Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობა შშმ პირებისთვის

03 აპრილი 2018

23 მარტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ - ჩაატარა კვლევის „შშმ პირთა ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე“ პრეზენტაცია. კვლევაზე მუშაობაში მეც ვიყავი ჩართული, როგორც შშმ ქალთა საინიციატივო ჯგუფის „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ წევრი.
საავადმყოფოების თანამშრომლებისთვის ვადგენდით კითხვარებს, ერთად დავდიოდით თბილისისა და საქართველოს ყველაზე მსხვილ, პრესტიჟულ, ძვირადღირებულ და კარგად აღჭურვილ საავადმყოფოებში. სულ 15 საავადმყოფო მოვიარეთ. 
ამ საავადმყოფოებს შშმ პირებიც ხშირად მიმართავენ. ამ ვიზიტების დროს ბევრი საინტერესო რამ გამოიკვეთა. ზოგადად, შშმ პირთა შესახებ კლინიკების ხელმძღვანელ პირებსა და ექიმებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია. იმასაც აცნობიერებენ, რომ დისკრიმინაცია ცუდია. ეს იქიდანაც გამოჩნდა, რომ კითხვებზე: ემსახურებიან თუ არა შშმ პირებს? ხომ არ გაუშვიათ პაციენტი კლინიკიდან? ხომ არ უთქვამთ უარი მის მომსახურებაზე შეზღუდული შესაძლებლობის გამო? - ყველამ თქვა, რომ ემსახურებიან და უარი არავისთვის უთქვამთ. იმასაც ამბობენ, რომ მათთან კონფლიქტი ან რამე განსაკუთრებული პრობლემები/სირთულეები შშმ პაციენტთა მომსახურებისას არ ახსენდებათ. იმასაც აცნობიერებენ, რომ რაც კეთდება საკმარისი არ არის.
თქვეს, რომ შშმ პირთა უფლებებისა და მათთან ადეკვატური, არადამამცირებელი კომუნიკაციის ტრენინგები პერსონალს არასდროს გაუვლია. ეს ტრენინგები არც ექიმთა სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი განგრძობადი განათლების პროგრამაში შედის, რომლის გავლაც გარკვეული პერიოდულობით, ადვოკატების მსგავსად, ექიმებსაც  ევალებათ. ერთადერთი ტრენინგი, რომელიც პერსონალს შშმ პირებთან დაკავშირებით ჰქონდა გავლილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დადგენა-მინიჭებას ეხებოდა. ის გავლილი ჰქონდათ ამ სტატუსის მინიჭების აკრედიტაციის მქონე კლინიკების თანამშრომლებს, თუმცა ერთ-ერთი კლინიკის მთავარ ექიმს შემთხვევით შშმ პირთა უფლებების ტრენინგში აერია.
საავადმყოფოებში ამ ვიზიტმა 1 ხელშესახები შედეგიც გამოიღო. არასამეწარმეო არაკომერციულმა იურიდიულმა პირმა, არამომგებიანმა „ჯოენის სამედიცინო ცენტრმა“ შეიძინა გინეკოლოგიური სავარძელი, რომელიც ნებისმიერი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალისთვის არის მისაწვდომი, რადგან შესაძლებელია მისი სიმაღლის რეგულირება. ამ სავარძლის შეძენის პროცესში შშმ პირებიც იყვნენ ჩართული. გამოგვიგზავნეს სავარძლის სურათი და მოიკითხეს, რამდენად ადაპტირებული იქნებოდა ის. ექთნებს არ გაუვლიათ, მაგალითად, ეტლით მოსარგებლე პირის სავარძლიდან გადაყვანა-გადაწოლის წესები საექთნო პროფესიულ სასწავლებელში. კლინიკების უმრავლესობა ინტერესდებოდა მსგავს საკითხებში პერსონალის დატრენინგებით. თუმცა როგორ იცავენ შშმ პირების უფლებებს რეალობაში, როგორ ესმით, როგორ წარმოუდგენიათ ეს უფლებები - სულ სხვა თემაა.
            პირველ რიგში, საავადმყოფოები შშმ პირებს მხოლოდ პაციენტებად აღიქვამენ. ამიტომაც ადმინისტრაციისა და ხელმძღვანელობის ოთახები, მაგიდების სიმაღლე, კარებების სიფართე და მისთ. არ არის ხოლმე ადაპტირებული/მისაწვდომი. ძალიან გაუკვირდათ, ჩვენ, სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონიტორები, საავადმყოფოში არა სამკურნალოდ, არამედ მის შესამოწმებლად მოსულები რომ დაგვინახეს. როცა ვახსენებდით, რომ შშმ პირი შესაძლოა, ადმინისტრაციისა თუ ხელმძღვანელობის წევრიც იყოს ან სულაც ექიმი/ექთანი, ძალიან უკვირდათ. არადა, საზღვარგარეთ ეტლით მოსარგებლე ქირურგებისა და უსინათლო ექთნების მაგალითებიც არსებობს.
