Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ არიან პლატოელი „ჩოგბურთისტები“?

14 მარტი 2018

4 იანვარია. ახალი წლის კვალი ჯერ კიდევ ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა, როცა პლატოზე კორპუსიდან გამოდიხარ. ნუცუბიძეზე, IV მ/რ-ში მდებარე სკოლის ეზოსკენ მივდივარ - ადრე გერმანულ სკოლას ეძახდნენ, ახლა კი აქ №102-ე საჯარო სკოლაა. დილის 9 საათია. გზად ძაღლების გასასეირნებლად გამოსული მეზობლები მხვდებიან. მეც ეს სკოლა დავამთავრე. ჩემი ძველი სასკოლო ოთახისკენ არც კი ვიხედები. პირდაპირ ჩოგბურთის კორტებისკენ მივდივარ.

„ნანა მოვა და ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვება“, - მეუბნება თეა მშვიდობაძე (41 წლის). ნანა, როგორც მალევე ვხვდები, ამ წამოწყების მთავარი გმირია. „სამი თვეა არ მითამაშია და ამოვვარდი უკვე ფორმიდან“ - ამბობს მანჩო ქირიკაშვილი (57 წლის). სკოლის ეზოში მდებარე მოედანზე, რომელიც ჩოგბურთის კორტებად გადაკეთდა, უკვე სამი წელია დილაობით იკრიბებიან და ჩოგბურთს თამაშობენ. ეს ინიციატივა ნანას ნუცუბიძის პლატოზე გადმოსვლასთან ერთად გაჩნდა.

 ნანა ბურჯალიანი (68 წლის): ქალბატონი ნანა თელავიდან არის. პროფესიით სტომატოლოგია. მის ცხოვრებაზე მოკლედ მიყვება. ჯერ იყო ადრე გათხოვება, შემდეგ შვილები, შემდეგ კი შვილიშვილები. სულ რამდენიმე წელია, რაც ჩემი თავისთვის მოვიცალეო, ამბობს. მსგავსი იდეა თბილისის ზღვაზეც განუხორციელებია. იქ ბადმინტონს თამაშობდნენ, მაგრამ ხშირი და ძლიერი ქარების გამო ბურთი სულ სხვაგან მიფრინავდაო, მეუბნება სიცილით. „იქვე გაგვიჩნდა ჩოგბურთზე გადასვლის იდეა (...). როდესაც აქ გადმოვედი და სკოლის ეზო ასე გაპარტახებული ვნახე, მაშინვე ვიფიქრე ჩემთვის: მე აქ გავაჩენ ჩოგბურთის ეპიდემიას!“ - ამბობს ნანა და ორივეს ხმამაღლა გვეცინება:

„ყველაფერი ანგრეულ-დანგრეული დამხვდა და ჩემი ხელით დავიწყე რაღაცების შეკოწიწება. ყველაფერი ჩემი ხარჯებით გავაკეთე. მთავრობას როგორ უნდა უყურო? ერთხელ როცა გაგიკეთებს, იმას მერე მოვლა უნდა. მთავარია ინიციატივა. კაცები ფიზიკურად მეხმარებოდნენ. მერიიდან ახალი ბადე მოვიტანეთ მხოლოდ“.

ჩოგბურთის გარდა, ბევრი სხვა იდეა გაჩნდა უკვე ამ სივრცეში. ექსკურსიაზეც იყვნენ, სკოლის ეზოში ხეებიც კი დარგეს. ახლა კი სიმღერის გუნდი ჩამოაყალიბეს - ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „კორტეტი“. ნანა ნუგზარ კაციტაძეზეც მიყვება, რომელიც ამ იდეის სულის ჩამდგმელია.

ოთხი თაობა იკრიბება აქ კორტებზე. სკოლის მოსწავლე ნიკუშა სკოლიდან თავისუფალ დროს აქტიურად ერთვება ჩოგბურთში. დათო კი „პლეხანოვიდან“ სპეციალურად აქ ამოდის ჩოგბურთის სათამაშოდ. საუბარში ნანა იმასაც ახსენებს, რომ აქ ხანდახან კამათს და დაპირისპირებასაც აქვს ადგილი. ძირითადად თურმე ძაღლების გამო. პატრონებს კორტებზე შეჰყავთ და აქვე ასაქმებინებენ. სკოლის დირექციაც ხელს უშლით. „რაც კორტები შევაკეთეთ, გაკვეთილებს აქ უტარებენ ბავშვებს, მაშინ როცა ჩვენ თამაში გვინდა. ჩვენ ვუთმობთ, რა თქმა უნდა“. აქ „ჩოგბურთისტები“ ვიკრიბებით და არა ჩოგბურთელებიო, მეუბნება ბოლოს.

