Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სალომეს სიცოცხლის უფლება, ჩვენ კი სამართლიანობის რწმენა წაგვართვეს

07 მარტი 2018

2016 წლის 10 იანვარს 20 წლის გიორგი ლიპარტელიანი 12 წლის სალომე ტატიშვილს გუდაურში, თხილამურებით სრიალისას დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე დაიღუპა. რამდენიმე თვის წინ კი სასამართლომ ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო, რასაც დაღუპულის ოჯახი არ ეთანხმება. გთავაზობთ დაღუპული გოგონას დედის წერილს:

ნინო ჟვანია
სალომე ტატიშვილის დედა

მე და სალომეს საყვარელი ძაღლი, ათი თვის ლაბრადორი დენდი, გუდაურში 10 იანვარს ავედით. სალომე და მისი დები ელენე, ანანო და ლიკუნა უკვე ერთი კვირა სათხილამურო სკოლაში  იყვნენ. კიდევ სამი დღე და დამთავრდებოდა შეკრება, ჩვენს ბინაში გადმოვიდოდნენ და ერთად შევხვდებოდით ძველით ახალ წელს.

წინა დღეს დამირეკა სალომემ, ხვალ ხომ ამოდიხარო. მოგენატრე-მეთქი - არა, დენდის ნახვა მეჩქარებაო, გაიცინა. 

ავედი და ბინის დალაგება დავიწყე. ბავშვები უკვე მთაზე იყვნენ, დარეკვა არც მიცდია, ტელეფონები თან არ ექნებოდათ. დღის ორი საათი იქნებოდა, ჩემმა მეგობარმა დამირეკა. მისი შვილიც ჩემებთან ერთად იყო შეკრებაზე. არ შეგეშინდეს, ალბათ არაფერი სერიოზული, სალომეს ვიღაც დაეჯახა „კუდების“ ტრასაზეო. გიჟივით გავვარდი სახლიდან და გონდოლებთან მივირბინე, გათიშული დამხვდა. ვიღაც ბიჭი დავინახე თოვლმავალზე, უკან გოგონა ეჯდა. მივვარდი და ალბათ შეშლილი სახით ვუთხარი, ჩემს შვილს დაეჯახნენ, საბაგირო გათიშულია, იქნებ ამიყვანოთ-მეთქი. ის გოგონა გადასვა და მე დამსვა. ტრასა ავიარეთ, თითქმის უკვე მეორე ტრასის ბოლოში ვიყავით, როცა თოვლმავალი გაჩერდა. ბიჭმა რამდენჯერმე სცადა დაქოქვა, მაგრამ არ გამოუვიდა. გადმოვხტი და ფეხით გავიქეცი „კუდებისკენ“. ნეტავ რამე არ ჰქონდეს მოტეხილი-მეთქი, ვფიქრობდი. რამდენიმე მეტრი ავირბინე და დავინახე ერთ ადგილას შეკრებილი ბევრი ადამიანი. მივხვდი, რომ საქმე მოტეხილობებზე სერიოზულად იყო. ცოტაც ზევით და ანანო გამოჩნდა - ხმამაღლა ტიროდა, იქით-აქეთ დაიდოდა, ისტერიკაში იყო. კიდევ ცოტაც ავირბინე და ელენიკო დავინახე, გაფითრებული სახით და შეშინებული თვალებით.         

სალომეს სათხილამურო ჩექმებს ვხედავდი მხოლოდ, მაშველებით იყო გარშემორტყმული, სამიოდე ნაბიჯში ვიყავი, მაგრამ მასთან არ მიშვებდნენ, პირველად დახმარებას უწევდნენ. მერაბმა რამდენჯერმე დაუძახა - სალომე, მამიკო, აქ ვართ ყველანიო. გაიწელა დრო და აღარ დასრულდა... სალომე ვერტმფრენით თბილისში, მე და მერაბი მანქანით და იმედით, რომ მთავარია, საავადმყოფომდე მიაღწიოს ცოცხალმა, მერე იქ აუცილებლად ვუშველით.

შემდეგ საავადმყოფოს ეზოში შეკრებილი იმდენი ნათესავი და მეგობარი, რომ ყველაფერს ხვდები...

მერე ყველაფერი დანარჩენი - უარყოფა, გაბრაზება, კითხვები, კიდევ უფრო მეტად გაბრაზება, ვალდებულებები - ელენიკო, ანანო და ლიკუნა. სალომეს საყვარელი ბებიები და ბაბუები, ბიძაშვილები, კლასელები და მეგობრები.

