Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მშობლები, შვილები და განათლება

10 დეკემბერი 2017

უსაფრთხოება სკოლაში, მასწავლებლები და მათი დამოკიდებულებები, განათლების ხარისხი, მშობლების მონაწილეობა შვილების განათლებაში, მოლოდინები და რეალობა - „ლიბერალი“ ამ საკითხებზე ამჯერად  მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ესაუბრა.

მარიამი

მარიამ ჩიგილაშვილი მე-12 კლასელია. 169-ე საჯარო სკოლაში ექვსი წლის წინ გადმოვიდა. მანამდე კერძო სკოლაში სწავლობდა. განსხვავებულ და ახალ გარემოსთან შეგუება მისთვის არც ისე მარტივი იყო, თუმცა მოგვიანებით ბავშვების უკეთ გაცნობა და მასწავლებლებთან დამეგობრებაც შეძლო.

მარიამი ამბობს, რომ დამრიგებელთან და დირექტორთან კარგი ურთიერთობა აქვს, რადგან  ისინი ყოველთვის უსმენენ ბავშვებს. განსაკუთრებით მოსწონს, რომ დამრიგებელთან სხვადასხვა თემის განხილვა და გაზიარება შეუძლია. იხსენებს, რომ ბოლოს 51-ე სკოლაში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრეს, რადგან ამ შემთხვევაზე ყველას სურდა ერთმანეთის აზრის გაგება.

„მომხდარი დამრიგებლებთან ერთად განვიხილეთ.  ყველამ თავისი აზრი გამოთქვა. უსაფრთხოების მხრივ ჩვენს სკოლაში რისკები არ არის. ყოველ შემთხვევაში, მე გოგო ვარ და არ მახსენდება, ან ავრიდებივარ. ძალიან რთულია იმის შეფასება, რაც მოხდა. ამ ამბავმა იმდენად შეგვძრა, ყველას გვინდოდა მის მიზეზებმა საუბარი.  საბოლოოდ რაზეც უმეტესობა შევთანხმდით, იყო ის, რომ სახელმწიფო უნდა იყოს უფრო მკაცრი. გარდა ამისა, დიდი წვლილი მიუძღვის გარემოს, სადაც იზრდები.

უშუალოდ ჩემი აზრია, რომ საზოგადოება გულგრილია და ცივი ერთმანეთის პრობლემების მიმართ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს გულგრილობამ გამოიწვია. არ მესმის, როგორ შეიძლება თანატოლებმა  ასე გაწირონ ერთმანეთი. ეს ალბათ გაუცხოების ბრალია.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გარემოში მოხვდები, როგორი ადამიანები გეყოლება ირგვლივ, რამდენად დაცული იქნები და იქნება თუ არა შენს აღზრდაში ჩართული ყველა  - მშობლები, მასწავლებელები, დირექტორი. 

მახსოვს წლების წინ  უფრო ძლიერი იყო მანდატურის ინსტიტუტი. როგორც რიგითი მოსწავლე თავს მეტად დაცულად ვგრძნობდი. ვერ ვიტყვი, რომ ახლა ჩემის სკოლის მანდატურებით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ საერთო ფონია თითქოს ასეთი“.

მარიამი რამდენიმე საგანში ემზადება. ვერც კი წარმოუდგენია, რომ ვინმე კერძო სკოლის მოსწავლე იქნება თუ საჯაროსი, დამატებით მასწავლებლებთან არ დადიოდეს.  მით უმეტეს, თუ აბიტურიენტია. ამბობს, რომ მთავარი პრობლემა გადატვირთული კლასებია.

„ფიზიკურად შეუძლებელია, ნებისმიერმა მასწავლებელმა, როგორი კარგი და კვალიფიციურიც არ უნდა იყოს, 30-35 ბავშვი ორმოც წუთში საკმარისად მოამზადოს კონკრეტულ საგანში. მაშინ უნდა იყოს გაყოფილი ტექნიკური და ჰუმანიტარული საგნები და ბავშვები ნაწილდებოდნენ იმის მიხედვით, ვის რომელი უფრო აინტერესებს და სჭირდება. სხვა  შემთხვევაში დროს ვკარგავთ“.