            საავადმყოფოთა უმრავლესობაში არ არის გამოყოფილი პარკირების ადგილი შშმ პირებისთვის ისეთ ადგილას, რომ ეტლით მოსარგებლე და გადაადგილების/მობილობის სხვა შეზღუდვის მქონე პირებმა დამოუკიდებლად შეძლონ მანქანიდან საავადმყოფოს შესასვლელამდე მისვლა. შენობის შიგნითაც პანდუსები ხშირად ძალიან დაქანებულია. ჩვენი ეტლით მოსარგებლე მონიტორი ერთხელ ისეთ სიტუაციაშიც აღმოჩნდა: როცა პანდუსით დამოუკიდებლად ვერ ავიდა, მთავარი ექიმი მიეხმარა, რომელსაც ისე გაუჭირდა ეტლის პანდუსზე აგორება, რომ  კინაღამ ორივე დაიმტვრა. მთავარი ექიმის ფიზიკურმა ძალამ უშველათ. საინტერესო იყო, რომ იმ ექიმს, პანდუსზე ეტლის აგორებაზე დახარჯული ამდენი ძალისხმევის მიუხედავად, იმ წუთში არ გასჩენია შეკითხვები პანდუსის თვისებებთან, მის ზედმეტ დაქანებულობასთან ან მოცურებადობასთან დაკავშირებით. პალატებში მდებარე სააბაზანო-საპირფარეშოები  პრაქტიკულად არცერთ საავადმყოფოში არ იყო მისაწვდომი ეტლით მოსარგებლე ან გადაადგილების სირთულის მქონე ადამიანებისთვის. ადმინისტრაციის პოზიცია იყო, რომ საავადმყოფოში მოთავსებულ წოლითი რეჟიმდანიშნულ პაციენტებს ისედაც ემსახურებიან ღამის ქოთნებით, ისედაც დაატარებენ ხელით და შშმ პირებს რაღატომ უნდა სჭირდებოდეთ საპირფარეშო. არადა, საპირფარეშოთი დამოუკიდებლად სარგებლობა პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსებასთან.
           არაფერი კეთდება უსინათლოთა და მცირემხედველთათვის მისაწვდომობის გასაზრდელად. ბევრგან მინის რთულად შესამჩნევი კარებია. კარებები, სვეტები და სხვა ბარიერები ხშირად იგივე ფერისაა, რაც კედლები და იატაკი, რაც მათ გარჩევას და გვერდის ავლას ართულებს. ერთი ფერისა და ტონალობის ღია ფერში შეღებილი გარემო ხელს უწყობს სინათლის არეკვლას, ლაპლაპს. ისეთი განცდაა, რომ საითაც არ უნდა გაიხედო, ყველაფერი თეთრად ბრჭყვიალებს, ეს კი ართულებს ორიენტაციას. ზოგან შემთხვევით დამონტაჟებულია ლიფტები, რომლებიც ხმოვანი სიგნალით გატყობინებენ, რომელ სართულზე ხარ. თუმცა გამოცხადებაც უნდა იყოს ორმაგი: როცა სართულის ღილაკს აჭერ, უნდა გეუბნებოდეს, რომელი სართულის ღილაკს დააჭირე, სად მიჰყავხარ და კარები გაღებისასაც უნდა გატყობინებდეს, რომელ სართულზე ხარ. ხომ შეიძლება, ვინმემ სხვა სართულზე გამოიძახოს, სანამ შენ  ლიფტში იყავი. არსად შეგვხვედრია ბრაილის წარწერები და საორიენტაციო შენობის ტაქტილური რუკები, რომელსაც შეგიძლია ხელით შეეხო. საერთოდ, როცა კითხვარზე ვმუშაობდი, აშშ-ის მისაწვდომობის სტანდარტების დამდგენი დოკუმენტებიდან უსინათლოთათვის მისაწვდომობის სტანდარტი გადმოვიღე. იქიდან გადმოღებული არცერთი სტანდარტი უბრალოდ არ გამომადგა, რადგან იმ სტანდარტებში ნახსენები საგნები აქ საერთოდ არ გვაქვს. მაგ. იმ სტანდარტებით დგინდება, რა სიმაღლეზე უნდა იყოს განთავსებული ბრაილის წარწერები, რა ზომის უნდა იყოს ასოები, კარის რომელ ნაწილზე უნდა იყოს განთავსებული. იყო სტანდარტებიც, რომლებიც ერთდროულად ყრუ და უსინათლო ადამიანებისთვის გარემოს მეტი მისაწვდომობას უზრუნველყოფდა. მაგრამ გამახსენდა, რომ შშმ სფეროში რამდენიმეწლიანი ტრიალის მიუხედავად, არცერთ ერთდროულად ყრუ და უსინათლო ადამიანს არ  ვიცნობ. არც გამიგია სხვებისგან. ალბათ იმის გამო, რომ ისინი მეტისმეტად ჩაკეტილი და იზოლირებული არიან.
