Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია - „მთავარი პასუხისმგებლობა ოჯახს ეკისრება“

09 მარტი 2018

დავის მოგვარება დასჯის ნაცვლად  - ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში აქტიურად მუშაობენ აღდგენით მართლმსაჯულებაზე.გამოცდილების გასაზიარებლად ხშირად ჩამოდიან იმ ქვეყნების ექსპერტები, ვისაც ამ მიმართულებით ხანგრძლივ და წარმატებული გამოდილება აქვთ.

ამჯერად ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ორგანიზებით, საქართველოს სისხლის სამართლის მედიაციის ავსტრიელი ექსპერტი  - კრისტა პელიკანი ეწვია. „ლიბერალი“  მას  პრობლემური ქცევის  მქონე არასრულწლოვანთა მიმართ  ქვეყნის პოლიტიკაზე  ესაუბრა.

როგორი მიდგომა აქვს ავსტრიას არასრულწლოვანთა დანაშაულის და ძალადობის მიმართ და რას გულისხმობს პრევენციის ავსტრიული მოდელი?

როგორც ასეთი, ზოგადი მოდელი არ არსებობს. მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც ავსტრიულ სამართალს გააჩნია და მიდგომა, რომელსაც ის არასრულწლოვნების მიმართ იყენებს, ეს ძალიან კარგად განვითარებული ბავშვთა კეთილდღეობის სისტემა და სამსახურებია.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი, საქართველოს მსგავსად, ავსტრიაშიც 14 წლიდან იწყება. მანამდე არასრულწლოვნებს საერთოდ არ ეხება მართლმსაჯულების სისტემა. როცა 14 წლამდე ასაკის ბავშვი კანონსაწინააღმდეგოდ იქცევა, სწორედ ბავშვთა კეთილდღეობის ცენტრები ერთვებიან საქმეში. მათი რიცხვი განსაკუთრებით ბევრია ვენაში, რადგან ასეთი ფაქტები იქ უფრო ხშირად ხდება.

ავსტრიასა და სხვა  ბევრ  ქვეყანაში  ასევე დანერგილია მედიაცია თანასწორთა შორის. ანუ კლასში არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც შესაბამისი ტრენინგი აქვთ გავლილი და როცა მოსწავლეებს შორის კონფლიქტი ჩნდება, მათ შეუძლიათ, მედიატორის როლი მოირგონ და ეს პრობლემა მოაგვარონ.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იდეა და მისი მთავარი მიზანია, ადამიანებმა ბავშვობიდან, ცხოვრების საწყისი ეტაპიდანვე იცოდნენ, რომ კონფლიქტის მოგვარების მარტივი გზებიც არსებობს.

ჩვეულებრივ მშობლების მიდგომაა - „თუ ვინმემ ჩაგარტყა, შენც უნდა ჩაარტყა -  დებილი ხომ არ ხარ" და ა.შ. მაგრამ ეს მიდგომა „ჩამარტყა-ჩავარტყისგან“  ძალიან განსხვავდება. ისეთი შემთხვევებიც არის, როცა მედიაციაში ჩართული ბავშვები სახლში მიდიან და მშობლებს ეუბნებიან, რომ მათი მიდგომა არასწორი იყო. ეს არის პრევენციის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგია.

ავსტრიაში საზოგადოება არ არის ძალადობრივი, მაგრამ აგრესიული გამოვლინებები ყოველთვის ყველგან ხდებოდა და მომავლშიც მოხდება. მთავარია, თავიდან ავიცილოთ ძალადობრივი კულტურა. შეიძლება მოხდეს  რაღაც, მაგრამ მაშინვე სასამართლოში არ უნდა წახვიდე და ძალოვანი უწყებები არ უნდა ჩააყენო საქმის კურსში. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, როგორ გაუმკლავდნენ ასეთ სიტუაციებს არაძალადობრივი მეთოდით.  მთავარია მათი ცნობიერების ამაღლება.

