Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული სუფრის ცნობილი ტრადიციის მიხედვით, სამადლობელს სწორედ ის ამბობს, ვისაც ადღეგრძელებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, პირიქით მოვიქცევი, რადგან მართლა ძალიან მინდა, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო მამუკა გორგოძის მიმართ და სადღეგრძელოსთან ერთად სამადლობელსაც მე ვიტყვი. მადლობა სამმარცვლიანი სიტყვაა და ჩვენი მშობლიური ენის თავისებურებათა გამო, ყველაზე ადვილად ქართველები, წესით, ამ სიტყვას უნდა წარმოვთქვამდეთ (სამმარცვლოვანი დი-ნა-მოს სკანდირებაც ამიტომ გვიადვილდებოდა), მაგრამ ზოგჯერ თვითონ მადლობის თქმა მაინც ძალიან გვიჭირს და დიდი სპორტიდანაც ისე წასულან დიდი ქართველები, რომ ჩვენგან ბოლო კეთილი სიტყვა არც კი გაჰყოლიათ. თუმცა, აქვე, იმასაც ხაზგასმით ვიტყვი, რომ რაგბი ჩემთვის სპორტი არ არის და მით უმეტეს არც თამაშია და ყოველგვარი პათეტიკისა და გადაჭარბების გარეშე შემიძლია, ვაღიარო (თანაც საჯაროდ), რომ რაგბი ჩემთვის – სამშობლოა.

მართალია, ეს სიყვარული, გვიან, სულ რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, მაგრამ იქ, სადაც ნამდვილი სიყვარულია, ადამიანს ყველაფერი ეპატიება და მათ შორის – ბავშვური უდარდელობაც.

ბავშვობიდან რაგბისთან მხოლოდ ის მაკავშირებდა, რომ ჩემი ბავშვობის ორი მეგობარი (სანდრო ჟღენტი და კოკა კლდიაშვილი) რაგბიზე დადიოდა, მაგრამ მაშინ მართლა ძალიან მიკვირდა, თუ რა სიამოვნება უნდა მიეღო ადამიანს ამ უცნაური ძალადობისგან და მაშინ საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ბალეტში (მაგალითად) უფრო მეტი ძალადობაა, ვიდრე რაგბიში. შესაბამისად, რაგბიში უფრო ნაკლები ტრავმებია, ვიდრე ფეხბურთში (მაგალითად) და რაგბისადმი ჩემი სიყვარულის დასაწყისიც სწორედ ტრავმას უკავშირდება, რომელიც ლევან ცაბაძემ მიიღო 2003 წელს და ტრამვის მიუხედავად, ლეონსიომ ისეთი ლელო დაუდო რუსეთის ნაკრებს, იმ ღამეს თვალი არ მომიხუჭავს. მერე და მერე ისიც აღმოვაჩინე, რომ რაგბიში, წარსულის მითების გარდა, ზუსტად ის არის, რაც თანამედროვე საქართველოს ასე ძალიან აკლია: პასუხისმგებლობა, სიყვარული და პროფესიონალიზმი. მერე იმასაც მივხვდი, რომ რაგბი ყველაზე სამართლიანი, დემოკრატიული და ლოგიკური ასპარეზია მათთვის, ვინც მთავარ ადამიანურ ღირებულებებს ყველაზე ხშირად ინარჩუნებს.

და მერე, ჩვენი ნაკრების შეკრებაზე დამპატიჟეს ინგლისში, მსოფლიო თასის გათამაშების დაწყებამდე (სამი კვირით ადრე) და მათთან ერთად გატარებული დრო ისეთი შთამბეჭდავი აღმოჩნდა, მამუკა გორგოძეს დღეგრძელობამდე არ შემიძლია (ორიოდ სიტყვით მაინც), არ გავიხსენო ეს ამბები...

გული

ოღონდ ბოლოდან დავიწყებ

2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს რაგბის კავშირის ინტერნეტგვერდზე ვნახე ფოტო, რომელიც წინა დღეს, ნამიბიასთან თამაშის დაწყებამდე იყო გადაღებული – ერთ ქართველ გოგონას თეთრი მაისური ეცვა გულისამაჩუყებელი წარწერით – „We are a small country, but we have a big heart“.

გული, რასაკვირველია, ამიჩუყდა (მაშინვე) და ცრემლიც მაშინვე მომადგა, რადგან ეს ფრაზა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მამუკა გორგოძემ უთხრა ინგლისელ ჟურნალისტს. ჩვენ მართლა პატარა ქვეყანა ვართ (კვადრატულ კილომეტრებში), მაგრამ მართლა დიდი გული გვაქვს.

