Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თანამედროვე პეტრე ოცხელი

13 თებერვალი 2018

პეტრე ოცხელის  110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, TBC  ბანკის პროექტ „12“-ის ფარგლებში,  თორმეტმა არტისტმა თანამედროვე ტექნოლოგიებით პეტრე ოცხელის ნამუშევრების ახალი ინტერპრეტაცია  შემოგვთავაზა.

ციფრული ხელოვნება, გრაფიტი, 3D ხელოვნება, სკულპტურული ინსტალაცია, ვიდეო  - სწორედ ამ მიმართულებების საშუალებით გააცოცხლა 12-მა არტისტმა მხატვრის ნამუშევრები.

„12“-ის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა 9 თებერვალს, ბიზნესცენტრში, ტაბიძის #1-ში გაიმართა, რომელიც ოცხელის იუბილეს ფარგლებში, განხორციელებული მრავალეტაპინაი პროექტის დასკვნითი ნაწილი იყო. მანამდე, მხატვრის ნამუშევრების რესტავრაცია დაიწყო და მისი ესკიზები და ჩანახატები პირველად განახლდა. ამ პროცესში პეტრე ოცხელის რამდენიმე აქამდე უცნობ ნამუშევარსაც მიაგნეს.

 -----------

პეტრე ოცხელი 1907 წელს  დაიბადა. მან სამხატვრო განათლება ქუთაისში მიიღო. კოტე მარჯანიშვილი მისი ჩანახატებით დაინტერესდა და მათ თანამშრომლობა დაიწყეს. 1937 წელს მას დახვრეტა მიუსაჯეს, ბრალი ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში ედებოდა.

მეოცე საუკუნის დასაწყისის ახალი სახელოვნებო  მიმდინარეობები, მისი კულტურული და პოლიტიკური მნიშვნელობით, პეტრე ოცხელისთვის ინსპირაციის წყაროდ იქცა. სწორედ ამიტომ პეტრე ოცხელი ინტერესდება კონსტრუქტივიზმით. მიმდინარეობით, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებაში, მათ შორის არქიტექტურაშიც აისახა.

-------

TBC ბანკის არტკურატორმა ნინა ახვლედიანმა  პროექტის შესახებ გვესაუბრა. როგორც ის ამბობს,  პროექტის მიზანი იყო, რომ ახალგაზრდებისთვის მიეცათ შესაძლებლობა,  პეტრე ოცხელის ნამუშევრები ახალ ფორმატში გამოესახათ და ახლებურად  გაეაზრებინათ.

„აქამდე გვქონდა გამოფენა, რომელიც პეტრე ოცხელის შემოქმედებას ეძღვნებოდა. ამ შემთხვევაში 12 თანამედროვე არტისტი ჩავრთეთ და მათ ოცხელის შემოქმედების ინტერპრეტაცია შევთავაზეთ. არტისტებში ბუნებრივად ჩნდება სურვილი, რომ ოცხელის შემოქმედება  ახალ ფორმატებში წარმოაჩინონ. ამ შემთხვევაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნა უნიკალური ნამუშევრები. პროექტში ჩავრთეთ არქიტექტორი, რომელმაც მულტიფუნქციური ინსტალაციის ესკიზი შემოგვთავაზა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ესკიზი რეკრეაციულ ზონაში, თბილისის მასშტაბით განთავსდება“, - ამბობს ნინა ახვლედიანი.

ერთ-ერთი ნამუშევრის ავტორი არქიტექტორი გიგი შუკაკიძეა. მან შექმნა მულტიფუნქციური შენობის ესკიზი, რომელიც დაეყრდნო ოცხელის დეკორაციას სპეკტაკლისთვის „მუნჯები ალაპრაკდნენ“.

არტკურატორის თქმით,  ამ ესკიზის მიხედვით, მომავალში პავილიონის ტიპის შენობის აშენება იგეგმება, რომელსაც მრავალფეროვანი ფუნქცია ექნება. მაგ: სასცენო და საგამოფენო სივრცეები, კინო-თეატრები და ა.შ.

გრაფიკული დიზაინერის, მარიამ საშას ნამუშევარს საგამოფენო სივრცის საკმოდ დიდი ნაწილი ეკავა. კედლის სიბრტყეზე გამოსახული იყო მფრინავი მღებავი, რომელიც ფერებით დამუხტული თოფით პიქსელებს ისვრის. მისი  თქმით, „მფრინავი მღებავი“ შეიძლება იყოს ყველა ის, ვინც თავს ინტერნეტსივრცეში ავლენს.

„მინდოდა ამესახა თანამედროვე ადამიანის ორმაგი მდგომარეობა, ის პოზიცია, რომელშიც  ის მუდმივად იმყოფება, რადგან ის რეალურადაც არსებობს და ინტერნეტის დახმარებით ციფრულ იმიჯსაც იქმნის. ეს ციფრული იმიჯი რაღაც დროის შემდეგ იძენს დამოუკიდებელი მოქმედების უნარს და ორიგინალზე ზემოქმედებს. ამიტომ მღებავი შეიარაღებულია RGB იარაღით, რომელიც ისვრის პიქსელებს და ამით თავის მსგავსს გამოსახულებას ქმნის“, - ამბობს მარიამ საშა. 

პროექტში ასევე მონაწილეობდნენ თემო მაჭავარიანი, ნიკოლოზ კაპანაძე, გაჩა ბაქრაძე, თორნიკე ქარჩხაძე, გიორგი მიქიაშვილი, ქეთევან საქარელი, ქეუ მეფარიშვილი, სალომე დუმბაძე, შალვა ცხოვრებაძე, გურამ ქვარცხალია.

პროექტ „12-ის“ ფარგლებში TBC ბანკი ფეისტიკერების ახალ სერიასაც გამოუშვებს, სადაც, ოცხელის ნამუშევრების გარდა, პროექტში ჩართული ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრებიც განთავსდება.

ფოტო: თიბისი ბანკი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^