Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუტიზმის დიაგნოზის მოხსნა - რას ედავებიან მშობლები სარეაბილიტაციო ცენტრს

14 მარტი 2018

აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამის მოსარგებლე ორი ბავშვის მშობელს ერთ-ერთი სარეაბილიტაციო ცენტრთან და მერიასთან, რომელიც პროგრამას აფინანსებს, პრეტენზიები აქვთ.

მშობელი, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს, ამბობს, რომ მისი შვილი ნეიროგანვითარების ცენტრში აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამით განსაზღვრულ სერვისს (ABA თერაპია) იღებდა.

თუმცა იანვარში მისი შვილი პროგრამიდან ამორიცხეს. პროგრამიდან ბავშვი ოფიციალურად გაცდენების, ე.წ. „არების“ გამო ამორიცხეს.

მშობელი ამბობს, რომ მან განზრახ გააცდენინა ბავშვს თერაპიის სეანსები, რომ  პროგრამიდან ამ მიზეზით ამორიცხულიყო.

მშობლის განმარტებით მან ეს გადაწყვეტილება ცენტრის თანამშრომლების მიერ დეკემბერში მისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიღების შემდეგ მიიღო.

კერძოდ, ის ამბობს, რომ დეკემბერში კლინიკური კვლევების (ados -2)  შემდეგ მას უთხრეს, რომ იანვარში ბავშვს დიაგნოზს მოუხსნიდნენ და პროგრამის დატოვება მოუწევდა.

მშობლის განმარტებით, მას ერჩივნა, ბავშვს პროგრამა არა დიაგნოზის მოხსნის, არამედ სხვა მიზეზით დაეტოვებინა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, მაშინ ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანას გეგმავდა და, ესაჭიროებოდა აუტიზმის დიაგნოზი, რომ შემდგომ საზღვარგარეთ ყოფნის დროს ბავშვისთვის სერვისის მიღება გაადვილებოდა.

თუმცა ახლა ამბობს, რომ ნანობს გადაწყვეტილებას, და რომ არა ცენტრის მიერ დაიგნოზის სავარაუდო მოხსნის შესახებ მიღებული ინფორმაცია, ის ბავშვს პროგრამიდან არ გამოიყვანდა.

დეკემბერში ცენტრის ერთ-ერთი ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვებაში წერია, რომ დაკვირვების შედეგად, ბავშვის ქცევაში პრობლემები მხოლოდ რეცეპციული და ექსპრესიული მეტყველების მიმართულებით გამოვლინდა; რომ მიღებული ქულობრივი მაჩვენებელი არ შეესაბამება აუტიზმის სპექტრის აშლილობას.

მშობელი არ ეთანხმება ფსიქოლოგის შეფასებას და ამბობს, რომ მის შვილს ჰქონდა პროგრესი, თუმცა სჭირდებოდა რეაბილიტაციის გაგრძელება და პროგრამიდან ამორიცხვის შემდეგ ბავშვის შედეგები გაუარესდა.

მშობელი ახლა თავიდან ცდილობს, ბავშვისთვის აუტიზმის სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დოკუმენტების შეგროვებას. ერთ-ერთი ასეთი სავალდებულო დოკუმენტი „აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვების, ე.წ. ADOS-2 ია. ის გეგმავს ალტერნატიული შეფასების სხვა კლინიკაში ჩატარებას.

მეორე მშობელი, რომელმაც ასევე ანონიმურად დარჩენა არჩია, ამბობს, რომ მის შვილს დიაგნოზი არასწორად მოუხსნეს და შესაბამისად, ბავშვი მერიის მიერ დაფინანსებული პროგრამიდან ამოირიცხა.

ამ ბოლო შემთხვევაში ცენტრი აღიარებს შეცდომას და ამბობს, რომ ბავშვი მიიღებს უფასო სერვისს მანამდე, სანამ პროგრამაში თავიდან არ ჩაირიცხება, ან არ მოეხსენება დიაგნოზი.

აუტიზმის დიაგნოზის მოხსნა - ცენტრის განმარტება

მოუხსნა თუ არა ცენტრმა პროგრამის მოსარგებლე ბავშვებს არასწორად აუტიზმის დიაგნოზი? როგორ ხდება აუტიზმის დიაგნოზის მოხსნა და რა ხარვეზები აქვს აქვს აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამას, რომელიც 2015 წლიდან მერიის მიერ ფინანსდება? -  ამ კითხვებით „ლიბერალმა“ ნეიროგანვითარების ცენტრის დირექტორ ეკა არველაძეს მიმართა.

ეკა არველაძის თქმით, ხანდახან ქცევის დარღვევები რჩება, მაგრამ დიაგნოზი იცვლება და ასეთი შემთხვევები ხშირია.

რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვი აუტიზმის პროგრამის ფარგლებში უფასო სერვისის მიღებას ვეღარ შეძლებს, თუმცა ქცევითი თერაპიის გაგრძელება სჭირდება, რაც უფასო არაა.

