Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მილტონ ჰეიგის შერკინება

07 თებერვალი 2018

ინტერვიუ ჩაწერილია 2017 წლის ივნისში და პირველად გამოქვეყნდა "ლიბერალის" სპეციალურ  გამოცემაში “ჩვენი თამაში”

მილტონ ჰეიგს „შევარდენის“ სარაგბო ბაზაზე ვესტუმრეთ, სადაც „ბორჯღალოსნებს“ ივნისის ტესტებისათვის ამზადებდაის სამუშაო ოთახიდან ჩამოვიდა, კარებთან შეგვხვდა და გაგვიძღვა საკომენტატორო ოთახისკენ, სადაც ინტერვიუს ჩაწერა დავიწყეთ.

დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენთვის დრო გამონახეთ. პირველი კითხვა ასეთი იქნება – როგორი იყო თქვენი შთაბეჭდილებები, როდესაც პირველად ჩამოხვედით საქართველოში?

ხუთ-ნახევარი წლის წინ ჩამოვედი, 2012 წლის იანვარში. კარგად მახსოვს, ციოდა. პირველი ღამე ბაზაზე გავატარე. დილით რომ გავიღვიძე, თოვლი იდო; გარეთ გავიხედე და ვიფიქრე „ღმერთო ჩემო... შანსი არ არის, რომ ამ ამინდში ვარჯიში ჩავატარო“, რადგან მოედანიც დათოვლილიყო. ფოტო გადავუღე და შინ ცოლს და შვილებს გავუგზავნე, რომ მეჩვენებინა, როგორი იყო საქართველო. ჩავედი სასაუზმოდ და ვასოს (ვასილ აბაშიძე, ნაკრების მენეჯერი 2012 წელს) ვეუბნები: „დღეს ვერ ვივარჯიშებთ“. „რატომ?“ – მკითხა მან. გაკვირვებულმა ავუხსენი, რომ მოედანზე თოვლი იდო, მან კი მიპასუხა, რომ სტადიონს ორიოდ საათში გაასუფთავებდნენ. მეგონა, მეხუმრებოდა, გაოცებული ვიყავი, თუმცა მალე ჩემი ფიქრების საწინააღმდეგოდ, ხელოვნური მოედანი მზადყოფნაში იყო. სადღაც თერთმეტი საათისკენ პირველი ვარჯიში გავმართე... ასეთი დაუჯერებელი იყო ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება თქვენთან.

თბილად მახსენდება ის დრო; გაოცებული ვიყავი თქვენი დედაქალაქით. ზამთარში საახალწლოდ განათებული თბილისი ძალიან ლამაზია. როდესაც ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოსულ სტუმრებს ვესაუბრები, ყველა ერთსა და იმავეს ამბობს. მათ ვერ წარმოედგინათ, თუ თბილისი, და ზოგადად საქართველო, ასეთი მშვენიერი იქნებოდა. დაუჯერებელია, რამდენად კარგად დამხვდა ხალხი, რამდენად გემრიელია ქართული სამზარეულო და რაც მთავარია – რამდენად კარგია ქართული ღვინო. პირველ შთაბეჭდილებაზე ამან დიდი გავლენა მოახდინა. ჩამოსვლასთან დაკავშირებით ძალიან თბილი მოგონებები მაკავშირებს.

საინტერესოა თქვენი პირველი შეხვედრა ქართველ მორაგბეებთან. გარკვეული ენობრივი ბარიერიც იარსებებდა.

პირდაპირ ჩანდა, რომ ისინი ძალიან დიდები და ძალიან თმიანები იყვნენ. თითქმის ყველას ჰქონდა წვერი. ცოტა საშიშად გამოიყურებოდნენ. განსაკუთრებით მორკინალები. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ქართველი მორაგბეები არასდროს გაიცინებდნენ.

