საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ მოქალაქეები, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს, რელიგიური თუ სხვა მიზეზებით თავს არიდებენ, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაივლიან. ამის შესახებ შალვა ხუციშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს.
შალვა ხუციშვილმა საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის შემდეგ მოქალაქეს მათ უწყებაში დასაქმების საშუალებაც ექნება.
„საკანონმდებლო პაკეტში, რომელსაც მთავრობას წარვუდგენთ, არის რამდენიმე ახალი ინიციატივა. კერძოდ, საუბარია ალტერნატიული სამხედრო სამსახურის ახალ ხედვაზე. ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს, რომლებიც რელიგიური თუ სხვა მიზეზით თავს არიდებენ შეიარაღებულ ძალებში სამსახურს, ჩვენ გავიწვევთ. შევქმნით პირობებს იმისათვის, რომ მათ ალტერნატიული სამხედრო სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამაშველო-სახანძრო დანაყოფებში მოიხადონ, დაეუფლონ მეხანძრე-მაშველის უნარ-ჩვევებს და უკვე კონკრეტული უნარ-ჩვევებით სარეზერვო სამსახურშიც ჩაირიცხონ. იმ ადამიანებისთვის, ვინც აირჩევს ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი და ჩვენ ამ ხალხს გადავამზადებთ, რომ ჰქონდეთ საბაზისო უნარები“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ხუციშვილის თქმით, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქეები, ძირითადად დამხმარე ფუნქციებს შეასრულებენ, რათა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.
„გირჩის" წევრი და „ბიბლიური თავისუფლების“ დამფუძნებელი ლევან ჯგერენაია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბუნდოვანია, რას შეეხება კონკრეტულად ცვლილებები, რადგან კანონპროექტი მზად არ არის. შესაბამისად, მისი თქმით, შალვა ხუციშვილის განცხადებიდან პირდაპირ არ ჩანს, რომ ეს ცვლილება „ბიბლიურ თავისუფლებას" შეეხება.
„დღესაც არის ალტერნატიული სამხედრო სამსახური, არ ვიცი, იქ რა მენეჯმენტი ჰქონდათ, მაგრამ შეიძლება ამ ნაწილის გადმოტანა უნდათ საგანგებო სიტუაციების სამსახურში. თუმცა შეიძლება, იყოს იმის მცდელობა, რომ ბიბლიური თავისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ ეს ჩანაწერი. ამ შემთხვევაში თუ ეს ჩვენს მღვმდელმსახურებს შეხება, მაშინ ცხადია უნდა შეეხოს სხვა ყველა კონფესიის წარმომადგენელსაც, წინააღმდეგ შემთხევვაში, დისკრიმინაციული მიდგომა იქნება.
ზოგადად, ჩვენი პოზიცია ცნობილია. ვითხოვთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას, მათ შორის - ალტერნატიულისაც. ვისაც კონტრაქტით სურს, ის შეიძლება, წავიდეს. სავალდებულო სამსახურის ყველა სხვა ფორმას კი არ ვეთანხმებით,“ - ამბობს ლევან ჯგერენაია.
„გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია - საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია „ბიბლიური თავისუფლება" მღვდელმსახურის ცნობას გასცემს, რაც წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.