მარიამი იზიარებს იმ აზრს, რომ თანამედროვე ბავშვებს არ რჩებათ თავისუფალი დრო არც ურთიერთობებისთვის, არც მშობლებისთვის, არც ინტერესების შესაბამისი საქმიანობებისთვის. ამბობს, რომ მას და მის მეგობრებს ნახევარი საათიც კი არ აქვთ თავისუფალი, რადგან აბიტურიენტები არიან, სკოლის მერე მასწავლებლებთან დადიან, საღამოს კი მთელი დრო სკოლისა და დამატებითი დავალებების შესრულებას მიაქვს. მიაჩნია, რომ არსებული საგანმანათლებლო სისტემა არ იძლევა საშუალებას, მოსწავლეებმა დრო  უფრო ეფექტიანად გამოიყენონ.

რაც შეეხება ურთიერთობებს, მარიამის აზრით, მისი თანამოაზრეები ძირითადად მისი თანატოლები არიან.

„არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ ჩემი დაკვირვებაა, რომ უფროსებთან ურთიერთობა მარტივი არ არის.  მესმის, რომ თაობები გავნსხვავდებით, ჩვენ-ჩვენი შეხედულებები გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ  ვიპოვე ისეთი საკითხი, რომელზეც მე, დედაჩემი, ბებიაჩემი ერთნაირად ვფიქრობდეთ. ასეთი საკითხი, მგონი, არც არსებობს.  

მივხვდი, რომ მიუხედავად ამ განსხვავებებისა, ადამიანს უნდა მოუსმინო და მოუძებნო გასაღები, რომელიც მასთან ურთიერთობაში დაგეხმარება, მაგრამ ეს ორმხრივი უნდა იყოს. ხშირად ჩვენს თაობას უფრო აქვს იმის მცდელობა, გაუგოს სხვას, ვიდრე  ბებიების თაობას. არ ვიცი, რამდენად სწორი დამოკიდებულებაა, მაგრამ ვთვლი, რომ აზრი არ აქვს მათთან რამის მტკიცებას. უფროსებთან ურთიერთობის მთელი სირთულე საერთო ენის გამონახვაა.

შემიძლია ვთქვა, რომ მშობლებთან ამ მხრივ არ მაქვს პრობლემა და ძალიან მიხარია. მაგრამ ბევრ ჩემს თანატოლს უთქვამს ჩემთვის ასეთი ფრაზა - „მე ამას დედაჩემს ვერ ვეტყვი“.  ალბათ მშობლებისგან  მძიმე რეაქციას ელოდება და ამის თავიდან არიდების გამო. მე ჩემს მშობლებთან უბარიერო ურთიერთობა მაქვს და ამით ბედნიერი ვარ“.

მარიამის დედა

მარიამის დედა - ნინო ჭუნიაშვილი - პედაგოგია.  კერძო მოსწავლეები ჰყავს და უნივერსიტეტშიც ასწავლის. იხსენებს, რომ მარიამი კერძო სკოლიდან  საჯარო სკოლაში ფინანსური მდგომარეობის გამო გადაიყვანეს. თუმცა, ფიქრობს, რომ სწორი არჩევანი იყო, რადგან საჯარო სკოლამ მისი შვილი უფრო მეტად დამოუკიდებელი და ბრძოლისუნარიანი გახადა.

ნინო მიიჩნევს, რომ დღეს ბავშვის კარგი განათლება უფრო მეტად მშობელზე და რეპეტიტორზეა დამოკიდებული, ნაკლებად - თავად სკოლაზე.

„საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობით, პირადი პრაქტიკით შემიძლია გითხრათ, რომ წარმოუდგენელია, ბავშვი დამოუკიდებლად, სკოლაში მიღებული განათლებით წარმატებული გახდეს. სულ რამდენიმე საგანია, რომელშიც მარიამი არ მომიმზადებია. თუ  დამატებით არ მოემზადა, ვერ ჩააბარებს“.

კითხვაზე, მისთვის როგორც მშობლისთვის როგორი უნდა იყოს კარგი სკოლა, გვპასუხობს - „პირველ რიგში, დაცული“.

„დღევანდელი პრობლემებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კარგი სკოლა ფიზიკურად უნდა იყოს დაცული;  მეორე რიგში, იყოს სისუფთავე და  მოწესრიგებული გარემო. არ ვითხოვთ, ევრორემონტს მაგრამ ჰიგიენა და ამაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სველი წერტილების მდგომარეობა, რაც პრობლემაა ზოგადად სკოლებში. მესამე, რასაკვირველია, დამოკიდებულება და მიდგომები პედაგოგების მხრიდან უნდა იყოს მაღალი და პირიქით. ამაში ბევრი რამე იგულისხმება - ბავშვების და მათი აზრის პატივისცება, საკითხის სწორად მიწოდება და ა.შ.“.