მათი მხრიდან თავიდანვე დიდი პატივისცემა ვიგრძენი, ალბათ იმიტომ, რომ ახალზელანდიელი მწვრთნელი ვიყავი. ძალიან მალე დავუახლოვდი მათ. ყველანი მზად იყვნენ, ესწავლათ და განვითარებულიყვნენ. თუკი „ბორჯღალოსნები“ იგრძნობენ, რომ ღია გულით დგახარ მათ გვერდით, ბოლომდე გამოგყვებიან. მალევე გავიაზრე, რომ ძალიან შრომისმოყვარეები იყვნენ. სრულიად უმიზეზოდ რომ მეთქვა, სტადიონს ოცჯერ შემოურბინეთ-მეთქი, მორაგბეები ამას ყოველგვარი შეკითხვის გარეშე გააკეთებდნენ. ზედმეტ კითხვებს არასდროს სვამენ. ჩვენი ძალიან ახლო ურთიერთობა მალევე დაიწყო და გრძელდება უკვე ხუთ-ნახევარი წელია.

ქვეყნებზე რომ ვისაუბროთ, რა აერთიანებს საქართველოს და ახალ ზელანდიას და სად არის განსხვავება?

ორივე მთაგორიანი ქვეყანაა. ბუნების მხრივ საერთო ბევრი გვაქვს. ქართული მთები ძალიან ლამაზია. ამინდი საქართველოში ბევრად უკეთესია, ვიდრე ახალ ზელანდიაში.

ახალი ზელანდია ძალიან ახალგაზრდა ქვეყანაა, დაახლოებით ორასი წლის. საქართველო კი დაახლოებით ხუთი ათასი წლისაა. ზოგიერთ ქალაქში ნათლად ჩანს ის სიძველე და ისტორია, რომელიც თქვენს კულტურას ახლავს. ასეთ რამეებს მალე ეჩვევი. მთლიანობაში საქართველოში ცხოვრების ხარისხი პირადად ჩემთვის ბევრად მაღალია, ვიდრე სამშობლოში.

უკვე ისაუბრეთ იმაზე, რომ თქვენი სამშობლოც და საქართველოც მთიანი ქვეყნებია. ყოფილხართ თუ არა ქართულ მთებში და როგორი იყო თქვენი შთაბეჭდილებები?

ძალიან გამიმართლა – მოვლილი მაქვს რაჭა, თუშეთი, სვანეთი და სხვა რეგიონებიც. ჩემი აქ ყოფნის პირველივე წელს ბაჩო ხურციძემ მომკიდა ხელი და მომატარა საქართველოს მთიანი მხარეები. მთები, რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზია, მაგრამ ყველაზე მეტად რამაც გამაოგნა, იყო მაღალმთიან თუშეთში მდებარე სოფლები, ულამაზესი ადგილებია. გამაოცა სვანურმა კოშკებმაც და მათმა ისტორიამ, რომ ქვევით პირუტყვი ცხოვრობდა, რათა მთლიანად კოშკი გამთბარიყო მათი სხეულის ტემპერატურით. რაჭამ და იქ არსებულმა მინერალურმა წყლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. საქართველოში არის ადგილები, სადაც უცბად გავიფიქრებდი ხოლმე, რომ შვეიცარიის ალპებში ვიმყოფებოდი, რადგან მსგავსება ძალიან დიდია.

დავბრუნდეთ ახალ ზელანდიაში და გავიხსენოთ ის დრო, როდესაც „ქაუნთიზ მანქაუს“ მწვრთნელი იყავით.

„ქაუნთიზ მანქაუში“ ოთხი წელი ვიმუშავე. როდესაც მათი მთავარი მწვრთნელი გავხდი, კარგი გუნდი ნამდვილად არ იყო. ძალიან კარგი ათლეტები ჰყავდათ, მსგავსად საქართველოსი, თუმცა თამაშის ცოდნა და ზეწოლის ქვეშ გადაწყვეტილების მიღების უნარი მაღალ დონეზე არ ჰქონდათ განვითარებული. თავიდანვე ჩამოვაყალიბე გარკვეული სისტემები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებდა მოთამაშეებს და გარკვეული წესები, რომლის მეშვეობითაც გამოუვალ მდგომარეობაშიც შეინარჩუნებდნენ ოპტიმალური გადაწყვეტილების უნარს. ეს ძალიან ჰგავს საქართველოში მუშაობის პროცესს. ვიცოდით, რომ ძლიერები და ნიჭიერები ვიყავით, რადგან მოთამაშეების უმეტესობა წარმოშობით კუნძულელი იყო (პოლინეზიელები), სამხრეთ ოქლენდიდან.