თეა მშვიდობაძე (41 წლის): „ახალ წლამდე ათი ძირი ვაშლის ხე დავრგეთ“, ვაშლის ხის ნერგებისკენ მახედებს. „აი, ასეთ კარგ საქმეს ვაკეთებთ“. ნანამ ის მოტყუებით ჩართო ჩოგბურთში. ისე კორტებს გარეთ ვვარჯიშობდი და შიგნით არც შევდიოდიო, ამბობს. ახლა ნანას პირველ მოსწავლედ ითვლება და თავის მხრივ სხვების შემოტყუებას ცდილობს. თავის ისტორიას მიყვება. თეა ადრე გათხოვდა. ქმარს 38 წლის ასაკში ინსულტი დამართნია და, ორი შვილის გარდა, ეტლში მჯდომი ქმრის მოვლაც უხდება. მძიმე დეპრესია მქონდა და აქაურობამ გადამატანინაო, ამბობს. დილის ეს ორი საათი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანიაო, მეუბნება.

„გამგეობამ წინასაარჩევნოდ რა გაგიკეთოთო და ჩვენ ბადე ვთხოვეთ. წავედი, ბადე მოვიტანე და დავამონტაჟეთ დიდი წვალებით. ძველი კი შევინახეთ“. ჩოგბურთის ბადის ნაცვლად თურმე ხელბურთის ბადე მიუციათ მერიაში. ვაშლის ხეები ქარელის მეურნეობიდან ჩამოიტანეს.

ერთხელ აი ამ ტყუპების მცხოვრებლებმა პატრულიც კი გამოიძახეს ჟრიამულის გამოო, მიყვება და იქვე ორი ახალაშენებული კორპუსისკენ მანიშნებს. „(...)6-ზე, 7-ზე დილით აქ უკვე ხალხია შეკრებილი. ხან ვკამათობთ კიდეც. რომანებიც არის“. ღიმილით მემშვიდობება თეა.

ჟიული სეფერთელაძე (71 წლის)კორტებს როცა ვუახლოვდები, ვხედავ, ბატონი ჟიული ნელი ტემპით როგორ დარბის მოედნის გარშემო. ჩემთან სასაუბროდ გამოდის და იქვე მდგარ ახალ სკამზე მიმითითებს, დაბრძანდითო. მალევე ვიგებ, რომ ვაკე-საბურთალოს სპეციალური კომიტეტის წევრია, რომელიც თვეში ერთხელ იკრიბება და მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხებს განიხილავს. ამავე კომიტეტზე დაუყენებია მას სკოლის ეზოსთვის სამი ახალი სკამის ორგანიზების საკითხი. საბოლოოდ ორი სკამი სკოლის დირექციას აუღია და სკოლასთან ახლოს გადაუტანია.

ბატონმა ჟიულიმ თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ის პროფესიით დიზაინერია. 2002 წლიდან ცხოვრობს ნუცუბიძის პლატოზე. ჩოგბურთის კორტების მოწყობასა და აქაური მცხოვრებლების დაინტერესებაში ნანას მნიშვნელოვან როლზე ისიც საუბრობს. კორტების საფარი, რომელიც ქარმა ააძრო, ნანას სულ თავისი ხელით დაუწებებია. თეასაც ახსენებს, რომლის დიდი ძალისხმევით ახალი ბადის ორგანიზებაც მოხერხდა. ვარსკვლავი უნდა გავუხსნათ ნანას, თუ არ გაგვლახაო, ხუმრობს ჟიული. ეზოში დამონტაჟებულ გერმანულ სავარჯიშოებისკენ მითითებს და მიხსნის, რომ ისინი ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის დროს მოუტანიათ და დაუდგამთ აქ.

ჟიული ასევე მიყვება მის იდეაზე, ე.წ. „თუხარელის პროექტის“ კორპუსებში სხვენის შესყიდვისა და მე-10 სართულის საცხოვრებელ სართულად გადაკეთების შესახებ. ის და მისი თანამოაზრეები ამ უფუნქციო სივრცის გადაკეთებით დამატებითი საცხოვრებელი ფართის შექმნას გეგმავენ. 35,000 ლტოლვილს და უბინაოდ დარჩენილ იპოთეკარებს ახსენებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით. ამ პროექტის მთელი ქვეყნის მასშტაბით განვრცობას გეგმავს. ასი დოლარი ეღირება კვადრატული მეტრიო, მიხსნის. სკოლის ეზოსთან აშენებულ ორ ახალ კორპუსს მაჩვენებს და ამბობს, რომ შედარებისთვის აქ ბინები 700 დოლარი ღირს კვადრატული მეტრიო.