როგორ  ხდება პრობლემური  ქცევის  მქონე არასრულწლოვნებ გამოვლენა და რას სთავაზობენ  მათ ბავშვთა კეთილდღეობის  ცენტრები?

ამ ცენტრებს უამრავი პასუხისმგებლობა აქვს, მათ შორის ოჯახური პრობლემებზე.  საჭიროების შემთხვევაში, არასრულწლოვანს განათლების  პროცესში გამოვლენილი ხარვეზების მოგვარებაშიც ეხმარებიან.  

წარსულში ეს ცენტრები ცოტა უფრო მკაცრ ზომებს იყენებდნენ. ახლა მისი მოვალეობაა, პირველ ყოვლისა, ოჯახს შესთავაზოს დახმარება, რადგან, როცა ბავშვი კანონსაწინააღმდეგოდ იქცევა, ეს მისი ოჯახის პრობლემად აღიქმება.  შესაბამისად, დახმარება ბავშვთან ერთად მის ოჯახსაც გაეწევა, რათა მომავალში ეს მოზარდი მსგავს საფრთხეებს ავარიდოთ.

 რა სერვისებს სთავაზობს ასეთ  ოჯახებს ავსტრია?

არ არსებობს ერთი კონკრეტული სერვისი. თითოეული ოჯახის საჭიროების გათვალისწინებით იგეგმება სხვადახვა აქტივობა. გააჩნია ოჯახისა და ბავშვის მდგომარეობას - რა ტიპის ოჯახია, როგორი სოციალური მდგომარეობა აქვთ, რა გარემოში არიან და ა.შ. ამის მიხედვით მუშაობს ცენტრი ოჯახთან.  

ახლა ძალიან დიდი პრობლემებია ავსტრიაში, განსაკუთრებით ვენაში, რადგან მიგრანტთა დიდი ტალღები შემოვიდა. მაგალითად, ჩეჩნეთიდან არის ბევრი ოჯახი და მათ სხვანაირი კულტურა და მენტალიტეტი აქვთ. ძალიან განსხვავებულია ბავშვისა და ძალადობის მიმართ მათი დამოკიდებულება. ამიტომ ავსტრიულმა მიდგომებმა მათ შემთხვევაში შეიძლება არ გაამართლოს. ის პრაქტიკა, რაც მათ საკუთარ ქვეყანაში გამოსცადეს - სადამსჯელო მეთოდები  და ა.შ. ეს ყველაფერი ისეა გამჯდარი მათში, რომ ასეთი მეთოდები მათთან მიმართებაში ძნელად ამართლებს.

როგორია სკოლის როლი ძალადობის პრევენციაში?

ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ, სკოლის როლი ასეთია - მან უნდა შექმნას გარემო, რომელიც იქნება მასტიმულირებელი, საინტერესო, მშვიდი, დაცული და უსაფრთხო.

პირველ რიგში, ალბათ უფრო სენსიტიური უნდა გახდეს მასწავლებლები და სკოლის ხელმძღვანელობა; უკეთ უნდა შეისწავლონ, ვისთან აქვთ საქმე, რა ტიპის ჯგუფები ჰყავთ სკოლაში და უნდა იპოვონ ბალანსი.

როცა  პრევენციაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, აქცენტი გაკეთდეს დადებითზე და არა უარყოფითზე. უნდა გამოიკვეთოს ბავშვების ინტერესები  და ამ მიმართულებით მოხდეს მათი განვითარების ხელშეწყობა.

თუმცა  საქართველოში ყველა ოჯახს არ შეუძლია ბავშვის ინტერესების განვითარებას შეუწყოს ხელი, განსკუთრებით რეგიონებში. როგორ ფიქრობთ, რა როლი ეკისრება ასეთ დროს ადგილობრივ თვითმმართველობას?

