Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სკოლამ ნდობა უნდა მოიპოვოს

18 დეკემბერი 2013

„საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები  ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. ამასთან ერთად განათლების სისტემა უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში“, - მართლაც კარგი განაცხადია.  ჯერ კიდევ 2004 წელს დამტკიცებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომლის პრეამბულასაც ეს განაცხადი წარმოადგენს, კარგად არის ნაცნობი ზოგადი განათლების სისტემაში ჩახედულთათვის და, რაც მთავარია, იგი ფაქტიურად  ჩვენი განათლების სისტემის მესვეურთა მიერ თითქმის 10 წლის წინ გაცემული დაპირებაც არის და სამოქმედო გეგმაც, თუ რა მიმართულებით უნდა წასულიყო ჩვენი სასკოლო განათლება, რას უნდა ემსახურებოდეს ყოველი ცალკეული სკოლა და მთლიანად ზოგადი განათლების სისტემა, როგორი სკოლადამთავრებული უნდა გვყავდეს.   თუმცა,  ჩვენდა სამწუხაროდ, თუ ზემოთ მოყვანილ განაცხადს დღეს კარგი სკოლის ძებნით გაწვალებული რიგითი მშობელი წაიკითხავს, სავარაუდოდ იტყვის, არ მჯერა, რომ რომელიმე ჩვენი სკოლა აღწევს ამ მიზნებს, მიმასწავლეთ, ასეთ სკოლას ვეძებ ჩემი შვილისთვის და ვერ მიპოვიაო.  

საზოგადოების მხრიდან დღეს აშკარაა ჩვენი სასკოლო განათლების მიმართ ნდობის   დეფიციტი. ალბათ გეცნობათ ასეთი ფრაზები: „მირჩევნია საჯარო სკოლაში ვატარო, უფასო იყოს სწავლა და ყველა საგანში მოვამზადო“, „ კერძო სკოლაში დამყავს, თანხას ვიხდი, პატარა კლასებია, მეტი ყურადღებაა თითქოს, მაგრამ მაინც ბოლომდე არ ვარ კმაყოფილი და ძირითად საგნებში ვამზადებ“. ფაქტია, რომ მიუხედავად ზოგად განათლებაში დაწყებული რეფორმებისა, სიტუაციის გაუმჯობესების არაერთი მცდელობისა, კვლავაც მუდმივად გვესმის, რომ რეპეტიტორობის ინსტიტუტმა პრაქტიკულად ჩაანაცვლა სკოლა, მასწავლებელთა კვალიფიკაცია არასაკმარისია, რომ  შეუსაბამობაა სასწავლო გეგმასა და ეროვნული გამოცდების მოთხოვნებს შორის, შესაბამისად, არსებობს  სოციალური უთანასწორობა განათლების პროცესში,  არასათანადოა სახელმძღვანელოების დონე,  გაუმართავია ბევრი სკოლის ინფრასტრუქტურა და ა.შ.

ალბათ კარგა ხანია დროა საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა, რამდენად მივუახლოვდით ჩვენ მიერვე დაახლოებით 10 წლის წინ დასახულ მიზანს, რამდენად სწორი გზით ვიარეთ, რამდენად სრულად გამოვიყენეთ მიზნის მიღწევის საშუალებები, რამ  შეგვიშლა ხელი და   ბოლოს და ბოლოს, სად იმყოფება ჩვენი სასკოლო განათლების სისტემა დღეს,   რატომ არ არის დღეს ჩვენი სკოლა ისეთი, როგორიც გვინდა რომ იყოს,  რა არის გასაკეთებელი და გასასწორებელი?

