“სხვა სამსახური ჭიათურაში არ არსებობს, ერთი მაღარო გვაქვს და ისიც თან გვკლავს, თან გვაცოცხლებს”.
“გეკითხებით, როცა შემოსავალი 540 ლარი მაქვს და გასავალი - მინიმუმ 900, ოჯახი როგორ უნდა ვარჩინო? ბანკს მივადგე? სესხი ავიღო და საბოლოოდ დავიღუპო?”
“საზღვარგარეთ მიდიხარ, მონად მუშაობ. აქ ხარ და მაინც მონა ხარ”.
ბუშტი როცა დიდხანს დევს ერთ ადგილზე, იფუშება. სწორედ ასე დაიშალა ხალხის ერთობაც”.
“ეს ყველაფერი ჭადრაკის თამაშს ჰგავს, პაიკი მეფის გულისთვის კვდება. სახელმწიფოსთვის ჩვენ სწორედ პაიკები ვართ”.
“პირველი მუხტი შიმშილობის შეწყვეტის დროს ჩაქრა. შიმშილობის მერე დასუსტებული ცოტა ხნით აქციაზე ვეღარ გავედი, უკან რომ დავბრუდი, ხალხი ვეღარ ვიცანი. დასუსტებულები და მორალურად განადგურებული დამხვდნენ. მაშინ მივხვდი, რომ აქცია დიდ ხანს ვეღარ გასტანდა”.
“ეგრე გამოდის, სახელმწიფო კომპანიის მხარეს დადგა. ჩვენ უბრალოდ, პროდუქციის შემქმნელები ვართ. რა ვქნათ, სხვა სად გავიქცეთ?”.
ჭიათურა - ზესტაფონი - ტყიბული
საბჭოთა ფაბრიკა-ქახნების ნარჩენები, საღებავგადაცლილი საბაგიროები, შავი ყვირილა... - ეს დეტალები არაფრით მიანიშნებს, რომ ქალაქი, რომელსაც ვსტუმრობთ, 130 წელია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტის მწარმოებელია.
ჭიათურას გვერდს ვუვლით და ნახევრადდანგრეული, მიხვეულ-მოხვეული გზით პირდაპირ სოფელ შუქრუთის მაღარომდე მივდივართ. აქაურობა ერთფეროვანი და უფერულია. ეზოში რამდენიმე მუშას ვხედავთ, ხელში ჩაფხუტები უჭირავთ და სწრაფი ნაბიჯებით გადაადგილდებიან.
სამსართულიანი შენობის ერთ კედელს საბჭოთა მოზაიკა ფარავს: მაღაროს მუშა ფართოდ გაშლილი ხელებითა და მოღიმარი, ბედნიერი სახით გადმოგვყურებს.
მაღაროს დირექტორი გვეუბნება, რომ ოთხ საათზე მორიგეობა იცვლება და მუშებთან შეხვედრას შუალედში შევძლებთ.
მანამდე მაღაროში მომუშავე ქალების სანახავად შენობაში შევდივართ. მედდა გვიყვება, რომ ადრე, კომუნისტების დროს, შიგნით, მაღაროში ერთი ქალი მუშაობდა, ახლა კი ქალებს ძირითადად მედდის, ბუღალტრისა და დამლაგებლის ფუნქციები აკისრიათ.
სამედიცინო ოთახში ფანჯრის რაფასთან, წყლის ძველი ნიჟარაა დამონტაჟებული, ირგვლივ ოთახის ყვავილები და ყავის ჭიქები ალაგია. თაროდან სპირტი, ბამბა და ბინტი მოჩანს. სხვაგვარად ვერც მიხვდებით, რომ ამ ოთახს სამედიცინო ფუნქცია აქვს.
ჩვენს ყურადღებას მეორე ოთახში, საკვები ულუფებით გამოტენილი მაცივარი იპყრობს. იქვე, ხის ყუთებში კი პური და წყლის ბოთლები ყრია.
მედდა გვიყვება, რომ პურისა და წყლის გარდა, მაღაროს მუშას 8-საათიანი მორიგეობის დროს ორი ნაჭერი ძეხვი, მაწონი, არაჟანი და ბისკვიტიც ერგება.
ხელში ვატრიალებთ ამ ე.წ. პაიკას და ერთსა და იმავე შეკითხვას რამდენჯერმე ვიმეორებთ. გვაინტერესებს, ეს ულუფა ჰყოფნით თუ არა მუშებს.
„კი, როგორ არა. ადრე უფრო მწირი საკვები ჰქონდათ, ახლა კიდევ გააუმჯობესეს...“.
მაღაროს დირექტორის კაბინეტში სამი მუშა გვხვდება. "ნახევარი საათი გაქვთ დრო", _ გვეუბნება თამაზ კაპანაძე და მათთან მარტო გვტოვებს.
გუბაზ ბიწაძე, გიორგი ტაბატაძე და ვალერი გუდაძე ცდილობენ, ამ ნახევარი საათის განმავლობაში ყველა პრობლემაზე ლაპარაკი მოასწრონ.
გვირაბგამყვანები, ვისი სამუშაოც ყველაზე მძიმეა, ძირითადად, არასათანადო სამუშაო პირობებზე, არაადეკვატურად დაბალ ხელფასებზე, გაუმართავ სამედიცინო მომსახურებაზე და მოძველებულ ტექნიკაზე საუბრობენ.