            მხოლოდ ერთ საავადმყოფოს, მისი ხელმძღვანელობის თქმით, აღმოაჩნდა ჟესტური ენის მცოდნე თანამშრომელი. დანარჩენებმა განაცხადეს, რომ ყრუ პირების მომსახურებისას მათთან მათი თანმხლები პირების მეშვეობით საუბრობენ. ეს პაციენტის ერთ-ერთი ძირითადი უფლების - კონფიდენციალობის - დარღვევაა. ზრდასრულ ადამიანს აქვს უფლება, არ გააგებინოს თავისი ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და თემს ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის შესახებ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყრუ პირს თან ახლავს არა ოჯახის წევრი, არამედ საქართველოს ყრუთა კავშირის ჟესტური ენის თარჯიმანი, კონფიდენციალობა მაინც შეიძლება დაირღვეს. თარჯიმნები ძალიან ცოტანი არიან. ყრუთა კავშირიც, უსინათლოთა კავშირის მსგავსად, საკმაოდ დახურული, ვიწრო თემია, რომელშიც ინფორმაცია ერთმანეთის შესახებ ძალიან სწრაფად ვრცელდება. შესაბამისად, ყრუ პირებს სხვა არჩევანი არც აქვთ, გარდა კონფიდენციალობის უფლებაზე უარის თქმისა. ამასთან, თუ ადამიანი საავადმყოფოში გადაუდებელი მომსახურების მისაღებად განათავსეს, შეიძლება, ვერც კი მოასწროს თარჯიმნის გამოძახება.
           საკმაოდ პრობლემური აღმოჩნდა შშმ-ებთან დამოკიდებულების საკითხებიც. ექიმთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უმრავლესობა ამბობდა, რომ თუკი შშმ პაციენტს თან ახლავს ვინმე, კონსულტაციის გაწევისას არ სთხოვს მას ექიმი კაბინეტის დატოვებას. არც იმ შემთხვევაში, თუ იმ თანმხლების კონსულტაციაზე დასწრება პაციენტთან სასაუბროდ აუცილებელი არ არის, როგორც, მაგალითად, ყრუ პირებთან მიმართებაში არის ხოლმე. ივარაუდება, რომ რახან შშმ პირმა ექიმთან კონსულტაციაზე წაიყოლა,  ის მას ყველაფერში ენდობა. თუკი პაციენტს არ სურს, რომ თანმხლები კონსულტაციას დაესწროს, თვითონ უნდა მოითხოვოს იმ ადამიანის კაბინეტიდან გაშვება და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თანმხლები ოთახში აღარ დარჩება. თუმცა შეუძლებელია, მოითხოვო იმ ადამიანის გასვლა, რომელთან ერთადაც ცხოვრობ (და  სწორედ ასეთი ადამიანები მოჰყვებიან ხოლმე შშმ პირებს კონსულტაციებზე), რომელზეც შეიძლება, დამოკიდებულიც იყოს შშმ პირი. შშმ პაციენტის  კონფიდენციალობის უფლების უზრუნველყოფა მოითხოვს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს ექიმმა. ექიმმა/ექთანმა უნდა სთხოვოს თანმხლებ პირს, დატოვოს კონსულტაციის ადგილი და თუ შშმ პაციენტი იტყვის, რომ ურჩევნია, თანმხლები კონსულტაციას ესწრებოდეს, მაშინ მისცეს მას დარჩენის საშუალება.
