Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

N1 პრიორიტეტი?

02 დეკემბერი 2013

ასეთი გამოკითხვა, გნებავთ-რეფერენდუმი რომ ჩავატაროთ „უნდა იყოს თუ არა განათლება ჩვენი ქვეყნის განვითარების პირველი პრიორიტეტი“, ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იტყვის, რომ უნდა იყოს.  

სწორედ საზოგადოების ამ განწყობას ასახავდა ის ფაქტი, რომ ერთი წლის წინ, როცა არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის წარდგენა მოხდა, განათლების სფერო განსაკუთრებულად გამოიყო. ეს ერთადერთი სფერო იყო, სადაც დამატებით რეფორმების სახელმწიფო კომისიის შექმნა გადაწყდა, რათა ამ კომისიას თავისი გამოცდილებით, ცოდნითა და ავტორიტეტით განათლების რეფორმის განხორციელების სწორი გზა დაესახა. მართლაც, შექმნიდან სულ ერთ თვეში  კომისიის მიერ შემოთავაზებული იყო უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფცია, რომელიც ეფუძნებოდა აბსოლუტურად გასაგებ, აღიარებულ და ყველასთვის მისაღებ პოსტულატს, როგორიცაა აკადემიური თავისუფლება და გვთავაზობდა განათლების სისტემის განვითარების ასევე ძალიან გასაგებ, ვფიქრობ ყველასთვის მისასალმებელ და საერთაშორისო გამოცდილებით აპრობირებულ გზას - გამჭვირვალე პროცედურებით და პროცესის ინტერნაციონალიზაციით საუკეთესოთა გამოვლენისა და წახალისების, მათთვის განვითარების უკეთესი პირობების შექმნისა და სხვათა სტიმულირების პრინციპის დანერგვას. ეს პოსტულატი და პრინციპი უნდა გავრცელებულიყო როგორც უმაღლესი, ასევე საშუალო, და პროფესიული განათლების სფეროებზე.

საკუთარი დაკვირვების საფუძველზე შემიძლია დავადასტურო, რომ უნივერსიტეტების დიდი უმრავლესობა მაშინ ძალიან დადებითად და მზაობით შეხვდა ამ კონცეფციის ძირითად იდეას, მთლიანად საზოგადოება კი - იმედით და უკეთესობის მოლოდინით. ამ მზაობასა და იმედს საფუძვლად ედო რამდენიმე ფაქტორი: ყველასთვის აშკარა იყო, რომ განათლების სისტემაში ცვლილებები და თან სერიოზული ცვლილებები აუცილებელია, კონცეფციის ახლებური სტილი, მის ავტორთა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი და ენთუზიაზმი და კონცეფციის მთლიანად პოზიტივზე ორიენტირებულობა. იმედს აძლიერებდა საინფორმაციო საშუალებების ინტენსიური ჩართულობა პროცესებში და აქცენტირება თემისა, რომ განათლება ქვეყნის პირველი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

თუმცა, იმედიანი დასაწყისის შემდეგ ერთი წელი გავიდა და რა ხდება კონცეფციის იმპლემენტაციის მიმართულებით ჯერ კიდევ ბუნდოვანია. საქმე ის არის, რომ ისევე როგორც ნებისმიერი კონცეფციის შემთხვევაში, თავად კონცეფცია ხედვის შეთავაზებას გულისხმობს, მის განხორციელებას კი  შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით განმტკიცება სჭირდება, ანუ ერთგვარი „გადმოთარგმნა“ კანონებისა და ნორმატიული დოკუმენტების ენაზე, რაც რა თქმა უნდა უკვე შესაბამისი ინსტიტუციების მიერ უნდა განხორციელდეს.

აი აქ კი, ჯერ-ჯერობით ერთადერთი რაც ვიცით ის არის, რომ კონცეფციაზე უარი არ გვითქვამს. თუმცა კონკრეტული სამოქმედო გეგმა და  მით უმეტეს მის მიხედვით გადადგმული ნაბიჯები დღემდე ნამდვილად არ გვინახავს. როგორც ეტყობა, ვერც კონცეფციის ავტორებთან თანამშრომლობა ხერხდება. საკმაოდ მორიდებულად ისმის კითხვები - რატომ? პასუხები ჯერ-ჯერობით არადამაჯერებელია. ამავე დროს, თუ განათლების სფეროში ბოლო თვეების მოვლენებს მივადევნებთ თვალს,  კარგად დავინახავთ, რომ ცალკეული ფაქტები, ნაბიჯები თუ ინიციატივები განათლების მთელი სისტემის რაიმე ერთიანი ხედვის და სტრატეგიის შემადგენელი ნაწილები არ არის, გაფანტულია და კონტექსტიდან ამოგლეჯილი.  