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის ძირითადი საშუალებები კარგად არის ცნობილი, აქ არ არის საჭირო „ველოსიპედის გამოგონება“. ეს საშუალებები ეფუძნება ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების  სტრატეგიის შემადგენელ იმ აუცილებელ და საყოველთაოდ აღიარებულ კომპონენტებს, რომლებიც OECD-ს მიერ იყო შემუშავებული.  ეს კომპონენტებია: საგანმანათლებლო პროგრამა შეფასების ინსტრუმენტებთან ერთად; მასწავლებელთა პროფესიული განვითარება; საგანმანათლებლო დაწესებულებების ორგანიზება და მართვა; საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობა და მათი მიზანმიმართული გამოყენება; განათლების სისტემისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასება და მონიტორინგი;   უფრო მარტივი ენით  კი -  ეს არის კარგი სასწავლო პროგრამა და სახელმძღვანელოები, კარგი მასწავლებლები, სკოლის მმართველი პროფესიონალური გუნდი, კარგი სკოლის შენობა და სასწავლო აღჭურვილობა.... და ბოლოს - ხარისხის კონტროლის გამართული მექანიზმის არსებობა, რომელიც შეამოწმებს, რამდენად აკმაყოფილებს თითოეული სკოლა ყველა ამ მოთხოვნას და თუ ვერა - რა უნდა გაკეთდეს ამის გამოსასწორებლად, რამდენად აღწევს თითოეული მოსწავლე სასურველ საგანმანათლებლო შედეგს, როგორ უნდა დავეხმაროთ მას ამ შედეგის მიღწევაში.

ზოგადი განათლების რეფორმის პროცესში მართლაც გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები ზემოთ აღწერილი სტრატეგიის თითოეული  კომპონენტის შესრულების მიმართულებით, ალბათ საინტერესოა მოკლედ მაინც გავიხსენოთ და შევაფასოთ:

შემუშავდა ეროვნული კურიკულუმი -  ეროვნული სასწავლო გეგმა, დაიწყო ქართული სახელმძღვანელოების გამოცემა. მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, რაც ხშირად ახლავს ასეთ პროცესებს საწყის ეტაპზე, ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო მიზნისკენ სავალ გზაზე. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეროვნული სასწავლო გეგმით გაცხადებული ცოდნა და უნარები და ღირებულებები მხოლოდ ქაღალდზე დეკლარირებული რჩება, ვინაიდან ეროვნული სასწავლო გეგმა რომ შესრულდეს, მთლიანი სტრატეგიის სხვა კომპონენტებიც უნდა იყოს დაკმაყოფილებული. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, დღეს ამ მხრივაც პრობლემებია, კერძოდ, დასახვეწია სახელმძღვანელოების გრიფირების ამჯამად მოქმედი წესი, ეს წესი გამჭვირვალე უნდა გახდეს და მასში მხოლოდ მაღალკვალიფიციური - საგნისა და სწავლების მეთოდიკის მცოდნე ექსპერტები უნდა იყვნენ ჩართულნი, დეტალურად და ლოგიკურად უნდა გაიწეროს სახელმძღვანელოების შეფასების კრიტერიუმები და ა.შ.  

 შეიქმნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, ამუშავდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები, დაიწყო მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესი, თუმცა ეს არ იყო საკმარისი. სამწუხაროდ, დღემდე ვერ ამუშავდა მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების ლოგიკური და ეფექტური სქემა, რომელიც საუკეთესო კადრებს მოიზიდავდა სკოლაში.

მხოლოდ მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები კი, და ზოგადად სერტიფიცირება ვერ უზრუნველყოფდა მასწავლებლების კვალიფიკაციასთან დაკავშირებული არსებული მრავალრიცხოვანი პრობლემების გადაჭრას, სერტიფიცირება მნიშვნელოვანი, მაგრამ  - მხოლოდ ერთ-ერთი რგოლი უნდა ყოფილიყო, მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებისა, მას კი პრაქტიკულად გადამწყვეტი როლი მიეკუთვნა. მასწავლებელთა მომზადება და პროფესიული განვითარება ერთიანი, კარგად დაგეგმილი და გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი პროცესი ვერ გახდა, რომელშიც აქტიურად იქნებოდნენ ჩართულნი თავად მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. შედეგად -  დღესდღეობით ჩვენს სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების აშკარა დეფიციტია.  ამასთან, მასწავლებლის ხელფასის ზრდა მუდმივად მხოლოდ სიმბოლურ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა. მასწავლებლის საქმიანობა დღემდე რჩება ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალანაზღაურებად საქმიანობად. მასწავლებლის საშუალო ხელფასი ბევრად ნაკლებია რიგითი ჩინოვნიკის ხელფასზე, უფრო მეტიც - რიგ შემთხვევებში, მასწავლებლის ხელფასი ან ვერც აღწევს საარსებო მინიმუმს. ასეთი ხელფასის პირობებში შეუძლებელია საუბარი სკოლაში მასწავლებლად მუშაობის მოტივაციაზე. თუ ეს მდგომარეობა არ გამოსწორდა, სკოლა დაკარგავს იმ პროფესიონალებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ სკოლებში და ერთგულად ემსახურებიან ამ საპატიო საქმეს. 