ნინო ვერ იხსენებს შემთხვევას, როდესაც მარიამი სკოლიდან გაღიზიანებული ან გაბრაზებული დაბრუნებულიყოს. ამბობს, რომ გარდატეხის ასაკში, ისევე როგორც ყველა ბავშვი, ისიც ნაკლებად უზიარებდა მშობლებს თავს გადამხდარ ამბებს. მაგრამ, როგორც ამბობს, ახლა ეს პრობლემა აღარ აქვთ:

„ძირითადად თვითონ აგვარებს ხოლმე თავის პრობლემებს სკოლაში და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ“.

რაც შეეხება მამის როლს შვილების განათლებაში, ნინო ამბობს, რომ მამას ეს საკითხი მისთვის და მარიამისთვის სრულად აქვს მინდობილი.

„მამა, რა თქმა უნდა, ინტერესდება მარიამის წარმატებებით და ძალიან უხარია. გადმოცემით იცის, ვინ არიან მისი მასწავლებლები, ერთი-ორჯერ სკოლაშიც არის ნამყოფი. მშობელთა კრებაზე მე დავდივარ. რას ვიზამთ, ქართული რეალობა ასეთია“.

ნინო ხაზს უსვამს, რომ ერთადერთი პრობლემა, რაც მთელ ოჯახს აწუხებს, დროის სიმცირეა. ორივე მშობელი დაკავებულია და გვიან ბრუნდება სახლში. მთელი დღის განმავლობაში კი მარიამი თავის საქმეებთან ერთად პატარა ძმასაც უვლის და ამეცადინებს.

მარიამის მასწავლებელი

თეონა სინჯარაძე მარიამის დამრიგებელია და მას მერვე კლასიდან ისტორიას ასწავლის. თეონა  ახალგაზრდა მასწავლებელია. ამბობს, რომ  მიუხედავად არც ისე დიდი გამოცდილებისა, ბავშვებთან ურთიერთობას თავი კარგად გაართვა და სირთულეები უკან ჩამოიტოვეს. მიიჩნევს, რომ მასწავლებლისა და მოსწავლისთვის მშობელი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერია და საგანმანათლებლო პროცესში მათ ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„სკოლა ბავშვისთვის მეორე სახლია, ნახევარ დღეს აქ ატარებენ. რთულია მათთან ურთიერთობისას ოქროს შუალედის პოვნა. ახლა უკვე მეთორმეტე  კლასში არიან, ასაკობრივად ჩვენს შორის ძალიან დიდი განსხვავება არ არის. ვცდილობ, ეს ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენო. ხანდახან თავის გატოლებაც შეიძლება, მათ როლში საკუთარი თავის ჩაყენება. ასეთი მიდგომა მეხმარება. ჩვენს ურთიერთობაში ყოველთვისაა შეთავაზების მომენტი და არასდროს - დაძალების. რასაკვირველია, საზღვრებსაც ვაწესებთ.

აქტიურად ვატარებდით სადამრიგებლო საათებს, რადგან ბევრი ისეთი თემაა, რის შესახებაც მხოლოდ ისტორიის გაკვეთილზე საუბრით ვერ შემოიფარგლები.  

იმაზე ვსაუბრობთ, რაც იმ პერიოდში აქტუალურია. ხომ არის ხოლმე ტალღა რომ წამოვა და პრობლემები იჩენს თავს, იქნება ეს ბულინგის თემა, ზოგადად, ურთიერთობებთან დაკაშირებული საკითხები თუ ქვეყანაში მიმდინარე ამბები. სადამრიგებლო საათებზე ამ საკითხებზე ყოველთვის ვსაუბრობთ. თვითონ სურთ, რომ ამაზე ვისმჯელოთ და აზრები გავცვალოთ.

მშობელთა კრება  მოძველებული ფორმაა. ყველა მოსწავლის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, არ შეიძლება სხვისი თანდასწრებით ვინმეზე საუბარი. ამიტომ უშუალოდ მშობლებთან შეხვედრებისთვის პარასკევი დღეა, როცა  მასწავლებელს შეუძლია ინდივიდუალურად გაესაუბროს ყველა მშობელს. მშობლებთან სულ გვაქვს ურთიერთობა. ვცდილობთ ხოლმე ბავშვების სასიკეთოდ ერთად მოვაგვაროთ პრობლემა, თუკი ასეთი რამ არსებობს“.