არათუ რაგბიზე წერისას, ქართულ რაგბიზე ფიქრისას თუ რაგბის ყურებისას (თუნდაც ცქერისას, როგორც ბებიაჩემი იტყოდა), პირველი სიტყვა, რომელიც უნებლიედ ამოტივტივდება ხოლმე ჩემ(ს) გონებაში, სწორედ გულია.

თბილისის უნივერსიტეტში სწავლისას ერთი ტკბილი პროფესორი გვყავდა (ბატონი თენგიზ სანიკიძე), რომელიც ლიტერატურული ტექსტების ლექსიკას იკვლევდა და მახსოვს, დაითვალა (კომპიუტერის გარეშე, სხვათა შორის) და ზუსტად დაადგინა რომ შოთა რუსთაველს „ვეფხისტყაოსანში“, ყველაზე ხშირად სიტყვა „გული“ აქვს ნახსენები. ქართველი მორაგბეების გამო, ბესო ხაინდრავას საყვარელი ფრაზაც ხშირად გამხსენებია („შენ გენაცვალე გულში“) და როცა ჩვენი მორაგბეები საქართველოს ჰიმნს ასრულებენ (რომელიმე მატჩის წინ), გული მართლა სხვანაირად, სულ სხვანაირად მიცემს. ალბათ, ამიტომაც მგონია ქართული რაგბის ისტორია ქართული გულების თავგადასავალი...

ცოლი

ჩემი ცოლი ამბობს, რომ უცნაური ამოჩემება ვიცი და ესეც (რაგბის გარდარეული სიყვარული) ჩემი მორიგი ამოჩემებაა. რასაკვირველია, ცოლი ყოველთვის მართალია, მაგრამ მართალი ცოლიც კი შეიძლება, შეცდეს (თუნდაც ერთხელ) და ამჯერად ჩემი ცოლიც ცდება. მეტიც, მიუხედავად უზარმაზარი არჩევანისა, ტელევიზორში ვერაფერს ვუყურებ (უკვე მერამდენე წელია), გარდა რაგბისა და (გრამატიკულად) ტელევიზორში უფრო სწორია თუ ტელევიზორით (ამ შემთხვევაში), მნიშვნელობა არა აქვს. ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაც იმიტომ მგონია ტელევიზორის გადახვევა, რომ თუ ჩემი შვილები ადგილობრივი ან უცხოელი მაჯლაჯუნების ცქერით არიან დაკავებულები და რაგბის არ მაყურებინებენ, ვცდილობ, სიმშვიდე მაინც შევინარჩუნო, რადგან ვიცი, რომ მეორე დილით, როგორც კი ისინი სკოლაში წავლენ, შემიძლია, რაგბი მოვძებნო და წუთისოფელიც ისე მივახვიო, როგორც მე მინდა. ამ დროს კი, როგორც წესი, ბიზნესგამომგონებელ გიორგი რამიშვილს ვლოცავ ხოლმე, რომელმაც იმის საშუალება მომცა, რომ რაგბის, როცა მომესურვება, მაშინ ჩავუწვე (და არა ჩავუჯდე) და როცა ჩემი ცოლი ხვდება, რომ ერთსა და იმავე თამაშს უკვე მეორედ ვუყურებ, ცოტა შეშფოთებული სახით ამბობს საკმაოდ რიტორიკულ ფრაზას – ნეტა, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი?!..

მასთან რიტორიკულ დიალოგში (და მით უმეტეს კამათში), რასაკვირველია, არ შევდივარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, თუ რითი დამთავრდება ეს ყველაფერი – დამთავრდება ზუსტად ისე, როგორც ჩემი რომელიმე სიყვარული მთავრდება ხოლმე – აუცილებლად დავწერ წიგნს ქართული რაგბის ისტორიაზე.

