Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TV3- ის სამართლებრივი პრობლემები

02 დეკემბერი 2013

მედია სივრცეში მიმდინარე წლის გაზაფხულზე  ტელეკომპანია TV3-მა მაუწყებლობა განაახლა. TV3,  ყოფილი „რეალ-ტვ“, ლალი ეგაძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ , 16 სექტემბერს,  30 000 ლარად შეიძინა . მოგვიანებით, 2013 წლის მაისში კი ეგაძემ ტელევიზიის 90%-იანი წილი 200 000 ლარად გაყიდა. ამჟამად არხის დირექტორი და ერთ-ერთი მფლობელი ყოფილი ფინანსთა მინისტრი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ამჟამინდელი პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილია.  რა ფინანსური რესურსებით არსებობს ტელევიზია? რა ფინანსურ კაპიტალს ფლობენ არხის მფლობელები? როგორ მოიპოვეს მათ მაუწყებლობის ლიცენზია?

არხთან დაკავშირებით კითხვები ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა ლალი ეგაძემ ტელევიზია საკმაოდ მცირე თანხად, 30 000 ლარად შეიძინა. მედია პუბლიკაციებში გამოითქვა ეჭვი, რომ გასხვისებით ტელევიზიამ მხოლოდ ფორმალურად შეიცვალა მფლობელი, რეალურად კი მის უკან პოლიტიკური ძალა, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა.  გადახდილი თანხის სიმცირეს ლალი ეგაძე იმით ხსნიდა, რომ ტექნიკური ბაზა არხს ტელეარხ „საქართველოსგან“ ჰქონდა ნაქირავები, რაც უკანვე წაიღეს, შესაბამისად მან ტელევიზია ტექნიკური რესურისის  გარეშე შეიძინა, რამაც მისი დაბალი თვითღირებულება განაპირობა.

თავდაპირველად, როგორც კახა ბაინდურაშვილი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში აცხადებდა არხი ბიზნესსა და ეკონომიკაზე იქნებოდა ორიენტირებული. თუმცა, მოგვიანებით არხზე ინგა გრიგოლიას პოლიტიკური გადაცემა "დიდი პოლიტიკა" გამოჩნდა.  ეჭვები ტელევიზიასთან და მის მფლობელთან დაკავშირებით კვლავ გამოითქვა, გაჩნდა კითხვა, ეს არის მედია პროექტი, რომლიც იმოტომ შიქმნა, რომ მედია სივრცეს განსხვავებული კონტენტი შესთავაზოს, თუ ეს არის პოლიტიკური პროექტი, რომელიც კონკრეტულ გარემოებაში სჭირდება რომელიმე პოლიტიკურ ძალას? ეჭვქვეშ დადგა ის ფაქტიც თუ რამდენად კანონიერად მოიპოვა კახა ბაინდურაშვილმა მაუწყებლობის ლიცენზია? 20 ნოემბერს „კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის“ განცხადება გაავრცელა, რომლშიც კახა ბაინდურაშვილს „მაუწყებელთა შესახებ კანონის“ დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან მას, როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს,  უფლება არ აქვს ფლობდეს მაუწყებლობის ლიცენზიას.  კოალიციის წევრები ბაინდურაშვილის საკუთრებაში TV3-ისა და რადიო „ზენიტის“ წილების ფლობას საკანონმდებლო პრინციპების დარღვევად აფასებენ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას თხოვნით მიმართავენ, დარღვევები კანონით გათვალისწინებული ზომების მიხედვით აღმოფხვრან.

საქართველოს ზოგადადმინისტრაციულ კოდექსში ადმინისტრაციული ორგანო განმარტებულია, როგორც „ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.“ (მუხლი 2) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამართლებრივი სტატუსი კანონითაა განსაზღვრული, როგორც წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შესაბამისად, ამ ორგანოს პრეზიდენტს არ აქვს სამართლებრივი უფლება ფლობდეს მაუწყებლობის ლიცენზიას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ეკა ციმაკურიძის თქმით,  „მაუწყებლობის შესახებ კანონის“ მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, არ შეიძლება ჰქონდეს წილი სამაუწყებლო კომპანიაში, რაც  გარანტიაა იმისა, რომ მაუწყებელი  პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი იყოს,- „ როცა ესა თუ ის კომპანია არის ლიცენზიის მაძიებელი ან ლიცენზიის მფლობელი, ის ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც ხელმოწერით ადასტურებს, რომ კომპანიაში არ ფლობს წილს არც ადმინისტრაციული პირი და არც საჯარო მოხელე.  ასეთი შესაბამისობის დეკლარაცია თავის დროზე TV3-მა წარადგინა, სადაც TV3-ის  დირექტორი ხელმოწერით ადასტურებს ამ შეუსაბამობის არარსებობას. სავარაუდოა, რომ კომისია ენდო ამ შესაბამისობის დეკლრაციაში აღნიშნულ ინფორმაციას და გამოკვლევის მხრივ ამაზე შორს აღარ  წავიდა. თუმცა, კომისიას ჰქონდა ვალდებულება, რომ დეტალურად გამოეკვლია საკითხი, თუ ვის აძლევდა ლიცენზიას.“