შენ რომ თვითმმართველობას ხელი უქნიო, არ აკეთებ, დამნაშავე ხარო, ამით შორს ვერ წახვალ. შეიძლება რაღაც პასუხისმგებლობა იგრძნოს, მაგრამ ეს სწრაფ შედეგს ვერ მოგვცემს. ამიტომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ისევ საზოგადოებრივმა  და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა აიღონ. ზოგჯერ რეგიონში გამოჩნდება ხოლმე ადამიანი, რომელსაც აქვს იდეა და შეიძლება ინიციატივაც გამოიჩინოს, შემოიკრიბოს თანამოაზრეები და უკვე მერე შეიძლება მოსთხოვო ადგილობრივ თვითმმათველობას, რამით დაეხმაროს მას. სამოქალაქო პირებმა უკეთ იციან, რა აინტერესებს საზოგადოებას და მათი იდეები თვითმმართველობას შეიძლება აზრადაც არ მოსდიოდეს.  

ცხადია, არ არსებობს მხოლოდ ერთი პასუხისმგებელი მხარევის რა როლი აქვს ძალადობისა და დანაშაულის პრევენციაში?

პასუხისმგებელია ყველა, ვინც ბავშვის გარშემო ტრიალებს. პირველ რიგში კი - ოჯახი. საუბარი არაა დამნაშავის გამოვლენაზე, მთავარი გამოსავლის მოძებნა, ბავშვების შესაძლებლობების წინ წამოწევა და ამაზე აქცენტის გაკეთებაა.

საქართველო გამონაკლისი არ არის და ძალადობის ფაქტები აქაც მოხდება. ის ახალგაზრდა ქვეყანაა  და ძალიან აქტიურად უნდა გამოიყენოს ყველანაირი რესურსი, პირველ ყოვლისა კი, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების, ასევე, სხვა ქვეყნების გამოცდილება.

რას მიიჩნევთ აღდგენითი მართლმსაჯულების ქართული მოდელის ყველაზე დიდ გამოწვევად?

ალბათ ყველაზე მთავარი არის დაზარალებულის როლის გათვალისწინება და წინ წამოწევა. თუ საზოგადოება პასიურია და ელოდება, როდის მოხდება მოსახდენი, საქართველო გამონაკლისი არც აქაა. სკანდინავიის ქვეყნებს თუ შევედრებით, მათ სამოქალქო როლი უკეთ აქვთ გააზრებული და სხვანაირად ეკიდებიან საკუთარ პასუხისმგებლობას. მაგრამ მათ ეს მენტალიტეტი დიდი ხნის განამვლობაში უყალიბდებოდათ.

საბჭოთა კავშირის ქვეყნებს დიდი ხნის განმავლობაში აიძულებდნენ, რომ ყველაფერზე თავი დაეხარათ და ჩუმად ყოფილიყვნენ. ამიტომ ამ ყველაფრის მენტალიტეტიდან გამოდევნა რთული იქნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 დეკემბერი
19 დეკემბერი

ფემინსტრიმი ►ვინ ხეირობს სილამაზის სტანდ ...

მოუსმინეთ ნანა გობეჯიშვილის პოდკასტს: დღევანდელი პოდკასტი გვიანდელი კაპიტალიზმისა და კონსუმერისტული კულტურის წნეხს ეხებ ...
19 დეკემბერი
19 დეკემბერი

ინტერვიუ: რა არის ოლიგარქია და ვინ არიან ...

ავტორი: ია მეურმიშვილი რა არის ოლიგარქია და როგორია მისი გავლენა სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაზე? ასევე, რით განს ...
17 დეკემბერი
17 დეკემბერი

მთავარი ქართველი

XIX საუკუნის საქართველოში, ღრმად მასკულინურ საზოგადოებაში, ჩვენს წინაპრებს ბუნება კარნახობდათ, რომ სიყვარულის ობიექტი დე ...

მეტი

^