Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალაქის ურბანული ცოცვის შეჩერება მხოლოდ გენგეგმას შეუძლია

03 აპრილი 2018

ქალაქს სჭირდება არა გადანაწილების, არამედ - განვითარების გეგმა. უნდა შეჩერდეს ურბანული ცოცვა: ურბანული განვითარება ნაშენი ტერიტორიის გარეთ უშენი ტერიტორიების ათვისებით. 2009 წელს, ერთ დღეში 25 რეკრეაციულ ზონას ფუნქცია შეეცვალა.

სააგენტო „აიპრესის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით,  2008-2009 წლებში  თბილისის მერიას არა ერთი, არამედ ორი გენერალური  გეგმა ჰქონდა - ოპერატიული და პერსპექტიული.

ოპერატიული გენგეგმის ავტორებმა უჩივლეს მერიას და მთელი ეს წლები სასამართლო ამ საქმეს განიხილავდა.  კონკურსში გამარჯვებული „ანი არქიტექტორები“ და მისი ხელმძღვანელი ცნობილი არქიტექტორი პავლე ძინძიბაძე მერიას არაკეთილსინდისიერ ქცევაში ადანაშაულებდნენ. 

სანამ ოპერატიულ გენგეგმაზე სასამართლო დავა მიმდინარეობდა, მერიაში ახალი ტერიტორიების ასათვისებლად ახალი გენგეგმის შემუშავება მიმდინარეობდა. მერიის განმარტებით ბარათში ეწერა, რომ რეკრეაციული ზონების საცხოვრებელ ზონებად გადაკეთება მოსახლეობის მოთხოვნით მოხდა.

გადაწყვეტილების მიღებას კი შემდეგი მიზეზები დაუდეს საფუძვლად: ტერიტორია ფაქტობრივად ჩამოყალიბებულია საცხოვრებელი განაშენიანების სახით; ცვლილების საფუძველია სოციალური საკითხების მოგვარება და ცვლილებები განპირობებულია ქალაქგეგმარებითი მიზანშეწონილობით. ეს მოხდა 2009 წელს.

რა მივიღეთ დღეს?! ასეთი განვითარება ვერ აგვარებს სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პრობლემებს, უფრო პირიქით ხდება - მას მოჰყვება გარემო რესურსების დეგრადირება, ქალაქის ისედაც მწირი რესურსების არახელსაყრელი განაწილება.

ერთი წუთით დავფიქრდეთ, სად ვიყავით 2009 წელს, სად ვართ დღეს ურბანული ცოცვის ათი წლის თავზე და სად ვიქნებით 2030 წელს, თუ ქალაქის გენგეგმის მწვანე ნაწილი ჩავარდება. ნაწილ-ნაწილ ქალაქები ვერ ვითარდება, ასეთი განვითარების მცდელობა რესურსების, ენერგიის ზედმეტი მოხმარების გარდა, სოციალური ხასიათის პრობლემებსაც წარმოშობს.

ნუ ვაშინებთ და ვაპირისპირებთ მოქალაქეებს დეველოპერებთან, რადგან არავის სურს, იცხოვროს საცობებით გაჭედილ, დაბინძურებულ ქალაქში. უკვე დამკვიდრებული აზრი - თითქოს საქართველოში არ შეიძლება ან ახლა არ არის რეფორმების ჩატარებისა და ხედვების განხორციელების დრო, და ისინი ქალაქს, მოქალაქეებს უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს - არის მცდარი.

მდგრადი განვითარება, რომელიც გეგმას დაეყრდნობა, არ გულისხმობს აუცილებლად დაპირისპირებას ქალაქსა და ბიზნესს, მოქალაქეებსა და ინვესტორებს შორის.

ინტერესების შეჯერება და დაბალანსებული განვითარება შესაძლებელია და ამის უამრავი მაგალითი არსებობს საქართველოშიც.

გენგეგმა არაა დოკუმენტი, რომელიც ნებართვას იძლევა. გრგ (განაშენიანების რეგულირების გეგმა) აზუსტებს ზონების საზღვრებს. დავიცვათ გენგეგმით შემოთავაზებული რვა პერსპექტიული მწვანე არეალი, მტკვრის ქალაქისთვის დაბრუნების გეგმა და  უბრალოდ მწვანე ქალაქი.

