Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შშმ პირთა უფლებები ადამიანის უფლებათა ახალ სამთავრობო სამოქმედო გეგმაში

21 თებერვალი 2018

2018 წლის 24 იანვარს სამთავრობო კანცელარიაში გაიმართა შეხვედრა ადამიანის უფლებათა 2018–2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის მე-19 თავთან დაკავშირებით, რომელიც შშმ პირთა უფლებებს მოიცავს. საუბარი ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებს შეეხო, რადგან ისინი ბორჯომის შეხვედრაზე (რომელიც 2017 წლის 26–27 დეკემბერს გაიმართა) არ ყოფილან და იქ ამ საკითხების გავლა ვერ მოესწრო. თუმცა ვერც ამ შეხვედრაზე შევძელით კონკრეტულად ბევრ რამეზე შეთანხმება. ადამიანის უფლებათა 2018–2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა 2017 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, მაშინ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებში მისი პირველადი ვერსია გავრცელდა. ეს არის 2014–2020 წლების საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შესასრულებელი გეგმა. ის მოიცავს მრავალ უფლებას (მაგ. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, გამოხატვის თავისუფლება); ასევე, სხვადასხვა უმცირესობათა დაცვისკენ მიმართულ თავებს (გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები). განხილვის პროცესში ჩართვით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გეგმასთან დაკავშირებული თავიანთი კომენტარები საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთვის 2017 წლის 10 ნოემბრამდე უნდა გადაეგზავნა. 2017–2018 წლების დეკემბერ-იანვრის პერიოდში კონკრეტულად შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსა და კონკრეტულ საკითხებზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის 3 ოფიციალური შეხვედრა გაიმართა: 2017 წლის 14 დეკემბერს თბილისში, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, ამავე წლის  26 დეკემბერს ბორჯომში და 2018 წლის 24 იანვარს ისევ სამთავრობო ადმინისტრაციის შენობაში. ამ სტატიაში სწორედ 24 იანვარს გამართული საბოლოო შეხვედრის დროს განხილულ ძირითად საკითხებს ავღწერ.

შშმ პირთა შეფასებისა და სტატუსის მინიჭების სოციალურ მოდელზე გადასვლა. ძირითადად, კამათი შეეხებოდა იმას, თუ რა შედეგი უნდა გვქონდეს 2020 წლის ბოლოს. არასამთავრობოები ვითხოვდით, როგორც შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებას, ასევე უკვე ადამიანთა ამ ინსტრუმენტით შეფასებასა  და სტატუსის მინიჭებას; იმათი სტატუსის ხელახალ მინიჭებასა და გადაფასებას, ვისაც ის ისედაც ჰქონდა. ჯანდაცვამ უარი თქვა კონკრეტული ოდენობებისა და პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრაზე, რამდენი ადამიანი ეყოლებათ შეფასებული და გადაფასებული, რადგან არც ადამიანური რესურსი და არც ფულადი არ ეყოფათ მის დასაქირავებლად. ამასთან არ იციან, ზუსტად რამდენი ადამიანი მოვა ამ ახალი სისტემის ფარგლებში სტატუსის მინიჭებისა და შეფასების მოთხოვნით. კიდევ 1 პრობლემა: ვის, რა კატეგორიის, როგორი ფუნქციონირების ადამიანებს უნდა დავუნიშნოთ/დავუტოვოთ პენსია და ვის მხოლოდ სერვისები.

შშმ პირთა სამომავლო საჭიროებებისა და უკვე არსებული სერვისების საჭიროებისა და ეფექტურობის შეფასება. სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს პროცესი შეფასების ახალი სისტემის პარალელურად ვერ მოხდება, რადგან ჯერ ყველა რეგიონში უნდა გვყავდეს ახალი სისტემით შეფასებული შშმ პირები, თანაც ყველა ტიპის შეზღუდვით, რომ მათი საჭიროებები ვიკვლიოთ და ვიკვლიოთ ისიც, არსებული სერვისებიდან რომელია საჭირო და გამოსადეგი და რომელი – არა.

