Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კავკასიური ცეკვის შესრულებისთვის რუსეთში პატიმრობით სჯიან

25 ნოემბერი 2013

რუსეთში კავკასიური ცეკვის შესრულებისთვის 18 სტუდენტი სასწავლო დასწესებულებიდან გარიცხეს

18 ნოემბერს რუსეთის შსს-ს სტავროპოლის მხარის მთავარი სამმართველოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც არაადგილობრივი სტუდენტების მასობრივი დასჯის შესახებ იტყობინებოდა. ქალაქ კისლოვოდსკის სამედიცინო კოლეჯის 18 სტუდენტი სასწავლო დაწესებულებიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ,,ლეკურის“ ცეკვის გამო გაირცხნენ. პოლიციის თანამშრომლების აღწერით, მომხდარი ასე გამოიყურებოდა - ,,საღამოს, ახალგაზრდების ჯგუფმა ხმამაღალი ყვირილითა და სტვენით შეასრულა ცეკვა ,,ლეკური“ (უფრო ზუსტი სახელი ამ ცეკვისა იქნება ,,ლეზგინკა“, ცეკვა, რომელიც საერთოა ყველა ჩრდილოკავკასიელი ხალხისთვის). ,,ინციდენტის’’ მონაწილეებს ჯარიმები დაუწესეს ადმინისტრაციული დარღვევის გამო, ხოლო სტუდენტი ახალგაზრდები უმაღლესი სასწავლებლებიდან გარიცხეს.

სტავროპოლის მხარეში, ისევე როგორც, ზოგადად, რუსეთში, ე.წ. ,,ლეზგინკის“ შესრულებისთვის მოქალაქეები პირველად არ ისჯებიან, მაგრამ 18 სტუდენტის ერთდროულად გარიცხვა ბოლო წლების განმავლობაში დასჯის ყველაზე მასობრივი შემთხვევა იყო. ივნისში ოთხმა ახალგაზრდამ ,,ლეგზინკა“ პიატიგორსკის ერთ-ერთი კაფეს წინ, მოედანზე იცეკვეს, თან, როგორც პოლიცია  ამტკიცებს, ერთი მათგანი ცეკვის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. მაშინ მოცეკვავეები 12 დღე-ღამით დააპატიმრეს, ხოლო მასზე, ვინც ჰაერში ისროდა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მანამდე, იანვარში, ქალაქ სტავროპოლში ამავე ცეკვის შესრულებისთვის ინგუშეთიდან ჩამოსული ოთხი სტუდენტი დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს კოლონიის ტიპის დასახლებაში ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა იმის გამო, რომ ტრავმატული იარაღიდან ჰაერში ისროდა.

გაკიცხვის ტონი ლეკურის ცეკვის გამო და ასეთი ფაქტების ,,სკანდალად“ გამოცხადება რუსულ მედიაში  ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. თათარსტანში, ქალაქ  ყაზანში ,,ლეზგინკის“ ცეკვის ფაქტს ადგილობრივი მედია ასე გამოეხმაურა: ,,სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეორგოლები, რომლებშიც კავკასიური ეროვნების პირები ბაუმანის ქუჩაზე ,,ლეზგინკას“ ცეკვავენ, დროშას იქნევენ და გამვლელ-გამომვლელს არანაირ ყურადღებას არ აქცევენ.“

რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (РИСИ) თანამშრომელმა, პოვოლჟიეში ანტიისლამურ პროპაგანდაზე სპეციალიზებულმა რაის სულეიმანოვმა ყაზანელ ჟურნალისტებს ინტერვიუში განუცხადა: ,,კავკასიური ,,ეთნოდანსინგი’’ ერთგვარი მარკერია: ხშირ შემთხვევაში ასე ცდილობენ გარშემომყოფთათვის იმის ჩვენებას, რომ შეუძლიათ თავს უფლება მისცენ, როგორც სურთ, ისე მოიქცნენ, ხოლო გარშემომყოფთა დუმილს მათსავე სისუსტეს მიაწერენ.“

სტავროპოლის და კრასნოდარის მხარეებში, ასევე როსტოვის ოლქში ლეკური, ანუ ,,ლეზგინკა“ პრაქტიკულად აკრძალული ცეკვაა. სინამდვილეში შეუძლებელია, რომ ამ ცეკვას ერთნაირად ასრულებდეს ყველა კავკასიელი ხალხი, ყველას თავისებური მანერა აქვს მისი შესრულებისა. ამის მიუხედავად, რუსული პოლიცია მაინც ახერხებს მის ამოცნობას და მისი შესრულებისთვის საკმაოდ მკაცრ სასჯელს იყენებს. თანაც მასთან დაკავშირებულ ყველაზე მსხვილი სკანდალების გეოგრაფიას თუ დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ ყველაზე დიდ გაღიზიანებს ის - რუსეთის სამხრეთ ნაწილში, ასევე - ქვეყნის ცენტრალური ნაწილის მსხვილ ქალაქებში იწვევს. ეს ალბათ უფრო იმას უკავშირდება, რომ როგორც წესი, ჩრდილოეთკავკასიელები სამუშაოს საძებნად ამ რეგიონებისკენ მიაშურებენ, მსხვილ რუსულ ქალაქებში მეტია სამუშაოს პოვნის ალბათობა.