2008 წელს დავიწყეთ და ოთხ წელიწადში ძალიან კარგი გუნდი ჩამოვაყალიბეთ. 2010 წელს სამწვრთნელო შტაბს ტანა უმანგაც (ზელანდიური რაგბის ლეგენდა) შემოუერთდა. შემდგომში მათ ჩემპიონატი მოიგეს. იმ გუნდის თვრამეტკაციანი ბირთვი იმ დროს შეირჩა, როდესაც მე ვიყავი მათი მთავარი მწვრთნელი. ამ ბიჭების უმეტესობას იმ დროისათვის უმაღლეს დონეზე ერთი მატჩიც კი არ ჰქონდა გამართული. მე ვიცოდი, რომ თუკი ამ ბირთვს შევინარჩუნებდით და სათანადო გამოცდილებას მიიღებდნენ, ძალიან კარგ გუნდს შევქმნიდი და საბოლოო ჯამში ასეც მოხდა. ზუსტად იგივე მენტალობა და ფილოსოფია გვაქვს საქართველოში მუშაობისას.

ერთია, გაწვრთნა კლუბი, ხოლო საერთოდ სხვა სპეციფიკაა უკვე სანაკრებო დონეზე. რა ისწავლეთ საქართველოს ნაკრებთან მუშაობის პერიოდში?

სანამ აქ წამოვიდოდი, ახალი ზელანდიის ოცდაერთწლამდელთა გუნდს ვწვრთნიდი (მაშინ ოცწლამდელთა ნაკრებები არ არსებობდა) და ასევე დამხმარე მწვრთნელად ვმუშაობდი ახალი ზელანდიის „მაორებში“, რომელიც ტონგას, ფიჯის და სამოას ეთამაშებოდა. ასე რომ, გარკვეული სახის გამოცდილება უკვე მქონდა. უმთავრესი სხვაობა ისაა, რომ საკლუბო დონეზე გუნდთან ერთად მუშაობ კვირის დღეებში, ნახევარი წლის განმავლობაში. ნაკრებში კი წელიწადში მაქსიმუმ 13 კვირა გიწევს გუნდთან ერთად მუშაობა, თუკი მსოფლიო თასი არაა. ასე რომ, უმნიშვნელოვანესია პრიორიტეტების სწორად დასახვა, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზება. ნაკრებში მწვრთნელი მუშაობს სათამაშო გეგმაზე, რომელიც გუნდის ძლიერ მხარეზეა აგებული, ხოლო ოთხი წლის განმავლობაში მუდმივად მიდის მუშაობა იმაზე, რომ გავაუმჯობესოთ ის კომპონენტები რაშიც სუსტები ვართ. მთავარი მიზანი იყო უნარებზე მუშაობა, პასის კულტურა, სივრცის ათვისება და შეამჩნევდით, რომ ამ მხრივ საგრძნობლად მოვუმატეთ. კარგია ის, რომ ჩვენი ასაკობრივი გუნდებიც ახლა ამ სტილით თამაშობენ და ეს ზუსტად ისაა, რაც გვჭირდება იმისათვის, რომ პირველი რანგის გუნდებთან თანაბრად გამოვიდეთ.

როდესაც შეკრებაზე შევდივართ, იმ წამიდან კონცენტრირებულები ვართ იმაზე, თუ რას უნდა მივაღწიოთ პირველ კვირაში, რას მეორეში და რას მესამეში. ჩვენ ვამზადებთ სამწვრთნელო გეგმებს და ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი, რათა უზრუნველვყოთ გუნდის სათანადო დონეზე მომზადება. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს ათი წუთი ერთი აქტივობისთვის, შვიდი – მეორისათვის, კიდევ ათი – მესამისათვის და ა.შ. დაწერილ გეგმას ზუსტად მივყვებით. მუშაობის სტილი ძალიან ჰგავს საკლუბო დონეზე მუშაობას, უბრალოდ, ინტენსივობა უფრო მაღალია და დეტალებს მეტი ყურადღება ექცევა.

