Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გვიამბეთ რამე... ტერორისტებზე

22 თებერვალი 2018

ბერლინის კინოფესტივალი ანდერს ბრეივიკსა და პალესტინელ ტერორისტებზე

ბერლინალე რომ წელს კინემატოგრაფიული თვალსაზრისით არ გამოირჩევა, სულაც არ ნიშნავს, რომ ფესტივალმა სოციალურ-პოლიტიკური გზავნილები დაივიწყა. მაგალითად, საკონკურსო პროგრამაში ორი სრულიად განსხვავებული ფილმია, რომლებიც რეალურად მომხდარ ამბებს ეყრდნობა: 2011 წლის 22 ივლისს, ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე მომხდარი ტერაქტი, როდესაც ანდერს ბრეევიკმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში 78 ადამიანი მოკლა და მეორე, როდესაც 1976 წლის ივნისში, პალესტინელმა ტერორისტებმა Air France-ის თვითმფრინავი გაიტაცეს  (რეისი თელ-ავივი-პარიზი).

ორივე ფილმი - „უტოია 22 ივლისს“ (რეჟისორი ერიკ პოპე)  და „7 დღე ენტებეში“ (რეჟისორი ჟოზე პადილა) ფესტივალზე ერთი დღის ინტერვალით უჩვენეს, რამაც ტერორიზმის შესახებ შეხედულება და აზრთა სხვადასხვაობა კიდევ უფრო გაამძაფრა. ერიკ პოპე ალბათ დღეს ნორვეგიის ყველაზე საინტერესო რეჟისორია, რომლის წინა ნამუშევარი „მეფის არჩევანი“  უკვე წარდგენილი იყო „ოსკარზე“. თუმცა „უტოია 22 ივლისი“ მაინც განსაკუთრებულია, რომელშიც მძაფრი ემოციური ფონი და დოკუმენტური თხრობა ერთმანეთს ხან აწონასწორებს და ხანაც გამორიცხავს.

რეჟისორი ერიკ პოპე და კადრი ფილმიდან „უტოია 22 ივლისს“,

ფილმი ოსლოს სამთავრობო რეზიდენციის წინ მომხდარი აფეთქებით იწყება, რომელიც ბრეევიკმა კუნძულ უტოიაზე გამგზავრების წინ დაგეგმა და განახორციელა. ამის შემდეგ უშუალოდ კუნძულზე გადაღებულ კადრებს ვხედავთ და 17 წლის კაიას (ანდრეა ბეტნსენი) ვეცნობით, რომელიც პირდაპირ მიმართავს კინოკამერას - „შენ ვერასოდეს გამიგებ, ამიტომ უბრალოდ მომისმინე“... მხოლოდ მოგვიანებით ირკვევა, რომ ის ტელეფონით დედას ესაუბრება და არა მაყურებელს.

სწორედ კაიასთან გატარებული 72 წუთი (ზუსტად იმდენი, რამდენი ხანიც ტერაქტი მიმდინარეობდა) აღმოჩნდება ფილმში ერთგვარი „ემოციური დეტონატორი“, რომელიც მთლიან და გაუჭრელ კადრს დოკუმენტურ დამაჯერებლობას მატებს. დიახ, ამ ერთ და მთლიან კადრში ჩატეულია გოგონას ტრაგედია, რომელიც მთელ მის ცხოვრებას იტევს. რეჟისორის ოსტატობა ის არის, რომ რეპორტაჟული თხრობის მიუხედავად, ბოლომდე ინარჩუნებს დისტანციასა და ნეიტრალურობას.

მაყურებელი კარგა ხნის განმავლობაში ვერ არკვევს კაია გამოგონილი პერსონაჟია თუ რეალური, ისევე როგორც ვერ არჩევს, ვინ არიან ახალგაზრდული  ბანაკის სხვა წევრები. ვერც იმას ხვდება, როგორები არიან ისინი სინამდვილეში - მამაცები, სუსტები თუ ინდიფერენტულები. ეს ხაზგასმული ნეიტრალურობა კიდევ უფრო მძაფრია. მოსალოდნელი ჰორორი თუ ფეთქებადსაშიში ატმოსფერო თითქოს ჰაერშია გამოკიდებული, რომელიც ფილმის ბოლომდე არ ნელდება.

არავითარი სპეკულაცია, არანაირი სისხლი და გვამები - მხოლოდ რამდენიმე შტრიხითაა დანახული ტერაქტის შემზარავი სიჩუმე, რომელიც გვამების გროვაზე უფრო ძლიერ ზემოქმედებას ახდენს. არც რაიმე განსაკუთრებული საგმირო თუ სასიყვარულო ამბებია აღწერილი, რამაც დაღუპულებისადმი თანაგრძნობა უნდა აღძრას. თითქოს ფიორდებზე გადაღებულ რაღაც დოკუმენტურ მასალას ვუყურებთ და არა შემზარავი ტერაქტის ამსახველ ფილმს. რაღაც ეპიზოდებში  შესაძლოა პიტერ ბრუკის მიერ 60-იანი წლების დასაწყიში გადაღებული შედევრი, „ბუზების ბატონი“ გაგახსენდეთ.