მერე ბრძოლა იმისთვის, რაც სალომეს, რა თქმა უნდა, ვერ გააცოცხლებს, მაგრამ სხვებს დაიცავს უპასუხისმგებლო და უტიფარი ადამიანების საქციელისგან; ელენეს, ანანოს, ლიკუნას და სალომეს თაობის ბავშვებს დააჯერებს, რომ სამართალი არსებობს და დანაშაული ისჯება.

ოთხ თვეზე მეტი დავდიოდით მე და მერაბი მცხეთის და გორის პროკურატურაში, რომ გიორგი ლიპარტელიანისთვის ბრალი წაეყენებინათ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყო დაბრკოლება, ნერვების შლა. გვიყვებოდნენ ზღაპრებს, ალბათ იმ იმედით, რომ დავიღლებოდით და ხელს ჩავიქნევდით. მაგრამ იყო სიმტკიცე, რწმენა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხარდაჭერა.    

შემდეგ წელიწად-ნახევრიანი სასამართლო პროცესი. თითოეულ სხდომაზე ყველაფრის თავიდან გახსენება, ყველა მოწმის მოსმენის შემდეგ ბრაზი - თითქმის ცარიელ ფართო ტრასაზე ზურგის მხრიდან დაეჯახა ბავშვს და ადგილზე მოკლა. გიჟივით ეშვებოდა, უპასუხისმგებლო, ნასვამი (მართალია, ალკოტესტმა ვერ დაადგინა ნასვამობა, რადგან ის ყველა წესის დარღვევით 9 საათის (!) შემდეგ გაკეთდა, მაგრამ თავად ლიპარტელიანმა და მისმა მეგობრებმაც დაადასტურეს, რომ დალიეს როგორც წინა დღეს, ასევე გუდაურში გზად ნაბახუსევზე). ეს შემთხვევითობა არ იყო, ეს სითავხედის და სხვისი სიცოცხლის არაფრად ჩაგდების შედეგი იყო! ნებისმიერს, ვისაც გზად დაეჯახებოდა, მოკლავდა. დაჯახებით კი, აუცილებლად დაეჯახებოდა ვინმეს, რადგან ვერ უხვევდა, ვერ აჩერებდა. იმ დღეს სალომეს არ გაუმართლა.    

სათხილამურო სკოლის ყველა მოსწავლემ, ვინც ამ ამბავს შეესწრო, სასამართლოს ჩვენება მისცა. მოვიდნენ მშობლებთან ერთად, კიდევ ერთხელ გაიხსენეს და განიცადეს ის დღე. საყვარელი, კეთილი ბავშვები, ჩემი შვილებივით იმ ერთ დღეში გაზრდილნი და დანაღვლიანებულნი. ორი წელი გავიდა, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი მათგანი ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა გუდაურსა და თხილამურებს.

კიდევ რამდენი თვითმხილველი არ დაკითხულა. არ ვიცი, გამოძიებამ არ მოძებნა ყველა, თუ ჩვენ არ ვართ მიჩვეული ნებაყოფლობით ჩვენების მიცემას. რამდენიმემ ფეისბუქზე მომწერა, საბაგიროდან დავინახე, როგორ აწყვეტილი ეშვებოდა ეს ადამიანი წვერიდან და როგორ შეეჯახა თავის გზაზე მოსრიალე სალომესო. ამას წინათ კი ერთმა გოგონამ დაწერა, ეს ამბავი რომ მახსენდება, დღესაც ტანში მზარავსო.

წელიწად-ნახევრის განმავლობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებდა; როცა სჭირდებოდა, ამნეზია ჰქონდა; როცა საჭიროებამ მოითხოვა, გონება გაუნათდა და გასაოცარი ტყუილები მოგვასმენინა. ადვოკატები აბსურდულ სტრატეგიას ავითარებდნენ: ჯერ - ჩვენ არ დავჯახებივართო; შემდეგ - რა უნდოდათ არასრულწლოვნებს იმ მთაზეო; შემდეგ - არ აქვს მნიშვნელობა, გინდა ნასვამი ყოფილიყო, გინდა ფხიზელიო; შემდეგ, ვისაც როგორ შეუძლია, ისე სრიალებსო. უსინდისობა, უვიცობა, უტიფრობა და ცინიზმი, ერთად და ბევრი. 