რა არის სხვაობა ახალზელანდიელ და ქართველ მორაგბეებს შორის სარაგბო უნარების თვალსაზრისით? როგორც ვიცით, ზელანდიაში რაგბის თამაშს ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებენ.

ახალ ზელანდიაში ასეთი გამოთქმა გვაქვს: ბავშვი რომ იბადება, ხელში რაგბის ბურთი უჭირავს. ბავშვები 4-5 წლის ასაკიდან იწყებენ რაგბის თამაშს. მშობლები მუდმივად უყურებენ რაგბის. მთელი სარაგბო ინფორმაცია ადრეული ასაკიდანვე მიეწოდებათ ახალზელანდიელ ბავშვებს. შემდეგ იწყება ბურთით მეგობრებთან ერთად თამაში, გარეთ, ბაღებში, ეზოებში. მედიაც ამ კუთხით მუშაობს. ახალ ზელანდიაში ყველა ბავშვს სურს იყოს „ოლ ბლექსი“. სხვაობა ისაა, რომ საქართველოში ის თაობა, რომელსაც ახლა მე ვწვრთნი, რაგბის შედარებით გვიან ეზიარა. ზოგიერთი მათგანი – 16-17 წლის ასაკშიც კი. მაგრამ აქაც ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი პატარა ბავშვი ერთვება სპორტის ამ სახეობაში. რამდენიმე დღის წინ 6-7 წლის ბავშვი შემხვდა, რომელიც რაგბის ბურთით მოდიოდა, თამაშ-თამაშით. ზუსტად ასეთ რამეებს ვხედავდი ახალ ზელანდიაში ყოველდღიურად. მგონია, რომ მომდევნო 5-10 წელიწადში ახალგაზრდები ნელ-ნელა მიუახლოვდებიან ახალზელანდიელებს, რადგან თამაშის პოპულარობა იზრდება. იმის ნაცვლად, რომ ბავშვები სხვა სპორტზე შევიდნენ, ისინი და მათი მშობლები რაგბის ირჩევენ. როდესაც ამ ეტაპზე მივალთ, ქართული რაგბი უპრობლემოდ შევა მსოფლიოს საუკეთესო ათეულში.

თუმცა ვფიქრობთ, რომ ამაზე ადრეც შეიძლება ათეულში შეღწევა; შარშანაც ძალიან ცოტა დაგვაკლდა.

სინამდვილეში რას ნიშნავს რაგბი ახალზელანდიელისათვის?

რაგბი ჩვენთან სულ იყო ეროვნული თამაში და სულ იყო ყველაზე პოპულარული სპორტი. როდესაც ახალზელანდიელები ერთად დასხდებიან შესვენებაზე, კაფეებში, ბარებში, როგორც წესი, რაგბიზე იწყებენ საუბარს. ყველა ახალზელანდიელს ჰგონია, რომ რაგბიზე ყველაფერი იცის და ეს მართლაც ასეა. საბოლოო ჯამში, რაგბი ჩვენი ხასიათის ნაწილი ხდება. თუკი ჩვენი ნაკრები აგებს, ამას მთელი ქვეყანა გლოვობს. თან ისიცაა, რომ არც ვართ მიჩვეულები წაგებას. პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა და განაცხადა, რომ „ოლ ბლექსის“ წარმატება ან წარუმატებლობა დიდწილად განაპირობებს ქვეყნის მოსახლეობის განწყობას და გარკვეულწილად ეკონომიკურ კეთილდღეობასაც კი. ეს მგონი, კარგად აჩვენებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს რაგბის ახალ ზელანდიაში. ეს ისაა, რაშიც ჩვენ საუკეთესოები ვართ. ეს ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია.

თქვენი საქართველოში ყოფნისას შეიცვალა თუ არა ქვეყანაში რაგბის მიმართ დამოკიდებულება?

