Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიზმრებში დანახული „ხელსაწყოები"

14 მარტი 2018

ქართული ლიტერატურის მუზეუმში მხატვარ რუსუდან ხიზანიშვილის გამოფენა მოეწყო

ჩვენ დიდი ხანია მკაცრად რეგლამენტირებულ და კარგად გათვლილი არტნიშნებისა თუ წარმოდგენა-გამოფენების სამყაროში ვცხოვრობთ. ერთი მხრივ, ეს გვეხმარება დროის განაწილებაში (მხოლოდ ის გამოფენა ვნახოთ, რომელიც გვაინტერესებს) და, მეორე მხრივ, მრავალფეროვანი არჩევნის საშუალებას გვაძლევს - სამუზეუმო სივრცით დაწყებული, კონცეპტუალური ნამუშევრებითა თუ სტრიტ-არტით დამთავრებული.

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენა სახელწოდებით „გარდაქმნის ხელსაწყოები", რომელიც მხატვარ რუსუდან ხიზანიშვილის 30-მდე ნამუშევარს აერთიანებს, ერთი შეხედვით ტრადიციულ სამუზეუმო-ფერწერულ გარემოს ფარგლებს არ სცილდება. ამავე დროს, გამოფენის კონცეფცია მნიშვნელოვანია, რაც თანამედროვე არტის აუხსნელ და ხშირად პარადოქსულ გზავნილებს გულისხმობს. 

2017-2018 წლებში შექმნილ ფერწერულ ნამუშევრებში (რომელშიც ფერადოვნების გარდა, თვალში საცემია მკვეთრი გრაფიკული ხაზებიც) ხელოვანის შეგრძნებები, სიზმრები და ხილვები თითქოს ერთმანეთშია გადახლართული. რაც ფლორისა და ფაუნის ერთიანი ბიოლოგიური ჩარჩოებიდან თავდახსნის მცდელობას უფრო წააგავს. ადამიანი კვლავაც პირველადი შეგრძნების სათავეებთან დაბრუნებას თუ ამ შეგრძნებების გარდაქმნას ცდილობს; სურს სადღაც არაცნობიერში ჩაძვრეს, რაღაც ახალი მოძებნოს, დროებით მცენარისა თუ ცხოველის უცნობ სახეობად მოგვევლინოს.

ამისათვის კი რაღაც მაგიური ძალა, რაღაც „ხელსაწყო" სჭირდება, რომელიც მას ყოველდღიურ რეალობას დაავიწყებს და რომელიც ზენორმატიული, მოჭარბებული ინფორმაციისგან დაიცავს. სისავსით და მრავაფეროვნებით გამორჩეული „ფიგურატიული ველი" მის ნამუშვრებში ისევე ჭრელია, როგორც ემოციური და ოდნავ მღელვარე-ნევროზული ფერები. დაახლოებით როგორც სიზმრებში, სადაც სხეულებს წონა დაკარგული აქვს, მაგრამ ვნების სიღრმე, მკვეთრი ფერადოვნება და უხილავი სექსუალობა შენარჩუნებულია.

ზეთის საღებავების თვალშისაცემად სქელი ფენა, ფერთა სიჭარბე თუ მრავალფეროვნება (გამომწვევი და ბავშვური ვარდისფერიდან კუპრივით ბნელ შავ ფერამდე) ზოგჯერ შემაშფოთებელ და ემოციურ კვალს ტოვებს მნახველზე, უფრო იშვიათად მედიტაციურს და კიდევ უფრო იშვიათად - ნეიტრალურს.

მხატვრის „მეხსიერება" თითქოს მეოცე საუკუნის დასაწყისის ევროპული მხატვრობის სხვადასხვა მიმართულებებსა და ნიმუშებსაც ირეკლავს (რუსო, დიქსი ან სეზანი) და გაცილებით გვიანდელ პერიოდსაც, კერძოდ, ნეოექსპრესიონიზმს (ფრანჩესკო კლემენტე, სანდრო კია, ან რობერ კომბასი). ყოველ შემთვევაში, რუსუდან ხიზანიშვილის ფერწერული „ხელსაწყოები" ევროპული საზომისა და „წარმოების" უფროა, ვიდრე კავკასიური ან ეთნოგრაფიული.

„ის ფერებისა და ფორმების ისეთ სქემებს მიმართავს, რომლებიც თავისი პლასტიკურობით და ფოკუსით აბსოლუტურად დასავლურია. გლობალურ ისტორიას, რომელსაც რუსუდანი ამ გამოფენაში უსვამს ხაზს, ორი სხვადასხვა მხარე აქვს და ორივე იმ ეგზისტენციურ შფოთვას ასახავს, რომელიც რეალობასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია", - აღნიშნავს არტკრიტიკოსი ნინა მდივანი. ჩვენ კი დავუმატებთ, რომ ეს „ეგზიტენციური შფოთვა" არა მხოლოდ განზოგადებულია, არამედ ძალიან სუბიექტურია და ემოციურიც. ეს კი მხატვარს ბუნებისა და ადამიანის დაკარგული ჰარმონიის ძიებაში ეხმარება; რადგან, საბოლოოდ, ბუნებაზე დიდი მესაიდუმლე არ არსებობს და ეს ფერწერის უსაზღვრო შესაძლებლობასაც გულისხმობს.

რუსუდან ხიზანიშვილი არაერთი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილეა. მათ შორის 2015 წელს ვენეციის ბიენალესიც. ბოლო ორი წლის განმავლობაში  მისი ნამუშევრები წარმოდგენილია ნანტის, ლილის, ტულუზას (საფრანგეთი), ბრიუსელის (ბელგია), ამსტერდამის (ჰოლანდია), მადრიდის (ესპანეთი), ნიუ-იორკის (აშშ) გამოფენებზე, რაც, ბუნებრივია, მხატვრისათვის ახალი თემების ძიებისა და ინსპირაციის შესანიშნავი წყაროა.

მისი ნახევრად მითიური, ალეგორიული და ამავე დროს, განზოგადებული პერსონაჟები გაბნეული არიან თანამედროვე ციფრულ და ტექნოლოგიურ სამყაროში, სადაც ადამიანის მგრძნობიარე და მისტიური ბუნება დაკარგულია. ამდენად, მისი შთამბეჭდავი ფერები და უცნაური ფორმის მცენარეები თუ ცხოველები გვეხმარებიან საკუთარ თავში ის შეგრძნებები დავინახოთ და აღმოვაჩინოთ, რასაც მხატვრის ინტუიციის გარეშე ძნელად ან ვერ შევძლებთ.

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^