Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი თაობის ვარსკვლავბიჭუნებისა და გოგონების შესახებ

22 დეკემბერი 2017
თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო ვნებები.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ეპიცენტრი, როგორც წესი, კინოთეატრი „ამირანია", სადაც ყოველი წლის დეკემბერში გახსნისა და დახურვის ერთობ მოკრძალებული ცერემონია იმართება და სადაც ფესტივალის გამარჯვებულ, წახალისებულ ფილმებს მოვერცხლილ თუ მოოქროვილ „პრომეთეებს" ურიგებენ.

რიგით მე-18 საერთაშორისო კონკურსო პროგრამას ხუთი წევრისგან შემდარი ჟიური აფასებდა, რომლის თავმჯდომარედ ორგანიზატორებმა ერთობ კინემატოგრაფიული გვარის მქონე ბრიტანელი რეჟისორი - უბერტო პაზოლინი მოიწვიეს (აქვე უნდა აღინიშნოს, მისი ფილმები წინა წლებში უკვე იყო ნაჩვენები თბილისის კინოფესტივალზე). ჟიურის წევრები ასევე იყვნენ: ამერიკელი კინოკრიტიკოსი, სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი - მარინა აჟაჟა, სერბი რეჟისორი - სრჯან დრაგოევიჩი, ფრანგი მსახიობი - სტეფან რიდო და ქართველი ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და მსახიობი - ლაშა ბაქრაძე.

საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი 10 ახალგაზრდა რეჟისორის სადებიუტო ნამუშევრიდან ჟიურის განსაკუთრებული ყურადღება და შესაბამისად, პრიზები შემდეგმა ფილმებმა დაიმსახურეს:

„ყორნები" (შვედეთი, რეჟისორი იენს ასური) – „ოქროს პრომეთე" საუკეთესო ფილმისათვის;

„არშიყი" (დანია, რეჟისორი მილად ალამი) – „ვერცხლის პრომეთე" საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის;

„საშიში დედა" (საქართველო-ესტონეთი, რეჟისორი ანა ურუშაძე)- ჟიურის განსაკუთრებული პრიზი;

„ხარაჩოები" (ისრაელი, პოლონეთი, რეჟისორი მათან იაირი) - ჟიურის განსაკუთრებული პრიზი.

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, „ყორნები" მართლაც გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ერთმანეთს როგორღაც უთავსებს დოკუმენტურ, შეულამაზებელ თხრობასა და დეპრესიული არტჰაუზის გამომსახველობას. 70-იანი წლების შვედეთში, მიყრუებულ სოფელში მცხოვრები ფერმერის ოჯახის ყოველდღიურ ყოფას კამერა, ვიტყოდი, შეუბრალებელი სიზუსტით ასახავს.

კადრი ფილმიდან "ყორნები".

დეპრესია, იმედები თუ დაძაბული ურთიერთობა ოჯახის უფროსსა და მის თინეიჯერ შვილს შორის საბოლოოდ კატასტროფად იქცევა: მამის თვითმკვლელობა შვილისათვის მაინც არ არის გამოსავალი, რადგან ის ჩიტების სამყაროზე ფიქრობს, რომელიც სოფლის პროზაუოლი ყოფისგან შორსაა... მკაცრი ზამთრის პეიზაჟს ფინალში ყორნების ჩხავილი არღვევს.

გაცილებით მწვავე და პილიტიკურია ირანელი წარმოშობის რეჟისორის, მილად ალამის ფილმი „არშიყი", რომელმაც „ვერცხლის პრომეთე" დაიმსახურა. რეჟისორი დახლოებით ათი წელია, რაც დანიაში ცხოვრობს. დამთავრებული აქვს დანიის ეროვნული კინოსკოლა. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის „სიცარიელე" (2014) პრემიერა კანში რეჟისორთა კვირეულზე გაიმართა და აი, კიდევ ერთი წარმატება, ამჯერად თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

„არშიყი" ფსიქოლოგიური და გარკვეულწილად, სატირული დრამაა. ახალგაზრდა ირანელი, ესმაილი ამაოდ ცდილობს ბარებში ისეთი ქალები შეაბას, რომლებიც მას დანიაში დარჩენაში დაეხმარებიან. ერთი მხრივ, სექსუალური თავგადასავლები კოპენჰაგენის მდიდრულ კვარტლებში და ამავდროულად, მის გარეუბნებში, საერთო საცხოვრებლებში  ემიგრანტთა ყოფა, ზუსტად განსაზღვრავს ფილმის ტონალობას და, ზოგადად, დღევანდელი ევროპის სიტუაციასაც გვიხატავს.