თეონა მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო პროცესში ყველა რგოლი - მოსწავლე, მშობლები, დირექტორი, მანდატური, პედაგოგი ურთიერთშეთანხმებით უნდა თანამშრომლობდეს, ერთმანეთის აზრის გათვალისწინებითა და პატივისცემით. ფიქრობს, რომ მშობლების ჩართულობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს.

„შეუძლებელია ოცდაათ ბავშვს შორის იდეალური ურთიერთობა იყოს. ყოფილა პრობლემებიც. მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარი, საუბრით ერთად მივსულვართ კონსესუსამდე და ამ ყველაფერს გამწვავება არ მოჰყოლია“.

.......

ნიკოლოზი მეშვიდე კლასშია, თბილისის ცენტრში ერთ-ერთ ცნობილ საჯარო სკოლაში სწავლობს. საგნებიდან ყველაზე მეტად ბუნება,  გეოგრაფია  და ქართული მოსწონს.

ბუნებისა  და გეოგრაფიის მასწავლებლები ახალგაზრდები არიან. აი, მაგალითად, ბუნების მასწავლებელს რაც არ უნდა ჰკითხო, გიპასუხებს; გეოგრაფიის მასწავლებელი მუდმივად საინტერესო დავალებებს გვაძლევს, მაგალითად გამოკითხვის ჩატარება ეკოლოგიაზე. ქართული კიდევ  რამდენჯერაც უნდა დაგჭირდეს იმდენჯერ აგიხსნის, არ დაეზარება.

როცა სკოლაში მივდივარ, მიხარია, რომ მეგობრებს ვნახავ, რამე ახალს გავიგებ, ხანდახან  ერთი სული მაქვს უკან წამოვიდე ხოლმე. ალბათ უფრო მეტად მაინც რამე ახლის გაგების გამო მიხარია სკოლაში სიარული“, - ამბობს ნიკოლოზი.

ნიკოლოზი კარგი მოსწავლეა. ამბობს, რომ არაკონფლიქტურია, თუმცა, ამის გამო უფრო მეტი პრობლემები შექმნია სკოლაში. ცდილობს, პრობლემები სიტყვიერად მოაგვაროს.  იხსენებს, რომ ერთხელ,  როდესაც თანატოლთან უთანხმოების გამო მანდატურს მიმართა, ამის გამო კლასში თანატოლების მხრიდან  ფსიქოლოგიური „ბულინგის“ მსხვერპლი გახდა. კლასელები მის ამ გადაწყვეტილებას არ იწონებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თანატოლი მანდატურთან არ უნდა „ჩაეშვა“. როცა სიტუაცია ამითაც არ მოგვარდა, დირექტორთან მივიდა, მაგრამ ამჯერად დამრიგებელი გაუბრაზდა.

„აი, როდესაც წავედი და დირექტორს ვუთხარი, მასწავლებელმა გაიგო და  ისეთი რეაქცია მოჰყვა... ძალიან გაბრაზდა ჩემ გარეშე დირექტორთან რატო მიხვედი, აქ მე ვარ და მე უნდა მოგხედო,  ეს ამბავი დირექტორის ყურამდე არ უნდა მისულიყო, იმ ბავშვს პრობლემები შეექმნებაო. საერთოდაც დამრიგებლის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად მაქვს ხოლმე“.

ნიკოლოზის დედა, ნათია, აქტიური მშობელია. არ მუშაობს და მთელს დროს შვილების აღზრდასა და განათლებას უთმობს. მამას დრო არ აქვს და გადაწყვეტილებებს შვილების განათლების შესახებ ნათია იღებს.

ნათია იმ შემთხვევას იხსენებს, რომელზეც ნიკოლოზი გვესაუბრა. ამბობს, რომ რამდენიმეწლიანი გამოცდილების მიუხედავად, მანდატურები სკოლებში ჯერ კიდევ უცხო სხეულებად აღიქმებიან.  მოსწავლეებს არ აქვთ სწორი ინფორმაცია მათ შესახებ და მანდატურის ინსტიტუტი სადამსჯელო ორგანოდაა მიჩნეული და არა უსაფრთხო სასწავლო პროცესის დამხმარე რგოლად. იხსენებს, რომ ნიკოლოზს მართლაც ჰქონდა უსიამოვნება კლასში იმის გამო, რომ დახმარებისთვის მანდატურს მიმართა.

