Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფასადური ჩართულობა

08 იანვარი 2018

მალე 2018–2020 წლების ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმა დამტკიცდება. პროცესთან გარკვეული შეხება მეც მქონდა, როგორც შშმ ქალთა საინიციატივო ჯგუფ „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის”-ის წევრს. სწორედაც რომ შეხება, თორემ ჩართულობა ამ პროცესს ნაკლებად შეიძლება რომ ვუწოდო. თვითონაც დამეთანხმებით, როცა პროცესის აღწერას გაეცნობით. 

            პირველ ეტაპზე დაიგზავნა სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია. მე პირადად ის არ მიმიღია. შემთხვევით გავიგე, სხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან. ითქვა, რომ განხილვებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მხოლოდ იმ ორგანიზაციათა წარმომადგენლებს, რომლებიც 2017 წლის 10 ნოემბრამდე გამოაგზავნიან გეგმასთან დაკავშირებულ კომენტარებს. ესეც ლოგიკური იყო და წარმოადგენდა ორგანიზაციათა თან გაცხრილვის, თანაც მოტივირების საშუალებას, რეალურად ემუშავათ გეგმაზე და კონკრეტული წინადადებებით მოსულიყვნენ განხილვებზე. პლატფორმის კიდევ ერთ წევრთან რამდენიმედღიანი ერთობლივი მუშაობის შედეგად მოვამზადეთ და გადავაგზავნეთ კომენტარები, რომლებიც ეხებოდა არამხოლოდ შშმ პირთა უფლებებისთვის დათმობილ მე-19, არამედ გეგმის ყველა თავს. რადგან შშმ პირებს აქვთ საჭიროებები არამხოლოდ როგორც შშმ პირებს, არამედ როგორც მოქალაქეებს, შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა საჭიროა არამხოლოდ შშმ პირთა უფლებებისადმი მიძღვნილ თავში, არამედ გეგმაში არსებულ ყველა ღონისძიებასთან მიმართებაში, რადგანაც ყველა ღონისძიებასა და აქტივობაში შესაძლებელი უნდა იყოს შშმ პირთა ჩართვა. შეზღუდული შესაძლებლობა არ არის ადამიანის მოწყვლადობის ერთადერთი ნიშანი. ის გამჭოლია და შესაძლოა, სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებსაც (მაგ. ქალები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ბავშვები.) ჰქონდეთ შეზღუდული შესაძლებლობა. განხილვებზე მართლაც დაგვიშვეს. უშუალოდ შშმ პირთა უფლებების დაცვის ღონისძიებების შემცველი თავის განსახილველად 2 ოფიციალური შეხვედრა დაინიშნა: 1 - თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში და ერთიც - ბორჯომში. შშმ პირთა უფლებების საკითხებს ჯამში დაახლოებით 5 საათი დაეთმო. რა თქმა უნდა, 5 სთ. ვერანაირად ვერ იქნებოდა საკმარისი გეგმის ყველა ასპექტის განსახილველად. ეს თავიდანვე ყველასთვის ცხადი იყო. ამიტომ რეალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად საჭირო იყო ორგანიზაციების მიერ 10 ნოემბრამდე გამოგზავნილ კომენტართა რაღაც ნაწილი მაინც შეტანილიყო ავტომატურად სამოქმედო გეგმაში, ასე ვთქვათ, „ზეპირი მოსმენისა და განხილვის“ გარეშე. შეხვედრებზე კი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები უნდა მოსულიყვნენ და მოკლედ ჩამოეთვალათ, რომელი რეკომენდაციები გაითვალისწინეს, რომლები – შეცვალეს და რომლების შეტანაზე რა მიზეზით  აცხადებდნენ უარს. შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა წარმოედგინათ არგუმენტები, თუ რატომ უნდა შესულიყო სამოქმედო გეგმაში ის საკითხებიც, რომლების შეტანაც მთავრობას არ სურს. ის 2 შეხვედრა უნდა ყოფილიყო ერთგვარად შემაჯამებელი, დასკვნითი ხასიათის. რეალური ჩართულობა რომ ჰქონოდატ მიზნად, იქ თავიდან არსებითად არაფრის განხილვა აღარ უნდა დაწყებულიყო. რეალობაში კი ყველაფერი სულ პირიქით მოხდა. შეხვედრაზე მოსულებს გეგმა ისევ ისეთივე დაგვხვდა, როგორიც ის 10 ნოემბრამდე იყო და იმ რამდენიმე საათში ჩვენ უნდა მოგვესწრო და ზეპირად თავიდან გვეთქვა ის, რაც ისედაც უკვე წერილობით მივაწოდეთ.

            მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა პრაქტიკულად მთლიანად დაეთმო საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებს. იმაზე საუბარს, თუ როგორ უნდა აგვეგო სტრუქტურულად თავი, რომელი საკითხი შეგვეტანა მიზნის, ამოცანისა თუ აქტივობის დონეზე. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვედრას არ ესწრებოდნენ. არადა, მთავრობის ინიციატივით, შშმ პირთა გაერო-ის 2006 წლის კონვენციის 33–ე მუხლით გათვალისწინებული კონვენციის დანერგვაზე პასუხისმგებელი საკოორდინაციო ორგანო სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე იქმნება. ამასთან სწორედ ჯანდაცვის სამინისტროა პასუხისმგებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადამსვლელი ნორმების შემოთავაზებასა და შეფასების სოციალური მოდელის დანერგვაზე. შეგვპირდნენ, რომ ბორჯომის შეხვედრას ისინი აუცილებლად დაესწრებოდნენ. თუმცა არც ბორჯომის შეხვედრაზე მოსულან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომელთა კომპეტენციაც ზემოთ აღწერილი 2 საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური პასუხის გაცემა იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ადამიანის უფლებათა სამდივნოს თანამშრომლებმა კი, რომლებიც პროცესს ფასილიტაციას უწევდნენ, გვითხრეს, რომ 2018–2020 წლებში შშმ სტატუსის შემფასებელი სოციალურ მიდგომაზე დაფუძნებული სისტემა ისევ საპილოტე რეჟიმში იქნება. არადა, ის საპილოტე რეჟიმშია უკვე 2014 წლიდან! და როდის გადავა ის სრულმასშტაბიანი, მათ შორის საკანონმდებლო დონის რეფორმის, ფაზაზე, არავინ გვეუბნება!

            რა თქმა უნდა, იმ ბორჯომის შეხვედრაზეც ვერ მოვასწარით იმ საკითხების დაყენება, რაზეც არასამთავრობო თემი ვიყავით შეთანხმებული და რაც გვქონდა დაგეგმილი, რომ დაგვეყენებინა. დროც არ გვყოფნიდა და რამის თქმასაც არ ჰქონდა დიდი აზრი, რადგან გადაწყვეტილების მიმღები პირები შეხვედრაზე მაინც არ იმყოფებოდნენ. ბოლოს გვითხრეს, რომ დაგვეწერა ის მიზნები და ამოცანები, რომლებიც აუცილებლად გვინდა, შევიდეს გეგმაში და მივაწოდოთ უახლოეს რამდენიმე დღეში. პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა სამდივნო კი შესაბამის უწყებებთან გაივლის კონსულტაციას და შეგვატყობინებს, რას შეიტანს და რას როგორ ჩვენი რეკომენდაციებიდან. არადა, შეხვედრაზე, მის ოფიციალურ გახსნაზე, გამოცხადდა, რომ ამ შეხვედრაზე მოხდება სამოქმედო გეგმის შესაბამისი თავების ტექსტის საბოლოო ფორმულირებაზე შეთანხმება, 15იანვარს კი უკვე ეს გეგმა დამტკიცდება მთავრობის დადგენილებით. თუ ეს მართლაც ასეა, ამ რამდენიმე დღეში, სადღესასწაულო პერიოდში, როგორ და როდის მოესწრება ჩვენ მიერ მოწოდებული მიზნების, ამოცანებისა და აქტივობების გეგმაში შეტანა, არავინ იცის.

            ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეალური ჩართულობის დამაბრკოლებელი კიდევ 1 თანმდევი ისიცაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვიაზრებდით რა, რომ ასეთ მოკლე პერიოდში ვერ მოესწრებოდა ჩვენ მიერ პირველად კომენტარებში შეტანილი ყველა და ყოველი წინადადების განხილვა, იძულებულნი აღმოვჩნდით, 10 ნოემბრამდე მოწოდებული ათეულობით კომენტარიდან და რეკომენდაციიდან სულ რამდენიმე - მთავარი და პრეორიტეტული შეგვერჩია, რომელთა შეტანასაც აუცილებლად მოვითხოვდით იმისთვის, რომ ამ რამდენიმე მოთხოვნილი კომპონენტიდან ორიოდე მაინც შესულიყო საბოლოოდ გეგმაში. არადა, ყველა ის კომენტარი მნიშვნელოვანი და ღირებული იყო შშმ პირთა უფლებების რეალური განხორციელების, დაცვისა და უზრუნველყოფისთვის.

