Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ ვერ ვახერხებთ არასრულწლოვნებში ძალადობის პრევენციას

28 თებერვალი 2018
ილუსტრაცია: თათია ნადარეიშილი

ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ არასრულწლოვნებში ძალადობის პრევენცია ქვეყნის სერიოზული გამოწვევაა. ამ შემთხვევამ  ნათლად წარმოაჩინა, რომ ამისთვის მზად არც სკოლაა და არც საზოგადოება. ჯერ იყო და, რეაგირების ნაცვლად, ბავშვებს სკოლის ეზოს ტერიტორია დაატოვებინეს, მერე კი ხორავას ქუჩის მცხოვრებლებმა ვერ განმუხტეს სიტუაცია. ამ და მსგავს შემთხვევებში მხოლოდ ერთი ან ორი პასუხისმგებელი მხარე არ არსებობს, რადგან ძალადობასა და დანაშაულს უფრო სერიოზული მიზეზები აქვს, ვიდრე სკოლაში დაწყებული უბრალო კონფლიქტი.

ორშაბათი. თბილისის 21-ე საჯარო სკოლა. მეათე კლასს დღეს სამოქალაქო განათლების გაკვეთილი აქვს. ორ-ორად ჩამწკრივებულ მერხებზე ბავშვები ნელ-ნელა შლიან წიგნებს და გაკვეთილისთვის ემზადებიან. რამდენიმე წუთში კლასში კახა მასწავლებელი შემოდის. გაკვეთილი დაიწყო.

დღეს წინა კვირის დავალებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით საკუთარ იდეებზე უნდა ისაუბრონ. მეათეკლასელები ფიქრობენ, რომ NGO-ების შექმნის მიზანი იმ პრობლემების დანახვა და აღმოფხვრაა, რასაც სახელმწიფო ვერ ხედავს. ცხოველთა დაცვა, გარემოზე ზრუნვა, გამწვანება, ბავშვთა უფლებები -მოზარდები რიგ-რიგობით წერენ დაფაზე მათთვის საინტერესო პროექტებს.

„მე მინდა, ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვიმუშავო, რომელიც ბუნებაზე ზრუნავს. დედამიწაზე ეკოლოგიური პრობლემებია და მწვანე საფარს მოფრთხილება სჭირდება. ბევრ ხეს დავრგავდი“, - ამბობს ლილე.

მასწავლებელი ცდილობს, ყველა მოსწავლე მაქსიმალურად ჩართოს. ამიტომ გაკვეთილი, ჩვეული რუტინული პროცესის ნაცვლად, დისკუსიად იქცევა. 30 წუთი ძალიან მალე გადის. კახა მასწავლებელი ახალი თემის ახსნას იწყებს - რას ნიშნავს თანასწორობა და ვინ უნდა უზრუნველყოს ეს. მოზარდთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ადამიანები ერთმანეთის თანასწორები უნდა იყვნენ და ეს კანონმდებლობამ უნდა მოაწესრიგოს.

საკითხი, რომელსაც კლასში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაა. მეათეკლასელთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ დღეს ეს მწვავე პრობლემააა, ზოგი კი ფიქრობდა, რომ ამის თქმის საფუძველი არ არსებობს.

მეათეკლასელებს სამოქალაქო განათლების გაკვეთილი კვირაში ორჯერ აქვთ. შემდეგ გაკვეთილზე მათ უნდა წარმოადგინონ იდეები, როგორ არასამთავრობო ორგანიზაციას შექმნიდნენ უთანაწორობასთან საბრძოლველად.

სკოლის როლი

ხორავას ქუჩაზე მომხდარის შემდეგ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ხელი სკოლისკენ გაიშვირა - რატომ ვერ შეძლო სკოლამ დროული ჩარევა და მკვლელობის პრევენცია. თუმცა საკითხავია, რამდენად იყო ეს მხოლოდ სკოლის პასუხისმგებლობა.

21-ე სკოლის დირექტორი, თამარ ამზაშვილი ამბობს, რომ სკოლა ოჯახის, სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის დახმარების გარეშე შედეგს ვერ მიაღწევს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ხშირად სწორედ ოჯახებისგან აწყდება ყველაზე დიდ წინააღმდეგობას, რადგან მშობლები სკოლას მხოლოდ იმ ადგილად აღიქვამენ, სადაც მათი შვილები 5-6 საათს ატარებენ.

„პრაქტიკაში მქონდა შემთხვევა, რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ 5-ჯერ დააგვიანა სკოლაში. როცა დედამისს დავურეკე და ვუთხარი ეს, მან მიპასუხა, რომ დაკავებული იყო და მოგვიანებით იმ შემთხვევაში დამერეკა, თუ რამე მნიშვნელოვანი საქმე მექნებოდა. სკოლაში ასეთი განწყობით უშვებენ ბავშვს - „მე მანდ გამოვუშვი და მიხედეთ ახლა თქვენ“.  გამოდის, რომ ჩვენ მათ გარეშე უნდა გავუკეთოთ ყველაფერი, არადა მათი თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს თამარ ამზაშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას.

ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს ოჯახში ატარებენ. მათთვის ავტორიტეტებიც, როგორც წესი, მშობლები არიან. 21-ე სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სკოლა ვერაფერს გახდება, როცა ბავშვს ოჯახში არასწორ ღირებულებებს უნერგავენ.

„ღირებულებებზე ჩვენ რაც უნდა ველაპარაკოთ, თუ სახლში დახვდება მშობელი, რომელიც ეტყვის - დაგარტყეს მამა? მერე ორჯერ მეტი ვერ დაარტყი? ის ცდილობს, რა მოდელიც სახლში აქვს, როგორი მამაც ჰყავს, იგივე გადმოიტანოს თავის თავზე და სკოლაშიც ასეთი იყოს“, - ამბობს თამარ ამზაშვილი.

რა უნდა ვქნათ, თუკი ოჯახი ვერ ან არ იაზრებს თავის პასუხისმებლობას. 21-ე სკოლის დიერქტორი ამბობს, სხვა ქვეყნებში 5 დაგვიანებაზე სკოლა პირდაპირ სოციალურ მუშაკს უკავშირდება. მას კი ოჯახი  კონტროლზე აჰყავს და მშობლებს ტრენინგებზე სიარულს აიძულებს, თუმცა საქართველოში ესეც პრობლემაა, რადგან ქვეყანაში სოციალური მუშაკების საკმარისი რესურსი არ არის.

მოზარდებისთვის არც უფასო ფსიქოლოგიური სერვისები არსებობს. სკოლას  ასეთი პრობლემის მხოლოდ იდენტიფიცირება შეუძლია. ფსიქოლოგთან ვიზიტი კი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

რას გულისხმობს პრევენცია

დანაშაულის პრევენცია პირობითად სამ დონედ იყოფა და პირველი დონე სწორედ ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას უკავშირდება. ფორმალური განათლება სკოლაში მიღებულ ცოდნას, არასრულწლოვანის თავისუფალი დროის სწორ მართვასა და კულტურულ-სპორტულ აქტივობებს მოიცავს. სწორედ პრევენციისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია სკოლებში სამოქალაქო განათლების შეტანაც.

რაც შეეხება არაფორმალურს, მისი ძირითადი მიზანი ტრენინგებითა და სხვადასხვა მეთოდით საზოგადოების, მშობლებისა და შვილების ცნობიერების ამაღლებაა. როგორც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი, ლადო ჯავახიშვილი განმარტავს, ძალადობასთან საბრძოლველად სწორედ ეს მიმართულებები უნდა განვითარდეს ქვეყანაში. მისი თქმით, ერთეული სკოლების პირადი მოწადინება არსებულ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება. ამას სისტემური მიდგომა სჭირდება და პროცესში განათლების სამინისტროსთან ერთად სხვა უწყებებიც უნდა იყვნენ ჩართულები.

„არ არსებობს წამალი, რომ ერთმა უწყებამ შეძლოს და თავიდან აგვაცილოს მოზარდებში ძალადობა და დანაშაული. ძალიან ძლიერი უნდა იყოს სოციალური მომსახურების სფერო და განათლების სამინისტრო და ძალიან ძლიერი უნდა იყოს სამართალდამცავი უწყებების მუშაობა. თუმცა თითოეული მათგანის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ბავშვის უფლებები და ბავშვის ინტერესები“, - ამბობს ლადო ჯავახიშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას.

ის არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო უფრო მესამე დონეზე, მართლმსაჯულების ნაწილზე იყო გადართული და პრევენციის ნაწილი ყურადღების მიღმა დარჩა. მისი შეფასებით, მიუხედავად სხვადასხვა უწყების მიერ განხორციელებული არაერთი პროექტისა, მათ მუშაობას კოორდინირება აკლია და ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

რას გვთავაზობს სახელმწიფო

თუკი არასრულწლოვანი ანტისოციალური ქცევით ხასიათდება და მისი ქმედებები თავისთვისაც და საზოგადოებისთვისაც საფრთხეს შეიცავს, ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, მის საქმეს განათლების სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა ჯგუფი სწავლობს და  რესოციალიზაციისთვის სპეციალურ სერვისებს სთავაზობს, თუმცა ეს სერვისები მხოლოდ კანონში არსებულ ჩანაწერად რჩება. ამიტომ მხოლოდ ორი ალტერნატივა არსებობს - მოზარდის ქცევის რეაგირების გარეშე დატოვება ან სამტრედიის #15 სკოლაში გადამისამართება. ის იქ მინიმუმ 6 თვეს გაატარებს, ვიდრე „პრობლემური ქცევის კორექცია არ მოხდება“.  როგორც განათლების სამინისტროდან „ლიბერალს“ აცნობეს, ამჟამად სკოლაში 4 მოსწავლე - 12, 13, 16 და 17 წლის ბიჭები ჰყავთ.

