Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხილული ჰორიზონტი და უგრძნობი პოეზია

21 თებერვალი 2018

ბერლინის კინოფესტივალზე, „პანორამაში“ თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“ უჩვენეს

როგორც ბერლინის კინოფესტივალიდანაც  ჩანს, დღევანდელი ქართული კინო ჯერჯერობით ქალების იმედად რჩება. ამის მაგალითებია ანა ურუშაძის „საშიში დედა“ და თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“.  პირველი - ბერლინალეს „კრიტიკოსთა კვირეულის“ გახსნაზე უჩვენეს და პრესაში საკმაოდ კარგი შეფასება აქვს. რაც შეეხება თინათინ ყაჯრიშვილის ფილმს „ჰორიზონტი“, პრემიერა პროგრამა „პანორამას“ ფარგლებში, პრესტიჟულ „Cinemax 7“-ში გაიმართა, სადაც სხვათა შორის, ბერლინალეს საკონკურსო ფილმებს უჩვენებენ.

კადრი ფილმიდან "ჰორიზონტი". 

ნიკოლა ბარდო, ონლაინგამოცემა „ფილმ-კულტში“ ანა ურუშაძის ფილმის შესახებ წერს: „ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ფილმის ორმაგ ბუნებასა თუ ხასიათზე. რეჟისორს უცნაური, ნევროზული და ამავდროულად, საკმაოდ ირონიული დამოკიდებულება აქვს სიუჟეტის მიმართ. ეს არის მუდმივი დისკომფორტისა და პოეზიის ამბივალენტური განცდა, რომლითაც შეპყრობილია 50 წელს გადაცილებული მანანა (ნატა მურვანიძე) - დიასახლისი, რომელიც აღმოაჩენს, რომ წერისა და განმარტოების სურვილმა იმდენად შეიპყრო, რომ ოჯახი და შვილები უნდა დატოვოს...

ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარი გემოვნებით, ირონიითა და სიმძაფრით შეგვახსენებს იმ ქალთა მდგომარეობის შესახებ, რომლებიც იძულებული არიან პატრიარქალურ ზეწოლას გაუძლონ და თან, საკუთარი ცხოვრება და შემოქმედება ოჯახიდან გაქცევის ან ექსტრემალური ნაბიჯის ხარჯზე შეინარჩუნონ“.

თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“ ქართულ-შვედურ-გერმანული კოპროდუქციაა, რომლის მსოფლიო პრემიერა სწორედ ბერლინის ფესტივალზე გაიმართა. ორი წლის წინ, ასევე „პანორამას“ ფარგლებში ნაჩვენები იყო „პატარძლები“, რომელმაც რეჟისორს წარმატება მოუტანა, მსახიობ მარი კიტიას ნამუშევარს კი გერმანული პრესა მართლაც განსაკუთრებულად გამოეხმაურა.

ფილმის მთავარი გმირების - გიორგისა (გიორგი ბოჭორიშვილი) და ანას (ია სუხიტაშვილი) განშორების  მიზეზები გაცილებით  ღრმა და საფუძვლიანია, ვიდრე ბანალური ოჯახური კონფლიქტი ან  უსიყვარულობა. ეს ორი უახლოესი ადამიანის ურთიერთობის დასასრულის მტკივნეული განცდაა, რომელსაც ბოლომდე ვერცერთი ვერ ეგუება. მართალია, განშორების პირველი შოკი თითქმის გადატანილია, მაგრამ ხელახლა ურთიერთობის დაწყება უკვე შეუძლებელია. თანაც მათ ორი შვილი ჰყავთ. ურთიერთობას კიდევ უფრო ართულებს ანას ახალი თაყვანისმცემელი ნიკო (სერგო ბუიღლიშვილი).

„ჰორიზონტის“ დიდი ნაწილი პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, სადაც გიორგი მეგობარ ჯანოსთან (ჯანო იზორია) ერთად თევზაობს და ველური ბუნების გარემოცვაში წარსულის ფსიქოლოგიური ტრავმების დავიწყება სურს. აქვე, პატარა სახლში ხანდაზმული წყვილი ცხოვრობს: ვალიკო (სოსო გოგინაშვილი) და ლარისა (ნანა დათუნაშვილი), რომლებიც მარტოობას ქალაქიდან ჩამოსული სტუმრის გამოჩენით უმკლავდებიან.

ფილმი თავიდანვე დეპრესიული ტონალობით გამოირჩევა, რასაც ირაკლი ახალკაცის მგრძნობიარე კინოკამერა და გიორგი ხალვაშის მინიმალური, მაგრამ შთამბეჭდავი მუსიკაც ემატება. ზღვისპირა ზამთრის პეიჟაზები ოდნავ აბსურდულ შთაბეჭდილებას ტოვებს და ამავდროულად მიუსაფრობის განწყობას ქმნის.