           პრობლემური აღმოჩნდა გინეკოლოგიური მომსახურებაც. შევხვდით ისეთ დამოკიდებულებებსაც, რომ „აქ ორსულები მოდიან და არა ავადმყოფები“. ისიც ითქვა, რომ ორსულ შშმ ქალებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შინაარსობრივი შეფასების გარეშე, პირდაპირ უშვებენ საკეისრო კვეთაზე, წინასაოპერაციო კვლევებს, ძირითადად, არ უტარებენ. არადა, საკეისრო ოპერაცია ბუნებრივ მშობიარობასთან შედარებით 21-ჯერ უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს. შეზღუდული შესაძლებლობისადმი არსებობს შიში, შესაბამისად, ექიმები იმარტივებენ საქმეს, თავს იზღვევენ, პასუხისმგებლობას იხსნიან და პირდაპირ საკეისრო კვეთაზე უშვებენ, მაშინაც კი, როცა მათ ბუნებრივად შეუძლიათ გაჩენა.
            რაიმე კატასტროფის შემთხვევაში (ხანძარი, მიწისძვრა) საევაკუაციო გეგმაშიც შშმ პირების ინტერესები ნაკლებადაა გათვალისწინებული. დიდი ხნით სტაციონარში მოთავსებული შშმ პაციენტების შესახებ როცა დავსვი შეკითხვები - აცნობდნენ თუ არა საევაკუაციო გეგმას; საუბრობდნენ თუ არა მათთან, როგორ უნდა დატოვონ შენობა, ვინ და როგორ დაეხმარება მათ; ან იქნებ მათაც შეუძლოთ ვინმეს დახმარება, როგორ უნდა მოახერხონ ეს - უარყოფითი პასუხი  მივიღე. მეუბნებოდნენ, რომ თანამშრომლები გაიყვანენო. მაგრამ თუ პანდუსზე ორ ადამიანს ერთი ძლივს ამოჰყავს? თუ პერსონალს არ აქვს გავლილი ტრენინგი, როგორ მოკიდოს ხელი გადაადგილების პრობლემების მქონე ადამიანს? თუ არ იციან, როგორ უნდა აუხსნან ყრუ პირს, რომ უნდა დატოვოს შენობა? თუ იმ ყრუ პირმაც არ იცის, რაღაც რომ ანათებს, ეგ სიგნალიზაციაა და ამას არავინ აცნობს? ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის ან ქცევითი აშლილობის მქონე პირებს როგორ უნდა ესაუბრონ, თუ არა აქვთ ინფორმაცია, როგორ ჩააყენონ ისინი საქმის კურსში? - როდესაც ამ ყველაფრის შესახებ 28-ში, ოთხშაბათს, ორგანიზაცია ASB-ის მიერ ორგანიზებულ მედეგობის ფორუმზე განვაცხადე, სადაც სწორედ კატასტროფის რისკის შემცირების საკითხები განიხილებოდა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სხაპასხუპით ჩამოთვალეს ყველა ის სტანდარტი და შემოწმება, რომლებსაც საავადმყოფოები გადიან. მაგრამ თუ ყველაფერს გადიან და მაინც არ იციან, როგორ უნდა მოხდეს შშმ პირთა ევაკუაცია, ე.ი. ან ის სტანდარტები, შემოწმების პროტოკოლები/კითხვარები/ინსტრუქციებია ცუდად შედგენილი, ან იმ პერსონალს მოერიდა ჩვენთან საუბარი. სხვათა შორის, ჩვენი კვლევის პრეზენტაციაზე არცერთი სახელმწიფო სტრუქტურის (სახალხო დამცველის გარდა) წარმომადგენელი არ გვესწრებოდა უამრავი მიწვევის მიუხედავად.
            ფსიქო-სოციალური საჭიროებისა და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის კატასტროფულ სიმწირეს წავაწყდით. ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარი ექიმისთვის იმის განმარტებაც კი მომიწია, რომ ყველა შშმ პირს არ ჰყავს მხარდამჭერი/მეურვე. ანუ შეიძლება, ვიყო უსინათლო, ეტლით მოსარგებლე, მაგრამ არ მყავდეს მხარდამჭერი, რადგან შემეძლოს ინფორმაციის მარტივად აღქმა, არჩევანის გაკეთება და გაცნობიერება და ამაში დახმარება არ მჭირდებოდეს. ავუხსენი, რომ მხარდამჭერები ძირითადად ინტელექტუალური და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანებს ენიშნებათ ხოლმე. ვერც ის აქვთ გაცნობიერებული, რომ მხარდამჭერი არსებითად განსხვავდება მეურვისგან, რადგან მეურვე სამეურვეო პირის ნაცვლად გადაწყვეტილებას ისე იღებდა, რომ მისი თანხმობაც კი არ სჭირდებოდა და ეს გადაწყვეტილებები ხშირად სამეურვეო პირთა ნების საწინააღმდეგოც კი იყო. მხარდამჭერი კი მხოლოდ ეხმარება თვითონ მხარდასაჭერ პირს, მიიღოს გადაწყვეტილება. ის უბრალოდ მისთვის გასაგები ფორმით აწვდის ინფორმაციას. არჩევანი კი მხარდასაჭერმა უნდა გააკეთოს, დოკუმენტებზე კი ფიქსირდება როგორც მხარდამჭერის, ისე მხარდაჭერის მიმღები პირის ხელმოწერები. ამ ორი კატეგორიის პაციენტთან მიმართებაში არ გამიგია, რომელიმე ექიმს ეთქვას, უშუალოდ მათთან კომუნიკაციას ვცდილობ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ვაწვდი, მკურნალობასთან და გამოკვლევებთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვეხმარებიო.