უწყების ინფორმაციით, სკოლაში ბენეფიციართა ფსიქოემოციური და ქცევითი კორექციისთვის მუშაობა არტთერაპიის, სპორტული შეჯიბრებისა და კულტურული ღონისძიებებით მიმდინარეობს.

ლადო ჯავახიშვილის შეფასებით, არასრულწლოვანისთვის ჩაკეტილ ინსტიტუციაში ყოფნა არაეფექტიანია და სხვა მექანიზმით უნდა ჩანაცვლდეს.

„ეს არის ინსტუტუცია და როგორც საერთაშორისო ექსპერტები გვეუბნებიან და პრაქტიკაც აჩვენებს, ინსტიტუციონალიზაცია და ამ ბავშვების „გამოკეტვა“ არ არის შედეგის მომტანი“.

კიდევ ერთი გამოწვევა თავისუფალი დროის სწორი მართვაა, რადგან ხშირად მოზარდებისთვის კულტურული და სპორტული წრეები მიუწვდომელია. არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ ხელმძღვანელი ტატო ქელბაქიანი ამბობს, რომ თავისუფალი დროის სწორი დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არასრულწლოვნები მას სხვა რამით ივსებენ. ამიტომ სერვისები და წრეები მოზარდებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ის ამაზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ თვითმმართველობას აკისრებს და აღნიშნავს, რომ ბევრ ქვეყანაში სწორედ ასე ხდება იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტებმა უკეთ იციან, რა საჭიროებები აქვთ შიგნით და როგორ გაანაწილონ რესურსი. მისი შეფასებით, საქართველოში ძალადობის პრევენციის ჯაჭვიდან თვითმმართველობა მთლიანადაა ამოვარდნილი.

როგორც მუნიციპალიტეტების 2018 წლის ბიუჯეტის დოკუმენტებიდან ირკვევა, ადგილობრივი თვითმმართველობები მიმდინარე წელს რამდენიმე ღონისძიებას გეგმავენ, თუმცა ხშირად სპორტულ, კულტურულ ან წრეებზე მუდმივი სიარული მოზარდებისთვის, მატერიალური შეჭირვების გამო, შეუძლებელია. მით უფრო რეგიონებში, სადაც ისედაც ძალიან მწირი არჩევანია.

ოჯახის როლი

არასრულწლოვანი დროის უმეტეს ნაწილს ოჯახში ატარებს, ამიტომ სწორედ მას ევალება მოზარდის ქცევის კონტროლი და პრობლემების იდენტიფიცირება. თუმცა ამისთვის მშობლებს საკმარისი ზოგადი ცოდნა უნდა ჰქონდეთ.  ხშირად სახლში არსებული გარემო თავად ხდება ბავშის ანტისოციალური ქცევის მიზეზი. ოჯახი, სადაც ადამიანები ერთმანეთზე ძალადობენ, ცხადია, ბავშვის განვითარებისთვის შესაფერისი გარემო ვერ იქნება და პირიქით, ძალადობის წამახალისებელიც შეიძლება გახდეს.

პროკურატურის მიერ წარმოებული კვლევის თანახმად, სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების კრიმინოგენული ანალიზია მოცემული, 2017 წლის პირველ 6 თვეში განრიდებულთაგან  ძალადობა ბრალად 35 ბავშვს ედებოდა და მათი 15,8% თავად იყო ძალადობის მსხვერპლი.

ხშირად მოზარდების ანტისოციალური ქცევის მიზეზად მშობლების დაშორებას ასახელებენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული კვლევის თანახმად, 2017 წლის პირველ 6 თვეში განრიდებული არასრულწლოვნების 72,3%-ს ორივე მშობელი საქართველოში ჰყავს, 14%-ს კი ერთი მშობელი ზრდის.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამ კვლევით კანონსაწინააღმდეგო ქმედებასა და ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობასთან კავშირი არ დგინდება, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 9 თვეში განრიდებულთა 81%-ს ბრალად ქურდობა ედება.

განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი, ლადო ჯავახიშვილი ამბობს, რომ ქურდობის მიზეზი ხშირად არა სოციალური სიდუხჭირე, არამედ თანატოლებისთვის თავის მოწონება ან მშობლის ყურადღების მიპყრობაა, თუმცა მისივე თქმით, ზოგჯერ სწორედ აუცილებლის არქონის გამო ქურდობენ.

