Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თბილისში ქუჩაშიც კი შეგვიძლია ნამაზის აღვლენა...“

18 იანვარი 2018

თბილისის ცენტრში მდებარე ჯუმა მეჩეთში ყოველ პარასკევს 1000-ზე მეტი სუნიტი და შიიტი მუსლიმი ერთად ლოცულობს. მათ შორის საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელებიც არიან.

ისლამის წესების თანახმად, მეჩეთში დღეში 5-ჯერ ლოცულობენ. ეთნიკური აზერბაიჯანელები აქ ძირითადად პარასკევობით მოდიან - პარასკევი მუსლიმებისთვის წმინდა დღეა და ამ დღეს ყველა ცდილობს, რომ მეჩეთში ილოცოს.

ჯუმა მეჩეთს ჩვენს პარასკევს ვეწვიეთ. ნამაზის - ლოცვის  დაწყებამდე 20 წუთით ადრე მეჩეთის პირველი და მეორე სართული ხალხით მთლიანად გაივსო. მათ, ვინც მეჩეთში შესვლა ვერ შეძლო, ნამაზის აღვლენა გარეთ მოუწევთ. მლოცველთა სიმრავლის გამო ქუჩა გადაიკეტა, თუმცა, ამის გამო იქ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას უკმაყოფილება არ გამოუთქვამს.

დურსუნ ისმაილოვი, რომელიც მეჩეთში სალოცავად არის მოსული, წუხს, რომ აზანის ( ლოცვა, რომელსაც მხოლოდ იმამი კითხულობს - ხ.ა.)  ხმა მეჩეთის გარეთ არ ისმის: „ჩვენთვის აქ ყველანაირი პირობებია შექმნილი. ამისთვის მთავრობას დიდ მადლობას მოვახსენეთ, მაგრამ აქ აზანს მხოლოდ მეჩეთის შიგნით უშვებენ, მარნეულში კი აზანს ხმის გამაძლიერებლით გადასცემენ. როგორც ჩანს, აქ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა, სასტუმროების და რესტორნების მეპატრონეები ლოცვიოს ხმის გამაძლიერებლით გადაცემის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. რას ვიზამთ? მთავარია, მეჩეთი ღიაა, ჩვენც მაშინ მოვდივართ და ვლოცულობთ, როცა გვინდა.“

მარნეულში მცხოვრები ფაიგ ფათალიევი თბილისში მუშაობს. პარასკევობით სალოცავად ისიც ჯუმა მეჩეთში მოდის:

„იმ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია, სადაც ვმუშაობ, პარასკევობით უფლებას მაძლევს, რომ მეჩეთში წამოვიდე და ნამაზი აღვავლინო. მეჩეთში კარგი პირობებია, გათბობაც არის. დრო როცა მაქვს, აქ არსებულ რელიგიურ წიგნებსაც ვკითხულობ.“

ფაიგ ფათალიევიც უკმაყოფილოა, რომ აზანი ხმის გამაძლიერებლით არ გადაიცემა: „ეკლესიაში ასეთი შეზღუდვა არ არის. იქ ზარებს რეკავენ, აზანის ხმის გამაძლიერებლით გადაცემის უფლებას კი არ გვაძლევენ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჯუმა მეჩეთი თბილისში არსებული ერთადერთი მეჩეთია. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პარასკევობით, როცა ნამაზის დროს მოსული ბევრი მლოცველის გამო ახლომდებარე გზა იკეტება, ადგილობრივი მოსახლეობა ამას გაგებით ხვდება. მითუმეტეს, რომ ამ გზაზე მანქანებიც მოძრაობს. აზერბაიჯანში, რომელიც მუსლიმური ქვეყანაა, ლოცვის გამო გზაზე მოძრაობის შეფერხების უფლება არ მოგვცეს.“

ჯუმა მეჩეთის იმამი, რამილ ჰუსეინალიევი ამბობს, რომ არც ადგილობრივი მოსახლეობა და არც საქართველოს მთავრობა მათ საქმიანობაში ხელს არ უშლის: „ხუთი წელია, რაც ამ მეჩეთის იმამი ვარ. ნამაზს ყოველ დღე აღვავლენთ. პარასკევობით და დღესასწაულებზე მეჩეთში სალოცავად ათასზე მეტი ადამიანი იკრიბება. ამ ხუთი წლის განმავლობაში ჩვენთვის დაბრკოლება არავის შეუქმნია. ჩემამდეც ასე იყო: აზანს მხოლოდ მეჩეთის შიგნით უშვებდნენ. ზუსტად ვერ გეტყვით, ვისი მითითებით არის აკრძალული აზანის ხმის გამაძლიერებლით გადაცემა. მეჩეთი ძალიან ახლოს არის სახლებთან. ალბათ, აზანის ხმის გამაძლიერებლით გადაცემის აკრძალვის ძირითადი მიზეზიც ეს არის.“

რამილ ჰუსეინალიევის თქმით, ზამთარში ჯუმა მეჩეთს, ისევე როგორც საქართველოში არსებულ 42 სხვა მეჩეთს და ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ სხვა რელიგიურ დაწესებულებებს, უფასო გაზით აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარი” ამარაგებს, მეჩეთის დანარჩენ ხარჯებს კი შემოწირულობებისა და დახმარების საშუალებით ფარავენ.

საქართველოში ისლამი ქრისტიანობის შემდეგ ყველაზე ფართოდ გავრცელებული რელიგიაა. ქვეყანაში 500 ათასამდე მუსლიმი ადამიანი (ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები, ქისტები და აჭარლები) ცხოვრობს. საქართველოში დაახლოებით 250-მდე მეჩეთია. აქედან 140 აჭარაში, 50-მდე კი ქვემო ქართლში. ჯუმა მეჩეთი თბილისში არსებული ერთადერთი მეჩეთია.

ხაიალ აზიზოვი

 

სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა პოზიციას.



 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^