თბილისი განიცდის საზოგადოებრივი დანიშნულების მწვანე სივრცეების მწვავე უკმარისობას, რადგან ბოლო 80 წლის განმავლობაში არცერთი ახალი პარკი არ გაშენებულა. ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს ქალაქის მწვანე სივრცეებით დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული გეგმარებითი საქმიანობა.

იმედია, სპეციალისტები, ექსპერტები, გარემოსდამცველები, გადაწყვეტილებების მიმღები პირები, საზოგადოება, ბიზნესი არ დაუშვებენ შემოთავაზებული გეგნგეგმის მწვანე ნაწილის ჩაგდებას ტექნიკური ხარვეზების, საზოგადოების მოთხოვნისა და სხვა მიზეზების გამო, რაც ერთხელ, ათი წლის წინ უკვე მოხდა. ერთად დავიცვათ გენგეგმის მწვანე ნაწილი და ნუ შეგვეშინდება ისეთი სიახლეების, რომლებმაც მსოფლიოს უამრავ ქალაქს სიცოცხლე დაუბრუნა.

ქალაქის განვითარება და კერძო ინვესტირება თავისუფლად შეიძლება მოხდეს ახალ პოლიცენტრულ არეალებში, მთავრობის მინიმალური მხარდაჭერით. ამის უამრავი მაგალითი არსებობს, ერთ-ერთი ბოლო ბუშვიკის მაგალითია. 

დღევანდელი განვითარებით ირღვევა ქალაქის კომპაქტურობა - გარეუბნები მოწყდა ქალაქის ცენტრს და სტრუქტურის შიგნით წარმოიშვა წყვეტა, რომელიც ართულებს კავშირებს ქალაქის სხვადასხვა უბანს შორის.

ქალაქის ასეთი დანაწევრება უკვე უარყოფითად აისახება საქალაქო სისტემების გამართულ მუშაობაზე და ქალაქის მცხოვრებლებზე. შექმნილი ვითარება გვაყენებს ისეთი ამოცანების წინაშე, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია თბილისის განვითარების კომპაქტური სახით წარმართვისათვის:  პოლიცენტრული სისტემის განვითარების ხელშეწყობა,  ბრაუნფილდების ხელახლა გამოყენება და  სარეკონსტრუქციო უბნების განახლება. კომპაქტური ქალაქის მიდგომა გულისხმობს ტერიტორიების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას.

ამის მიღწევა შესაძლებელია კარგად შეკავშირებული სატრანსპორტო სისტემით, გონივრულად მჭიდრო განაშენიანების შექმნით, სადაც დაბალანსებულია საცხოვრისი, დასაქმებისა და დასასვენებელი ადგილები.

დატვირთვის გადანაწილება ქალაქის ცენტრიდან ურბანიზებული ტერიტორიის სხვადასხვა უბანზე ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილებს წვდომას აუცილებელ, ძირითად სერვისებზე და შემცირდება შორ მანძილზე, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრისკენ ყოველდღიურად გადაადგილების საჭიროებაც.

გენგეგმა არის პოლიტიკური განაცხადი ქალაქის მომავალზე და სად ვიქნებით 2030 წელს, დამოკიდებულია ამ ქალაქის ყველა მცხოვრებზე.  მასზე მხოლოდ ქალაქის მერი, მისი გუნდი არ აგებს პასუხს. ჩვენც გვაქვს ვალდებულება ქალაქის წინაშე. გენგეგმა არის ქალაქის კონსტიტუცია, რომლის კონსენსუსის გზით მიღებაც აუცილებელია. ერთი დოკუმენტით მთელი ქალაქის პრობლემები ვერ გადაწყდება, მომავალში თითოეულ პროექტს ცალკე განხილვა, კვლევა და შესწავლა დასჭირდება. გენგეგმა არის ქალაქის განვითარების ხედვა, რომელზე დაყრდნობითაც უნდა დაიგეგმოს მომავალი პროექტები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^