ბოლო პერიოდის ყველაზე რეზონანსული ამბავი  იყო მასწავლებელთა სავალალო შედეგები სასერტიფიკატო გამოცდებზე. ზოგიერთები ამას მასწავლებლების დაბალი კვალიფიკაციით ხსნიდნენ, ზოგნი - ტესტების შეუსაბამობით სტანდარტთან, რაც თავის მხრივ სავარაუდოდ განათლების სისტემის შიგნით არაკოორდინირებულ მოქმედებით უნდა იყოს გამოწვეული. არცერთი ახსნა არ არის კარგი გამოსავალი, კიდევ უარესია, თუ ორივე ვარაუდი დასტურდება.  ამას მოჰყვა ის, რომ როგორც შევიტყვეთ, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ვალდებულება იცვლება ალტერნატიული სქემით, რაც ზოგადად სწორია. თუმცა რადგან ეს ცვლილება გამოცდების ასეთი შედეგების ფონზე მოხდა, იგი საზოგადოების ნაწილის მიერ აღქმული იყო  როგორც მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაციის პრობლემის მიჩქმალვისა და სიტუაციიდან იოლი გამოსავალის ძებნის მცდელობა.

მასწავლებლების ხელფასების ზრდის ტენდენცია რომ არის, ამას  რა თქმა უნდა ყველა მივესალმებით და ვიცით, რომ ეს მოტივაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ალბათ არც იმაში გვეპარება ეჭვი,  რომ კვალიფიციური მასწავლებელთა კორპუსის ჩამოყალიბებისთვის მარტო ხელფასების ზრდა არაა საკმარისი, კარგი მასწავლებელი,  პირველ რიგში, კარგმა უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა მოამზადოს, ეს ერთიანი ჯაჭვია და მხოლოდ მისი ერთ რგოლი, სხვა რგოლების გარეშე, შედეგს ვერ მოიტანს.

ამავე დროს უმაღლეს განათლებაში რომ სერიოზული პრობლემებია, ესეც თითქოს არ არის დაფარული -  განათლების მკვლევართა ჯგუფის მიერ რამდენიმე კვირის წინ გასაჯაროებულ ანგარიშში  განათლების სისტემის სხვადასხვა სფეროების სერიოზული ნაკლოვანებები გამოაშკარავდა, მათ შორის ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო სფეროს - განათლების ხარისხის მართვის სისტემის არასრულფასოვნების შესახებ, რაზეც ერთი წლის წინაც ვსაუბრობდი. ეს დასკვნები რომ დაიდო კარგია, მაგრამ დასკვნა დასკვნად, კითხვები, თუ შემდეგ რა ხდება, გამოსავალი სად უნდა ვეძებოთ, კვლავ უპასუხოდ რჩება. ამის პარალელურად ახლახან გავიგეთ, ასევე, რომ სასკოლო ოლიმპიადების სისტემაში ცვლილებები შედის და ოლიმპიადების ნაწილი უქმდება - რით არის ეს გადაწყვეტილება გამართლებული, არავის უთქვამს, თუმცა დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ფართო განხილვების საფუძველზე უნდა ხდებოდეს. ამის პარალელურად სასკოლო ოლიმპიადის პირველ ტურში ინციდენტმა, რომელიც ტესტების წინასწარ გამოქვეყნებას უკავშირდება, საკმაოდ ცუდი დარტყმა მიაყენა ამ ოლიმპიადების სისტემის იმიჯს. იყო მოთხოვნა სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რომ გამოძიებული იქნას ეს ფაქტი, ვნახოთ, ჯერ-ჯერობით ამ კუთხით ახალი არაფერი ისმის.     

მე მგონი  ჩვენი დღევანდელი განათლების სისტემა  დახლართულ ლაბირინთშში დაკარგულს ჰგავს, ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ, ხშირად ერთი და იმავე ადგილს ვტკეპნით, ვუვლით და სინათლის შუქზე გასასვლელს კი ვერ ვპოულობთ.  ვერც ვიპოვით, თუ ბერძნული მითის გმირის მსგავსად იმ ძაფის ბოლო არ ავიღეთ ხელში, რომელიც  ლაბირინთიდან გამოგვიყვანს. ეს ძაფი, კი სწორედ განათლებისა და მეცნიერების სისტემის ერთიანი ხედვაა, რაც თავის მხრივ სხვა არაფერია, თუ არა განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფცია, რომლის საჭიროებაზე და აუცილებლობაზე ერთი წლის წინ შევთანხმდით.