     სტრატეგიის შემდეგი კომპონენტი - საგანმანათლებლო დაწესებულებების ორგანიზება და მართვა ზოგადი განათლების  ხარისხის განვითარების კიდევ ერთი, უაღრესად მნიშვნელოვანი და ქმედითი მექანიზმია, თუმცა ამ მიმართულებითაც პრობლემები არანაკლებია.  უნდა არსებობდეს სკოლის დირექტორების შერჩევის, ტრენინგებისა და  კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი პოლიტიკა.  ზოგადად, აუცილებელია სასკოლო სისტემის მართვის მექანიზმების მეტი დემოკრატიზაცია და დეცენტრალიზაცია. ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილია განათლების სამინისტროს მიერ მოხდეს სკოლების მართვასთან დაკავშირებული გარკვეული ფუნქციების დელეგირება ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, რეგიონული და მუნიციპალური სტრუქტურებისთვის.

     სტრატეგიის კიდევ ერთი კომპონენტია საჭირო რესურსების მისაწვდომობა სკოლებში და მათი მიზანმიმართული გამოყენება; მართალია, მნიშვნელოვანი საქმიანობა განხორციელდა სკოლების გარემონტებისა და სასწავლო რესურსებით აღჭურვის კუთხით, მაგრამ კვლავ სერიოზული პრობლემებია  ამ კომპონენტის შესრულების მიმართულებითაც - საჯარო სკოლების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით რეგიონებში, რომლებზეც სახელმწიფოს ჰქონდა ზრუნვის ვალდებულება, დღესაც არ აქვთ აუცილებელი ინფრასტრუქტურა და მატერიალური რესურსი.

       ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის სტრატეგიის ოთხი კომპონენტი მეტ-ნაკლებად განვიხილეთ. ამ კომპონენტებზე, მათი განხორციელების არათანმიმდევრულობაზე და ხელისშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე, ამ ფაქტორების გამომწვევ მიზეზებზე, საჭიროა გახსნილი და გულახდილი საუბარი, ყველა მხარის, მათ შორის სკოლების წარმომადგენლებისა და განათლების იმ სპეციალისტების ჩართულობით ვინც თავად მონაწილეობდა და მონაწილეობს ამ პროცესებში, რაც დღემდე არ მომხდარა, ასეთი გულახდილი განხილვების, წარსული წარმატებებისა თუ შეცდომების აღიარების, არსებული სიტუაციის რეალისტური შეფასებისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანის გარეშე კი წინ ვერ წავიწევთ.

     რაც შეეხება ამ სტრატეგიის მეხუთე კომპონენტს, განათლების სისტემისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებასა და მონიტორინგს, მას განსაკუთრებული როლი აკისრია, ვინაიდან იგი ფაქტიურად აჯამებს დანარჩენი ოთხი კომპონენტის ფუნქციონირების ხარისხსა და შედეგს.  

 ევროპის ქვეყნებში დღეისათვის მოქმედი განათლების სისტემისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებისა და მონიტორინგის ყველა არსებული მოდელი ძირითადად შეფასების 2 ინსტრუმენტს იყენებს: გარეშეფასებას/ ინსსპექტირებას/აუდიტს, რომლიც, თავის მხრივ, დაწესებულების მიერ განხორციელებულ თვითშეფასებას ეფუძნება და ასევე ტესტებისა და გამოცდების შედეგებს.

 ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების სტრატეგიის ამ კომპონენტის შესრულების მიმართულებითაც გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. შეიქმნა ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა, რამაც ხელი შეუწყო კორუფციის აღმოფხვრას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისას.  მართალია, ტესტები და გამოცდები, როგორც შეფასების ინსტრუმენტი, ბოლო დროს ფართოდ გავრცელდა ევროპაში, კერძოდ, შეიქმნა სწავლის შედეგების შეფასების საერთაშორისო სისტემები: PIRLS, TIMSS, PISA,  მაგრამ  თავად ევროკომისიის რეკომენდაციაც არის, დავიცვათ ზომიერება და არ გადავაჭარბოთ ამ ინსტრუმენტის გამოყენებისას, მოსწავლეთა შეფასებაზე მეტად იგი მათი სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე  იყოს ორიენტირებული. რამდენად უარყოფითი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ტესტებისა და გამოცდების მიმართ გაუმართლებელი და არასწორი დამოკიდებულება კარგად ჩანს ახლო წარსულის ფაქტიდან, როდესაც სკოლებში სწავლების ხარისხის შეფასება დაიწყეს მხოლოდ საატესტატო გამოცდების - CAT-ის შედეგების საფუძველზე. ამ პერიოდში სკოლების დირექტორთა გათავისუფლებაც ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მათი სკოლის ამა თუ იმ მოსწავლის მიერ გამოცდაზე ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო, საბოლოოდ კი მოხდა ისე, რომ ბევრმა სკოლამ, კარგი შედეგების დაფიქსირებისა და თავის დაზღვევის მიზნით ის მოსწავლეები, რომლებსაც შედარებით დაბალი მოსწრება ჰქონდათ, უბრალოდ არ დაუშვა გამოცდებზე. რა მოიგო ამით თავად მოსწავლემ, რომლისთვისაც არსებობს სკოლა, ვიღას ახსოვდა ქაღალდზე დეკლარირებული „ბავშვზე ორიენტირებული სწავლება“?

 ფაქტია, რომ ტესტები და გამოცდები ვერ დაგვანახებს სკოლაში მიმდინარე რეალურ პროცესებს,  ვერ გვიჩვენებს, თუ რატომ იყო გამოცდებზე ან ტესტირებისას მოსწავლეთა მიერ  ესა თუ ის შედეგი ნაჩვენები, იქნებ მათ მიერ მიღწეული მაღალი მაჩვენებლები არა  სკოლის დამსახურება, არამედ რეპეტიტორის მუშაობის ნაყოფია და ხშირად ხომ ასეც არის. ერთიანი ეროვნული გამოცდები  და ზოგადად ტესტირებისა და გამოცდების სისტემა, როგორც შეფასების ინსტრუმენტი,  მნიშვნელოვანია,  მაგრამ ნამდვილად არასაკმარისია იმისათვის, რომ მხოლოდ მის მიხედვით ვიმსჯელოთ ცალკეული სკოლისა თუ მთლიანად ზოგადი განათლების სისტემის ხარისხზე. სკოლებში განათლების ხარისხის რეალური შეფასებსთვის ეფექტიანად უნდა მუშაობდეს განათლების ხარისხის შეფასების მეორე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი - სკოლების გარეშეფასება/ინსპექტირება/აუდიტი. სწორედ ამ ინსტრუმენტმა უნდა გვიჩვენოს ყველაზე ამომწურავად და ნათლად, თუ როგორ მუშაობს ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიის სხვა კომპონენტებიც, ვინაიდან სწორედ სკოლაშია ერთად თავმოყრილი განათლების ხარისხის განმაპირობებელი ყველა ის კომპონენტი, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ. მაშასადამე, სკოლის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემამ უნდა გამოვავლინოს მთლიანად ზოგადი განათლების სისტემის ძლიერი და სუსტი ცალკეული რგოლები, მოგვცეს იმაში დარწმუნების საშუალება, რომ ქვეყანაში მოქმედი სკოლების მიერ მიწოდებული განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისგან და მათ მიერ მიღწეულია ურთიერთშეთანხმებული შედეგები... და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სკოლის შეფასებამ ასევე მისი ხარისხის გაუმჯობესების ფუნქციაც უნდა შეასრულოს.

     ნიშანდობლივია, რომ ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ დღეს მიმდინარე დებატებში ვსაუბრობთ გამოცდებისა და ტესტირებების სხვადასხვა სისტემებზე, ვადებზე, მეთოდებზე, მაგრად ამ საუბრებში არსად ფიგურირებს განათლების ხარისხის განვითარების  ამ მეორე ინსტრუმენტის როლი. სამწუხაროდ, არა მარტო ფართო საზოგადოება, არამედ განათლების სფეროში  ჩართული დაინტერესებული მხარეებიც კი ნაკლებად ინფორმირებულნი არიან ამ როლის მნიშვნელობის შესახებ. საინტერესოა რატომ?    განათლების ხარისხის შეფასების ამ ინსტრუმენტის ამოქმედება  ხომ რამდენიმე წელია დაიწყო, ეს არის სკოლების ავტორიზაცია და აკრედიტაცია, რომელიც 2011 წლიდან  მიმდინარეობს, თუმცა აქვე უნდა დაზუსტდეს, რომ თავად სრული პროცესი მიმდინარეობს კერძო სკოლებისთვის, საჯარო სკოლებს ჯერ-ჯერობით მხოლოდ  თვითშეფასების მომზადება და წარდგენა ევალებათ. 

