შესაბამისად, ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთების ხმამაღალი განცხადება გაისმა, რაც ოსი ხალხის პოლიტიკური  გაყოფის ფორმალურ პრობლემას მოხსნიდა. პატრიოტული მიზნების გარდა, ასეთი გადაწყვეტილება, ,,ერთიანი ოსეთის“ ლიდერების ჩანაფიქრით, სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს გადაჭრის.  ცხინვალში შექმნილი კრიზისის გამო დაწყებული 2008 წლის რუსულ-ქართული კონფლიქტიდან 5 წლის თავზე, სამხრეთ ოსეთის, კონკრეტულად კი მისი ეკონომიკის აღდგენის საკითხი დღემდე ძალზე აქტუალური თემაა რესპუბლიკაში.

,,ედინაია ოსეტიას“ ლიდერი, სამხრეთ ოსეთის საგანგებო ვითარებათა მინისტრი, ანატოლი ბიბილოვია. ბიბილოვი რესპუბლიკის 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახდა ცნობილი: იმის მიუხედავად, რომ პრაქტიკულად მოსკოვის ოფიციალური კანდიდატურა იყო, ბიბილოვმა არჩევნები ოპოზიციის ლიდერთან, ალა ჯიოევასთან წააგო.  არჩევნების მოგების მიუხედავად, პრეზიდენტის პოსტამდე ჯიოევა არავინ მიუშვა, იმ არჩევნების შედეგები კი ბათილად გამოცხადდა. 2012 წლის დასაწყისში განმეორებითი არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ლეონიდ თიბილოვმა გაიმარჯვა. თიბილოვმა ბიბილოვის და ჯიოევას ბანაკების პირობითი ,,შერიგება“ მოახერხა, როცა ორივე გუნდის წარმომადგენელს მაღალი თანამდებობები შესთავაზა საკუთარ მთავრობაში. ამგვარად, თიბილოვის მთავრობას შეიძლება ,,კომპრომისული მთავრობაც“ ვუწოდოთ.

ამ დროს კი, როგორც ჩანს, მოსკოვი კვლავ ბიბილოვზე აპირებს ფსონის დადებას და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის  სასურველ კანდიდატად მას განიხილავს: რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე მიხაილ კროტოვი 2 ივლისს ,,ედინაია ოსეტიას“ პარტიულ ყრილობაში მონაწილეობდა. მისი ლიდერის თქმით, ,,ედინაია ოსეტიაში“ დაახლოებით 1300 ადამიანია გაწევრიანებული. ყრილობაში მონაწილეობა მისმა 187 წევრმა მიიღო. ერთი ციდა სამხრეთ ოსეთისათვის ეს შთამბეჭდავი ციფრები იმაზე მეტყველებს, რომ პარტია ,,მესამე პირებისგან ‘’ საკმაოდ სოლიდურ დაფინანსებას იღებს.

შესაძლოა, ხმები სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის შეცვლის, ან სულაც მის წინააღმდეგ მოსკოვის მიერ დაწყებული შეთქმულების შესახებ სწორედ ამ პარტიის, ,,ედინაია ოსეტიას“ გააქტიურებით იყოს გამოწვეული. ინტერნეტში გავრცელდა ცნობა, თითქოს მოსკოვმა, მიმდინარე  ან სასწრაფო ხარჯების ჩაუთვლელად, რესპუბლიკას დაფინანსება შეიწყვიტა, ,,ედინაია ოსეტიას“ კი პირიქით, გაუზარდა.  პროგნოზი ისეთი იყო,  მოსახლეობის უკმაყოფილებასა და მოსკოვის მიერ კარგად მომზადებულ ოპოზიციას ერთად ხელისუფლების მეტ-ნაკლებად უმტკივნეულო, თუმცა, არცთუ ბოლომდე ლეგიტიმური ცვლა შეეძლო გამოეწვია. საინფორმაციო სააგენტოს ,,ვესტნიკ კავკაზა“ მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვლასოვმა საკუთარ ვებსაიტზე ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ლეონიდ თიბილოვს რუსი პოლიტიკოსების სრული მხარდაჭერა აქვს.