კავკასიური ცეკვის აკრძალვა საკუთრივ ,,რუსულ რუსეთში“ საკმაოდ სიმბოლურია. ერთი მხრივ, მოსკოვის პოლიტიკა უკანასკნელ წლებში თითქოს იმისკენ იყო მიმართული, რომ ჩრდილოკავკასიელ ახალგაზრდებს რუსულ ქალაქებში სწავლის შესაძლებლობები გაფართოებოდათ - იმ ფარული მოსაზრებით, რომ მშობლიური ქალაქებიდან და სოფლებიდან შორს ადვილად მომხდარიყო მათი ასიმილირება და ,,დანაჩენების მსგავსი“ რუსი მოქალაქეები გამხდარიყვნენ. მეორე მხრივ, რუსებს მაინცდამაინც არ სურთ თავიანთ ქალაქებში მათგან განსხვავებული ადამიანების ნახვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს თეორიულად ზუსტად მათნაირი სამოქალაქო უფლებები აქვთ.

,,ლევადა-ცენტრის“ ამასწინანდელი გამოკითხვების დროს, კითხვაზე, თუ რომელი ეთნიკური ჯგუფების ცხოვრება უნდა შეიზღუდოს რუსეთის ტერიტორიაზე, რესპონდენტების 54%-ის პასუხი იყო: ,,კავკასიელების“.  თვალსაჩინოებისთვის, შუა აზიისა და ჩინეთის მკვიდრთა შესახებაც კი (რომელთა რუსეთის ქალაქებში მოძალების შესახებ რეგულარულად იუწყება რუსული მასმედიის საშუალებები) ამავე კითხვას დადებითად 45%-მა უპასუხა, ანუ თითქმის ათი პროცენტით ნაკლებმა რესპონდენტმა. ამგვარმა დამოკიდებულებამ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ეთნიკურად რუს მოქალაქეებს შორის სამჯერ იმატა. გამოკითხულთა 66% ემხრობოდა ლოზუნგს ,,რუსეთი რუსებისთვის“, რაც ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, იმავე ცენტრის მონაცემების თანახმად. ამავე დროს, 71%-ი ეთანხმება ლოზუნგს ,,კმარა კავკასიის გამოკვება“ - ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ამ პოპულარული ლოზუნგის წარმოშობიდან, ანუ 2011 წლიდან. 62% თვლის, რომ რუსეთში ეთნიკურ ნიადაგზე  მასობრივი სისხლისღვრის დაწყება სრულიად მოსალოდნელია.                                                                                                                                     

შეუძლებელია, რუსულ საზოგადოებაში მომძლავრებული ქსენოფობიური განწყობილებები არ აისახოს კავკასიელების მიმართ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკაზე. რუსეთის მოქალაქეების კულტურული თავისებურებების აკრძალვა ამ ტიპის ერთ-ერთი ბოლო გამოვლინებაა. თანაც საუბარია არა ერთ რომელიმე ეთნიკურ ჯგუფზე, არამედ ყველა კავკასიურ ეროვნებაზე, რადგან, რუსი ბიურგერი, როგორც სოციოლოგები აღიარებენ, კავკასიელებს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს და ყველას ერთად და ცალ-ცალკე ,,უცხოებად“ მიიჩნევს. ბუნებრივია, რომ საკუთარი ქვეყნის თანამოქალაქეების კულტურულ თავისებურებათა ასეთი აგრესიული მიუღებლობა პერსპექტივაში მხოლოდ გაზრდის დისტანციას საკუთრივ რუსულ ოლქებსა და ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებს შორის.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, "ლიბერალისა და ფონდის ერთობლივი პროექტის "სამხრეთ კავკასიის ხმების" ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, გამოყენებული ტერმინოლოგია, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ფონდის და ჟურნალის პოზიციას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

მოლიერი, ჩეხოვი და სხვანი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - კლასიკური ტექსტებიდან სხეულის უსაზღვრო შესაძლებლობამდე
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...

მეტი

^