     განათლების ხარისხის შეფასების თანამედროვე ტენდენციები სწორედ სკოლების თვითშეფასებისა და გარეშეფასების ეფექტიან გამოყენებაზეა უფრო მეტად ორიენტირებული. შეფასების ამ ინსტრუმენტის მნიშვნელობა განსაკუთრებით არის ხაზგასმული ევროპარლამენტისა და და ევროსაბჭოს მიერ.  ევროპარლამენტი და ევროსაბჭო თავიანთ ერთობლივ რეკომენდაციებში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევენ სასკოლო განათლების ხარისხის შეფასების გაუმჯობესების მხარდაჭერას, სპეციფიკური კულტურული, ეკონომიკური და სოციალური საფუძველის გათვალისწინებით და ამ მიზნით შეფასების გამჭვირვალე სისტემების განვითარებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ასეთი სისტემების შექმნას.   კერძოდ, რეკომენდებულია:

  • სასკოლო განათლების ხარისხის შეფასების გამჭვირვალე სისტემების განვითარება;
  • სკოლების მიერ თვითშეფასების განხორციელების წახალისება, როგორც შემოქმედებითი სწავლებისადა სკოლების ხარისხის გაუმჯობესების მეთოდი, სკოლების თვითშეფასებისა და გარეშეფასების დაბალანსების პირობებში;
  • გარეშეფასების განვითარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სკოლების თვითშეფასების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა და მუდმივი განვითარების პროცესი;
  • სკოლების თვითშეფასებასა და გარე შეფასებაში დაინტერესებულ მხარეთა, მათ შორის მასწავლებლების, მოსწავლეების, სკოლის მენეჯერების, ექსპერტების და მშობლების ჩართულობის წახალისება და მხარდაჭერა, სკოლების განვითარების პროცესში მათი თანამონაწილეობითი პასუხისმგებლობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით;
  • ტრენინგების უზრუნველყოფა, თვითშეფასების, როგორც სკოლის მართვის გაუმჯობესების ეფექტური ინსტრუმენტის გამოყენების ხელშეწყობისთვის, ასევე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების და თვითშეფასების ახალი საშუალებების დანერგვის მიზნით;

  ამ რეკომენდაციების უბრალოდ გადახედვაც კმარა, რომ მივხვდეთ -  ისინი ჯერ-ჯერობით ვერ სრულდება - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია და აკრედიტაცია ჩვენთან  მეტწილად მექანიკური, შინაარსისგან დაცლილი, განვითარებაზე  არაორიენტირებული  პროცესებია და ძირითადად იურიდიული აქტების გაფორმებას გულისხმობს. ამის პარალელურად არ არსებობს ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სკოლებისთვის დახმარების გაწევის არც სისტემური მიდგომა,   არც რაიმე გაწერილი მექანიზმი, არ ხორციელდება საქმიანობა სკოლების განვითარების ხელშეწყობისა და დახმარების მიმართულებით, როგორიცაა, მაგალითად: ტრენინგები სკოლების მიერ თვითშეფასების მომზადებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრების, სარეკომენდაციო სახელმძღვანელოების მომზადება და ა.შ. ასეთი მიდგომის შედეგადაც ამ პროცესებმა კერძო სკოლებთან მიმართებით არა განმავითარებელი, არამედ მხოლოდ სადამსჯელო ფუნქცია შეითავსა.   ფორმალური სახე აქვს სკოლების მიერ თვითშეფასების მომზადებასაც. უკვე სამი წელია როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებს  აქვთ ვალდებულება მოამზადონ და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში წარმოადგინონ ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშები, თუმცა ამ თვითშეფასებების საფუძვლიანი ანალიზი და უკუკავშირი არ ხდება. აქედან გამომდინარე, სკოლებისთვისაც უაზრო დატვირთვად იქცა ყოველწლიური თვიშეფასებების წერა და სავარაუდოდ, ეს თვითშეფასებებიც არ არის სათანადოდ შესრულებული. არადა კარგად დაწერილი თვითშეფასება შეიძლებოდა გამხდარიყო როგორც თავად ამ ცენტრისთვის, ასევე სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის საუკეთესო წყარო, მისი ანალიზი კი  რეალური მექანიზმი იქნებოდა განათლების ხარისხის პრობლემების გამოვლენისა, როგორც მთლიანად განათლების სისტემის, ისე ცალკეული სკოლის დონეზე.