რა თქმა უნდა, დამოკიდებულება ათწილად შეიძლება, ასწილად შეიცვალა. როდესაც პირველი სამი თვე გავატარე ბაზაზე, ვხედავდი, რომ იქ კვირაში ორჯერ-სამჯერ ვარჯიშობდნენ ბავშვები სათადარიგო სტადიონზე. ახლა საღამოობით აქ სიგიჟე ხდება. ყოველდღიურად რამდენიმე გუნდი ვარჯიშობს. სტადიონი თავისუფალი პრაქტიკულად არასდროსაა. არა მხოლოდ შვიდი საათიდან ცხრა საათამდე, არამედ უფრო ადრეც იწყებენ და ხანდახან ვარჯიში შუაღამემდე გრძელდება. გაუმჯობესდა სარაგბო უნარები ახალგაზრდებში, მწვრთნელებიც ძალიან გაიზარდნენ. ზოგადად, თამაშის ცოდნა ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე. ძალიან დიდია სხვაობა იმ ბავშვებს შორის, რომლებსაც ოთხი წლის წინ ვუყურებდი ვარჯიშისას და დღესდღეობით რომ ვარჯიშობენ სტადიონზე. ადრე მხოლოდ დარბაზში და ძალ-ღონის მომატებაზე ვარჯიშობდნენ, ახლა კი პირიქით – ძირითადი მიმართულება სარაგბო უნარის ათვისება და დახვეწაა. ახლა, როდესაც 15-16 წლის ბავშვებს ვუყურებ, ისინი ბევრად უფრო გაშლილ რაგბის თამაშობენ. ეს ორ რამეს ადასტურებს – მწვრთნელების მხრიდან თამაშის ცოდნა ბევრად წინ წავიდა, ვიდრე ადრე; ასევე მოთამაშეების განწყობაც შეიცვალა, რადგან მათ უკვე იციან, რომ მხოლოდ სპორტულ ფორმაში ყოფნა არაა საკმარისი და რეალურად უნარები თამაშისას უმნიშვნელოვანესია. ყველაფერი, ჩემი აზრით, უკეთესობისაკენ იცვლება და ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მომავალს ძალიან იმედიანად ვუყურებთ.

რამდენად დიდი გავლენა მოახდინა ახალი სტადიონებისა და მოედნების მშენებლობამ ქართული რაგბის განვითარებაზე და საკმარისია თუ არა მოედნების ის რაოდენობა, რომელიც დღეს გვაქვს?

რა თქმა უნდა, სტადიონები საკმარისი არასდროს არაა, რადგან რაგბი ძალიან სწრაფად იზრდება და უფრო და უფრო მეტი ბავშვი ერთვება სპორტის ამ სახეობაში. რამდენიმე დღის წინ „შევარდენის“ ბაზაზე სოფლიდან ჩამოსული ბავშვები თამაშობდნენ და ისინი ძალიან კარგები იყვნენ. ვკითხე მათ მწვრთნელს, თუ საიდან იყვნენ ბავშვები. მან მიპასუხა, რომ იმ სოფლებიდან, სადაც ბევრი სხვა აქტივობა არ არის, რაშიც ბავშვები ჩაერთვებოდნენ, თავისთავად, მთელი დღე რაგბის თამაშობენ. ეს მხოლოდ რამდენიმე სოფელია. თუკი დავფიქრდებით, კიდევ რამდენი მსგავსი ლოკაციაა საქართველოში, სადაც არ არის სათანადო მოედნები, მივხვდებით, რომ პოტენციალი ძალიან დიდია და ეს რესურსი აუცილებლად ასათვისებელია.

