Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ბარიერებს აწყდებიან დამწყები მასწავლებლები

28 მარტი 2018
ილუსტრაცია: სოფო კირთაძე

ქვეყანაში, საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების ძირითადი ნაწილი საპენსიო ასაკს მიღწეული ან პენსიონერია. ამის პარალელურად კი მცირეა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ირჩევენ და სკოლებში საქმდებიან. უკვე წლებია  ქართულ საჯარო სკოლებში პედაგოგთა კორპუსის მნიშვნელოვანი განახლება არ მომხდარა.

განათლების სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პედაგოგთა კორპუსის განახლება ვერ მოხდება მხოლოდ ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის „სკოლის კარის გაღებით“. მნიშვნელოვანია არსებობდეს, როგორც პროფესიიდან გასვლის მექანიზმი, ასევე პროგრამები პროფესიონალი კადრების შენარჩუნებისათვის. თუმცა, მათი შეფასებით, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები არაეფექტურია და საერთო სურათზე გავლენას ვერ ახდენს.

გასულ წელს აუდიტის სამსახურმა მასწავლებელთა საკადრო პოლიტიკა შეისწავლა. აუდიტის დასკვნით, არსებული მონაცემები მიუთითებს იმ რისკზე, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ზოგადი განათლების სისტემა კადრების ნაკლებობის წინაშე დადგება.

რამდენად ეფექტურია მასწავლებელთა მოსამზადებელი საუნივერსიტეტო პროგრამები

სახელმწიფომ პროფესიის პოპულარობის გასაზრდელად და ხარისხის ასამაღლებლად 2015 წლიდან მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სისტემა შემოიღო, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამებს.

პროფესიაში შესვლის, ე.წ. „მოკლე გზა“ - მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი (60 კრედიტიანი) პროგრამის დანერგვა უნივერსიტეტებმა გასული სასწავლო წლიდან დაიწყო.

მასწავლებლის სახლი არ აწარმოებს ერთიან სტატისტიკას, საერთო ჯამში რამდენმა სტუდენტმა ჩააბარა პროგრამაზე. სტატისტიკას ინდივიდუალურად უნივერსიტეტები აწარმოებენ. მაგალითისთვის, გასულ სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე სულ 41 სტუდენტი მიიღეს, მიმდინარე წელს კი - 45 სტუდენტი. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ კურსდამთავრებულთა უმეტესობა სკოლაში დასაქმდა.

სოფო მაღრაძემ პროგრამა თსუ-ში გასულ სასწავლო წელს დაასრულა. 2006 წელს, ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ, ერთხანს მოსწავლეების მოსამზადებელ ცენტრში მათემატიკას ასწავლიდა, შემდეგ კი თითქმის 10 წელი ბანკის თანამშრომელი იყო. პროგრამის დასრულების შემდეგ ეს სამუშაო მიატოვა და სკოლებში ვაკანსიების ძებნა დაიწყო. ამჟამად კერძო სკოლა „პროგრესში“ მათემატიკას ასწავლის.

„ძალიან მინდოდა მასწავლებელი გავმხდარიყავი, მინდოდა ახალი გამოცდილება შემეძინა, ამიტომ ადვილად წამოვედი სამსახურიდან. ბევრ გასაუბრებაზე ვიყავი, თავიდან საჯარო სკოლაში დასაქმება მინდოდა, მაგრამ არ ამიყვანეს. კერძო სკოლების შემთხვევაში დასაქმების შესაძლებლობა უფრო მრაველფეროვანია“, - ამბობს სოფო და მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მასწავლებლის მომზადების პროგრამაში პრაქტიკაზე დაფუძნებული კურსები იყო, რომელთა მეშვეობითაც სკოლაში პრაქტიკა გაიარა და უკეთ ისწავლა, როგორ ასწავლოს. ეს გამოცდილება კი დღესდღეობით გაკვეთილების ჩატარებისას ხშირად ეხმარება.

ჯერჯერობით სკოლაში ვერ დასაქმდა ნინა ჩქარეული, რომელმაც სოფოს მსგავსად მასწავლებლის მომზადების პროგრამა გასულ სასწავლო წელს თსუ-ში დაასრულა. საგნის გამოცდა ინგლისურ ენაში ჩააბარა. სკოლაში დამრიგებლის ასისტენტად მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილებაც აქვს. რამდენიმე გასაუბრებაზე უკვე იყო, თუმცა როგორც ამბობს, უპირატესობა მეტი სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლობის მსურველებს მიანიჭეს.

