Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რაგბის წესები - ის, რაც უნდა ვიცოდეთ

04 აპრილი 2018
ილუსტრაცია: ია ნინოშვილი

რაგბი კომპლექსური თამაშია და მისი რეგულირებისთვის არაერთი წესი არსებობს. მათი ნაწილი საკმაოდ ძნელად გასაგებია. რაგბის რთულ წესებს გულშემატკივრებს  საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ნიკა ამაშუკელი მარტივად გვიხსნის.

ინ თამაში არ შეიძლება!

ეს წესი მეტ-ნაკლებად ყველამ იცის. წინ თამაშის ორი გაგება არსებობს:

ბურთის წინ დავარდნა – როდესაც მორაგბეს ხელიდან წინ გადაუვარდება ბურთი.

წინ პასი – არ შეიძლება, თანაგუნდელს წინ განზრახ გადააწოდო პასი.

ორივე შემთხვევაში ინიშნება მეტოქის შერკინება – 8 მორკინალი 8-ის წინააღმდეგ, შერკინებაში ბურთს მეტოქე შეიყვანს.

რაგბიში მეტოქე აუცილებლად სწორად უნდა შებოჭო!

არ შეიძლება მეტოქის შებოჭვა კისრის არეში – ყელზე და მის ზემოთ. ბოჭვისას ორივე ხელი კარგად უნდა შემოხვიო მოწინააღმდეგეს.

ბოჭვის შესრულებისას არ შეიძლება მოწინააღმდეგის ჰაერში აწევა ისე, რომ ფეხები ჰორიზონტალურად ჰქონდეს და შემდეგ დააგდო.

აკრძალულია ბოჭვა მაშინაც, როდესაც ბურთის დასაჭერად მოთამაშე ჰაერში ხტება.

ამ წესების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას და დიდია ალბათობა, რომ დამრღვევმა ყვითელი ან წითელი ბარათი მიიღოს (ბარათის ფერს დანაშაულის სიმძიმე განსაზღვრავს – როგორ დაეცემა მოთამაშე, სად გაუკეთებ ბოჭვას და ა.შ.)

ყველაზე ხშირად ისჯება კისერში ბოჭვა, რომელსაც მაღალი ბოჭვა ეწოდება.

შერკინება

შერკინებაში მოწინააღმდეგეები რვა რვის წინააღმდეგ დგებიან.

პირველხაზელების უკან დგანან მეორეხაზელები, ფლანგებზე – 6 და 7 ნომერი, 8 ნომერი კი – ყველას უკან და იქიდან აკონტროლებს შერკინებას.

შერკინებაში ბურთი აუცილებლად გამთამაშებელმა უნდა შეაგოროს (როგორც წესი, ამას 9 ნომერი, ზოგჯერ კი 10 ნომერი აკეთებს).

მოთამაშემ შერკინებაში ბურთი აუცილებლად სწორად, ანუ შუაში უნდა შეაგოროს. დღესდღეობით ამ წესს გუნდები დიდ ყურადღებას აღარ აქცევენ და ცდილობენ, ბურთი უფრო მეტად თანაგუნდელებისკენ შეაგორონ.

9 ნომერმა ისე უნდა შეაგოროს ბურთი შერკინებაში, რომ თავისმა 2-მა ნომერმა ბურთი ფეხით მოიგოს და არა ხელით!

ბურთის ხელით მოგება მხოლოდ 8 ნომერს შეუძლია, ისიც მაშინ, როდესაც ბურთი მის ფეხებთან მოხვდება.

თუ 9 ნომერმა არასწორად შეაგორა ბურთი შერკინებაში, ინიშნება თავისუფალი დარტყმა. ეს არ არის ჯარიმა – უფრო მსუბუქი დარღვევაა. თავისუფალ დარტყმას ასრულებს მოწინააღმდეგე გუნდი.

აუტი

შერკინების მსგავსად, ანალოგიური პრინციპი მოქმედებს აუტზე – აუტიდან ბურთი 2 ნომერს შეჰყავს. ჩვენებურად „კვაჭი“ ჰქვია, ინგლისურად – ჰუკერი.

იმ მონაკვეთს, სადაც აუტი ეწყობა, დერეფანი ჰქვია. მორაგბემ ბურთი დერეფნის შუაში უნდა ააგდოს.

თუკი აუტში ბურთი არასწორად მიეწოდა, მოწინააღმდეგე გუნდს ეძლევა შესაძლებლობა, აირჩიოს ორიდან ერთი – შერკინება 15-მეტრიან ხაზზე, ან აუტის მოწოდება.