თუმცა ამასთან ერთად ისიც უნდა ვთქვა, რომ ძალიან მადლიერები ვართ „ქართუ ჯგუფის“ იმის გამო, რასაც ქართული რაგბისთვის აკეთებენ. ეს სტადიონები რომ არ გვქონოდა, თამაში ვერ განვითარდებოდა ისე სწრაფად, როგორც ვითარდება. ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ არა ინფრასტრუქტურა, ჩვენ ვერ განვვითარდებოდით, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია სათანადო რაოდენობის ხალხის მოზიდვა. პატარა ისტორიას მოგიყვებით – როდესაც ოთხი წლის წინ აქ ჩამოვედი, შეხვედრაზე ვიკითხე – რატომ არ ვათამაშებთ ჩვენი ჩემპიონატის „ა“ და „ბ“ ლიგებს შაბათ-კვირას? ჩემთვის გასაოცარი პასუხი მივიღე – იმიტომ რომ, მხოლოდ ოთხი მოედანი იყო და კვირის ბოლოს მათზე უმაღლესის გუნდები თამაშობდნენ. როდესაც ეს მითხრეს, გაოგნებული დავრჩი, რადგან მე ახალზელანდიელი ვარ; იქ კი ყველგან სარაგბო სტადიონებია. მაშინ მივხვდი, რომ მოედნების რაოდენობის გაზრდა უპირობო მიზანი იყო და ამის გარეშე განვითარება არ მოხერხდებოდა. ახლა გვაქვს 20-24 სტადიონი, რაც ცუდი არაა, მაგრამ ესეც არაა საკმარისი, რადგან თამაშის პოპულარობა სწრაფად იზრდება. ეს პოზიტიური პრობლემაა, ისეთი, რომელიც კარგია, რომ გვაქვს და რომლის გადაჭრაც ძალიან დიდ დადებით შედეგს მოიტანს.

ახალ ზელანდიაში თქვენ გყავთ სკოლების ასაკობრივი გუნდები, უნივერსიტეტების ასაკობრივი გუნდები და ა.შ. რა გავლენა აქვს სასკოლო/საუნივერსიტეტო პირველობებს რაგბის განვითარებაზე?

ახლა ასეთი მდგომარეობაა, რომ სკოლების ჩემპიონატი ახალ ზელანდიაში ყოველთვის პირდაპირ ეთერშია. მათ ჰყავთ სპონსორები და უმეტეს სკოლებში საწვრთნელი პროგრამები ისეთივეა, როგორიც პროფესიონალურ გუნდებში. თუკი შეხედავთ საუკეთესო თხუთმეტ სკოლას, თითოეულ მათგანს აქვს მაღალი დონის პროგრამა, ისეთი რომელიც არ განსხვავდება, თუნდაც ჩვენი ნაკრების სავარჯიშო პროგრამისგან. მოთამაშეები ფულს არ იღებენ, მაგრამ ინფრასტრუქტურა და სამწვრთნელო პროგრამები უმაღლესი დონისაა.

ჩვენ გვყავს 15-18 წლის ახალგაზრდები, რომლებიც უკვე კარგ რაგბის თამაშობენ. „ზე რაგბის“ გუნდებში ახალგაზრდა მორაგბეების უმეტესობა სკოლადამთავრებულია და მათ სასკოლო გუნდიდან თუნდაც „ბლუზის“ სავარჯიშო ტემპთან შეგუება არ უჭირთ. როდესაც ახალ დონეზე გადადიან, ბავშვებმა ზუსტად იციან, რა გააკეთონ იმისათვის, რომ სათამაშო დონე ასწიონ.

სასკოლო რაგბი უკვე არის ახალზელანდიური რაგბის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი.

ბოლო შეკითხვა ასეთია – სამწვრთნელო პოზიციები არასდროსაა სამუდამო. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ აქ დარჩებით მინიმუმ 2019 წლის მსოფლიო თასის ჩათვლით, თუმცა შემდეგ რა იქნება? როგორი მოგონებები დაგრჩებათ საქართველოსთან დაკავშირებით, დაბრუნდებით თუ არა ჩვენს ქვეყანაში და გიფიქრიათ თუ არა საქართველოში ნაკრების მწვრთნელობის გარდა სხვა პოზიციაზე მუშაობა?