რა თქმა უნდა, იყო საფუძვლიანი რწმენა და მოლოდინი, რომ მოსამართლე გამოიტადა სამართლიან განაჩენს - გამამტყუნებელს. მაგრამ მოსამართლე იყო ბესიკ ბუგიანიშვილი და განაჩენიც შესაბამისი გამოიტანა - სამარცხვინო, საშიში, დაუსაბუთებელი და უსამართლო. გიორგი ლიპარტელიანი სალომეს ზურგიდან ნამდვილად შეეჯახაო, მაგრამ „შეუძლებელია ვიმსჯელოთ, რომ დაშვებული სიჩქარე უნდა იყოს ის სიჩქარე, რომელიც უზრუნველყოფს მოსრიალის კონტროლს და უსაფრთხოებას. რადგან, თუ საუბარია სიჩქარის ზღვარზე, ზღვარი, როგორც წესი, რეგულირდება საშუალო შესაძლებლობების დონით და არა რომელიმე კონკრეტული ინდივიდის უნარით, რადგან შესაძლებლობები ინდივიდუალურია. ამასთან მსჯელობა, რომ შეჯახება თავიდან იქნებოდა აცილებული, თუ ბრალდებული შედარებით ნაკლები სიჩქარით ისრიალებდა, რომლის განსაზღვრაც (რა სიჩქარით ნაკლებად უნდა ესრიალა) ასევე შეუძლებელია ისევ და ისევ რეგულაციის არარსებობის გამო, არ არის არგუმენტი და წარმოადგენს ვარაუდს, რადგან ექსტრემალური სპორტი თავისი შინაარსით სახიფათო სპორტია და თავის თავში მოიცავს ტრავმებს“. სადაც ნორმები არ არის, იქ დანაშაულიც არ არისო, გვითხრა ბუგიანიშვილმა. 116-ე მუხლს, რომელიც გაუფრთხილებლობით სხვისი სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, საერთოდ არაფერი ესაქმება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშიო. კონკრეტულად სამთო-სათხილამური კურორტებს რაც შეეხება, მწვანე შუქი გაქვთ ანთებულიო, რა სიჩქარითაც გინდათ, როგორი ნასვამიც გინდათ, ისე დაეშვით მთიდან და დალეწეთ ვინც გზად შეგხვდებათო. ალბათობა იმისა, რომ დაგეჯახოთ აწყვეტით, პირდაპირი დაშვებით მოსრიალე მთვრალი ადამიანი, რომელიც მანევრს ვერ აკეთებს, ან - ნელა მოსრიალე, სრულად ეკიპირებული ფხიზელი და პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომელმაც კარგად იცის, რომ მის წინ მოსრიალის უსაფრთხოებაზე უკან მოსრიალეა პასუხისმგებელი, ერთი და იგივე არისო. გარდა ამისა, სათხილამურო სპორტი ექსტრემალური სპორტიაო და ტრასაზე სრიალისას ყოველ წამს შეიძლება დაგეჯახონ და მოგკლანო.  

სალომეს სიცოცხლის უფლება წაართვეს, ახლა კი სახელმწიფოს უნდა, რომ მის დებს და მეგობრებს სამართლიანობის რწმენა წაართვას. საჩივარი სააპელაციო სასამართლოში უკვე შეტანილია და ბრძოლა გრძელდება. ეს საქმე უნდა გახდეს პრეცედენტული - სათხილამურო ტრასებზე უნდა დამთავრდეს ხალხის დამტვრევა და დაზიანება. სანამ უპასუხისმგებლო ადამიანები მთაზე ასვლამდე დალევენ, ათჯერ უნდა დაფიქრდნენ და სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაიხსენონ. ბუგიანიშვილისნაირმა მოსამართლეებმა კი ვეღარ უნდა გაბედონ ჩვენთვის და უცხოელი ტურისტებისთვის იმის თქმა, რომ სათხილამურო სპორტი თავის თავში ტრავმებს მოიცავს და თუ ვიღაც უკნიდან დაგვეჯახება, საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ.         

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 დეკემბერი
19 დეკემბერი

ფემინსტრიმი ►ვინ ხეირობს სილამაზის სტანდ ...

მოუსმინეთ ნანა გობეჯიშვილის პოდკასტს: დღევანდელი პოდკასტი გვიანდელი კაპიტალიზმისა და კონსუმერისტული კულტურის წნეხს ეხებ ...
19 დეკემბერი
19 დეკემბერი

ინტერვიუ: რა არის ოლიგარქია და ვინ არიან ...

ავტორი: ია მეურმიშვილი რა არის ოლიგარქია და როგორია მისი გავლენა სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაზე? ასევე, რით განს ...
17 დეკემბერი
17 დეკემბერი

მთავარი ქართველი

XIX საუკუნის საქართველოში, ღრმად მასკულინურ საზოგადოებაში, ჩვენს წინაპრებს ბუნება კარნახობდათ, რომ სიყვარულის ობიექტი დე ...

მეტი

^