            ზოგადად კი ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის განხილვა ბორჯომში სხვადასხვა თემატურ ჯგუფში ნამდვილად არაერთგვაროვნად მიმდინარეობდა. გენდერული თანასწორობისადმი მიძღვნილი თავის განხილვაში, ჩემდა გასაკვირად, საკმაოდ ცოტა არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა. წარმოდგენილი იყო საქართველოში მოქმედი გაერო-ის სხვადასხვა ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და სხვა მრავალი სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელი. მსგავსი მდგომარეობა იყო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისადმი მიძღვნილი თავის განხილვაზეც, შშმ პირთა უფლებების თავის განხილვისგან განსხვავებით, სადაც პირიქით არასამთავრობო სექტორი სჭარბობდა, გადაწყვეტილებისა და პასუხის გაცემის უნარის მქონე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები კი სულ არ გამოცხადებულან.  გენდერული თანასწორობის თავის კომენტირებაში, როგორც ეტყობა, აქტიურად იყვნენ ჩართულნი გაერო-ის სტრუქტურები, მათ მიერ მოწვეული ექსპერტები. შშმ პირთა უფლებების განმხილველ ჯგუფში გვითხრეს, რომ ბორჯომის შეხვედრა არის გეგმაში შესატან საკითხთა საბოლოო გადაწყვეტის დარჩენილი ერთადერთი შესაძლებლობა, გენდერული თანასწორობის კუთხით შესატან ცვლილებათა განმხილველ ჯგუფში კი რამდენჯერმე გაესვა ხაზი იმას, რომ ჩვენ მიერ შეხვედრაზე გამოთქმული და ასევე შეხვედრის შემდეგ წერილობითი ფორმით მიწოდებული კომენტარები/რეკომენდაციები იქნება კიდევ განხილული.

            სამოქმედო გეგმის სხვადასხვა თავთან დაკავშირებული შეხვედრები მიმდინარეობდა ერთდროულად, რაც ასევე აძნელებდა ჩართულობას, რადგან, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, კონკრეტული გამოწვევის წინაშე ხშირად სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები დგებიან ხოლმე (მაგ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ისეთი კატეგორიაა, რომლის უფლებებიც უნდა განვიხილოთ როგორც შშმ პირთა, ისე ბავშვთა უფლებების ჭრილში). უმჯობესი იქნებოდა, თემატურ შეხვედრებს მეტი დრო დათმობოდა, ისინი უფრო ხანგრძლივად გაგრძელებულიყო, ჩატარებულიყო თბილისში, რაც ფინანსური თვალსაზრისითაც უფრო ეკონომიური იქნებოდა და ყველა დაინტერესებულ პირსა და ჯგუფს შეეძლებოდა მისთვის ღირებული ყველა ასპექტის განხილვაში ჩართვა. შესაძლებელი იყო ისიც, რომ არასამთავრობოთა წარმომადგენლებს ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა და გადაგვეცა, რა საკითხების დაყენება გვინდა იმ ჯგუფში, რომლის შეხვედრასაც ფიზიკურად ვერ ვესწრებით. თუმცა ეს ვერ მოხერხდა თემის არაერთგვაროვნების, პრეორიტეტთა განსხვავებისა და სპონტანურობის გამო.  

            თავისთავად ფაქტი, რომ რიგით მოქალაქეებს არასამთავრობო ორგანიზაციათა მეშვეობით ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდნენ ისინი 2018–2020 წლების ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლითაც მომდევნო 3 წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელოს და მისდიოს სახელმწიფომ ადამიანის უფლებების პატივისცემის, დაცვისა და უზრუნველყოფის საკითხებში, ნამდვილად მისასალმებელი და კარგია. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავება-მიღების პროცესთან შემხებლობის ამ ფორმით უზრუნველყოფაც შესაძლებელი იყო მხოლოდ გაერო-ის განვითარების პროგრამის დაფინანსებითა და ორგანიზებით. მთავარი ისაა, რომ როცა ჰკითხავ, პასუხიც უნდა მოისმინო, რეაგირებაც უნდა მოახდინო, ყურადღებაც უნდა მიაქციო რეკომენდაციებს და უნდა გაითვალისწინო კიდეც ისინი. 

      ვინაიდან გეგმა ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული და ეს მხოლოდ 15 იანვრის შემდეგ მოხდება, ჯერ კიდევ არსებობს გამოსავალი. კერძოდ კი, საქართველოს მთავრობამ და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან არსებულმა ადამიანის უფლებათა სამდივნომ სრულად უნდა გაითვალისწინონ შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების მიერ 2017 წლის 10 ნოემბრამდე და 2017 წლის დეკემბრის შეხვედრების შემდეგ მოწოდებული რეკომენდაციები და ასახოს ისინი სამოქმედო გეგმის კონკრეტულ მიზნებში, ამოცანებში, საქმიანობებსა და ინდიკატორებში, ასევე, განუსაზღვროს შესრულების კონკრეტული ვადა, შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო და ბიუჯეტი. რომელიმე რეკომენდაციის ასახვაზე უარის შემთხვევაში კი საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნომ და კონკრეტულ საკითხზე კომპეტენტურმა სხვა უწყებებმა უნდა დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება რეკომენდაციის არასახვის თაობაზე, რაც წერილობითი ფორმით საჯაროდ უნდა იქნეს გამოქვეყნებული, მათ შორის შშმ პირთათვის ხელმისაწვდომ ფორმატებში.

დაბოლოს, მომავალში გეგმების განხილვა საჭიროა, იწყებოდეს წლის დასაწყისში და არა მის ბოლოს, როცა მომავალი წლის ბიუჯეტი უკვე ფორმულირებულია და მასში ცვლილებების შეტანა და გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის თანხების გამოყოფა დამდეგი წლისთვის უკვე შეუძლებელია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^