ხოლო თუ ჩემი ცოლი ამ შემთხვევაშიც მართალია, მაშინ ამ ჩემს ბოლო ამოჩემებას ახსნაც აქვს და გამართლებაც, რადგან (ჩემი სუბიექტური აზრით) იმ კეთილი და ზღაპრული საქართველოსგან (რომლის შესახებაც ბავშვობიდან გვესმის და ჯერ თვალითაც არ გვინახავს) მხოლოდ რაგბი დაგვრჩა და იმ ღირსეულ გმირებსა და წინაპრებს (ვისი სადღეგრძელოებიც ტონობით გვისვამს) ყველაზე მეტად მაინც ქართველი მორაგბეები მახსენებენ. მართალია, წარსულის მხოლოდ სადღეგრძელოში არსებობა იმ ფუჭი იმედის ილუზიასაც იწვევს, რომ ბაზალეთის (ან რომელიმე სხვა) ტბის ძირიდან მალე ახალი გმირი ამოვა და ყველას ისევ გადაგვარჩენს, მაგრამ ამ მცდარი მოლოდინის ალტერნატივაც ისევ ქართული რაგბია. ყველაზე მეტად რაც გვაკლია, ისიც ყველაზე ჭარბად ქართულ რაგბიშია. პირადად (როგორც უკვე ვთქვი), სხვაგან არსად მინახავს ასეთი პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი და ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ ზღაპრულ სამყაროზე დასაწერად ათას ერთი მიზეზი მაინც მაქვს...

კაპიტანი

სულაც არ არის ადვილი კარგი ზღაპრის დაწერა და ჩვენი რაგბის ფედერაციას (სინამდვილეში) ამიტომაც ვთხოვე უფლება, რომ ჩვენი ნაკრების ბიჭებს, ინგლისში, შეკრებაზე გავყოლოდი (რამდენიმე დღით მაინც) და ბატონ გია ნიჟარაძეს მაშინვე დავპირდი, რომ პირველივე მატჩს, ტონგასთან, აუცილებლად მოვაგებინებდი. კარგი ფეხი მაქვს-მეთქი, რომ ვუთხარი, გაეღიმა – მთავარია, კარგი ფეხი მეკოს და მალაღურას ჰქონდეთ, რადგან ჩვენი გამარჯვებები მათ დარტყმებზე იქნება დამოკიდებულიო. აეროპორტში ჩემ გვერდით (რეგისტრაციის დროს) სწორედ მეკო აღმოჩნდა. თქვენთან ერთად მოვდივარ-მეთქი, რომ ვუთხარი და გაკვირვება შევატყვე, მაშინვე სხაპასხუპით განვუმარტე – კარგი ფეხი მაქვს და ამიტომ წამომიყვანეს-მეთქი და ტონგას ისედაც მოვუგებთო რომ მიპასუხა, სულ ათი დღით-მეთქი, – დავუკონკრეტე.

რადგან თბილისიდან რეისების უმრავლესობა ისეთ დროს არის, რომ გზაში არც ცოცხალი ხარ და არც მკვდარი (არც გძინავს და არც გღვიძავს), ყველაფერი ბუნდოვნად ჩამრჩა და მკაფიოდ კი მხოლოდ ერთი ეპიზოდი დამამახსოვრდა – მიუნხენში, სადაც თვითმფრინავი უნდა გამოგვეცვალა, აეროპორტის დერეფნებში სრულიად ბრმად მივყვებოდი მამუკა გორგოძეს. წინ მიდიოდა გოლიათი კაპიტანი, რომელიც ყველა ადგილიდან ჩანდა (მხარზე საქართველოს დროშით) და მე არც წარწერებს ვაქცევდი ყურადღებას, არც ისრებს და მხოლოდ მამუკას ვხედავდი და მივყვებოდი და უცებ გამახსენდა უიტმენის ლექსი, რომელიც მან თავის კაპიტანს (აბრაჰამ ლინკოლნს) მიუძღვნა და რომლის გამოც, სულ მეღიმებოდა (მანამდე) და უცებ მივხვდი, თუ რას გულისხმობდა დიდი ამერიკელი პოეტი. მერე, უცებ, ისიც გამახსენდა, რომ ქართულად მისი გვარი სხვანაირადაც მომისმენია (ვაითმენი) და ბოლოს კი (როგორც იქნა) იმასაც მივხვდი, რომ დილის ხუთ საათზე ამერიკულ პოეზიაზე ფიქრი არალოჯისტიკური სამშობლოს ბრალია, რადგან სხვაგან ადამიანები დღისით დაფრინავენ, ღამით კი სძინავთ და ჩვენთან (სამწუხაროდ) ყველაფერი პირიქით ხდება. ამიტომაც, შევეცადე, რომ ახლა მაინც მეფიქრა მხოლოდ რაგბიზე, რომ ტკბილად ჩამძინებოდა (ლონდონამდე მაინც) და ეს ჩემი ძველი, ბავშვობისდროინდელი მეთოდია ყველაზე გემრიელი სიზმრების შესაკვეთად – იფიქრო ყველაზე სასიამოვნოზე ძილის წინ. ქართული რაგბის ყველაზე სასიამოვნო მახასიათებელი კი მისი გუნდურობის პრინციპია, რადგან ინდივიდუალურად და ცალ-ცალკე (საოპერო ხელოვნებიდან დაწყებული და ძიუდოთი დამთავრებული) ყველაფერში შეგვიძლია, წარმატებულები ვიყოთ (თუნდაც ნიჭის ხარჯზე), მაგრამ ერთად გამარჯვება, ჯერჯერობით, მხოლოდ რაგბიში გამოგვდის. ხოლო თუ რაგბი ჩემი სამშობლოა (როგორც მისი საუკეთესო და საუკეთესოს გამომხატველი), მაშინ გამოდის, რომ მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრების კი არა, სინამდვილეში, ჩემი სამშობლოს კაპიტანია.