განათლების სფეროს სპეციალისტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო ცდილობს, სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ახალგაზრდა კადრები სკოლით დააინტერესოს და პროფესიის პრესტიჟი გაზარდოს, მცდელობა საბოლოო ჯამში არაეფექტურია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების სპეციალისტი გიორგი გახელაძე მიიჩნევს, რომ პრობლემის გამომწვევი მთავარი მიზეზი არის ის, რომ პროფესიაში ახალგაზრდა კადრების მიერ არ ხდება იმ ასაკოვანი პედაგოგების ეტაპობრივი ჩანაცვლება, რომლებსაც ხარისხიანი მუშაობა აღარ შეუძლიათ. საუბარი არ არის უშუალოდ პედაგოგთა ასაკზე, საუბარია იმ პედაგოგებზე, რომლებსაც ხარისიხანი მუშაობა აღარ შეუძლიათ და რომელთათვისაც სკოლა „სოციალურ თავშესაფრად“ არის ქცეული.

„ჩვენს სკოლებში მასწავლებელთა კორპუსი მეტწილად  იგივეა, რაც 20 წლის წინ იყო: მასწავლებლები მოძველებური პედაგოგიური და საგნობრივი ცოდნით. ამ მასწავლებელთა ნაწილი 80-90 წლებში პედაგოგიური ინსტიტუტების კურსდამთავრებულები არიან. ამ კადრების როტაცია, რაც განპირობებული იქნებოდა, მაგალითად, პროფესიული განვითარებით, რამდენიმე ათეული წელია არ მომხდარა. როტაცია ხდება მაშინ, როცა პროფესიაში შემომავალ ახალ კადრებთან ერთად, არიან პროფესიიდან გამსვლელებიც. ჩვენთან ეს მექანიზმი არ მუშაობს“, - განმარტავს გიორგი გახელაძე.

მისივე თქმით, არსებულ მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ასაკოვან პედაგოგთა დიდი ნაწილი, რომლებიც „ფიზიკურად და ემოციურად აღარ არიან ხარისხიანი მასწავლებლები“, ვერ თმობენ სკოლას, რადგან სკოლა მათთვის ერთგვარი „სოციალური თავშესაფარია“, რომლის გარეშეც მათი სოციალური მდგომარეობა ბევრად გაუარესდება.

რაც შეეხება პროფესიაში შესვლის, ე.წ. გრძელ გზას, რომელიც მასწავლებელთა მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამას გულისხმობს, პროგრამის ეფექტურობა სპეციალისტებისთვის ეჭვებს იწვევს. მათი შეფასებით, პროგრამა კიდევ უფრო ახანგრძლივებს დაინტერესებული პირისათვის სკოლამდე მისასვლელ გზას, სახელმწიფოს თანხები კი ამ მიმართულებით უშედეგოდ გაიხარჯება.

აღნიშნული პროგრამა 5-წლიან (300 კრედიტი) სწავლებას გულისხმობს. პროგრამის დასრულების შემდგომ სტუდენტი მაგისტრის ხარისხს იღებს. მისი დანერგვა მომდევნო სასწავლო წლიდან იგეგმება. პროგრამას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

ვინ ირჩევს მასწავლებლის პროფესიას? გიორგი გახელაძის თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით გაიზარდა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებსაც მასწავლებლობა სურთ, დღის წესრიგში დგას ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა აბიტურიენტების დაბალი აკადემიური მოსწრება და პროფესიის ნაკლებპოპულარულობა. მაგალითად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს მოაქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, პედაგოგიკის მიმართულებით დაბალი ქულების მქონე აბიტურიენტები ირიცხებიან, მასწავლებლის პროფესია კი პოპულარულ პროფესიათა ჩამონათვალში არ შედის.