ავტონომიური ეკონომიკური ბაზის პრაქტიკულად სრული უქონლობა და მოსკოვიდან შემოსული ფულადი ნაკადები სამხრეთ ოსეთს გადატრიალებების მიმართ ძალზე დაუცველ ტერიტორიად აქცევს. რაკი ყველა რესურსი რესპუბლიკაში ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფის ხელშია, რომელთაც ბიუჯეტთან უშუალო წვდომა აქვს, ინტერესთა სხვა ჯგუფებსაც უჩნდებათ ცდუნება, ხელში ჩაიგდონ ისინი, რათა შემდეგ უკონტროლოდ განკარგონ. გასაგებია, რომ ამგვარი ,,ხელში ჩაგდება“ პატარა სამხრეთ ოსეთში მოსკოვის მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი ზეგავლენის გარეშე შეუძლებელია. მეორე მხრივ, სამხრეთოსური გავლენიანი ჯგუფები, ბუნებრივია, დაუსრულებლად ცდილობენ, ერთმანეთი მოსკოვის წინაშე ცუდად წარმოაჩინონ და რუსეთის მხარდაჭერა თავად მოიპოვონ. მოსკოვი, თავის მხრივ, ვერ დაუშვებს, რომ სამხრეთ ოსეთში ეს გადატრიალებები მეტისმეტად ხშირად მოხდეს, თორემ რესპუბლიკაში სიტუაცია საბოლოოდ მართლაც ,,ვოდევილურად“ იქცევა.

ამიტომ გასაგებია, რომ ამ პირობებში ლოზუნგი რუსეთის ფედერაციაში ოფიციალურად შესვლის შესახებ სამხრეთ ოსეთში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ ნაბიჯს რესპუბლიკაში როგორც პოლიტიკური, ისე  მთელი რიგი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის ხერხად აღიქვამენ.

რუსეთი უთუოდ ისარგებლებდა შექმნილი ვითარებით და სამხრეთ ოსეთს უყოყმანოდ მიიერთებდა, მაგრამ დღევანდელ პოლიტიკურ რეალიებში ეს მის ინტერესებს ვერ თანხვდება. არასასურველი საერთაშორისო რეაქციის გარდა,  - მსგავსი ნაბიჯი სხვა ქვეყნის ტერიტორიის დაუფარავ ანექსიად იქნებოდა აღქმული - რუსეთი საბოლოოდ დაკარგავდა იმ შესაძლებლობას, რომელსაც ახლა სამხრეთ ოსეთის ,,გამოყენებით“ ქართველი პოლიტიკოსებისათვის სატყუარად იყენებს.

და მაინც, იმის მიუხედავად, რომ ანექსიის სცენარის განხორციელება ნაკლებად შესაძლებელია, მოსკოვს სამხრეთ ოსეთში პოლიტიკურ ძალთა შორის პრორუსული დუღილის პროცესების შენარჩუნება ხელს აძლევს. განსაკუთრებით ეს იმ ძალებს ეხება, რომლებიც ხელისუფლებაში არ იმყოფებიან. მათი მანიპულირების მეშვეობით მოსკოვს შეუძლია, ცხინვალის ახლანდელ ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოს.  ესეც რომ არა, ცხინვალსა და მოსკოვს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ვასალური ურთიერთდამოკიდებულების პერიოდში სამხრეთ ოსეთში მშვენივრად ისწავლეს, რომ რუსეთისათვის რიტუალური ხოტბის შესხმა მოსკოვთან ასე ვთქვათ, შედეგიანი ურთიერთობის აუცილებელი პირობაა. ამგვარად, თუ რომელიმე პარტია მოსკოვის ფავორიტობას მოისურვებს, მაშინვე შესაბამისი განცხადებების კეთება მოეთხოვება.

სამხრეთ ოსეთისთვის ეს ჩიხის სიტუაციაა, რადგან რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ საეჭვოა, ამ საუბრებმა რეალური, პრაქტიკული შედეგი გამოიღოს. როგორც ჩანს, სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის პოზიტიური პროგრამა დღეს ამ ჩიხური თეზისით ამოიწურება. თუმცა, იმაზე შორსმჭვრეტელური გეგმები, ვიდრე მოსკოვიდან შემოსული ფინანსური ნაკადების ,,დაბინავებაა“,  დღეს არც მოქმედ ხელისუფლებას გააჩნია.

სტატია მომზადებულია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, "ლიბერალისა“ და ხსენებული ფონდის ერთობლივი პროექტის, "სამხრეთ კავკასიის ხმების“ ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, მასში გამოყენებული ტერმინოლოგია, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ჟურნალის რედაქციისა და ბიოლის ფონდის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^