კლინიკა „ლანცეტის" დირექტორი ფარმან ჯეირანლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია ქოქიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაიცას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
მოსამართლემ ფარმან ჯეირანლი წარდგენილი ბრალდების ერთ ეპიზოდში გაამტყუნა და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
კლინიკა „ლანცეტის" დირექტორს ფარმან ჯეირანლის პროკურატურა პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავებოდა, ბოლო ნაწილში ის გამართლდა.
საქმე 2016 წელს კლინიკაში ჩატარებულ ღვიძლის ტრანპლანტაციის ორ ოპერაციას ეხება, რომლის შედეგადაც ორივე პაციენტი გარდაიცვალა.
პროკურატურა მას, შპს „ლანცეტის“ დირექტორს ბრალს დებდა, რომ დირექტორს სანებართვო მოწმობის შესაბამისად, მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა, 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ, რომელსაც არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერტიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში.
პროკურატურის ინფორმაციით, კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ, კ.კ-ს და გ.ჩ-ს მოტყუებით განუცხადეს, რომ მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა, რის სანაცვლოდაც 2016 წლის 28 თებერვალს შპს „ლანცეტის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი ფ.ჯ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კ.კ-ს კუთვნილ ფულად თანხას 99204 ლარის ოდენობით, ხოლო გ.ჩ-ს შემთხვევაში, 2016 წლის 07 მარტს ბრალდებულის დავალებით, ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, მოტყუებით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც პაციენტ გ.ჩ-ს კლინიკის იურისტისთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა.
ოპერაციამდე, შპს „ლანცეტის“ დირექტორი ფ.ჯ. ვალდებული იყო პაციენტების, დონორების და მისი ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკის შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციაზე, რაც პროკურატურის განცხადებით მას არ გაუკეთებია. ლიცენზიის გარეშე ჩატარებული ოპერაციის შედეგად კლინიკაში ორი პაციენტი გარდაიცვალა.
ფარმან ჯეირანლიმ ერთ-ერთ სასამართლო განაცხადა, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და პირადად ილჰამ ალიევის პატიმარია.
ჯეირანლის თქმით, ვინაიდან ის ოპოზიციურად არის განწყობილი ალიევის მთავრობის მიმართ, ამის გამო ის ე.წ. „სიაში“ ერთ-ერთი იყო და როგორც მუხთარლი დაიჭირეს, იმავე მოტივით დაიჭირეს ისიც.