საფესტივალო პრიზებით დახუნძლული „საშიში დედა"  (რეჟისურა და სცენარი - ანა ურუშაძე, ოპერატორი - კონსტანტინე ესაძე, მონტაჟი - ლექსანდრ კურანოვი) ჟიურიმ მხოლოდ მოკრძალებული სპეციალური პრიზით აღნიშნა, რაც მაყურებლისათვის ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა; თუმცა არა კრიტიკოსებისათვის, რომლებმაც ფილმში უფრო ხელოვნური არტისტიზმი და ზედმეტი ჰერმეტულობა აღმოაჩინეს.

ანა ურუშაძე

50 წელს გადაცილებული დიასახლისის, მანანას (ამ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიზი დაიმსახურა ქალის როლის საუკეთესო შესარულებისათვის)  ყველა მცდელობა, დაარღვიოს სტერეოტიპული, საშუალო კლასის ოჯახის ბარიერები, რეალობასთან შეჯახებით სრულდება. ის იძულებულია, საკუთარი ფანტაზია რეალურ სამყაროს დაუქვემდებაროს. მანანას თითქოს ეშინია, რომ მანანგალი გახდება - ფილიპინური მისტიკური არსება, რომელიც ქალის ფორმას იღებს და სინამდვილეში  კი სისხლისმწოველი მონსტრია.

მანანას ჰაერივით სჭრიდება რომ მოუსმინონ, თუმცა მას რატომღაც ყოველთვის დიასახლისის როლზე მიუთითებენ... მაგრამ როგორც კი მნიშვნელოვანი, გამორჩეული სოციალური თუ არტპერსონა ხდება, ოჯახისა წევრები მას პროტესტს უცხადებენ. საბოლოოდ კი მანანა თავის წიგნსა და შემოქმედებას ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს შეწირავს.

ანა ურუშაძის ფილმმა მრავალი საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა. მათ შორის აღსანიშნავია - გამარჯვება საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში ლოკარნოს კინოფესტივალზე („ოქროს ლეოპარდი"; ასევე სარაევოს კინოფესტივალის მთავარი პრიზი; ეგვიპტეში El Gouna-ს საერთაშორისო კინოფესტივალზე, მთავარი პრიზი - „ოქროს ვარსკვლავი" და აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოების გრან-პრი (აზიური ოსკარი).

ჩვენი აზრით, საკონკურსო პროგრამის კიდევ ერთი გამორჩეული, მაგრამ დაუფასებელი ფილმი აღმოჩნდა ფინელი რეჟისორის, ვისა კოისო-კანტილას „ვარსკვლავბიჭუნები". ეს არის შთამბეჭდავი ფსიქოლოგიური ნამუშევარი ორი თითქოსდა ბედნიერი ოჯახის შესახებ, რომელთა ცხოვრება ცამეტი წლის ბიჭების თვალითაა დანახული. სახელდახელო მუსიკალური ჯგუფის „Star Boys"-ის ბიჭები ჭოგრიტით ადევნებენ თვალს თავიანთი მშობლების სექსუალურ თამაშებსა და თავგადასავლებს, რაც მათზე უარყოფით ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს.

მართალია „ვარსკვლავბიჭუნები" საკმაოდ რთულ და ფაქიზ თემებს ეხება, მაგრამ მაინც თბილ, პოეტურ და დადებით განწყობას ტოვებს მაყურებელზე. ეს არის ფილმი სექსუალური აღმოჩენებისა და ეგზისტენციის შესახებ, რომელშიც ბავშვებს ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში ეხმარება და  ამავდროულად მაგიური რეალიზმის ელემენტებითაა გაჯერებული.