აი, ზუსტად ამ დროს, ჩამეძინა კიდეც...

დედოფალი

ქართული რაგბისა და საერთოდ – რაგბისადმი პატივისცემა ლონდონის აეროპორტში ჩასვლისთანავე ვიგრძენით, რადგან აუცილებელი სასაზღვრო შემოწმება გავიარეთ არა იქ, სადაც ეს „რიგითი მოკვდავებისთვის“ ხდება, არამედ სწორედ იქ, სადაც ინგლისის დედოფალი და სამეფო ოჯახის წევრები ჩერდებიან ხოლმე, სადმე გამგზავრების წინ ან შინ დაბრუნებისას. დაგვახვედრეს მშვენიერი სუფრა და მშვენიერ ახალგაზრდა ქალს, რომელიც მონდომებით გვემსახურებოდა, ღიმილით ვკითხე, როცა დედოფალი აქ გამოივლის და შეისვენებს ხოლმე, რომელი ტუალეტით სარგებლობს-მეთქი და სრულიად სერიოზული სახით ამიხსნა, თუ კონკრეტულად რომელი კარი უნდა შემეღო. ის კარი (რასაკვირველია) მაშინვე შევაღე და შიგნითაც მაშინვე შევედი, მაგრამ თავი მაინც საკმაოდ უხერხულად ვიგრძენი (თუნდაც) იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პირველად ვიყავი იქ, სადაც არა მარტო მეფეები, არამედ დედოფალიც კი თავისი ფეხით დადის თუ შედის (ინგლისის დედოფალს ვგულისხმობ, თორემ ჩვენი დედოფლის ტუალეტში მოხვედრა არც ისე ძნელია).

რადგან სიტყვა „მოხვედრა“ ვახსენე, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ, რადგან საქართველოს ნაკრები (თანაც უკვე მერამდენედ) მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში ხვდება, ეს უკვე თავისთავად წარმატებაა და რაგბი რომ ყველაზე ელიტარული სპორტია, ამაზე ინგლისელების დედოფლური დახვედრაც მეტყველებს და ინგლისის დედოფალი კი, თავის ტუალეტს, ასე ადვილად (და უბრძოლველად) არავის უთმობს.

თუმცა, როგორც უკვე ზემოთ (და თანაც არაერთხელ) აღვნიშნე, რაგბი ჩემთვის სამშობლო უფროა, ვიდრე უბრალოდ სპორტის სახეობა (და მით უმეტეს თამაში) და ჩემის ღრმა რწმენით, ქართული რაგბიც ისეთივე მთავარი ბრენდია ჩვენთვის, როგორც ქართული ღვინო, ჩვენი ფოლკლორი ან ჩვენი უნიკალური დამწერლობა და რაგბი რომ მრავალსაუკუნოვანი და უძველესი ფენომენია ქართველი კაცისთვის, ამაზე ჩვენი შერკინების დონეც მეტყველებს. ჩვენი მორაგბეები რომ მსოფლიოში საუკეთესოები არიან შერკინების დროს, ამას სწორედ მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება განაპირობებს, რაც უკვე ჩვენი გენეტიკის განუყოფელი ნაწილია, რადგან ლელოს, საუკუნეების განმავლობაში, არა მხოლოდ შუხუთსა და გურიაში, არამედ მთელ საქართველოში ასრულებდნენ (და არა თამაშობდნენ) და თანაც არა მხოლოდ აღდგომა დღეს.

მართალია, ხელით თამაში (მაგალითად) და კიდევ სხვა (რამდენიმე) კომპონენტი, ჯერ ისევ გვიჭირს, მაგრამ მიუღწეველი და შეუძლებელი არაფერია და მით უმეტეს ჩვენი მორაგბეებისთვის, რომლებსაც, ბევრი სხვა ქართველისაგან განსხვავებით, პროგრესირების საოცარი უნარი აქვთ. წინა წლებთან შედარებით, ეს განვითარება და წინსვლა იმდენად საგრძნობია, რომ მალე კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი წარმატებები გვექნება და ჩემის ღრმა რწმენით, ის დროც მალე დადგება, როცა მთელი მსოფლიო ქართული რაგბის უნიკალურ ფენომენზე ილაპარაკებს...

