Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ილიას წერილი მარჯორი უორდროპს

10 აპრილი 2018

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია ილია ჭავჭავაძის 1894 წლით დათარიღებული წერილი მარჯორი უორდროპისადმი. 

ინგლისელი სწავლულისა და მთარგმნელის,  მარჯორი უორდროპის ინგლისურად თარგმნილი „განდეგილი“ 1995 წელს გამოიცა. მის მიერ ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ კი მისი სიკვდილის შემდეგ  ლონდონში 1912 წელს  მისმა ძმამ, ოლივერ უორდროპმა, გაერთიანებული სამეფოს უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოში, გამოსცა. 

გთავაზობთ ილიას წერილს მარჯორი უორდოპისადმი, რომელშიც ილია მადლობას უხდის მისი „განდეგილით“ დაინტერესების, ასევე, საქართველოს სიყვარულისა და გულშემატკივრობისათვის:

* * *

მოწყალე ხელმწიფევ,

დიდად მოხარული ვარ, რომ ჩემს „განდეგილს“ თქვენი ყურადღება მიუქცევია. სასახელოდ მიმაჩნია, რომ მოგიწადინებიათ და გადაგითარგმნიათ ინგლისურად.

დიდებულმა ინგლისმა მეტად ცოტა რამ იცის ჩვენის უბედურის ქვეყნისა და დაობლებულის ერისა, რომელსაც ერთს დროს თავისი სახელოვანი წარსული ჰქონია, თავისი გმირნი, მეცნიერნი, მწერალნი და პოეტები ჰყოლია და მათის მეოხებით გულდაგულ დახვედრია განათლების მტრებს, - ბარბაროსებს.

ყოველს ქართველს თავმოსაწონებლად ექმნება, რომ თქვენ და თქვენს პატივ-ცემულს ძმას ჩვენი ყველასგან დავიწყებული ქვეყანა შეგყვარებიათ და მოგინებებიათ თქვენს ერს  მისი ავი და კარგი აუწყოთ იმ სიყვარულით და გულისტკივილით, რომელიც ასე ამშვენებს ადამიანს და რომელიც დაუფასებელი ნუგეშია ბედისაგან ჩაგრულთათვის. სასურველია, სახელოვანმა ერმა ინგლისისამ იცოდეს, რომ ამ ჩვენს პატარა ქვეყანაშიაც საქმობს გონება და იძვრის გული. რომ აქაცა აქვთ თავისი ნატვრა და თავისი იმედი; რომ აქაც არის თავისი წამება და წვალება უკეთეს დღეთათვის და არარას კაცობრიულს არ ეუცხოებიან.

ყოველივე ეს ზედ-დაჩნეული აქვს ჩვენს პატარა მწერლობას, რამდენადაც კი გარემოება ნებას იძლევა. იმიტომაც გადაღება ინგლისურად ჩვენის მწერლობისა გადაღებაა ჩვენის გულისცემისა, ჩვენის გულითადის ნატვრისა, ჩვენის ჭირისა და ლხინისა, ჩვენის გონებისა და გრძნობის ძალღონისა საყოველთავო საცნობელად.

ამ მხრით თქვენი განათლებული და გულშემატკივარი მეცადინეობა ჩვენის გონების ნაწარმოებთა თარგმანისთვის დიდი სამსახურად მიჩნეულ იქმნება ყოველის ქართველისაგან და ჩვენს მადლობას თქვენდამი სამზღვარი არ ექმნება.

ჩემი „განდეგილი“ მომირთმევია თქვენთვის, როგორც გენებოთ ისე იმსახურეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ნაწერს თქვენზე უკეთესს პატრონს და მთარგმნელს ვერ ავუჩენდი.

გვპირდებით ჩვენში მობრძანებას, სიხარულით დაგიხვდებით და უმორჩილესად გთხოვთ წინადვე გვაცნობოთ როდის და რა გზით მობძანდებით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი უბედური, მაგრამ მშვენიერი ქვეყანა თავს მოგაწონებთ და დაგანახვებთ, რომ იგი ღირსია თქვენის ყურადღებისა და სიყვარულისა.

თქვენი მობრძანების სიხარულით მომლოდინე და ღრმად პატივისმცემელი

ილია ჭავჭავაძე

მოწყალე ხელმწიფეს,

ბატონს მარჯორი ვარდროპს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ივნისი
21 ივნისი

სამთო დარტყმა თუ „ადამიანური გადაცდომა" ...

99%-ით შეიძლება ითქვას, რომ ტყიბულის შახტში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის მიზეზი სამთო დარტყმა არ ყოფილა. ეს უფრ ...
20 ივნისი
20 ივნისი

ბიზნესი ქალების გაძლიერებისთვის და პირიქ ...

გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველოში ქალთა მონაწილეობა შრომის ბაზარზე კაცებთან შედარებით ბევ ...
18 ივნისი
18 ივნისი

დუმილის შემზარავი ფასი

დავით დოიაშვილის „ტარტიუფი“, როგორც პაზოლინის „თეორემის“ დღევანდელი ანარეკლი გახსოვთ პიერ-პაოლო ...

მეტი

^