ნუგზარ კაციტაძე (68 წლის) პროფესიით ფარმაცევტია. ორი წელი ლვოვში, უკრაინაში ცხოვრობდა. სამხედრო ჰოსპიტლის ბაზაზე გაუწვევიათ სამუშაოდ. ჩვენი ლოტბარიო, მეუბნება ნანა. მათ მუსიკალურ წამოწყებაზე მიყვებიან. ვეკითხები, სად გაქვთ ხოლმე რეპეტიციები-მეთქი და იქვე, კორტებთან ახლოს, ძველი ფიცრების და სკოლის სკამებისგან მოწყობილ კუთხეზე მითითებენ. იქითკენ მივდივართ. ჩვენ ჩაკეტილი ოთახები არ გვაინტერესებს, ჩვენ ღია სივრცე გვინდაო, მპასუხობენ კითხვაზე, უცდიათ თუ არა სკოლის ადმინისტრაციასთან სარეპეტიციო ოთახის გამოყოფაზე საუბარი. კალაძე წინასაარჩევნოდ იყო მოსული და ჩვენი ინიციატივით დაინტერესდაო, ამბობენ. თუმცა მას მერე აქ მერიიდან არავინ გამოჩენილა.

უცებ საუბარი შალვა რამიშვილის ახლანდელ სკანდალზე გადადის. ქალებზე რომ დღესაც „ძალმომრეობენ“ უკვე ყველამ იცის და აგერ ჰოლივუდშიც კი სკანდალიაო, ამბობს ნუგზარი. ახლა შენ მე „წიწკვნა“ რომ დამიწყო, ხომ გადავირიეო, ხუმრობს ნანა. „წიწკვნა“ - აი ნანამ დღეს ახალი სიტყვაც კი გამოიგონაო, იცინის ბატონი ნუგზარიც. „გააჩნია მანდილოსანს, გააჩნია მადის მოსვლას“, ამატებს ბოლოს ნანაც.

გუჯა შეყილაძე (57წლის)20 წელია უკვე, რაც აქ ცხოვრობს. პროფესიით ინჟინერი და ეკონომისტია. მას უმუშავია ქარხნებში, ბანკებში და გერმანულ ფონდშიც კი, რომელიც ქართველი გლეხების ბიომეურნეობების განვითარებას უწყობდა ხელს. მაშინ ძნელი დრო იყო, გლეხების გაერთიანებები არ არსებობდაო, ამბობს. აფხაზეთშიც უნდოდათ უსასუქო პროდუქტის მოყვანა, მაგრამ არ გამოვიდა იქ შესვლა, როცა სახელმწიფოს არ უყვარხარ, რთულია აკეთო საქმეო, მეობნება ბოლოს.

გუჯა ქუთაისიდანაა. როგორც ის ამბობს, საბჭოთა კავშირში გაზრდილი თაობა ძალიან ახლოსაა სპორტთან. მის ცხოვრებაზე საუბარს იმერული კილოთი იწყებს. გუჯა ფოტოგრაფიით უკვე ბავშვობიდან არის გატაცებული. ადამიანები დიდად არ მაინტერესებსო, ამბობს. შარშან ზამთარშიც, თოვლის დროს ჩემი უბნის გადასაღებად გამოვედი და არა ადამიანებისო (სწორედ ეს ფოტორეპორტაჟი დავურთეთ ამ სტატიასაც). მას სტუდიაც ჰქონდა ადრე ბაშვებისთვის. ფოტო-კლუბ Boke.ge-ზე მითითებს. აქაურობას ხუმრობით „სპორტულ ბირჟას“ ეძახის. სავარჯიშოდ სამი წლის წინ გამოვიდა ჭარბი წონის გამო.

ქუთაისსა და თბილისს შორის მსგავსებასა და განსხვავებებზე ვეკითხები:„თბილისის მთავარი თვისება ის არის, რომ ეთნიკურად თუ კულტურულად ძალიან ჭრელი და მრავალფეროვანია. ეს კარგია ტოლერანტობის მხრივ (...). ქუთაისი უფრო ეროვნულია, მაგრამ თბილისს მაინც ჯობია ტოლერანტურობაში, იმიტომ რომ იმერული სტუმართმოყვარეობა ძალიან ძლიერია“, - მპასუხობს ის.

