Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„არტჰაუზის“ ქალები და იზაბელ იუპერი

19 თებერვალი 2018

ბერლინის კინოფესტივალზე ბენუა ჟაკოს ფილმი - „ევა“ უჩვენეს, რომელშიც იზაბელ იუპერმა თითქმის ყველა და ყველაფერი დაჩრდილა... ჟანა მორის აჩრდილის გარდა.

ბერლინის წლევანდელი კინოფესტივალი დიტერ კოსლიკისთვის, რომელიც უკვე 18 წელია მისი უცვლელი ხელმძღვანელია, როგორც ჩანს, უკანასკნელი იქნება. ფესტივალის დაწყებამდე ჯერ კიდევ ორი თვით ადრე, დაახლოებით 80-მა ცნობილმა გერმანელმა რეჟისორმა და სცენარისტმა (მათ შორის არიან ფოკლერ შლონდორფი, დომინიკ გრაფი, კრისტიან პეცოლდი, ფატიჰ აკინი, მარენ ადე, სებასტიან შიპერი) ჟურნალ „შპიგელში” ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც მკაცრად გააკრიტიკა ბატონ კოსლიკის საფესტივალო პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში.

ცნობილი რეჟისორები მიზეზად „ბერლინის საერთაშორისო ფესტივალის სისტემურ კრიზისს“ ასახელებენ, რომ ბერლინალემ დიდი პოლიტიკური წარსულის მიუხედავად, ბოლო დროს პოზიციები განსაკუთრებით დათმო. პირველ რიგში, კანისა და ვენეციის საერთაშორისო ფესტივალების საკონკურსო პროგრამისა და საფესტივალო პოლიტიკის ფონზე.

არადა, რას აღარ აკეთებდა ბატონი კოსლიკი ბერლინში კინომანებისა თუ ტურისტების გულის მოსაგებად: ხან ამერიკელ ვარსკვლავებს ეპატიჟებოდა ფესტივალის გახსნაზე, ხან მკვეთრად სოციალური თუ პოლიტიკური კონტექსტის ფილმებს ანიჭებდა უპირატესობას (ბერლინალე ისედაც ყოველთვის გამოირჩეოდა ზემგრძნობიარე პოლიტიკურობით), ხან ირანელ დისიდენტებს თანაუგრძნობდა, ხანაც ჟიურის თავმჯდომარედ აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე, აღიარებულ არტისტებსა და რეჟისორებს უხმობდა... და მაინც, როგორც წერენ, „მისი დრო და შესაძლებლობები ამოიწურა“. უკვე ცნობილია, რომ მომავალი წლიდან დიტერ კოსლიკს კონტრაქტს აღარ გაუგრძელებენ და ფესტივალს ახალი დირექტორი ეყოლება.

თუმცა, ვინც არ უნდა გახდეს მომავალში ფესტივალის დირექტორი, ბერლინალე ჩვეული რიტმით განაგრძობს ცხოვრებას: სალაროებთან რიგები არ ილევა, წითელ ხალიჩასთან ყოველთვის ხალხმრავლობაა, კინომანები ისევ კითხულობენ ზედმეტ ბილეთს ეპიცენტრში - „მარლენ დიტრიხპლაცზე“ და სამოქალაქო აქტივისტები ისევ რაღაცას აპროტესტებენ... ერთი სიტყვით, საფესტივალო ცხოვრება „სისტემური კრიზისის“ მიუხედავად, მაინც თუხთუხებს.

 ახლა უშუალოდ, საფესტივალო ამბები. 2018 წელს ბერლინის ფესტივალზე კინემატოგრაფის  განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საპატიო „ოქროს დათვით“ ამერიკელი მსახიობი უილიამ  დეფო დააჯილდოვეს, რომლის ასფილმიანი არტისტული დიაპაზონი მართლაც შთამბეჭდავია -  ლარს ფონ ტრიერის „ანტიქრისტეში“ განსახიერებული აბსოლუტური სიკეთიდან, აბელ ფერარას  ფილმში ნათამაშევი იტალიელი გენიოსის, პიერ-პაოლო პაზოლინის ტრაგიკული ბედით  დამთავრებული. რომ აღარაფერი ვთქვათ, ბოლოდროინდელი ბიოგრაფიული ფილმის შესახებ  („მარადისობის ზღვარზე“), სადაც ის ვინსენტ ვან გოგს განასახიერებს.