ზრდასრულთა რეაბილიტაციის დაფინანსების გამოყოფაზე ერთხმად თქვეს უარი. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ სახსრების უკმარობის გამოა არც ახლო მომავალში და არც 2020 წლის შემდეგ არ გეგმავენ ზრდასრულთა რეაბილიტაციაზე თანხების გამოყოფას. მათ აღნიშნეს, რომ ბავშვთა რეაბილიტაციისგან განსხვავებით, რომელსაც პრევენცია ან მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია, ზრდასრულთა რეაბილიტაცია მიმართულია მხოლოდ კონკრეტული მდგომარეობის შესანარჩუნებლად და გაუარესების თავიდან ასაცილებისკენ. USAID/აშშ საერთაშორისო დახმარების სააგენტოს პროექტი, რომლითაც სარეაბილიტაციო კლინიკების შექმნა იგეგმება, გრანტის თანხის ამოწურვის შემდეგ, ანუ 4 წელიწადში, ალბათ ვეღარ იქნება მდგრადი, რადგან ცოტა შშმ პირი თუ შეძლებს რეაბილიტაციაში თავისი სახსრებით ფულის გადახდას.

არასამთავრობო სექტორმა მოითხოვა, რომ შეიქმნას სხვადასხვა სერვისის (მაგ. დღის ცენტრების, დამხმარე საშუალებების, ადრეული ჩარევის, შინ მოვლისა და მისთ.) ერთიანი სტანდარტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ისეთი სტანდარტი, რომელსაც უნდა დაემორჩილონ ადგილობრივი თვითმმართველობებიც, როცა ისინი რომელიმე სერვისს აფინანსებენ, რადგან უამრავი მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული დღის ცენტრი ვერ აწვდის შესაბამისი ხარისხის მომსახურებას ბენეფიციარებს და ხშირად  გასართობ ადგილს ჰგავს. ამაზე ჯანდაცვამ განაცხადა, რომ თვითმმართველობებზე ფორმალური ზედამხედველობის უფლება არ აქვთ და  არაფორმალურად ისედაც ცდილობენ, რომ რამე უთხრან.

დეინსტიტუციონალიზაციაზე (დიდკონტიგენტიანი შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანსიონატებიდან, ასევე ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში არამწვავე მდგომარეობაში, ძირითადად, ოჯახის წევრთა უარის გამო მათთან თანაცხოვრებაზე ანდაც უსახლკარობის გამო ჩასახლებული ადამიანების გამოყვანა, შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რათა მათ შეძლონ დამოუკიდებლად ან მცირე ჯგუფებად ცხოვრება) ჯანდაცვამ თქვა, რომ პირდაპირ დეინსტიტუციონალიზაციას ვერ ჩაწერდა, რადგან დიდი ინსტიტუციებიდან ხალხის უმრავლესობას გასვლა არ უნდა, არიან რა შეშინებული, დამოუკიდებელ ცხოვრებას მიუჩვეველი. ამიტომ შემოგვთავაზეს, რომ ჩაწერდნენ სათემო მომსახურების გაძლიერებას და დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობას.

ქმედუნარიანობის რეფორმასთან დაკავშირებით არასამთავრობოთა ინიციატივა იყო, ჯანდაცვის სამინისტროსთან შექმნილიყო ერთგვარი საკოორდინაციო საბჭო, სადაც შევიდოდნენ წარმომადგენლები პარლამენტიდან და სასამართლო სისტემიდან. ეს იქნებოდა ხელისუფლების სამივე შტოს შორის, ასე ვთქვათ, საკონტაქტო ჯგუფი ქმედუნარიანობის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობდა შესაბამისი პოლიტიკის განსაზღვრას, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებასა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანას. თუმცა სამინისტრომ თქვა, რომ ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ვერც ამ ჯგუფის წევრთა ჩართულობის უზრუნველყოფაზე და, ვერც ამ ჯგუფის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რადგან საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება ჯანდაცვის სამინისტროს არ ექვემდებარება. ბოლოს დათანხმდნენ, ჩაეტარებინათ კვლევა რეფორმის ეფექტურობისა და მომავალში მის დასახვეწად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

არასამთავრობოების თქმით, რომ ზრდასრული შშმ პირები და შშმ ბავშვთა მშობლები ხშირად ამბობენ, რომ ჯანდაცვის პროგრამით უზრუნველყოფილი ანაზღაურებული სერვისები არ შეესაბამება მათ საჭიროებებს. ამაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საკმაოდ ხშირია კლინიკების მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქცევა, როდესაც ისინი თანხას იღებენ ისეთ სერვისებში, პროცედურებში, გამოკვლევებში, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვით ნაზღაურდება. თორემ სამინისტროს წარმომადგენლების აზრით, შშმ პირთათვის განკუთვნილი საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი საკმაოდ ფართო და უნივერსალურია და ნებისმიერი შშმ პირის საჭიროებებს წესით უნდა ფარავდეს.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან პასუხი ვერც შემდეგ საკითხებზე მოვისმინეთ: როგორი იქნება დეტალურად გაერო-ის 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის საქართველოში დანერგვის მაკოორდინირებელი ორგანო, რა წესით დაკომპლექტდება ის; რა ვადით, რა კრიტერიუმით აირჩევიან/დაინიშნებიან მასში შემავალი პირები, რამდენი ადამიანი იქნება მასში. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ეს ორგანო ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნება.