ქუთაისელ ებრაელებზე ვუსვამ კითხვას. ჯერ ონის ულამაზეს სინაგოგას ახსენებს. მერე კულაშელი ებრაელებიც აგონდება. ქუთაისიც, რა თქმა უნდა, ებრაული კულტურის ერთ-ერთი ცენტრი იყო საქართველოშიო, ამბობს. ქუთაისის ებრაულ უბნებზე მიყვება: აზერბაიჯანის ქუჩა, მაიაკოვსკის ქუჩა. ერთად ვიზრდებოდით და არ იყო იქ განსხვავება ებრაელებს და ჩვენს შორისო, მიხსნის. ერთმანეთს კი ვეხუმრებოდით, „წადი, შე ურიაო“. ერთი ებრაელი მეგობარი ჰყოლია, რომელიც ისრაელიდან ისევ საქართველოში დაბრუნებულა. მეგობარ შოთას მისთვის უთქვამს, „რა მინდოდა იქ. მაგდენ ურიებში რაის ფულს ვიშოვიდიო“.

ავთანდილ შენგელია (65წლის): ნუცუბიძის პლატოზე 1986 წლიდან ცხოვრობს. ხშირად უფიქრია ქარების გამო გადასვლაზე, მაგრამ ამ მოედანს ვერ ელევა. აქ გადმოსვლის დროიდან მოყოლებული სულ ვარჯიშობს. ავთო მწვრთნელი და სამთო ინჟინერია პროფესიით. ადრე ფეხბურთს თამაშობდა. 27 წლის ასაკში მიღებული ტრავმის შემდეგ კარატეზე გადავიდა. დღეს საქართველოს კონტაქტური კარატის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელია. დაიბადა აბაშაში.

აქ ასეთი ჩართულობა რომ არის, სულ ნანას დამსახურებააო, ამბობს. ძალიან ინიციატივიანი ქალიაო, მეუბნება. „ყველასთან მიდის, ვინმეს თუ ახალს მოჰკრა თვალი ეზოში, მისი ჩოგბურთით დაინტერესებას ცდილობს. “ჩემს კითხვაზე, თუ რა აერთიანებს, მისი აზრით, აქ მოვარჯიშე ადამიანებს, მპასუხობს, რომ აქ ყველას ჯანმრთელობა და ფიზიკურად კარგ ფორმაში ყოფნა უნდა, ქვეცნობიერად მაინცო. თანაც ურთიერთობები არის აქ ძალიან მნიშვნელოვანიო, ამატებს. 

ბევრ სხვა ადამიანზე შეიძლებოდა კიდევ დამეწერა, ვინც იქ სკოლის ეზოში გავიცანი და ვესაუბრე. თუნდაც ერთ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელსაც ჩემი თანდასწრებით ეხუმრებოდა ყველა, აი მოდი, ამასაც ელაპარაკე, 14 წელი საფრანგეთში ცხოვრობდა და მოგიყვება მის საინტერესო ცხოვრებაზეო. „გზა ქუჩიდან კორტებამდე“ - ასე დავარქმევდი მე მის განვლილ ცხოვრებასო, ხუმრობს ბოლოს ნანა ლაშქარავა (50 წლის).

ტექსტის ავტორი: ირინე ბერიძე

არის გერმანულენოვანი ლიტერატურათმცოდნეობისა და აღმოსავლეთ ევროპული კულტუროლოგიის მიმართულების მაგისტრი. ამჟამად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე, სადაც იკვლევს თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურას პოსტკოლონიალური/მიგრაციისა და ტრანსნაციონალური/ტრანსკულტურული თეორიების გამოყენებით. აქვს გერმანიაში სხვადასხვა კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება: ბერლინის ხელოვნების აკადემია, გამომცემლობა Suhrkamp Verlag, ლიტერატურული სააგენტო Literaturtest, პოცდამის უნივერსიტეტის გერმანისტიკის და სლავისტიკის ფაკულტეტი (ტუტორი). მისი ინტერესების სფეროებია: თანამედროვე გერმანულენოვანი ლიტერატურა; აღმოსავლეთ ევროპის კულტურა (განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპელი ებრაელების კულტურა); თანამედროვე მიგრაციის პროცესებზე კულტუროლოგიის პერსპექტივიდან დაკვირვება.

ფოტო: გუჯა შეყილაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 სექტემბერი
21 სექტემბერი

მონოლოგი სიკვდილზე... პლასტიკის ენით

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ლეგენდარულ მიხეილ ბარიშნიკოვს მასპინძლობს
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

მოხუცი ქართული ლიტერატურა და ზღვა

ქართულ ლიტერატურაში ზღვა მნიშვნელოვანი თემაა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა, თითქოს ზღვასთან ...
15 სექტემბერი
15 სექტემბერი

8.08.08-დან დღემდე...

TBILISI PHOTO FESTIVAL 2018 - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩვენს ზემოთ და რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი ჩვენში.

მეტი

^