თამაშგარე მდგომარეობა

თამაშგარე შერკინების დროს – შერკინების დროს თამაშგარე ხაზი შერკინების მონაწილე უკანასკნელი მორაგბის ფეხის ხაზზე გადის. მორაგბეები, რომლებიც შერკინებაში არ მონაწილეობენ, თამაშგარე ხაზიდან 5 მეტრით უნდა იყვნენ დაშორებულნი.

აუტიდან თამაშგარე ხაზი 15 მეტრშია. ვინც ამ დისტანციას დროზე ადრე დაარღვევს, დაჯარიმდება.

„რაქის“ დროს, თამაშგარე ხაზები „რაქში“ ჩაბმული მოთამაშეების ფეხის ბოლოზე ივლება. ამიტომაც, „რაქში“ აუცილებლად უკნიდან უნდა შევიდეთ. გვერდიდან ჩართვის შემთხვევაში, ჯარიმა დაფიქსირდება.

თამაშგარე ფიქსირდება დარტყმის დროსაც – თუ მოთამაშე ფეხს ურტყამს ბურთს, მორაგბე, ვინც ამ მოთამაშეზე წინაა, ამ ბურთისთვის ვერ იბრძოლებს – უკან უნდა დაიხიოს და ისე ჩაერთოს თამაშში.

რა არის ჯარიმა?

ჯარიმა არის დარღვევა, რომელიც შეიძლება იყოს ტექნიკური, სახიფათო ან არასპორტული.

ტექნიკური დარღვევები – თამაშგარე, რაქში ჩავარდნა, ანუ ე.წ. სათამაშო ჯარიმები...

სახიფათო ჯარიმები – არასწორი ბოჭვა, უხეში თამაში...

არასპორტული საქციელი – უხეშ თამაშშიც გადის; ბურთის დახეთქება, მსაჯთან უდიერად საუბარი, კამათი, ჩხუბი...

რაგბის თავისი კოდექსი აქვს, რომელიც სახელმძღვანელოში არ წერია, ღირსებას ითვალისწინებს და მისი დაცვა თითოეული მოთამაშისთვის სავალდებულოა.

ჯარიმის დანიშვნისას გუნდს ოთხი არჩევანი აქვს:

1. პირდაპირ გაათამაშოს ბურთი – სწრაფად გათამაშდეს ბურთი და თამაში გაგრძელდეს.

2. დაარტყას კარში – გატანის შემთხვევაში, გუნდი 3 ქულას მოიპოვებს.

3. მოითხოვოს შერკინება ჯარიმის ადგილას – მაგალითად, თუ ჯარიმა მეტოქის ჩათვლის მოედანთან ახლოსაა, ხოლო შემტევ გუნდს ძლიერი მორკინალები ჰყავს, შეუძლიათ, ლელოზეც იფიქრონ.

4. დაარტყას ბურთი აუტში, კიდეზე – ამ შემთხვევაში, ბურთი კვლავ შემტევ გუნდს რჩება.

თავისუფალი დარტყმა

თავისუფალი დარტყმა ერთგვარი მსუბუქი სანქციაა, ანუ დარღვევა იმდენად მძიმე არ არის, რომ ჯარიმა დაინიშნოს.

თავისუფალი დარტყმის დროს გუნდს შეუძლია, გაათამაშოს ბურთი, მოითხოვოს შერკინება, ან უბრალოდ მოედანში დაარტყას ბურთი.

როგორც წესი, თავისუფალი დარტყმის დროს, მორაგბეებს ბურთი აუტში არ გადააქვთ. ასევე, თავისუფალი დარტყმის დროს არ შეიძლება ბურთის კარში დარტყმა.

„რაქი“

ე.წ. რაქი – სათამაშო სიტუაცია, რომელიც ყველაზე ხშირად გვხდება რაგბის თამაშის დროს.

თუ მოთამაშე შეიბოჭა, ბურთი მიწაზე დადო და ამ ბურთზე დამცველი და შემტევი გუნდის თითო მორაგბე მხარდამხარ შეეჭიდა ერთმანეთს, ეს ნიშნავს, რომ თამაშმა „რაქში“ გადაინაცვლა.

ბოჭვა

ბოჭვა – მეტოქის ჩაყვანა მიწაზე, მესამე წერტილის შეხებით (ორი ფეხი და...) და ადგილზე გაკავება. თუკი ბოჭვის დროს ხელი გაგეშვა და მოწინააღმდეგე მიწაზე ვერ გააკავე, ეს ბოჭვად არ მიიჩნევა; ამ დროს მორაგბეს წამოდგომა და თამაშის გაგრძელება შეუძლია.