ეკა ციმაკურიძის თქმით, პირველ ეტაპზე შესაძლოა სანქცია ლიცენზიის შეჩერება იყოს,- „ლიცენზიის შეჩერების პერიოში  კომპანია ვალდებული იქნება შესაბამისობაში მოვიდეს კანონის მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს იმას, რომ წილი გასხვისდეს ისეთ პირზე, რომელსაც არ ექნება მსგავსი პრობლემები. თუმცა,  ამ კონკრეტულ ვითარებაში წილის გაყიდვა, ვფიქრობ, საკმარისი არ იქნება, რადგან კახა ბაინდურაშვილი წილის გასხვისების შემთხვევაში არხის დირექტორად რჩება, კანონის მიხედვით კი ადმინისტრაციული ორგანოს პრეზიდენტს სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელობის უფლებაც არ აქვს,“- განმარტავს ეკა ციმაკურიძე.

იმის გასარკვევად, თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიას აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, „ლიბერალი“ კომისიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, პრესმდივნის, ხატია ყურაშვილის განცხადებით აღნიშნულთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა უკვე დაწყებულია,-„ როცა ლიცენზიის გადაცემა მოხდა, კომისიამ  მიიღო შესაბამისობის დეკლარაცია, კახა ბაიდურაშვილი ხელმოწერით ადასტურებდა, რომ არ ეკავა არანაირი ადმინისტრაციული პოზიცია და აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რაც კანონში მაუწყებლობის შესახებაა გაწერილი. კომისია ამ დოკუმენტს დაეყრდნო და გადასცა მაუწყებლობის ლიცენზია. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ ბაინდურაშვილმა ეს ფაქტი დამალა, ეს ნიშნავს, რომ მან შეცდომაში შეიყვანა კომისია. კომისია არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც მსგავს საკითხებს საჯარო სხდომაზე განიხილავს. შესაბამისად, თუ როგორი იქნება სანქცია, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც საკითხი  საჯარო სხდომაზე გავა.“

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, TV3-ის გენერალური დირექტორი კახა ბაინდურაშვილი არხის 9%-იან წილს ფლობს, თანამფლობელები არიან: ბიზმესმენი დავით მჟავია- 51%, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირველი ვიცე პრეზიდენტი ლაშა ჩხენკელი- 30% და ლალი ეგაძე- 10%. კახა ბაინდურაშვილისთვის და მისი ბიზნეს პარტნიორებისთვის TV3 მედიაში ერთადერთი შენაძენი არ ყოფილა, მათ მფლობელობაშია გაზეთი- "Commercial Times",საინფორმაციო სააგენტოები-  "Commercial News Agency", "Monitorinfo", "Monitori", მისმა კომპანიამ "ენერჯი გრუპმა", კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რადიომაუწყებლობის ლიცენზიაც მოიპოვა.