„ამიტომ სკეპტიკურად ვუყურებ ამ პროგრამის ეფექტურობას. კითხვა მიჩნდება, ვინ ისწავლის ამ პროგრამაზე? წარმოვიდგინოთ, რომ აქ მოდის აბიტურიენტი, რომელსაც მკაფიოდ ექნება გადაწყვეტილი, რომ მზადაა 5 წელი ისწავლოს. ხანგრძლივი სწავლების თვალსაზრისით, ამას ვერ შევადარებთ, მაგალითად, მედიცინის ფაკულტეტს, სადაც სწავლა დღესდღეობით აბიტურიენტებისათვის უფრო სასურველია, სადაც მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტები აბარებენ. ვინც ამ პროგრამას აირჩევს, ნიშნავს, რომ ამ ახალგაზრდებს მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი მასწავლებლობა, ანუ იცის სკოლის კონტექსტი, იცის იმ საცობის შესახებ, რომელიც ამ პროფესიაშია. ასეთი მოტივირებული ახალგაზრდა, არ მგონია, ბევრი იყოს“.

როგორც მასწავლებლის სახლში განმარტავენ, მართალია არსებობს ბევრი ფაქტორი, რის გამოც ახალგაზრდას ნაკლები მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს, რომ ამ მიმართულებით ისწავლოს. თუმცა, მათი შეფასებით, პროგრამის უპირატესობაა პრაქტიკული გამოცდილების მქონე ინტეგრირებული საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადება, რომელიც უფრო კონკურენტუნარიანი იქნება დასაქმების ბაზარზე.

რატომაა მნიშვნელოვანი პროფესიონალი კადრების შენარჩუნებაზე ზრუნვა

განათლების საკითხების მკვლევარი, სიმონ ჯანაშია ყურადღებას ამახვილებს იმგვარი პროგრამების მნიშვნელობაზე, რომელიც პროფესიონალი კადრების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

მისი თქმით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ახალგაზრდების ნაწილი, რომელიც სკოლაში იწყებს მუშაობას, მალევე ტოვებს სკოლას, რადგან არ მოსწონს გარემო ან აქვს უკეთესი ალტერნატივა.

„შენარჩუნებას ცალკე მხარდაჭერა სჭირდება, რადგან სასკოლო კულტურა დღეს იმდენად მძიმეა, რომ ბევრი ენთუზიასტი, რომელიც სკოლაში შედის, მალევე გამორბის სკოლიდან, რადგან სასკოლო საზოგადოება, მასწავლებელი და ზოგჯერ მშობელიც, არ აძლევს გასაქანს. რომლებსაც, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, ძალიან პრაგმატული მიზნები აქვთ, მაგალითად, გამოცდების მომზადებაზე მეტად ორიენტირება. ამგვარად, ზედა კლასებში მასწავლებელი სრულიად უფუნქციოდ რჩება, რადგან მისი საქმე ხდება უაზრო ტესტებისათვის მომზადება და არა შემოქმედებითი მიდგომა პედაგოგის საქმიანობისადმი. ეს ბევრს უკარგავს მოტივაციას“, - ამბობს სიმონ ჯანაშია.

რაც შეეხება კადრების ბრუნვას, სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ ამ პროცესს აფერხებს, როგორც შრომის კანონმდებლობა, ასევე კანონი ზოგადი განათლების შესახებ, რომელიც არსებული მასწავლებლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

მისი განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისიცაა, რომ სკოლის დირექტორებს მასწავლებლის სკოლიდან გასაშვებად სკოლის გარეთ არსებული ლეგიტიმაციის წყარო სჭირდებათ, მაგალითად, როგორიც იყო სასერტიფიკატო გამოცდები. ვინაიდან სკოლის შიგნით არსებული ურთიერთობები გავლენას ახდენს სკოლის გარე ურთიერთობებზეც, განსაკუთრებით მაშინ, როცა დირექტორი და მასწავლებელი ერთი თემის წარმომადგენლები არიან, მასწავლებლის სკოლიდან გაშვების გადაწყვეტილებას დირექტორი მარტივად ვერ იღებს. მისივე შეფასებით, ამ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს სამინისტროს პოლიტიკა, რომელიც მიუხედავად დაბალი კვალიფიკაციისა, კადრების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

როგორი შეიძლება იყოს მასწავლებლის პროფესიიდან გასვლის გზები?

სიმონ ჯანაშიას განმარტებით, შესაძლოა სამინისტრომ მოამზადოს პროგრამები, რომელიც წაახალისებდა როგორც დირექტორს, ისე მასწავლებელს. მაგალითისთვის, შესაძლებელია ასაკოვან მასწავლებელს შესთავაზონ განსხვავებული საპენსიო პაკეტი ან ახალი როლი, მაგალითად, გაკვეთილების შემდგომ მოსწავლეების დახმარება.

მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის მოადგილის, მანანა რატიანის განმარტებით, დღის წესრიგში დგას დოკუმენტის შექმნა, რომლითაც პროფესიიდან კადრების გასვლა დარეგულირდება, თუმცა ის ვერ საუბრობს კონკრეტულ ვადებზე, როდისთვის შემუშავდება დოკუმენტი.

„პროფესიიდან მასწავლებლების გასვლის დოკუმენტის მომზადებას სჭირდება ბევრი მუშაობა, არ ვამბობ რომ დიდხანს მუშაობაა საჭირო, მაგრამ საჭიროა ბევრი მუშაობა. საჭიროა ბევრი ადამიანის ჩართვა, როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესების გამიჯვნა იმისგან, რასაც ჰქვია სოციალური უკმაყოფილება, საგანმანათლებლო დაწესებულება ვერ იქნება სოციალური თავშესაფარი, შესაბამისად, აქ პირველ რიგში საჭიროა ვიფიქროთ მოსწავლეების ინტერესებზე “.

ის მიიჩნევს, რომ ეს პროცესი ცენტრალიზებულად არ უნდა წარიმართოს, დელეგირება სკოლის დონეზე უნდა შენარჩუნდეს, ანუ მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სკოლის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს, რადგან მათ ყველაზე უკეთ იციან, ვინ როგორ მუშაობს ან რა საჭიროებები აქვს სკოლას.

პროფესიაში შესვლის ახალი გზები  - „მაძიებელი“ და „მოწვეული“ მასწავლებელი

რაც შეეხება პროფესიაში შესვლის გზებს, ამ მიმართულებით იგეგმება სიახლეები. შემოდის „მოწვეული“ და „მაძიებელი“ მასწავლებლის სტატუსი.

მანანა რატიანის განმარტებით, მოწვეული მასწავლებელი შეიძლება გახდეს სხვადასხვა პროფესიაში წარმატებული ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს თავისი ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეებს გაუზიაროს. მათ შესაძლებლობა მიეცემათ სკოლაში ნახევარ განაკვეთზე იმუშაონ და მათთვის სავალდებულო არ იქნება იმ საქმიანობების შესრულება, რაც, ჩვეულებრივ, მასწავლებლებს ევალებათ პროფესიული განვითარებისთვის.

რაც შეეხება „მაძიებლის“ სტატუსს, მანანა რატიანის განმარტებით, 2007-2014 წლებში არსებული მაძიებლობის პროგრამისგან განსხვავებით, „მაძიებელს“ შესაძლებლობა მიეცემა, სკოლაში მუშაობა დაიწყოს და პარალელურად პროფესიულადაც განვითარდეს. ესენი იქნებიან ახალგაზრდები, რომლებსაც ექნებათ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი. მუშაობის პარალელურად კი გაივლიან მაძიებლობის პროგრამას. მაგალითისთვის, ფიზიკის ბაკალავრის ხარისხის მქონე ადამიანს, შესაძლებლობა ექნება სკოლაში ვაკანსიის შემთხვევაში მუშაობა დაიწყოს. მან იცის, რა ასწავლოს, მაძიებლობის პერიოდში კი ისწავლის როგორ ასწავლოს. რატიანის განმარტებით, ეს იქნება ცენტრისა და უნივერსიტეტების ერთობლივი მოკლევადიანი პროგრამა, რომლის დიდი ნაწილიც ონლაინრესურსებით სწავლება იქნება.

მისი თქმით, ცვლილებები საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება, ხოლო სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან დაინერგება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

თურქეთი არჩევანის წინაშე

თურქეთში კვირას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. წინასაარჩევნო კვლევებში ერდოღანის "სამართლიანობი ...
21 ივნისი
21 ივნისი

სამთო დარტყმა თუ „ადამიანური გადაცდომა" ...

99%-ით შეიძლება ითქვას, რომ ტყიბულის შახტში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის მიზეზი სამთო დარტყმა არ ყოფილა. ეს უფრ ...
20 ივნისი
20 ივნისი

ბიზნესი ქალების გაძლიერებისთვის და პირიქ ...

გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველოში ქალთა მონაწილეობა შრომის ბაზარზე კაცებთან შედარებით ბევ ...

მეტი

^