ბოლოს მე გამოვედი ინიციატივით, შექმნილიყო სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომელშიც იქნებოდა ყველა იმ პროცედურისა და დაავადების მკურნალობის კოდი, რომელიც ნაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, რათა მომხმარებელს შესძლებოდა იმ პროცედურის/გამოკვლევის/მომსახურების დასახელება, რომლის მიღებაც სურდა; ასევე შეძლებოდა საკუთარი სტატუსის შეყვანა (მაგ. შშმ პირი, სოციალურად დაუცველი, პენსიონერი, დევნილი, ვეტერანი და მისთ), აპლიკაციას კი მიეწოდებინა ინფორმაცია, ნაზღაურდება თუ არა მისთვის ეს მომსახურება და თუ ნაზღაურდება - რა პროცენტული წილით. აღნიშნული აგვარიდებდა კლინიკების არაკეთილსინდისიერებას. ამაზე ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა თქვა, რომ უნდა კითხოს IT-ს, რამდენად განხორციელებადია ამგვარი აპლიკაციის შემუშავება. წინასწარ კი გვითხრა, რომ რთული იქნებოდა.

ჩემს შემოთავაზებას, შშმ პირთა უფლებებისა და მათთან შესაბამისი კომუნიკაციის ეტიკეტის წესების შესახებ სწავლების კომპონენტი შეეტანათ სამედიცინო პერსონალის განგრძობადი განათლების ტრენინგმოდულებში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ეცდებიან ამაზე იფიქრონ.

აქვე დავამატებ, რომ ბორჯომის შეხვედრის (რომელიც წინ უსწრებდა 24 იანვრის შეხვედრას) გადამუშავებული გეგმის სამუშაო ვერსიაში მაინც არ მოხვდა ჩემი მოთხოვნა - საზოგადოებრივ ტრანსპორტში გახმოვანებულიყო გაჩერებები, ხოლო სმენის არმქონე პირთათვის ტაბლოზე თვალსაჩინო ადგილას დაწერილიყო ის, ასევე ავტობუსები გარე გახმოვანებით აღჭურვილიყო, რათა გამოცხადებულიყო ყოველ გაჩერებაზე მისული ავტობუსის ნომერი. ჩემს ამ ინიციატივებზე უარის თქმის საბაბად ის დასახელდა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები შედის არა ცენტრალური მთავრობის, არამედ ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაში. მაგრამ იბადება კითხვა: რაღატომღა იქნა შეტანილი გეგმაში საზტრანსპორტის მძღოლთა დატრენინგების საკითხი შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში? ან რაღატომ იქნა შეტანილი გეგმის პროექტში ცესკოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები, მაშინ როცა ცესკო ასევე არ არის მთავრობის დაქვემდებარებაში?

ამჟამად, სამოქმედო გეგმის პროექტის საბოლოო, ზემოთ აღწერილი რამდენიმე შეხვედრაზე გადამუშავებული პროექტი უკვე გამოქვეყნებულია სამთავრობო ვებგვერდზე და მთავრობის მიერ დამტკიცებას ელოდება. ჩემი შეფასებით, კონკრეტული აზრები და შეთანხმების წერტილები ვერაფერზე  ან თითქმის ვერაფერზე ვერ გამოიკვეთა. საბოლოოდ, ისიც ვერ გახდა ჩემთვის ცხადი, დაყენებული საკითხებიდან რომლები და რა ფორმით შევიდოდა სამოქმედო გეგმაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...
11 ნოემბერი
11 ნოემბერი

როგორ შევამციროთ სამედიცინო შეცდომების რ ...

მსჯელობა შეცდომებზე  პარადოქსულია, რომ გასაოცარი სამედიცინო პროგრესის პარალელურად, პაციენტთა გარდაცვალების ერთ-ე ...

მეტი

^