მე პირადად ვფიქრობ, რომ  შემოთავაზებული კონცეფცია არსებული სიტუაციის გაუმჯობესებისა ამ ლაბირინთიდან, არსებული ჩიხებიდან  გამოსვლის ერთადერთი სწორი გზაა. დიახ, კონცეფცია ძალიან პროგრესულია და პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გამოსავალს გვთავაზობს, მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ   ჩვენთვის მის თავს მოხვევას „ცეცხლით და მახვილით“ არავინ აპირებს. მაშინ ის მაინც  ვაღიაროთ, რომ ამგვარი კონცეფციის, სტრატეგიული გრძელვადიანი ხედვისა და მასზე დაფუძნებული ერთიანი სისტემური რეფორმების გარეშე  განათლების სისტემის განვითარება ვერ მოხდება...  სამწუხაროა, თუ ამ კონცეფციით დასახულ გზას არ ავირჩევთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ესეც ნათლად უნდა ითქვას.  ამ შემთხვევაში უნდა გაირკვეს ვინ და დასაბუთდეს - რატომ ამბობს უარს მასზე და ოპონენტებმა სხვა ალტერნატიული ხედვა და კონცეფცია უნდა შესთავაზონ საზოგადოებას. იმსჯელოს საგანმანათლებლო საზოგადოებამ  მასზეც, შევადაროთ, გადავწყვიტოთ, მაგრამ   უნდა გვახსოვდეს, რომ ლაბირინთიდან გამოსასვლელად არიადნეს ძაფი ერთხელ უკვე მოგვცეს და ახლა პასუხისმგებლობა  განათლების სისტემის წარმმართველ ინსტიტუციებს აკისრიათ, თუ ამ ძაფის ბოლო დაკარგეს, როგორმე თავად უნდა იპოვონ.

     ალბათ განვლილი წლის განმავლობაში განათლების სისტემის წარმატებებისა და წარუმატებლობების შეფასება მოხდება,  თუმცა ერთი რამ უკვე ცხადია: მიუხედავად ერთი წლის წინ აშკარად გაცხადებული ნებისა, განათლება ქვეყნის პრიორიტეტად ვერა და ვერ იქცა. რაღა შორს წავიდეთ - 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 3 სახელოვანი ქართველი მეცნიერის, ამავე დროს განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფციის ავტორების მიერ ჩატარებული არაჩვეულებრივი ლექცია, ფაქტიურად ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი ლექცია-სპექტაკლი - „სამყარო, ადამიანი და ტვინი“, ჩვენმა ტელევიზიებმა და სხვა საინფორმაციო საშუალებებმა საერთოდ არ გააშუქეს.

ამ ლექციის ანონსიც არ შემოგვთავაზეს, არათუ რეპორტაჟი ფართო მასებისთვის. ნუთუ  იმ დღეს ამაზე მნიშვნელოვანი ამბებითა და გადაცემებით ასე იყო დატვირთული მათი ეთერი? განა არ გვჭირდებოდა ასეთი გადაცემა? განა კარგი არ იქნებოდა თუკი თუნდაც ჩვენი სკოლების მოსწავლეებს, მათ შორის ქვეყნის პერიფერიებში მცხოვრებთ, მივცემდით საშუალებას მოესმინათ და ენახათ რა მიღწევები აქვს დღეს მსოფლიო მეცნიერებას და რომ ამ მიღწევების ავანგარდში ქართველი მეცნიერებიც არიან, გვეჩვენებინა, რომ შეიძლება იყო კარგი მეცნიერი და ამასთან ძალიან წარმატებული ადამიანი? რამდენ ბავშვს, რომლებიც კარგ საგანმანათლებლო გადაცემებს საერთოდ მოკლებულნი არიან გაუჩნდებოდა სურვილი და სტიმული რომ უკეთ ესწავლა, უფრო ღრმად დაინტერესებულიყო მეცნიერების ამ დარგებით, სასკოლო ასაკი ხომ სწორედ ის ასაკია, როცა ახლის შემეცნების და ზოგადად მეცნიერების დარგების მიმართ ინტერესი ყველაზე ძლიერია. მოდით ამჯერად მხოლოდ ჟურნალისტებს ნუ დავაბრალებთ ამას. ჟურნალისტიკის პრობლემა ცალკე თემაა და ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული მთლიანად განათლების პრობლემებთან. ალბათ ურიგო არ იქნებოდა განათლების სისტემის მესვეურებსაც  ეზრუნათ ამ ლექციის რეკლამირებასა და გავრცელებაზე, ისევე როგორც ზრუნავენ სხვა შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი ფაქტების გაშუქებაზე. ეს ხომ მათ იმიჯს დადებითად წაადგებოდა და ამასთან კონტრიბუციაც იქნებოდა მათსავე გასაკეთებელ საქმეში.