და მხოლოდ ფილმის მეორე ნახევარში, ნელ-ნელა იკვეთება ამგვარი „ნეიტრალურობის“  ქვეტექსტი და მიზეზები: რომ ცალკე აღებულ ყველაზე მშვიდ და უზრუნველ ქვეყანასაც კი არ შეუძლია წინა აღუდგეს ირაციონალურ ტერორიზმს; რომ ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც წლებით ნაშენებ ხელოვნურ სამოთხეს ააფეთქებს. ამიტომ რჩება ერთადერთი გზა და საშუალება: ვილაპარაკოთ რაც შეიძლება მეტი ტერორიზმზე, ოღონდაც ზუსტად, გამიზნულად და რეალობის შეცვლის მიზნით.

ამ რეალობის შეცვლის სხვა საშუალებას ირჩევს ბრაზილიელი რეჟისორი ჟოზე პადილა ფილმში „7 დღე ენტებეში“ (სხვათა შორის, 2008 წელს მისი ფილმი „ელიტური რაზმი“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა). კინომანებმა ალბათ იციან, რომ 1976 წელს Air France-ის თვითმფრინავის გატაცებისა და ტერაქტის  შესახებ კიდევ რამდენიმე ფილმია გადაღებულია. ამდენად საინტერესოა როგორ „დაინახა“ ბრაზილიელემა რეჟისორმა ეს ისტორია ხელახლა, უკვე 21-ე საუკუნეში.

 რეჟისორი ჟოზე პადილა და კადრი ფილმიდან „7 დღე ენტებეში“.

როგორც ცნობილია, 1976 წლის 27 ივნისს პალესტინის სახალხო ფრონტის განმათავისუფლებელი მოძრაობის ორმა წევრმა და ორმა მემარცხენე გერმანელმა ექსტრემისტმა (უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი RAF-ის წევრები იყვენენ) თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელიც პარიზში მიფრინავდა, და უგანადის ქალაქ ენტებეში დასვეს. იქ მათ გარანტირებული ჰქონდათ დიქტატორ იდი ამინის მხარდაჭერა.

ერიკ პოპესგან განსხვავებით, ჟოზე პადილა ამ ისტორიას სხვადასხვა კუთხით გვიჩვენებს. ჯერ ტერორისტებს ვეცნობით, რომელთაგან განსაკუთრებული აგრესიით პალესტინელი ექსტრემისტები გამოირჩევიან. შედარებით სხვა, ინტელექტუალურ და „საერთაშორისო რევოლუციურ გზას“ირჩევენ მემარცხენე ტერორისტები (მათ როლებს გერმანული კინოს ვარსკვლავები, დანიელ ბრული და როზამუნდ პიკე ასრულებენ).

შემდეგ უკვე ისრაელის მთავრობის სხდომას ვესწრებით, სადაც შიმონ პერესისა და იცხაკ რაბინის საპირისპირო პოზიციებს ვისმენთ. ცალკეა ნაჩვენები მრავალეროვან მძევალთა ფსიქოლოგიური პორტრეტები. პარალელურად კი კორუმპირებული დიქტატორი, ამინი მოლაპარაკებებს ტერორისტებთანაც მართავს და ისრაელის მთავრობის წევრებთანაც.

ამგვარი დიფერენცირებული თხრობა რეჟისორს საშუალებას აძლევს, გარკვეულწილად ნეიტრალური დარჩეს, ან პოზიცია აშკარად არ გამოხატოს; გარდა ამისა, მეტ-ნაკლები ობიექტურობით „დაშალოს და დაანაწევროს“ მთავარი სათქმელი. მოქმედება ხან ენტებეს აეროპორტში მიმდინარეობს, ხან ისრაელის სამხედრო შტაბში, ხან აეროპორტის დაბინძურებულ ტუალეტში,  ხანაც ებრაელი ჯარისკაცის შეყვარებული გოგონას სარეპეტიციო დარბაზში, რომელიც მოცეკვავეა...

საბოლოოდ, ყველა დრამატურგიული ხაზი ფინალში იკვეთება, რაც ტერორისტების განადგურებით მთავრდება. განსაკუთრებით ემოციურია ფილმის ბოლოს ნაჩვენები დოკუმენტური კადრები, რომლებშიც ამ ტრაგედიის მონაწილე მძევლებისა და მათი ოჯახის წევრების შეხვედრაა ნაჩვენები. ერთი სიტყვით, ბერლინალე ყველა დროში ცდილობდა და ახლაც ცდილობს პოლიტიკური იმიჯი თუნდაც ისეთი მრავალგანზომილებიანი და რთული თემით გადაირჩინოს, როგორც ტეროროზმია.

მასალა მომზადებულია ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^