გასაგები დრამატიზმის მიუხედავად, გიორგის სიკვდილი ფინალში მაინც გაუგებარი რჩება, რისი მიზეზებიც უფრო სცენარში (თინათინ ყაჯრიშვილი და დავით ჩუბინიშვილი) უნდა ვეძიოთ. თუმცა საბოლოოდ, ფილმი ფორმის წყალობით, გამომსახველობითა და „ხილული ჰორიზონტით“ ემოციურ შთაბეჭდილებას ტოვებს, იმდენად, რომ ქარსა და თოვლს ლამის ფიზიკურად გრძნობთ. ზამთარი ზღვაზე - ეს ცალკე აღებული მეტაფორაა, რომელსაც ფილმის შინაარსიდან გამომდინარე, გაცილებით დიდი დატვირთვა აქვს.

რაც შეეხება საკონკურსო პროგრამას, კარგი შთაბეჭდილება დატოვა გერმანელი რეჟისორის, კრისტიან პეცოლდის „ტრანზიტმა“, რომელიც კინომანებს ატმოსფეროთი მაინც გაახსენებს ლეგენდარულ ფილმს „კასაბლანკა“. რაც ყველაზე უცნაურია, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამბები (ფილმი გადაღებული ანა ზეგერსის რომანის მიხედვით) დღევანდელ მარსელშია გადმოტანილი, სადაც ჰიტლერის რეჟიმს გამოქცეული გერმანელები მექსიკისა და ამერიკის ვიზის მისაღებად უზარმაზარ რიგებში დგანან. 

კადრი ფილმიდან "ტრანზიტი".

სიურრელისტურ განწყობას ქმნის კონტრასტი თანამედროვე გარემოსა და მეორე მსოფლიო ომის დროინდელ სასტუმროებს შორის - ქუჩებში თანამედროვე ავტომობილები დაქრიან, პოლიციელებსაც თანამედროვე ფორმები აცვიათ, სასტუმროებსა და შენობებში კი 40-50-იანი წლების შესატყვისი ატმოსფერო და ავეჯია. დროდადრო მარსელში გამოქცეული გერმანელი ლტოლვილების ნაცვლად

სასტუმროებში თანამედროვე სირიელ ლტოლვილებს ვხედავთ და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ისინი ერთმანეთს დროში ადგილებს უცვლიან. ამ გაუცხოების  წყალობით (რომელიც საბოლოოდ მაინც ხელოვნურია) ფილმში ერთგვარი კაფკიანური, თეატრალური ატმოსფერო იქმნება, რაც მაყურებელზე გარკვეულ შთაბეჭდილებას მაინც ახდენს. მოკლედ, კრისტიან პეცოლდმა პოლიტიკური ტრილერისა და გვიანი ბუნუელის შემოქმედების ნაზავი-ფილმი გადაიღო.

ალექსეი გერმან-უცროსის ფილმი „დავლატოვი“ ცნობილი რუსი მწერლის, სერგეი დავლატოვის ახალგაზრდობის პერიოდს გვაცნობს. უფრო ზუსტად, 1971 წლის ნოემბრის დღეებს, როცა საბჭოთა ლენინგრადი მონდომებით ემზადება რევოლუციური თარიღის - 7 ნოემბრის აღსანიშნავად, დავლატოვი კი რედაქციებში, ქუჩებსა და მეგობრებთან დაეხეტება. მას არც სამუშაო აქვს და არც თავისი ახალი ნაწარმობების დაბეჭდვის პერსპექტივა.

კადრი ფილმიდან "დავლატოვი".

ტოტალური უიმედობა და პოლიტიკური სიშლეგე სიზმრისეულად არის გადმოცემული: გრძელი და უსასრულო ხედები, კადრში ვითომ შემთხვევით მოხვედრილი პერსონაჟები, ასევე შემთხვევითი ფრაზები, მრავალგანზომილებიანი საუნდი... და ეს ყველაფერი საზარელი საბჭოთა „კაგებეს“ ფონზე, რომელიც ყველას და ყველაფერს უთვალთვალებს, რედაქციის რიგითი თანამშრომლებით დაწყებული, დავლატოვითა და მიხაილ ბროდსკით დამთავრებული (ფილმში ბროდსკი სამ ეპიზოდში ჩნდება და ლამის სამივეჯერ თავისი ცნობილი ინტონაციით კითხულობს ლექსებს).

ვისაც ალექსეი გერმანის წინა ფილმები - „ქაღალდის ჯარისკაცი“ და „ელექტრონული ღრუბლები“ უნახავს, ადვილად მიხვდება, რომ არაფერი ახალი და საინტერესო ფესტივალზე წარმოდგენილ ფილმში არ არის... თეო ანგელოპულოსის გავლენისა და უდროოდ მომაბეზრებელი ანტისაბჭოურობის გარდა. ასე რომ, ზოგჯერ მწერლებსა და პოეტებზეც შეიძლება უნიჭოდ არაპოეტური კინოს გადაღება.

მასალა მომზადებულია ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^