დონ ვიტო კოლელიშვილი

გილფორდისკენ მიმავალ ავტობუსში, რასაკვირველია, ჩვენი ექიმის გვერდით დავჯექი, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის და არც მას გაჰკვირვებია ჩემი არჩევანი, რადგან ბატონ გიორგი ჭუმბურიძესაც მოეხსენება, რომ თითქმის ყველანაირი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, რასაც კი მედიცინამ უკვე მიაღწია (გარდა სქესის გამოცვლისა) და კარგ ექიმთან ნებისმიერი დიალოგიც კი ძალიან მამშვიდებს და მამხნევებს. მართალია, საგზლადაც, ყველანაირი წამალი მქონდა წაღებული, რაც კაცობრიობამ უკვე შექმნა და გამოიგონა (და, ვიაგრას გარდა, ყველანაირი მჭირდება კიდეც), მაგრამ მათი ეფექტიანობის ხარისხი (და არა მარტო ეს საკითხი) დიად ბარონთან მაინც გადავამოწმე.

როგორც კი დავრწმუნდი, რომ ძალიან საიმედო ხელში ვიყავი (სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით), დანარჩენებს მივადექი (დრო რომ არ დამეკარგა) და პირველი, ბევრი მიზეზის გამო, მაინც ვიტო კოლელიშვილი იყო, რომლის პაპასაც პირადად ვიცნობდი და მორაგბე შვილიშვილს სწორედ მისი სახელი ჰქვია. ბატონ ვიქტორ კოლელიშვილს კი, თელაველები, ორხელა ვიქტორას იმიტომ ეძახდნენ, რომ მაშინ თელავში კიდევ ერთი ცნობილი ვიქტორი იყო, ოღონდ იმას ცალი ხელი ჰქონდა მხოლოდ და იმისთვის რომ ცალხელა არ დაეძახათ (და მისთვის გული არ ეტკინათ), ვიტოს პაპას ორხელას ეძახდნენ. ასეთი გენიალური ხალხიც ცხოვრობს საქართველოში და ტონგას დამარცხება (პრინციპში), რა გასაკვირია და ვიტომაც ეგრევე, კახურად და პირდაპირ მითხრა – მოვუგებთ, აბა რას ვუზამთო და მე მაინც შევაპარე, რომ ტონგა ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა და ბოლო დროს ძალიან გაძლიერდა-მეთქი და მისმინა, მისმინა და ბოლოს გაიღიმა – ჩვენც ხო გავძლიერდითო...

სხვათა შორის, იმ ინგლისელ ჟურნალისტს, მამუკა გორგოძის ღიმილზე რომ მშვენიერი ფრაზა თქვა, ალბათ, ვიტო კოლელიშვილის გაღიმება არ უნახავს, თორემ არც ამას ასცდებოდა აისბერგების გალღობა და ტონგასი არ იყოს, ვიტო კი ძალიან გაძლიერებული მეჩვენა და ყველა თამაში ინგლისში (რომელშიც მონაწილეობდა) ძალიან მაგრად ჩაატარა. მეტიც, რამდენჯერმე ისიც კი მომეჩვენა, რომ რაგბის კი არ თამაშობდა, არამედ ერეკლე მეფეს ახლდა ასპინძის ან რომელიმე სხვა, ძალიან გადამწყვეტ ომში და ალბათ ასე შედიოდნენ ხოლმე ჩვენი წინაპრები ბრძოლებში, როცა იცოდნენ, რომ უკან სამშობლოა და ამიტომაც უკან დახევა, უბრალოდ, არ შეიძლებოდა.

შეიძლება, ეს ვიღაცას ცოტა პათეტიკურადაც მოეჩვენოს, მაგრამ (როგორც უკვე ვთქვი) ჩვენს მორაგბეებში სწორედ ეს მომწონს, რომ ისინი ყოველგვარი პათეტიკის, სიყალბისა და ფსევდოპატრიოტიზმისგან ძალიან შორს არიან და ამ შრომის, თავდადებისა და ბრძოლის სანაცვლოდ, ჩვენგან არაფერს ითხოვენ. ისინი იბრძვიან ყოველთვის ბოლომდე და, რასაკვირველია, ყოველთვის ვერ იგებენ, მაგრამ ყოველთვის იბრძვიან ღირსეულად და ბოლომდე და ამით განსხვავდებიან კიდეც ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ნებისმიერი ქართული გუნდისგან და მგონი, მათი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოც სწორედ გასაოცარი ერთობაა.