 ზოგადად, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების არსი და დანიშნულება ხარისხის შემოწმებისა და დადასტურების, კონტროლისა და დახმარების მექანიზმების დაბალანსების მეშვეობით საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან ნდობის მოპოვებაა. რეალურად კი რა ხდება: სკოლებს დღეს არ ვანდობთ საკუთარივე კურსდამთავრებულებისთვის გამოცდის ჩატარებასა და მათთვის ატესტატის გაცემას. რატომ? იმიტომ რომ ისინი ამას თავს ვერ გაართმევენ? ხარისხიანად ვერ ჩაატარებენ? იქნებ იმიტომ, რომ კორუფციის საშიშროებას ვხედავთ? იქნებ ეს ყველაფერი ერთად?  თუ ეს ასეა, მაშინ ისმის კითხვა,  რაღა საჭიროა, რას ადასტურებს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესები, თუ სახელმწიფო სტრუქტურები თავადვე იჩენენ  უნდობლობის ამ პროცესების მიმართ, რისთვის იხარჯება თანხები და რესურსები, თუ სახელმწიფო თავადვე არ ენდობა თავისსავე ავტორიზებულ სკოლას და ირიბად მიგვითითებს, რომ ავტორიზებულის სტატუსი ხარისხის მაჩვენებელი არ არის? თუმცა, მეორე მხრივ ეს უნდობლობაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ავტორიზაციის სტანდარტებს არ ახლავს გაზომვადი კრიტერიუმები და მათი შემოწმების გაზომვადი ინდიკატორები და არა არის უზრუნველყოფილი ერთიანი მიდგომა ექსპერტთა მიერ სკოლების შემოწმების პროცესის განხორციელებისას.

 ის, რომ დღემდე ვერა და ვერ ამუშავდა ზოგადი განათლების ხარისხის შეფასებისა და განვითარების ეფექტური სისტემა, დიდწილად განაპირობებს ჩვენი სასკოლო განათლების არადამაკმაყოფილებელი ხარისხსა და მის მიმართ ნდობის დეფიციტს.  აუცილებელია სკოლების ხარისხის შეფასების სისტემამ შეიძინოს რეალური შინაარსი და დამაჯერებლობა, იგი თავისი არსით და არა მხოლოდ გარეგნული ფორმით უნდა დაემსგავსოს განვითარებულ ქვეყნებში არსებულ ხარისხის შეფასების სისტემებს.     

,,მთავარი ძალა, რაც გამარჯვება ანიჭებს ერს საარსებო ბრძოლაში, არის ცოდნა, განათლება“, - ძნელია იაკობ გოგებაშვილზე უკეთ გამოხატო სასკოლო განათლების მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისათვის. ზოგადი განათლების ხარისხის განვითარება ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესია და შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის განათლების სისტემაში ჩართული ყველა  სტრუქტურისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით, მუდმივი კომუნიკაციის, აზრთა და გამოცდილების გაზიარების გზით. ასეთი ტიპის ურთიერთობებზეა დამყარებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემაში, სადაც დემოკრატიული თანამონაწილეობა ყველა დონეზე აღიარებული ღირებულებაა და საკანონმდებლო ან ადმინისტრაციული აქტის მიღებამდე საჯარო დებატები განათლების ხარისხის შესახებ განათლების პოლიტიკის ძირითადი სტრატეგიაა. სწორედ ასე, თანამონაწილეობისა და დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე შეიძლება შეიქმნას კარგად გამართული, გამჭვირვალე, შინაარსზე ორიენტირებული სკოლების თვითშეფასებისა და გარეშეფასების პროცესი, რომელსაც პირველ რიგში თავად სახელმწიფო გამოუცხადებს ნდობას და რომელიც სკოლებსაც დაეხმარება  საზოგადოების მხრიდან ნდობის მოპოვებაში.

  

      


პროექტი - ”მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისთვის” - ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქოსაზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.

ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

სტატია არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^