„ყველა ძალიან გაოცებული დარჩა,  ბავშვებიც და მასწავლებლებიც, რომ ნიკოლოზმა  პრობლემის მოგვარების ცივილიზებული გზა აირჩია და ჯერ მანდატურს მიმართა, მერე - დირექტორს.  ფიზიკური დაპირისპირების გზა რომ არ აირჩია, ამის გამო თითქოს სკოლაში უსაყვედურეს კიდეც.

ძალიან რთული გადასაწყვეტია ასეთ გარემოში  11 წლის ბიჭისთვის, როგორ მოიქცეს, ე.წ. „კაცურად“ , როგორც მისგან ითხოვენ, თუ ისე - როგორც კანონი მოითხოვს.  ჩემი დაკვირვებით ამ თაობაშიც ყველაფერი ისეა, როგორიც 90-იან წლებში იყო. თითქოს ფორმები შეიცვალა, მაგრამ ურთიერთობების შინაარსი იგივე დარჩა“, - ამბობს ნათია.

ის ფიქრობს, რომ დღეს განათლების სისტემა ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ამის მიზეზად პირველ რიგში ამ პროცესში ჩართულ თითოეულ რგოლს შორის  დისკომუნიკაციას ასახელებს. მისი თქმით, პასუხისმგებლობის მხოლოდ მასწავლებელზე, დირექტორზე ან მანდატურზე დაკისრება არასწორია.

„ყველამ ერთად უნდა ითანამშრომლოს, მარტო სკოლა ვერაფერს იზამს, რაც არ უნდა კარგი იყოს. როცა ბავშვი სახლიდან გაღიზიანებული და დაუცლელი მოდის, ძალიან რთულია. 40 წუთში რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, ამ ბავშვს მიხედოს თუ დანარჩენ 27 ბავშვს ასწავლოს“.

ნათიას თქმით, როცა შვილებს სკოლაში უშვებს, სულ შიშები აქვს ნიკოლოზთან დაკავშირებით. ეშინია, არავინ დაჩაგროს. მეორე შვილი უფრო იმპულსურია და ეშინია ვინმეს არ ეჩხუბოს.  ამბობს, რომ როცა მასწავლებელი ურეკავს, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც სერიოზული მოხდა და მისი ჩარევაა საჭირო.

ფიქრობს, რომ საჯარო სკოლების მთელი პრობლემაა ისაა, რომ ვერ ახერხებენ ბავშვების მრავალფეროვანი ინტერესების დაკმაყოფილებას და მათთვის მოტივაციის შექმნას. მრავალრიცხოვანი კლასებია, სადაც ბავშვები ერთმანეთის კარგად გაცნობასაც ვერ ასწრებენ.

„კერძო სკოლებს აქვს სხვადასხვა წრე, კლუბი, რომლებსაც ბავშვები ეწერებიან იმის მიხედვით, ვის რა აინტერესებს და იმას აკეთებენ, რაც მოსწონთ. ამხელა საჯარო სკოლაში, მაგალითად, ნიკოლოზისნაირი ბავშვისთვის, რომელიც  არც ისე კომუნიკაბელურია, რთულია მოძებნოს მეგობარი. მაგალითად, ეკოკლუბი რომ იყოს, იქ გაიცნობდა მისნაირი ინტერესების ბავშვს. სკოლა ბავშვების მრავალფეროვან და განსხვავებულ ინტერესებს ვერ პასუხობს“.

ნიკოლოზი ამბობს, რომ სკოლაში დიდი და მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა აქვთ, მაგრამ მოსწავლეები ბიბლიოთეკით ვერ სარგებლობენ. ნაწილმა არც კი იცის, რომ სკოლას ასეთი ბიბლიოთეკა აქვს.

„მე ჯერ ბავშვი არ მინახავს, რომელიც ბიბლიოთეკას იყენებს. როცა მშობლებს ველოდებით, ბუფეტში ვზივართ და იქ ვმეცადინეობთ, მაშინ, როცა არის ბიბლიოთეკა და შეგვიძლია იქ გაცილებით საინტერესოდ გავატაროთ ეს დრო. დიდი სივრცეა, მაგრამ ბიბლიოთეკარი წუხდება ბავშვების ხმაურით, გვყრის ხოლმე, ამიტომ იქ არავინ შედის“, - ამბობს ნიკოლოზი.