„სახელმწიფო პროგრამა, რომელზეც ვსაუბრობთ, აფინანსებს კონკრეტულ კოდებს და ამ დიაგნოზიდან გასვლა ნიშნავს, რომ ვეღარ მიიღებს სერვისს, რომელიც უფასოა, თუმცა მას შესაძლოა ქცევითი თერაპიის გაგრძელება სჭირდებოდეს, მაგრამ არ ჰქონდეს აუტიზმის დიაგნოზი. ამ შემთხვევაში არ უნდა იმყოფებოდეს პროგრამაში, რადგან, რაც არ უნდა სასტიკად ჟღერდეს, იკავებს იმ ბავშვის ადგილს, რომელსაც შესაძლოა ამის მეტი საჭიროება ჰქონდეს. ცენტრს რომ არანაირი მორალური მატერიალური ინტერესი არ აქვს, რომ ბავშვი პროგრამიდან გაუშვას, ცხადზე ცხადია“, - ამბობს ეკა არველაძე.

ეკა არველაძე „ლიბერალს“ იმ კონკრეტული შემთხვევების შესახებაც ესაუბრა, რომელზეც მასალის დასაწყისშია საუბარი.

ჩვენთან საუბარში მან განმარტა, რომ პირველ შემთხვევაში ბავშვი გაცდენების გამო გაირიცხა პროგრამიდან.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ პრობლემას - ამ ბავშვის გაშვების მიზეზი არა დიაგნოზის მოხსნა, არამედ გაცდენებია.მე ვერ გეტყვით, რა მოხდებოდა იანვარში, შეიძლება დიაგნოზი მართლაც მოხსნილიყო. ფაქტია, რომ კვლევამ (ADOS 2) თქვა, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ იგი არ გამოცხადდა იანვარში და ამოვარდა ამ მიზეზით. აქ ამ შემთხვევაში გადაცდომას ადგილი არ აქვს.

რაც შეეხება მეორე ბავშვს - მე თვითონ მოვიკვლიე და ვნახე, რომ მოხდა ტექნიკური შეცდომა. ბავშვის პროგრამიდან გამოთიშვა მოხდა არასწორად. დღეს ველოდებით ამ ბავშვს.  ის სრულიად უფასოდ მიიღებს თერაპევტის სერვისს მანამ, სანამ ხელმეორედ არ ჩაერთვება პროგრამაში, ან არ შეეცვლება დიაგნოზი“, - განუცხადა „ლიბერალს“ არველაძემ.

ეკა არველაძის თქმით, დიაგნოზის მოხსნის შემთხვევაში ხშირად ეს ბავშვები საჭიროებენ სხვადასხვა თერაპიას, თუმცა ასეთ შემთხვევებში სერვისი უფასო არაა. და როგორც ცენტრის დირექტორი ამბობს, მშობლებს აქვთ სხვადასხვა შესაძლებლობები ფინანსების მოსაძიებლად, მაგალითად, გამგეობისთვის მიმართვა თანხის გამოყოფის მოთხოვნით. თუმცა ამბობს, რომ ეს გზა სიძნელეებთანაა დაკავშირებული.  

„პროგრამის ნაკლად შემიძლია დავასახელო ის, რომ ადრე ეს პროგრამა რამდენიმე კოდით მეტს მოიცავდა და ეს პრობლემა ასეთი მწვავე არ იყო, მერე შემცირდა“, - ამბობს არველაძე.

„ლიბერალი“ დაუკავშირდა მერიის სამსახურს, რომელიც აღნიშნულ პროგრამას მართავს, თუმცა კითხვებზე არ გვიპასუხეს. მათი განმარტებით, პროგრამიდან ამორიცხვა პროვაიდერის (სერვისის მიმწოდებლის) პრეროგატივაა და ისინი ამ ნაწილში არ ერევიან.

ჩვენი კითხვა ეხებოდა პროგრამის მონიტორინგისაც. კერძოდ იმას, ამოწმებს თუ არა მერია, რა  კრიტერიუმების საფუძველზე ტოვებენ ბავშვები პროგრამას და შეცდომით ამორიცხვის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს თუ არა რაიმე სანქციას ცენტრის მიმართ. მერიამ არც ამ შეკითხვას უპასუხა.

"ლიბერალმა" ასევე გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია მერიიდან აუტიზმის პროგრამის შესახებ. მერიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპრგორამა, 2015-2017 წლებში, დატოვა სულ 127 ბენეფიციარმა, აქედან 65 ბენეფიცირს, კლინიკიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოეხსნა დიაგნოზი, ხოლო 62 ბენეფიციარს ჰქონდა სხვადასხვა მიზეზი.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 სექტემბერი
15 სექტემბერი

8.08.08-დან დღემდე...

TBILISI PHOTO FESTIVAL 2018 - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩვენს ზემოთ და რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი ჩვენში.
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

შუნემანი: მაკკეინი საქართველოს ერთგული ბ ...

სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო. რენდი შუნემანი  მასთან წლები ...
07 სექტემბერი
07 სექტემბერი

ჰერთა აირტონის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში სრულყოფილად აღვწერეთ და გავაანალიზეთ ჰერთა აირტონის სამეცნიერო მოღვაწეობა, ცხოვრება ...

მეტი

^