        საგანმანათლებლო გადაცემები და სამეცნიერო-პოპულარული გამოცემები, როგორც ასეთი,  ხომ არა და არ გვეღირსა, ამ ბოლო დროს კი ადვილი შესამჩნევია, რომ ე.წ. სატელევიზიო ტოქშოუებიც თითქმის აღარ ირჩევენ განსახილველ თემებად განათლების საკითხებს.  განა ისე კარგად გვაქვს საქმე რომ სამსჯელო აღარაფერია? არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ როგორც ჩანს,  ძირითადი სათქმელი უკვე ითქვა და არაერთხელ, მაგრამ მეტწილად ითქვა და  ლაპარაკად დარჩა. 

ამ წერილის დაწერაც და ისევ ამ თემების შეხსენებაც ღირდა თუ არა, კარგა ხანს ვიფიქრე, მაგრამ მეორე მხრივ საზოგადოების მხრიდან გულგრილობაც ხომ არ არის გამართლებული. ამასთან დაკავშირებით ბატონი ვანო კიღურაძის ემოციური ფრაზაც მახსენდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეცნიერების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით: „მე ასაკოვანი კაცი რატომ უნდა ვიყო ამ პრობლემის გადაჭრით დაინტერესებული და რატომ არ უნდა იყოთ დაინტერესებული თქვენ, როცა საქმე თქვენი შვილების და შვილიშვილების მომავალს ეხება. არ ექნება საქართველოს კარგი მეცნიერება? - არ ექნება კარგი უმაღლესი სასწავლებლები, არ ექნება კარგი საშუალო სასწავლებლები"... რომ განვავრცოთ:  არ ეყოლება კარგი მასწავლებლები, ექიმები ინჟინრები, იურისტები, უბრალოდ განათლებული და კვალიფიციური ადამიანები, ანუ არ ექნება ძლიერი ეკონომიკა, კარგი სამედიცინო მომსახურება, კარგი სასამართლო... მოკლედ ის არ იქნება შემდგარი ქვეყანა.

      როცა ცნობილი მეცნიერების მიერ ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული ზემოთ ნახსენები ლექციის ჩანაწერი გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში, ერთმა ჩემმა ფეისბუკელმა მეგობარმა მწარედ და მოსწრებულად იხუმრა: „მალე მეცნიერების მუზეუმი დაგვჭირდებაო.“ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ  - ამის საფრთხე ნამდვილად არის. მეცნიერების გაქრობას კი უცილობლად მოჰყვება ის, რომ ჩვენი უმაღლესი განათლება რეალურად არ იქნება უმაღლესი განათლება, თავს მოვიტყუებთ, რომ ჩვენ შვილებს „უმაღლესში“ ვსწავლით, ამ დროს კი ჩვენი უმაღლესების უმეტესობა  განვითარებული ქვეყნების საშუალო საფეხურის კოლეჯებსაც ვერ გაუტოლდება. დღესაც არის ამის ნიშნები. დღეს პრაქტკიკულად ყველას უნდა რომ სასწავლებლად საზღვარგარეთ წავიდეს, თუნდაც არც ისე პრესტიჟულ უნივერსიტეტში. რადგან ახალგაზრდებმაც და მათმა მშობლებმაც კარგად იციან რომ იქ უკეთეს განათლებას იღებენ. კი ბატონო, რაც მეტ ახალგაზრდას ექნება უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლის შესალებლობა, მით უკეთესია,  მაგრამ ეს ხომ არ არის სიტუაციიდან გამოსავალი, საზღვარგარეთ სწავლას მაინც ყოველთვის ქვეყნის ახალგაზრდობის მხოლოდ მცირე ნაწილი მოახერხებს და ეს ვერ შექმნის უკეთესობას ქვეყანაში. ძალიან სასიხარულოა ამ დღეებში დადებული ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, მაგრამ თუ გვინდა ევროპის ღირსეული, თანასწორუფლებიანი ნაწილი გავხდეთ, არა მარტო ჩვენი სტუდენტები უნდა მიისწრაფვოდნენ ევროპულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად, ევროპელი სტუდენტებისთვისაც პრესტიჟული უნდა გახდეს აქ, ჩვენს უნივერსიტეტებში სწავლა.

     გია დვალის სიტყვებია, ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში მიცემულ ინტერვიუში ნათქვამი: „ის ქვეყანა, სადაც განათლების სისტემა არ არის, ვერ იარსებებს,  ... ეს ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია“.  თითქოს  ქრესტომათიული ჭეშმარიტებაა და ვეთანხმებით?.. მაგრამ ამ ბოლო დროს უკვე არც ისე ხშირად და არც ისე ხმამაღლა ვიხსენებთ ამ ჭეშმარიტებას  და რაც მთავარია ვიცით კი დღეს ან ხვალ რას ვაკეთებთ, რომ ეს ჭეშმარიტება საქმედ ვაქციოთ?!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^