საჯარო ინფორმაცია, რომელიც არხის შესახებ საჯარო რეესტრში იძებნება დამაკმაყოფილებელი არ არის მედია ანალიტიკოს ზვიად ქორიძისათვის. მისი თქმით ეჭვს იწვევს ის საბაზოსო ფინანსების წყარო, რომელიც არხის ამუშავებისთვის იყო საჭირო, მაშინ როცა არხმა მაუწყებლობა სულ რამდენიმე თვეა რაც დაიწყო ნაკლებსავარაუდოა, რომ რეკლამებისგან მიღებული შემოსავალი არხის არსებობისთვის საკმარისი იყოს. ვინ არის არხის ფინანსური წყარო? ვინ არიან ინვესტორები და რა ფინანსურ რესურს ფლობენ ისინი? ეს ის ძირითადი კითხვებია, რომლებიც მედია ანალიტიკოსს TV3-ის მიმართ აქვს,-"პასუხები ამ კითხვებზე ჩვენ მოგვცემს იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ, ეს არის მართლა მედია პროექტი, რომელიც გამოჩნდა ბაზარზე, იმიტომ რომ იყო რყევები მედია სივრცეში და მართლა ჩათვალა არხის გენერალურმა მენეჯერმა ან არხის მეპატრონემ, რომ აქ არის საუკეთესო სასტარტო პირობები ახალი სატელევიზიო სადგურის ასაშენებლად თუ ეს არის პოლიტიკური პროექტი, რომელიც კონკრეტულ გარემოებებში სჭირდებოდა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. " ზვიად ქორიძის თქმით, ასევე გასარკვევია იმ ტექნიკური რესურსების ამბავი, რომლის თავმოყრაც მოხდა ტელევიზიაში,-" ჩვენ პრაქტიკულად ვხედავთ რამდენიმე არხის სიმბიოზს.  ეს არის ტელეკომპანია "ალანიას", "პიკის" და "რეალ-ტვის", არა მხოლოდ ადამიანური რესურსების, არამედ ტექნიკური და მეთოდოლოგიური საშუალებების სიმბიოზი. მაგალითად, რაღაც პროგრამები არხზე მეორდება,  TV3-ის  ეთერში "პიკის" რამდენიმე გადაცემა გადის."

რა კაპიტალით ფინანსდება ტელევიზია? ვინ არიან ინვესტორები? როგორ მოიპოვა TV3-ის მაუწყებლობის ლიცენზია კახა ბაინდურაშვილმა, როცა ის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, რაც თავის მხრივ არღვევს „კანონს მაუწყებლობის შესახებ“? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ლიბერალი“ შეეცადა კახა ბაინდურაშვილს დაკავშირებოდა, თუმცა, ვერ მოხერხდა, იგი მთელი კვირის განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდა, დაბრუნების შემდეგ კი ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებას არ უპასუხა.

რა ფინანსურ რესურსებს ფლობენ არხის მფლობელები? "საეთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რომელიც TV3-ის მფლობელთა საკუთრებაში მყოფ შპს-ებს მოიცავს, კახა ბაინდურაშვილი თანამეწილეა: "Lebanese-Georgian Investment Fund" (50%), "Georgian Olive Gardens" (50%), "LGIF Agri" (50%), "Vils Fort Management" (50%), "Vils Fort IT" (34%). ლაშა ჩხარტიშვილი : "New Technology" (40%), "Lassa" (50%), "VIP Palace" (64%). დავით მჟავია საქართველოში რემდენიმე ბიზნეს კომპანიას ფლობს: "Globalavtospetsteknika" (100%), "Partniori" (100%), "Kompiqsi" (100%). ლალი ეგაძე: "Komoss" (100%), "Lalo" (50%).

2013 წლის ივლისში , "მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქრთველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობებისგან ითხოვს წარადგინონ იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ვინაობა, ვისგანაც მედიასაშუალება იღებს შემოსავალს, მათ შორის მფლობელებისგან, გარდა ამისა დეტალურ ინფორმაციას ინტერაქტივის, განცხადებების, საეთერო დროის გაყიდვის, ტენიკური მომსახურების, კონტენტის რელიზების და გადაცემების განთავსების შესახებ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 2013 წლის მესამე კვარტალში მიღებული შემოსავლების შესახებ 13 ნოემბერს გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით TV3-ის შემოსავალი 15,089 ლარს შეაგდენდა, რომლის წყაროდ რეკლამებია მითითებული. მაუწყებლებმა ასევე წარადგინეს ინფორმაცია იმ პირების შესახებ, ვისგანაც კვარტლის განმავლობაში 7 000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. TV3-ის მიერ წარგდენილი მონაცემების მიხედვით ასეთი მხოლოდ ერთი კომპანიაა- შპს "მაგთიკომი".  ამ ორი მონაცემის გარდა ანგარიშში არ არის მითითებული არც ერთი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვისგანაც ტელეკომპანია შემოსავალს მიიღებდა, მათ შორის არც მფლობელები.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

პოლიტიკის წესები

დასავლური პოლიტოლოგიის ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან მმართველები დიქტატორები, კარგადაა აღწერილი ნიუ-იორკის უნივე ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...

მეტი

^