არასდროს იცი, მომავალში რა მოხდება. მწვრთნელების სამსახური არასდროსაა სამუდამო, რადგან ჩვენ შედეგზე ორიენტირებულ ინდუსტრიაში ვმუშაობთ. ჩემი სურვილია, საქართველოში ვიყო 2019 წლის მსოფლიო თასის ჩათვლით და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება. მოგონებებს რაც შეეხება – უკვე ბევრი დადებითი მოგონება დამიგროვდა იმ ხუთ-ნახევარ წელში, რაც აქ ვარ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის ადამიანები მახსენდებიან, რომლებიც აქ გავიცანი. ჩემთვის უპირველესი ჩემი ოჯახია, ჩემი ცოლი და ორი გოგონა, მაგრამ ბევრჯერ მითქვამს, რომ ცხოვრებაში მეორე უმთავრესი რამ ჩემი გუნდია. მე შევხვდი საოცარ ადამიანებს; ვწვრთნიდი საოცარ ადამიანებს; შესაბამისად, ჩემთვის ძალიან ემოციური იქნება, როდესაც ნაკრების დატოვების დრო მოვა. მე დაახლოებით ვხვდები, ჩემი წასვლის დრო როდის მოვა, რადგან შინაგანი ინტუიცია მკარნახობს, როდის იქნება დროული ახალი მწვრთნელის მოსვლა. რა თქმა უნდა, ზუსტ დროს ვერ ვიტყვი, მაგრამ, როდესაც ეს მოხდება, მე ძალიან კარგი მოგონებები დამრჩება თქვენს ქვეყანაზე. ამის შემდეგაც მაქვს სურვილი, რომ თქვენს ქვეყანაში ვიმუშაო, თუმცა, თუკი ეს ასე არ მოხდა, იმედს ვიტოვებ, რომ ხშირად მომეცემა საქართველოში ჩამოსვლის საშუალება. ჩვენ უკვე აღარც ვფიქრობთ ახალ ზელანდიაში დაბრუნებაზე. როდესაც აქ მუშაობას მოვრჩები, ვეცდები, ევროპაში გავაგრძელო კარიერა. ამ ეტაპზე არც კი მინდა ვიფიქრო საქართველოს დატოვებაზე, რადგან ეს ძალიან ემოციური მომენტი იქნება. ჩემთვის ურთულესია ამის წარმოდგენაც კი, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დრო და მთავარია, რომ ადამიანმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად სწორი დრო შეარჩიო.

* * *

ინტერვიუს დასრულებისას მილტონ ჰეიგი ემოციებს არ მალავდა. მან თქვა, რომ მისმა უმცროსმა ქალიშვილმა ცხოვრების ნახევარი საქართველოში გაატარა და ის ნახევრად ახალზელანდიელი და ნახევრად ქართველია. თავად ისიც თავს უკვე ნახევრად ქართველად გრძნობს.

დარწმუნებული ვარ, მკითხველი გაოცდება, თუკი გაიგებს როგორ საუბრობენ მისი შვილები ქართულ ენაზე, რადგან არც ერთ მათგანს საერთოდ არ აქვს აქცენტი.

მილტონ ჰეიგის მწვრთნელობისას საქართველომ პირველად მოიგო მსოფლიო თასზე ორი მატჩი, პირველად წავიდა წყნარი ოკეანის ტურნეზე და დაბრუნდა უკან დაუმარცხებელი და პირველად დაამარცხა კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები სტუმრად.

წინ კი 2019 წლის მსოფლიო თასია, დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება იაპონიაში პირველად...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივლისი
19 ივლისი

სასარგებლო პარაზიტები

კანის წლევანდელი კინოფესტივალის გამარჯვებული რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი „ამირანის“ ეკრანზე. კინომანებს მ ...
19 ივლისი
19 ივლისი

პირველი ქალი ევროკომისიის სათავეში

16 ივლისის საღამოს საბოლოო წერტილი დაესვა პროცესს, რომელმაც განსაკუთრებულად გაუცრუა იმედი ევროპულ ტაბლოიდურ გამოცემებს. ...
18 ივლისი
18 ივლისი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს წინ ...

დღეს, 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ოფიციალურად გამოაცხადებს გადაწყვეტილებას საქმეზე: „ტელეკომპანია „ ...

მეტი

^