ეს არის დამოკიდებულება და ნამდვილი სიყვარული და პატივისცემა ერთმანეთის მიმართ, რომელიც საქართველოში, სხვაგან, პირადად არსად მინახავს და იმ ათი დღის განმავლობაში, რომელიც მათთან ერთად ინგლისში გავატარე, არც ერთხელ არც ერთ ქართველ მორაგბეს არც ერთი თანაგუნდელისთვის სხვანაირად არ მიუმართავს, გარდა სიტყვისა – „ძმაო“...

თუმცა ეს არ არის უბრალოდ საძმო, უბრალოდ თემი ან უბრალოდ ერთი ოჯახი, ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სამშობლოს სადღეგრძელო და არც კი ვიცი, ამ სიყვარულსა და მეგობრობას, რა ჰქვია და ალბათ არც არავინ იცის, ვინც კანუდოსში არასოდეს ყოფილა და მისი გადარჩენისთვის თავიც არ გაუწირავს...

ბოდიში და ცოტა გადავუხვიე, არადა იმის გახსენება მინდოდა, თუ როგორ ემშვიდობებოდა აეროპორტში (გასაცილებლად მოსული) გია ნიჟარაძე ნაკრების ბიჭებს და ყველას როგორ ამხნევებდა სათითაოდ და ვიტო კოლელიშვილს რომ გადაეხვია, უცებ უთხრა:

– შენი გულის ჭირიმე!...

ბობ დილანი

გილფორდში, რომელიც ლონდონიდან დაახლოებით ორმოცი წუთის სავალზეა, სულ წვიმდა (თითქმის) და ჩვენები კი (დილიდანვე) მაინც სულ ვარჯიშობდნენ და თავისუფალი დროც, შესაბამისად, მხოლოდ საღამოობით ჰქონდათ. მეც, შესაბამისად, დღისით რომ გია ბარკალაიას სამადლობელს ვწრუპავდი, მხოლოდ საღამოობით ვაწუხებდი ხოლმე რომელიმეს (ჩემი სარაგბო შეკითხვებით) და იმ დილას კი ბობ დილანი სულაც არ გამხსენებია შემთხვევით – დილიდანვე გამიჩნდა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მოვიდა დრო, რომ ექვსი ერის კარზე ჩვენც თამამად დავაკაკუნოთ. მართალია, ჯერჯერობით, შეიძლება იტალიასაც კი ვერ მოვუგოთ, მაგრამ მათთან ხშირად თამაში და შესაბამისი გამოცდილება სწორედ იმიტომ გვინდა, რომ კიდევ უფრო გავიზარდოთ და კიდევ უფრო გავძლიერდეთ და ისიც ვისწავლოთ, რაც (შედეგად) მხოლოდ პრაქტიკას მოაქვს. (ბავშვობაში ვაკის საცურაო აუზზე წამიყვანეს, ცურვა რომ მესწავლა და რადგან ადგილები შეზღუდული იყო, მსურველი კი უამრავი, ერთი თვე გარეთ გვავარჯიშებდნენ (განმკლავსა და ზემკლავში) და წყალში ჩაშვების გარეშე, ცურვა როგორ უნდა გვესწავლა და მერე, სტუდენტობის დროს, კახა ბუაჩიძე რომ არ გამეცნო, ალბათ, ახლაც უსწავლელი ვიქნებოდი).

რაგბის თამაშიც უკეთესად როგორ უნდა ვისწავლოთ, თუ იქ არ შეგვიშვებენ, სადაც ჩვენზე უკეთესი გუნდები ერკინებიან ერთმანეთს და თვითონ იტალიაც სწორედ ზემოთქმულის საუკეთესო მაგალითია. და თუ რამდენიმე წლის წინ მათ საკმაოდ სუსტი ნაკრები ჰყავდათ, ახლა იტალიელებს უკვე შოტლანდიელებისა და ფრანგების დამარცხებაც კი შეუძლიათ (სხვა ბევრი მაგალითიც საკმარისად არსებობს, და თანაც არა მხოლოდ სარაგბო, და ნებისმიერს თვითონაც შეუძლია იმის გადამოწმება, თუ რამდენად უფრო ადვილია (მაგალითად) უცხო ენის სწავლა იმ შემთხვევაში, თუ ისეთი პარტნიორი გყავს, ვისთვისაც ის ენა მშობლიურია და პირიქით, თუ ისეთ ადამიანს ეკონტაქტები ხშირად, ვინც ის ენა შენზე ცუდად იცის, შენი დონეც უარესდება). შორს რომ არ წავიდეთ, არგენტინის ნაკრების ასე გაძლიერებაც ხომ სწორედ იმ სათამაშო პრაქტიკამ განაპირობა, რომელიც მათ ბოლო წლებში აქვთ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან მატჩების გამო, თორემ მანამდე ბევრს საერთოდ ვერ წარმოედგინა არგენტინული რაგბის წარმატება – იმ ქვეყანაში, სადაც დიეგო მარადონა დაიბადა, რაგბი როგორ განვითარდებაო?!...

