Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაციენტის ტატუმ ეთიკური დილემა წარმოშვა

08 დეკემბერი 2017

დილის შემოვლის დასრულების შემდეგ ექიმ გრეგორი ჰოლტს გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში ახალი პაციენტის სანახავად დაუძახეს. ის კოლეგებთან ერთად ქვევით ჩავიდა და განცვიფრებული დარჩა. მან  შენიშნა, რომ სუნთქვის პრობლემების, სეპტიური შოკის ნიშნების და სისხლში ალკოჰოლის მაღალი შემცველობის მქონე 70 წლის პაციენტს გულმკერდზე  ამოსვირინგებული ჰქონდა - „არ ჩამიტაროთ რეანიმაცია“, ბოლო სიტყვის ქვემოთ კი მისი ხელმოწერა იყო.

„ჩვენ ყოველთვის ვხუმრობდით ამ თემაზე, მაგრამ ამ კაცმა ეს მართლა გააკეთა. თავდაპირველად, როცა ამას ხედავ, ოდნავ გეღიმება, შემდეგ კი გახსენდება: არა, ამასთან გამკლავება მართლაც მომიწევს“, - განაცხადა ჰოლტმა.

ფლორიდაში პაციენტს რეანიმაციაზე უარის თქმა მხოლოდ ოფიციალური ანკეტის შევსებისა და ყვითელ ქაღალდზე ამობეჭდვის შემდეგ შეუძლია. თუმცა ამ პაციენტმა აშკარად უჩვეულოდ და მკვეთრად გამოხატა სურვილი. გუნდის წევრებმა ბევრი იკამათეს, თუ რა უნდა გაეკეთებინათ. „ჩვენი აზრები განსხვავდებოდა, მაგრამ გაურკვევლობის განცდაში ყველა ერთსულოვანი ვიყავით“, - დასძინა ჰოლტმა.

ექიმებმა, სანამ ვინმესგან სასარგებლო რჩევას მიიღებდნენ, ტატუს უგულებელყოფა გადაწყვიტეს. მათ პაციენტს ძირითადი მკურნალობა - ანტიბიოტიკები, ინტრავენური გადასხმა, ჟანგბადის ნიღაბი და ადრენალინი - ჩაუტარეს. მაგრამ თავი აარიდეს სასუნთქ აპარატზე მის შეერთებას. „სასტიკი იქნებოდა ტრაქეოსტომის მილით იმ ადამიანის დანახვა, რომელსაც ასეთი რამ აქვს ამოსვირინგებული“. ამ ყველაფერმა ექიმებს საკმარისი დრო მოაგებინა, რათა დაკავშირებოდნენ კენ გუდმანს, მაიამის უნივერსიტეტის ეთიკის კათედრის ხელმძღვანელს. „ჩემი პოზიცია იყო, რომ ადამიანი არ გაიკეთებს ასეთ ტატუს, თუ დარწმუნებული არ არის საკუთარ სურვილში. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეს აშკარად მეტყველებს იმაზე, თუ რას ითხოვს პაციენტი“.

ცოტა ხანში სოციალურმა მუშაკებმა მამაკაცის თითის ანაბეჭდები მისი პიროვნების ამოცნობისთვის გამოიყენეს. როგორც აღმოჩნდა, იგი ახლომდებარე საექთნო დაწესებულების პაციენტი იყო. ყველას დიდი შვება მოუტანა იმის დადგენამ, რომ მას ყვითელ ფურცელზე ამობეჭდილი ოფიციალური დოკუმენტიც ჰქონდა - „არ ჩამიტაროთ რეანიმაცია“. მამაკაცის მდგომარეობა მალე გაუარესდა, იგი იმ ღამეს გარდაიცვალა.

გუნდმა სწორი რამ გააკეთა, ფიქრობს ჰასტინგის ცენტრის ეთიკის სპეციალისტი ნენსი ბერლინჯერი. მათ უზრუნველყვეს ძირითადი მკურნალობა დროის მოსაგებად, დაუკავშირდნენ ეთიკის კონსულტანტს და საქმეში სოციალური მუშაკებიც ჩართეს. „მაშინაც კი,  თუ ოფიციალურ ფორმას ვერ იპოვიდნენ, ვფიქრობ,  სწორი იქნებოდა პაციენტის სურვილის პატივისცემა. ფურცლები ხშირად  იკარგება, ზოგიერთი ადამიანი არ ენდობა ფურცელს. ამიტომაც უფრო სანდო გზით, სვირინგის საშუალებით გამოხატავს თავის სურვილს“, - დასძინა მან.

„უფრო მნიშვნელოვანია წამოჭრილი დისკუსია და არა სიტყვები ანკეტაზე ან ტატუზე“, - ამბობს ჯოან ტენო, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარი, რომელიც სიკვდილის წინა სურვილებს იკვლევს. ასეთი დისკუსიები, როგორც წესი, არც წამოიჭრება. „ის ფაქტი, რომ ვიღაცას ტატუს გაკეთება დასჭირდა, რათა მისი სურვილი გაეთვალისწინებინათ, ჩვენი სამედიცინო სისტემის ნაკლზე მეტყველებს. ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელშიც პაციენტი დარწმუნებულია, რომ მის სურვილებს პატივისცემით მოეპყრობიან. ეს ამ შემთხვევის მთავარი სათქმელია“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^