პირველი დღის იმედგაცრუება (განსაკუთრებით  ფესტივალის გახსნა უეს ანდერსონის ანიმაციით) ერთგვარად გაანეიტრალა პარაგვაელი რეჟისორის, მარჩელო მარტინესის ფილმმა „მემკვიდრეები“, რომელშიც ფემინისტური ვნებათაღელვა მძლავრი და ზოგჯერ სასოწარკვეთის ტოლფასია. ეს არის სევდიანი ისტორია „პოსტ-ბალზაკის ასაკის“ ქალებზე, რომელთაც კაცები არ ან აღარ სჭირდებათ, თუმცა მათი მარტოობა უფრო ეგზისტენციური ჩანს. ფილმის მთავარი გმირები - კელა და ჩიკიტა, თავის სარჩენად წინაპართა მიერ დატოვებულ ავეჯს, სურათებსა და ჭურჭელს ყიდიან, თუმცა მდიდარი კლიენტების გულის მოგებას ყოველთვის ვერ ახერხებენ.

ფილმის საკმაოდ მდორე რიტმს რეჟისორის ფაქიზი მზერა და მსახიობთა კარგი თამაში ანეიტრალებს. დრო ძველი სახლის კედლებზე დარჩენილ კვალს აღბეჭდავს - ნელ-ნელა სურათები ქრება; შემდეგ მაგიდა და კარადა იყიდება, ფინალში კი სახლი ლამის ცარიელდება. მარტინესის ფილმში გარკვეულწილად, ჩეხოვის „ალუბლის ბაღის“ განწყობა და მესიჯი იკითხება - „ცოტაც და დამთავრდება ცხოვრება ამ სახლში“.

მეორე მხრივ, ასეთი პრეტენზიული „არტჰაუზ-ფილმი“ საფესტივალო ეკრანების შემდეგ ფაქტობრივად, დასაღუპად არის განწირული. მას მხოლოდ ჟურნალისტთა და კრიტიკოსთა ერთგული ნაწილი დაიმახსოვრებს, ხოლო თავად ფილმი კინოგაქირავებამდე ალბათ ვერ მიაღწევს და სადღაც არქივში ჩაიკარგება.

რაც შეეხება კიდევ ერთ საფესტივალო ფილმს - „ევა“, მადამ იზაბელ იუპერის მონაწილეობით, რომელიც ბენუა ჟაკომ ჯეიმს ჰედლი ჩეიზის რომანის მიხედვით გადაიღო, ასეთი ბედი არ ემუქრება. ჯერ ერთი, თავად იუპერის სამსახიობო კლასის გამო და მეორეც, ეს არის დიდი ბრიტანელი რეჟისორის, ჯოზეფ ლოუზის 1962 წელს გადაღებული ცნობილი ფილმის რიმეიკი, რომელშიც ჟანა მორო, სტენლი ბეიკერი და ვირნა ლიზი მონაწილეობენ. ამ ლეგენდარულ სამეულს ბენუა ჟაკოს ფილმში იზაბელ იუპერის, გასპარ ულიესა და ჯულია როის ტრიო ცვლის.

ყალთაბანდი ახალგაზრდა მწერლის, ბერტრანისა (გასპარ ულიე) და მდიდარი მეძავი ქალის, ევას (იზაბელ იუპერი)  სასიყვარულო ისტორია გაცილებით საინტერესო სანახავი იქნებოდა, კამერულობისა თუ თეატრალურობის კვალი რომ არ ეტყობოდეს. მკაცრი და ტიპური ბრიტანული იუმორი, პლუს შესანიშნავი თხრობა და ფარული კრიმინალური ვნება, რომელიც ლოუზის ფილმს ასე უხდებოდა, ფრანგულ ვარიანტში ლამის მანერულობამდე და არასაიმედო გალანტურობამდეა დაყვანილი. ისიც აღსანიშნავია, რომ ლოუზის ფილმში ჟანა მორო 33 წლის იყო, ხოლო იზაბელ იუპერი ევას როლში 63 წლის ასაკშიც ფანტასტიურად გამოიყურება.

რეჟისორს მშვენივრად ესმის, როგორ გამოიყენოს იუპერის უნარი საოცრად ითამაშოს ახლო ხედით და მეტყველი თვალებით, ამიტომაც ამ ხერხით ტირაჟირებას იწყებს,  რაც აშკარად საგრძნობია მთელი ფილმის განმავლობაში. გაორება „ნამდვილ“ და „მეძავ“ ევას შორის  ყველაზე საინტერესოა და „ფატალური ქალის“ სახე, რაც ასე საოცრად, შთამბეჭდავად შეძლო ჟანა მორომ, იზაბელ იუპერთან უფრო ნაწვალებ-დასწავლილის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა ბენუა ჟაკოს ფილმს ისევ იუპერის თამაში შველის, რომელმაც ფესტივალის პირველ დღეებში ყველა და ყველაფერი დაჩრდილა...  ჟანა მოროს აჩრდილის გარდა.

სტატია მომზადებულია ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^