მაგიურიც, უცნაურიც და საშიში რეალიზმიც ერთად იკითხება უნგრელი რეჟისორის, ჩაბა კისის ფილმში „ბრაზილიელები", რომელიც უნგრეთის სამხრეთში, კერძოდ, აქსაში, ბოშათა დასახლების შესახებ მოგვითხრობს. სოფლის მერი ახალგაზრდა მღვდლის რჩევით გამოაცხადებს, რომ ბოშების საფეხბურთო გუნდს სოფლის ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლია და გამარჯვებულ გუნდს რიო დე ჟანეიროში ტურნირზე მიიწვევენ. სასაცილო და დრამატული მოვლენები, ემოციები და ბრაზი, ძალადობა და სასიყვარულო ეპიზოები უფრო კუსტურიცას ფილმების პაროდიას წააგავს. თუმცა ცხადად იკითხება ბოშებისა და ქალების დისკრიმინაციის თემებიც.

ბავშვობის დროინდელი ტრავმები ცოცხლდება ესპანელი რეჟისორის, კარლა სიმონის ფილმში „ზაფხული 1993", რომელიც მშობლების ავტოკატასროფაში დაღუპვის შემდეგ ექვსი წლის ფრიდას განცდებს აღწერს. გოგონა პირველად ხვდება ზაფხულს თავის ნათესავთან ერთად, კატალონიის პროვინციაში. ზაფხულის დამთავრებამდე მან უნდა დაივიწყოს საშინელი ფსიქოლოგიური ტრავმა და ემოციების მოთოკვაც უნდა ისწავლოს, მაშინ, როცა ეს  თითქმის შეუძლებელია.

თურქი რეჟისორი, ემრე იეკსანი ფილმში „ყურე" ეგზისტენციურ და ეკოლოგიურ პრობლემებს მეტ-ნაკლები წარმატებით ართმევს თავს. ფილმი მძაფრ და მტკივნეულ პრობლემებს ეხება, თუმცა კინემატოგრაფიულად აშკარად სუსტია. წარუმატებელი კარიერისა და განქორწინების შემდეგ სელიმი თავის მშობლიურ ქალაქში, იზმირში ბრუნდება.

თუმცა ის ჯერ კიდევ წარსულში დაეხეტება - ნახულობს სკოლის ამხანაგებს, ყოფილ შეყვარებულს, შემთხვევით გადაეყრება ჯარის მეგობარს. ამასობაში საზღვაო შემთხვევის გამო, იზმირის ყურეში ეკოლოგიური კატასტროფა ხდება, რის გამოც ადამიანები თავიანთ სახლებს ტოვებენ. სელიმი ცარიელ ქალაქში რჩება და თითქოს ახალ სამყაროს აღმოაჩენს.

პოსტრევოლუციური ქალაქის სამყაროს და ახალი თაობის ეგიზისტენციას ასახავს უკრაინელი რეჟისორი მარინა სტეპანსკა ფილმში „დაცემა". ანტონი და კატია ღამის კიევში შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს და ეს შეხვედრა მათ ცხოვრებაში ბევრ რამეს ცვლის. სტეპანსკას მძაფრი და გრძნობებით გაჯერებუოი დრამა თამამი განაცხადია ახალი თაობის, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, რომლებიც ცდილობენ რევოლუციის შემდგომ უკრაინაში თავი დაიმკვიდრონ...

აღსანიშნავია, რომ წელს „ევროკავშირმა საქართველოსთვის" პირველად დააწესა სპეციალური პრიზი, რომელიც ადამიანის უფლებების საუკეთესო წარმოჩენისათვის  საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილ და „ვერცხლის პრომეთეთი" დაჯილდოებულ ფილმს „არშიყი" (რეჟისორი -მილად ალამი) გადაეცა. „ოქროს პრომეთე" კი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ქართველ რეჟისორს მერაბ კოკოჩაშვილს გადაეცა. სპეციალურ ჩვენებაზე მისი დაუვიწყარი ფილმი - „დიდი, მწვანე ველი" უჩვენეს.

მერაბ კოკოჩაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^