Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შავ-თეთრი რომი შნაიდერი

23 თებერვალი 2018

ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაში ორი შავ-თეთრი ფილმი უჩვენეს: ლავ დიასის „ეშმაკის დრო“ და ემილი ატეფის „სამი დღე კიბერონში“.

ბერლინის კინოფესტივალზე აკრედიტებულ ჟურნალისტთა და კრიტიკოსთა დიდი ნაწილი მოუთმენლად ელოდა არტჰაუზის დიდოსტატის, ფილიპინელი რეჟისორის - ლავ დიასის ახალ ნამუშევარს, რომელიც, ცხადია, შავ-თეთრია (მას კარიერის განმავლობაში ფერადი ფილმი საერთოდ არ გადაუღია!) და, ცხადია, ძალიან გრძელია (ფილმი ოთხ საათზე მეტს ხანს გრძელდება!)

საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი „ეშმაკის დრო“ გასული საუკუნის 70-იან წლებში გვაბრუნებს, დიქტატორ ფერდინანდ მარკოსის დროში, რომელსაც ფილმში ნარცისიოდ მოიხსენიებენ. შავ-ბნელი დროის „მხედრები“,  ე.წ. სახალხო მილიციის წარმომადგენლები არავის ინდობენ, არც სოფლის მოსახლეობას და არც, მით უმეტეს, ინტელექტუალებს, რომელთა შორის გამოირჩევიან  მასწავლებელი და პოეტი ჰუგო, და მისი მეუღლე ლეონორა, საავადმყოფოს მედდა.

როგორც ლავ დიასის წინა ფილმებში, ამჯერადაც ეპიკური და პოეტური თხრობის მოწმენი ვართ. მისი ჯადოსნური კამერა მედიტაციისა და დროის ასახვის გასაოცარი უნარით გვახსენებს დიდი ინდოელი რეჟისორების - სატიაჯიტ რეისა და მრინალ სენის შემოქმედებას. თუმცა, მათგან განსხვავებით, ლავ დიასის ფილმები ნაკლები ხარისხით და ყურადღების მეტი კონცენტრაციით გამოირჩევა.

კიდევ ერთი უცნაურობა: „ეშმაკის დრო“ კინომიუზიკლია, უფრო ზუსტად, ანტიმიუზიკლი, რომელმაც კრიტიკოსების ნაწილს ლარს ფონ ტრიერის „სიბნელეში მოცეკვავე“ გაახსენა. თითქმის ყველა პერსონაჟი რეჩიტატივით მეტყველებს თუ მღერის და ყველაზე საზარელი სცენებიც კი (მაგალითად, ფიზიკური ძალადობისა და გაუპატიურების) სიმღერისა და ცეკვის ფონზე მიმდინარეობს. ჯალათებისა და  მსხვერპლის ერთობლივი სიმღერა ერთი შეხედვით პარადოქსულია, თუმცა ამის გამო გაცილებით დიდი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით გამოირჩევა.

კადრი ფილმიდან „ეშმაკის დრო“.

დავიწყებული შავ-თეთრი კინოს მაგია ასევე შეგვახსენა ირანული წარმოშობის ფრანგმა რეჟისორმა, ემილი ატეფმა ფილმში „სამი დღე კიბერონში“, რომელიც მეოცე საუკუნის ფრანგი კინოვარსკვლავის, რომი შნაიდერის ცხოვრებისა და შემოქმედების კრიზისულ პერიოდზე მოგვითხრობს. დიდი შანსია მარი ბოიმერი, რომელიც რომი შნაიდერს განასახიერებს, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის „ვერცხლის დათვით“ დააჯილდოვონ. გერმანელი მსახიობი არამხოლოდ ფიზიკურად ჰგავს ფრანგ კინოვარსკვლავს, არამედ მისი ჟეტები და ღიმილიც კარგად აუთვისებია და არც დრამატიზმი და ფსიქოლოგიზმი დაეწუნება... თუმცა წინასწარ  ვერაფერს გათვლი, მით უმეტეს ბერლინალეზე, სადაც არაპროფესიონალი მსახიობებიც კი დაუჯილდოვებიათ „ვერცხლის დათვით“.

ცნობილი გერმანული ჟურნალის, „შტერნის“ ჟურნალისტები სამი დღის განმავლობაში ცდილობენ ბრეტანის საკურორტო ქალაქ კიბერონში დასასვენებლად მყოფ რომი შნაიდერთან ინტერვიუ ჩაწერას. კინოვარსკვლავი აშკარად ფსიქოლოგიურ კრიზისშია: ალენ დელონთან დიდი რომანი უკვე დასრულდა, შვილს მხოლოდ ტელეფონით ესაუბრება, ეჩხუბება სტუმრად ჩამოსულ უახლოეს მეგობარს, ფლირტს აბამს ნაცნობ ფოტოგრაფთან... მოკლედ, ეს დღეები მისთვის მტკივნეული პირადი მოგონებებით არის აღსავსე. თუმცა ის არაჩვეულებრივი სიცოცხლის უნარიანობითა და იუმორით გამოირჩევა და შეუძლია ადგილობრივ ბარში იმხიარულოს, იცელქოს, იცეკვოს და სტუმრებს შამპანურითაც გაუმასპინძლდეს.

ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩნდება შესანიშნავი ფრანგი მსახიობი დენი ლავანი (ლეო კარაქსის ფილმების უმთავრესი პერსონა 90-იან წლებში), რომელიც პოეტს, მუსიკოსსა და მთხრობელს თამაშობს და ეს ეპიზოდი მართლაც შთამბეჭდავია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა მედიისა და ვარსკვლავების ურთიერთობა. უფრო ზუსტად, როგორ ცდილობენ სენსაციურ რეპორტაჟებს დახარბებული ჟურნალისტები ყველაფრისგან სანახაობის შექმნას. „დიდი ხანია 15 წლის გოგო არა ვარ, აღარც პრინცესა, მე 42 წლის უბედური ქალი ვარ“ - ყვირის ინტერვიუს ჩაწერისას გაბრაზებული კინომსახიობი, რომელსაც სანატორიუმის დიეტა და სიმშვიდე ლამის სასჯელად ეჩვენება.

„სამი დღე კიბერონში“ დახვეწილი, შავ-თეთრი და ელეგანტური ფილმია, რომელიც მსახიობური ოსტატობის გარდა, ცნობილი კურორტის მშვიდი ცხოვრების რიტმსა და „მკვდარი სეზონის“ ატმოსფეროსაც კარგად გადმოსცემს.

კადრი ფილმიდან „სამი დღე კიბერონში“.

კრიტიკოსთა გარკვეული იმედები, რომელიც გას ვან სენტის ახალ ფილმს უკავშირდებოდა, მაინცა და მაინც არ გამართლდა. ფილმის სათაური „არ იღელვო, შორს მაინც ვერ წავა“ ცნობილი კარიკატურისტის, ჯონ კალაჰანის ერთ-ერთი ჩანახატის სათაურია, რომელმაც გას ვან სენტი იმდენად შთააგონა, რომ საკმაოდ მსუბუქი და საამოდ სანახავი ფილმი გადაიღო. თუმცა რომ არა კარგად გამართული სცენარი და ხოაკინ ფენიქსის საოცარი გარდასახვის უნარი (სწორედ ის ასახიერებს ალკოჰოლიკ ჯონ კალაჰანს, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული), სავალდებულოდ მინიმალური წარმატების  მიღწევაც ძნელი იქნებოდა. ვარსკვლავების თაყვანისმცემელთა გასაგონად იმას აღვნიშნავთ, რომ ფილმში რუნი მარაც მონაწილეობს, ოღონდ განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, სკანდინავიური ავიაკომპანიის მოხდენილი თანამშრომლის მოხდენილად წარმოჩენის გარდა.

კადრი ფილმიდან „არ იღელვო, შორს მაინც ვერ წავა“.

რამდენიმე საინტერესო ნამუშევარმა ასევე მიიპყრო ჟურნალისტთა ყურადღება: ირანულმა ირონიულმა ფილმმა (ალიტერაცია უკვე მრავალმიშვნელოვანია!) „ღორი“, რომელიც გარკვეულწილად არტპაროდიად ან სერიალებზე პაროდიად შეიძლება აღვიქვათ; ასევე, გერმანულმა ფილმმა „ჩემს ძმას რობერტი ჰქვია და ის იდიოტია“ (რეჟისორი ფილიპ გრონინგი სცადა ჰაიდეგერის ფილოსოფიის, სამხრეთ გერმანიის პეიზაჟისა და და-ძმის ინცესტის ერთმანეთთან უცნაურად დაკავშირება) და სტივენ სოდერბერგის ახალმა ნამუშევარმა Unsame, რომელსაც თითქმის ხარისხიანი სასპენსის გარდა, ცოტა ირონიისა და შთამაგონებელი საუნდის კვალიც ეტყობა.

პარასკევს საფესტივალო პროგრამაში უჩვენებენ პოლონელი „მწვანე აქტივისტის“, მალგოჟატა შუმოვსკას „სახეს” (გასულ წელს მისი ფილმი „კვალი“ ბერლინალეზე ჟიურიმ სპეციალური პრიზით აღნიშნა); ასევე, გერმანულ-რუმინულ-ბულგარულ კოპროდუქციას „არ შემეხო“ (რეჟისორი ადინა პინტილე, რუმინეთი) და მექსიკელი რეჟისორის, ალონსო რუისპალასიოს ფილმს „მუზეუმი“ (გაელ გარსია ბერნალის მონაწილეობით). შაბათ საღამოს კი ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გამარჯვებულებს დაასახელებს.  

მასალა მომზადებულია ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^