ეთილი დევი დუდუ

უკვე რამდენიმე წელია, რაც სახლში, ოთახის კედელზე, გამარჯვებული ქართველების გადიდებული ფოტო მაქვს გაკრული – ჩვენმა მორაგბეებმა ეს-ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს და მათ სიხარულს საზღვარი არა აქვს და ბედნიერ სახეებს შორის დავით ქუბრიაშვილი განსაკუთრებულად გამორჩეულია. დავით ქუბრიაშვილს, იმავე დუდუს, იმ ფოტოს მიხედვითაც, ისედაც, ყოველთვის კეთილ დევს ვამსგავსებდი და ინგლისში, მისი პირადად გაცნობის შემდეგ, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საქართველოს კეთილი დევები სწორედ ასე გამოიყურებოდნენ.

რასაკვირველია, დევებს შორის (ძველ საქართველოში), კაი ჩათლახებიც იქნებოდნენ (ალბათ), მაგრამ იმ ძველი ზღაპრებიდან ისინი მაინც უფრო პოზიტიურად დამამახსოვრდნენ და დუდუ ქუბრიაშვილის გაცნობისას კიდევ ერთი დადებითი პერსონაჟი გამახსენდა (ბავშვობიდან), რომელსაც ბომბორა ერქვა.

არც მინახავს (და ვერც დავიჯერებ), რომ არსებობს ადამიანი, რომელიც უფრო ლამაზად და გემრიელად ჭამდეს, ვიდრე ამას დავით ქუბრიაშვილი აკეთებს და თანაც ისე ნელა, რომ ვერასოდეს წარმოიდგენ, თუ ოდესმე ეს მრავალსართულიანი თეფში დაცარიელდება და (გაკვირვება რომ შემატყვეს) ბიჭებმა მითხრეს, რომ დუდუ ყველაფერს ასე დინჯად აკეთებს და არასოდეს არსად ეჩქარებაო. ერთადერთი, რის გამოც დავით ქუბრიაშვილი ჩქარობდა – ტრავმა იყო და მას ძალიან უნდოდა, რომ ექიმებს ძალიან მალე მიეცათ მოედანზე გასვლის უფლება და, სამწუხაროდ, დუდუმ ინგლისში ვერც ერთი მატჩი ვერ ითამაშა, თუმცა მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩემი მომავალი წიგნის შექმნაში, რომლის იდეაც მისი დამსახურებაა და იქ, ინგლისში, სწორედ მასთან საუბრის დროს გადავწყვიტე, რომ ქართულ რაგბის (სამომავლოდ), წიგნი მივუძღვნა და ეს წიგნი მივუძღვნა სწორედ იმ ადამიანებს, რომლებსაც კარგად არც იცნობენ საქართველოში, მაგრამ მათ გარეშე ქართული რაგბი უბრალოდ არ არსებობს...

სადღეგრძელო

როცა გავიგე, რომ მამუკა გორგოძემ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა, უცებ ის კადრი გამახსენდა, რომელიც (სინამდვილეში) არც დამვიწყებია და არც არასოდეს დამავიწყდება – იქ, ინგლისში, მსოფლიო თასის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა და საკუთარი თვალებით ვნახე, თუ როგორ არ უჯერებდა თვალებს სტადიონზე მოსული რაგბის პატარა ქომაგი, როგორ იშვერდა საჩვენებელ თითს ინგლისელი ბავშვი მამუკასკენ და მამის გასაგონად, ხმამაღლა და ისტერიულად იმეორებდა:

- Look, papa, Gorgodzila!...