            ფსიქო-სოციალური საჭიროებისა და ქცევითი აშლილობის მქონე პირების ხსენებაზე ყველა გამოკითხულ საავადმყოფოში საუბარს ფსიქიატრებზე იწყებდნენ, რომ ჰყავთ ან არ ჰყავთ ის; რომ თუ არ ჰყავთ, გადაუდებელი დახმარება შეიძლება, აღმოუჩინონ, შემდეგ კი სადმე გადაამისამართონ. იმიტომაა, ჩემი ნაცნობი ერთი ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანი შშმ პირისთვის განკუთვნილი მიზნობრივი ჯანდაცვის პროგრამის ნაცვლად საყოველთაო ჯანდაცვით რომ სარგებლობს, რათა ყოველმა გამვლელ-გამომვლელმა ექიმმა არ იცოდეს, ფსიქო-სოციალური საჭიროება რომ აქვს და ფსიქიატრებზე და ფსიქიატრიულზე არ ელაპარაკოს, როცა გაცივების გამო კონსულტაციისთვის ამბულატორიას მოაკითხავს. არადა, შშმ პირებისთვის განკუთვნილი მიზნობრივი ჯანდაცვის პაკეტი უფრო მეტი სერვისის ანაზღაურებას გულისხმობს. იმ ადამიანს კი ნამდვილად არ აქვს მაღალი სოციალური სტატუსი, მკურნალობაში დასახარჯი თანხები რომ უმნიშვნელო იყოს მისთვის. როცა გადაუდებელ და გეგმურ მკურნალობაზე ვესაუბრებოდით, ისინი რატომღაც მხოლოდ ფსიქიატრიის კუთხით მკურნალობას გულისხმობდნენ. გვეუბნებოდნენ, ჩვენ არ გვაქვს ფსიქიატრიული განყოფილებაო. ხო, მაგრამ ხომ შეიძლება, არაფსიქიკურ, არამედ სომატურ ჯანმრთელობასთან ჰქონდეთ პრობლემა. ხომ შეიძლება, გული ან წნევა აწუხებდეთ. ამ შემთხვევაშიც გადაუდებელ დახმარებას ვერ გასცდა ჩვენი საუბარი. ვერც კი ხვდებოდნენ, რომ შეიძლება, ქცევითი აშლილობის, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პაციენტი მოვიდეს ჩიყვის, თირკმელების, კუჭის და ა.შ. სამკურნალოდ, ან პროფილაქტიკის მიზნით, ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, და არა იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში მოკვდებიან.
            სწორედ ამ ბლოგში აღწერილი და, ალბათ, სხვა მრავალი მიზეზიც განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ორგანიზაციის ამ კვლევის თანახმად ჯანდაცვის სამინისტროს მიზნობრივი ჯანდაცვის პროგრამებისთვის შშმ პირთა ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხების ყოველწლიურად ათვისება არ/ვერ ხდება. შშმ სტატუსის მქონე პირთა (სოც. მომსახურების სააგენტოს ცნობით, 125 ათასი) მხოლოდ  დაახლოებით 30% სარგებლობს ყოველწლიურად ჯანდაცვის მომსახურებით, მაშინ როცა შშმ სტატუსის მქონეთა 80% რომელიმე ამბულატორიაშია რეგისტრირებული. ჯანდაცვის სერვისით მომსახურე შშმ პირთა 95% კი ამბულატორიული თუ სტაციონარული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებას მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში მიმართავს. ანუ პრაქტიკულად არავითარი პროფილაქტიკა, არავითარი გეგმური შემოწმება, გამოკვლევები – მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში.

  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^