„ყოფილა შემთხვევა, როცა მოზარდს ძალიან ძვირადღირებული სასმელი მოუპარავს. იმიტომ, რომ მამამისი სვამდა ხოლმე და ამასაც უნდოდა, რომ დაელია. არადა, ზუსტად ვიცოდით, რომ მამამისს შეეძლო მისთვის ამის ყიდვა. არაერთი შემთხვევა გვქონია განრიდებისას, როცა ყურადღების მიპყრობის მიზნით მოუპარავს მოზარდს რაღაც. ყოფილა შემთხვევები, როცა თანატოლებისთვის რამის დამტკიცება უნდოდათ, მაგრამ ისეთებიც, შიმშილის გამო რომ მოუპარავთ. ამიტომ რთულია იმაზე საუბარი, რა განაპირობებს დანაშაულს“,- განმარტავს ლადო ჯავახიშვილი.

14 წელს მიუღწეველი მოზარდები

დანაშაულისა და ძალადობის პრევენციის ნაწილში კიდევ ერთი ძალიან დიდი გამოწვევა 14 წლამდე მოზარდები არიან.  ქართული კანონმდებლობის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოზარდს მხოლოდ 14 წლის შემდეგ ეკისრება. თუკი ამ ასაკის მიღწევამდე ის ანტისოციალური ან საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი ქცევით ხასიათდება, მან ზემოხსენებული რეფერირების მექანიზმით უნდა ისარგებლოს.  თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამგვარი სერვისები ქვეყანაში თითქმის არ არსებობს.  სახელმწიფო რომ ამ კატეგორიის მოზარდებით არ ინტერესდება, ეს იქიდანაც ჩანს, რომ არ არსებობს სტატისტიკა და კვლევა, 14 წელს მიუღწეველი რამდენი მოზარდი იქცევა კანონის საწინააღმდეგოდ და რა არის ამის მიზეზი.

ნათია ნატროშვილი საღამოს სახლიდან ლექციაზე წასასვლელად გამოვიდა და მანქანასთან მისულმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი ფანჯარა ჩამსხვრეული იყო. როცა პოლიციას მომხდარის შესახებ აცნობა, მათ აუხსნეს, რომ ეს 14 წლამდე ბავშვების ჯგუფმა ჩაიდინა, ამიტომ პოლიციელებმა არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და ასეთ შემთხვევებს რეაგირების გარეშე ტოვებდნენ.

ტატო ქელბაქიანი მიიჩნევს, რომ რეაგირების გარეშე დატოვება ყველაზე დიდი პრობლემაა, რადგან ეს დანაშაულს პრევენციის ნაცვლად წაახალისებს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა უარესი იქნება. ამის ნაცვლად კანონსაწინააღმდეგო ქმედების მიზეზი უნდა დავადგინოთ და საჭირო სერვისები შევთავაზოთ მათ.

„რეაგირება დასჯას არ გულისხმობს, ეს გულისხმობს გარკვეულ ჩარევას კომპლექსურად, სხვადასხვა უწყების მიერ. თუმცა მე ინფორმაცია მაქვს სოციალური მუშაკებისგან, რომ პოლიციის ზოგიერთ განყოფილებაში ბავშვის მონაცემები აქვთ მონიშნული, ელოდებიან 14 წლის როდის გახდება. ეს ხომ არასერიოზული დამოკიდებულებაა“.

პრობლემაა ისიც, რომ მათი ნაწილი ზოგჯერ ქუჩაში ცხოვრობს და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები არ აქვთ. შესაბამისად, გამოდის, რომ მათ სახელმწიფო ვერ ხედავს და კიდევ უფრო რთულია მათი ქცევის კონტროლი და დროული ჩარევა.

პროკურატურის კვლევის თანახმად, 2017 წელს განრიდებული ბავშვების 8,5%(22 ბავშვი) არსად სწავლობს. საქსტატის ცნობით კი, 2016 წელს მსჯავრდადებული 178 მოზარდიდან 138 არც მუშაობდა და არც სწავლობდა.

პირველი ნაბიჯი, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ განათლების სამინისტრომ გადადგა, მანდატურის სამსახურის უფლებამოსილების გაზრდაზე მუშაობა იყო. ამჟამად არასრულწლოვნებისთვის სერვისების შექმნასა და ძალადობის პრევენციაზე უწყებათაშორისი კომისია მუშაობს, თუმცა ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები ჯერჯერობით უცნობია. ყველაზე მთავარი, ალბათ, იმის გააზრებაა, რომ უმჯობესია, რესურსი დანაშაულისა და ძალადობის პრევენციაზე იყოს მიმართული, ვიდრე ცუდი შედეგის გამოსწორებაზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

მოლიერი, ჩეხოვი და სხვანი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - კლასიკური ტექსტებიდან სხეულის უსაზღვრო შესაძლებლობამდე
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...

მეტი

^