მერე გამახსენდა, რომ რაგბი (სინამდვილეში) არა ძალისმიერი, არამედ გონისმიერი ასპარეზობაა და ამის საუკეთესო დადასტურება და მაგალითი, სწორედ, თვითონ მამუკა გორგოძეა და მისი ნებისმიერი ინტერვიუ სიბრძნის გაკვეთილი მგონია და ასეთი ჭკვიანი ადამიანი მხოლოდ ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებიდან მისი წასვლით ჩვენ მხოლოდ გული დაგვწყდება.

მერე ისიც გამახსენდა, თუ როგორ იკრიბებოდა მთელი ჩვენი ნაკრები (ინგლისში) იმ სასტუმროს ფოიეში, სადაც საღამოობით (ვარჯიშების მერე) დიდი მხიარულება ისადგურებდა (ძირითადად, დავით ზირაქიშვილის გარშემო), მაგრამ, როგორც კი მამუკა გორგოძე იტყოდა, რომ დილით შვიდზე უნდა ავდგეო და ყველას ემშვიდობებოდა, ყველანი, უხმოდ და უსიტყვოდ, კაპიტანთან ერთად დგებოდნენ და იშლებოდნენ. ზირაქასა და კიდევ სხვა ქართველ მორაგბეებზე, იმ მომავალ წიგნში, ბევრს დავწერ და ვიტყვი, მაგრამ ახლა მინდა დაპირება შევასრულო და მადლობა ვუთხრა დიდ კაპიტანს (ამ სიტყვის პირდაპირი და ყველანაირი მნიშვნელობით) – მამუკა გორგოძეს, ვინც სიხარულისა და ბედნიერების ამდენი წუთი გვაჩუქა და ალბათ მსოფლიოში არ არსებობს მორაგბე, ვისაც ასეთი პატივისცემით და მხოლოდ პირდაპირ სახელით მიმართავდნენ სუბიექტური მსაჯებიც კი. ხოლო ვისაც სურს, რომ ჩვენსავით პირდაპირ ადღეგრძელოს მამუკა იმ ყოველი წუთისთვის, რაც მას საქართველოს ნაკრებში გაუტარებია, სიამოვნებით ვურჩევდით იმ საოცარ ღვინოს, რომელიც მისი წინაპრების სოფელში მოჰყავთ და ბაღდათის რაიონის იმ სოფელს ჰქვია ფერსათი, ხოლო ღვინოს – კუნძა...

პ.ს. ბატონ სოსო ოტორეიშვილს (და სხვა ტკბილ ბაღდათელებსაც) ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მივმართე და ძალიან მინდა, რომ ბაღდათს (სავარაუდოდ, არაქართული სახელის ნაცვლად), ისევ მაიაკოვსკი ერქვას (მშობლიური და ბევრი მიზეზის გამო), მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ ბაღდათელებმა (ამ შემთხვევაში) მხარი დამიჭირონ და ამიტომაც მათთვის კიდევ ერთი, სათადარიგო, იდეაც მაქვს – მაშინ დავარქვათ ბაღდათს მამუკა გორგოძის სახელი და მთელი მსოფლიოც დაიჯერებს, რომ ჩვენ ნამდვილი სარაგბო ქვეყანა ვართ და ჩვენი საუკეთესო მოქალაქეების დაფასებაც, ძალიან ღირსეულად, მათ სიცოცხლეშივე შეგვიძლია.

იმის წარმოდგენაც კი უდიდესი სიამოვნებაა ჩემთვის, თუ როგორ გადმოყოფს თავს თითქმის შევსებული „მარშუტკიდან“ ბედნიერი იმერელი მძღოლი და ომახიანად მიმართავს ავტოსადგურის სავარაუდო მგზავრებს („აბა, ერთი კაციც და გავდივარ“) და მერე ამაყად დახედავს საკუთარი მარშრუტის აღმნიშვნელ, გადიდებულ წარწერას: თბილისი-გორგოძილა...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 მაისი
25 მაისი

ჩაშლილი სამიტი და სამი მძიმე მომენტი

ამერიკისა და ჩრდილო კორეის სამიტი გადაიდო, ან შეიძლება სულაც ჩაიშალა. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, როცა სამხრეთ კორეის პრეზი ...
25 მაისი
25 მაისი

ინტერვიუ: სტივენ ჯონსი პირველი დემოკრატი ...

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავზე მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორს, ბრიტნელ მეცნიერს სტივენ ჯონსს ვესაუბრეთ ...
24 მაისი
24 მაისი

ფსიქოლოგები სკოლაში - რამდენად რეალურია ...

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 7 მაისს სამინისტროს სამოქმედო გეგმის წარდგენისას ყურადღება გაამახვ ...

მეტი

^