შებოჭილმა ბურთს ხელი არ გაუშვა – ამ დარღვევისთვის ქართულ ენაზე სპეციალური ტერმინი არ გვაქვს, ინგლისურად Holding On ჰქვია.

მბოჭავი ვალდებულია, ხელი გაუშვას შებოჭილს, რათა ბურთი სწრაფად გამოვიდეს, შებოჭილმა კი, თავის მხრივ, ხელი უნდა გაუშვას ბურთს.

მოწინააღმდეგის „მღლეტავის“ გააქტიურებისას, თუკი შებოჭილი ბურთს არ შეელევა, ჯარიმდება.

შებოჭილი მორაგბეები, როგორც წესი, ერთი მოძრაობით თავისიანებისკენ სწევენ ბურთს. ამას ბურთის პრეზენტაცია ჰქვია.

ყვითელი და წითელი ბარათები

ყვითელი ბარათი – ტექნიკური ფოლი, განზრახ ჯარიმა, შეტევის „მოკვლა“, უხეში თამაში და არასპორტული საქციელი (დანაშაულის სიმძიმის მიხედვით).

წითელი ბარათი – უხეში თამაში და არასპორტული საქციელი.

ლელო

ლელოს დადება 5 ქულის მომტანია, გარდასახვის რეალიზება კი 2 ქულაა.

გარდასახვა ლელოს დადების ხაზიდან სრულდება. დამრტყმელს სურვილისამებრ შეუძლია ბურთის წინ ან უკან გაწევა.

ლელოს დადების მთავარი პრინციპი – ლელოს დადებისას მოთამაშემ ბურთზე კონტროლი არ უნდა დაკარგოს, დამიწების დროს კი მთელი წნეხით დააწვეს ხელით ბურთს, ანუ, როგორც ინგლისელები ამბობენ, Down with pressure – ქვემოთ, ბურთი პრესინგით უნდა დაფიქსირდეს.

თუკი დაეცა, მოთამაშეს ბურთის მკერდით დაფიქსირება შეუძლია და ესეც ლელოა.

ჩათვლის მოედნის ხაზზე დაფიქსირებული ბურთიც ლელოა. თუ მორაგბემ ბურთი კარის დამცავ შალითას ქვემოდან მიადო, ესეც ლელოდ მიიჩნევა (ამას საკმაოდ კარგად იყენებენ ჭკვიანი მოთამაშეები).

ლელოს დადებისას, როდესაც მოთამაშე აუტის ხაზთანაა ახლოს, აუცილებელია, რომ ჯერ ბურთი დაამიწოს და შემდეგ გადადგას ფეხი; თუ ეს ერთდროულად ხდება – ფეხი ეხება აუტის ხაზს და ბურთი მიწდება, მაშინ აუტი ფიქსირდება.

თუ მორაგბე ჰაერშია, ჯერ ბურთს ამიწებს და შემდეგ გადადის აუტში (სულ რომ მთელი ტანით გადაკვეთოს ჰაერში აუტის ხაზი), მთავარია, რომ ბურთი დაამიწოს, ესეც ლელო იქნება.

თუ მსაჯი ვერ ხედავს სიტუაციას (ხშირად რთულია, დაინახო, რა ხდება რეალურად), მოითხოვს ვიდეორეფერის დახმარებას. თუ ვიდეომსაჯმაც ვერ დააფიქსირა ლელო, შემტევ გუნდს ენიშნება 5-მეტრიანი შერკინება მეტოქის ჩათვლის მოედანთან.

ჩხუბი

რაგბი კონტაქტური სპორტია და ხშირია შეხლა-შემოხლა, რაც შეიძლება, ჩხუბში გადაიზარდოს.

ჩხუბსაც თავისი წესები აქვს...

ჯგუფური ჩხუბის დროს წამომწყებები ავტომატურად ტოვებენ მოედანს წითელი ბარათებით. როგორც წესი, ჩხუბს, ძირითადად, 2 მორაგბე იწყებს.

ჩხუბის დროს კატეგორიულად აკრძალულია ფეხის გამოყენება და ეს ქმედება წითელი ბარათით ისჯება. აკრძალულია დაგდებული მორაგბისთვის დარტყმა, ასევე დარტყმა გამოქანებით – ეს ყველაფერი წითელი ბარათით ისჯება.

***

საბოლოოდ, რაგბი ღირსეული ადამიანების სპორტად მიიჩნევა, სადაც წესებზე მეტად ღირსებას იცავენ. ამაში იგულისხმება მსაჯის პატივისცემა, მეტოქის პატივისცემა, მაყურებლისა და მატჩის თითოეული მონაწილის პატივისცემა...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^