ნათიამ ეს გააპროტესტა, მშობელთა კომიტეტს შეატყობინა, დაეყენებინათ ბიბლიოთეკის გაღებისა და მუშაობის საკითხი, რომ ბავშვებს, რომლებსაც „ფანჯარა“ აქვს ან მშობელს ელოდება, ჰქონდეს საშუალება, ნორმალურ გარემოში იმეცადინოს ან წიგნი წაიკითხოს. აღმოჩნდა, რომ მშობლების უმეტესობამ არც კი იცოდა სკოლას ბიბლიოთეკა თუ ჰქონდა. საბოლოოდ პრობლემა ვერ მოგვარდა, რადგან ნათიას თანამოაზრეები არ ჰყავდა და მარტო ერთმა მშობელმა ვერაფერი შეცვალა.

„ისეთი განცდა მაქვს, რომ ხშირად მშობლები ვერ იაზრებენ მათი შვილების ცხოვრებაში, როგორი მნიშვნელოვანი ეტაპია სკოლა. სწორედ ახლა უნდა ჩაერიო და ყველაფერი გააკეთო, რადგან ამაზეა დამოკიდებული მთელი მომავალი ცხოვრება.

ბევრს ვფიქრობ და ვსაუბრობ მეგობრებთან შვილების აღზრდაზე. ეს საკითხი ძალიან მაღელვებს. როგორი გამოცდილებაც ჩვენს გვაქვს, ანუ როგორც გაგვზარდეს მშობლებმა,  ეს პრაქტიკა სრულიად არარელევანტურია ჩვენი შვილების შემთხვევაში. თითქოს ესენი ლეგოები არიან და ჩვენ საბჭოთა სათამაშოები. სრულიად სხვადასხვა ამბავია. ამიტომ ჩვენ, მშობლებს, შესაბამისი განათლება გვჭირდება, როგორ გავზარდოთ შვილები. სიამოვნებით ვისწავლიდი, როგორ დავეხმარო ჩემს შვილებს, გადალახონ ის დაბრკოლებები, რადგან მე არ მქონია მსგავსი გამოწვევები და არ ვიცი, ასეთ დროს როგორ მოვიქცე“, - ამბობს ნათია. 

 ნიკოლოზი რამდენიმე საგანში ემზადება. ისიც და ნათიაც ფიქრობენ, რომ თუ არ მოემზადება, ძალიან დაიჩაგრება  მხოლოდ სკოლაში მიღებული განათლებით. ნიკოლოზს გადაწყვეტილი აქვს, რომ გახდეს ფსიქოლოგი ან ნეიროქირურგი. საოცნებო ქვეყანა კი, სადაც სწავლას და ცხოვრებას სიამოვნებით გააგრძელებს - ამერიკაა.

ამჯერად ახალ სკოლას ეძებენ. ნათიას თქმით, ახლანდელზე უფრო მშვიდს და დაცულს.

ნიკოლოზს ყველაზე ძალიან მეტი დრო და თავისუფლება უნდა.

„თავისუფლება მინდა იმისთვის, რომ ჩემი სურვილისამებრ გამოვიყენო დრო და ისე გავერთო, როგორც მინდა“.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 დეკემბერი
14 დეკემბერი

რატომ უნდა ეთქვას უარი თბილისის ანძაზე წ ...

როგორც უკვე ცნობილია, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით სატელევიზიო ანძის მოდერნიზება იგეგმება. როგორც კალაძე ა ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

ფემინსტრიმი ► ლგბტ+ აქტივისტი ზუგდიდიდან

მოუსმინეთ მარი შარანგიას პოდკასტს:  ცაბუნია ვართაგავა 27 წლისაა. ის სოციალური მუშაკია. ორი წელია ლგბტ+ თემის ...
11 დეკემბერი
11 დეკემბერი

რა ცვლილებებია მოსალოდნელი გაზის ბაზარზე ...

საქართველოში გაზის ბაზრის რეფორმირებისთვის ახალი კანონმდებლობის მიღება იგეგმება. ბუნებრივ გაზზე მოთხოვნილება იზრდება, ამ ...

მეტი

^