რამდენიმე თვის წინ გამართულ საპროტესტო აქციებში სამივე მათგანი მონაწილეობდა.
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა 2014 წლის 23 თებერვალს სტიქიურად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო. იანვარ-თებერვლის ხელფასების დარიცხვის დროს მუშებმა აღმოაჩინეს, რომ ყველა მათგანს ანაზღაურება 25%-ით ნაკლები ჰქონდა. „ჯორჯიან მარგანეზის“ შვიდი მაღაროსა და ხუთი ქარხნის ყველა თანამშრომელმა მუშაობა შეწყვიტა. აქციების დროს მათ სოლიდარობა ჭიათურის მოსახლეობამაც გამოუცხადა.
მაღაროელების მთავარი მოთხოვნა დაკლებული ხელფასების სრულად ჩარიცხვა, ანაზღაურების გაზრდა, სამუშაო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება იყო.
გაფიცვა 12 დღეში დასრულდა და შეთანხმების შედეგად, „ჯორჯიან მარგანეზი“ მუშებს აპრილიდან ხელფასების 7%-ით გაზრდას შეჰპირდა.
„ჭიათურაში სხვა სამსახური თითქმის არაა, ყველანი მაღაროზე ვართ დამოკიდებულები. აქაც სახარბიელო არაფერია. ვმუშაობთ, ყოველდღე საფრთხეში ვიგდებთ თავს, ხელფასი კი საშუალოდ 700 ლარი გამოგვდის“.
ვალერი გუდაძეს 35 წელია გვირაბები გაჰყავს. ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში სამსახურში რაიმე მნიშვნელოვანი და მუშებისთვის სასარგებლო ცვლილება არ მომხდარა: „მთავრობის შეცვლის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში მდგომარეობა თითქოს უმჯობესდებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი ისევ უკან-უკან მიდის“.
მუშების თქმით, შიგნით, მაღაროში მუშაობა აუტანელია, განიავების მოუწესრიგებელი სისტემა და საბჭოთა პერიოდის ძველი ტექნიკა სამუშაოს ძალიან ართულებს.
მაღაროში ორი სახის - ადგილობრივი და მთავარი განიავების სისტემა უნდა ფუნქციონირებდეს, თუმცა მუშების თქმით, მთავარი განიავების ვენტილაცია წლებია მოიშლილია. ადგილობრივი განიავების სისტემა მხოლოდ მაღაროშივე ცირკულირებს და მიწის ქვეშ სუფთა ჰაერი ფაქტობრივად არ შედის.
მუშები საუბრისას ხშირად ახსენებენ მოძველებულ ტექნიკას: „ახლა, ორი დღეა ჩინური მტვირთავი მანქანები შემოიყვანეს. გამოსაცდელადო, ასე ამბობენ, მაგრამ, ჯერჯერობით ვერ გავმართეთ, არასტანდარტულები აღმოჩნდა. მსუბუქია და მადნის დატვირთვისას პრობლემებს ქმნის“.
„რაზე საუბრობთ?“, _ ოთახში მაღაროს დირექტორი, თამაზ კაპანაძე შემოდის - „მაღაროში დიდი გადაიარაღება მიმდინარეობს, რამდენიმე დღის წინ კარგი მანქანები შემოვიდა. „ჯორჯიან მარგანეზმა“ ერთ-ერთ ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება დადო და, სავარაუდოდ, ახალი მტვირთავი ტექნიკა მასიურად შემოვა“.
მუშები ჩუმდებიან, დირექტორი კი საუბარს განაგრძობს: „მაღაროში კარიერების მდგომარეობა გამოსწორდა, ვაგონები შემოიყვანეს, მუშებს ტექნიკა, სპირალები აქვთ: ადამიანური პირობები? ეს არაა სამუშაო პირობების გაუმჯობესება?“ - კაპანაძე კარში გასვლისას ტრიალდება - „საკვები ულუფა ნახეთ? თუ გინდათ ამოგიტანთ და გასინჯეთ, რომ იცოდეთ რითი იკვებებიან მუშები. სიღრმეში სამუშაოდ სწორედ ასეთი მცირე რაოდენობის მშრალი საკვებია რეკომენდებული. მთავარია, კუჭმა ფუნქციონირება შეძლოს, ბევრის ჭამა მაღაროში არ შეიძლება“. „გამარჯობა, - აქ გამომიშვეს“, - კარს კიდევ ერთი, უნიფორმიანი მაღაროს მუშა აღებს და სანამ დირექტორი დაგვტოვებს, ხის გრძელი სკამის კიდეს იკავებს. თავზე წითელი დამცავი ქუდი აფარია, 15 წუთში მათი მორიგეობა იწყება.
თუმცა სანამ მუშები მაღაროს სიღრმეში გაუჩინარდებიან, გვირაბგამყვანი პაატა აბრამიშვილი მოულოდნელად მოგვმართავს - „გაინტერესებთ, გაფიცვამ ჩვენთვის სასურველი შედეგი რატომ არ გამოიღო? წამომყევით ეზოში და თქვენი თვალით ნახავთ - მუშების 90%-ს ბანკის ვალი ახრჩობს, როგორ გინდა, სამსახურის გარეშე დარჩე? მაღარო თან გვაცოცხლებს, თან გვკლავს. აი, ახლაც ხელფასები 7%-ით გაგვიზარდეს, 21-ში უნდა ჩარიცხულიყო, დღეს 26-ია და ანგარიშზე ჯერ კიდევ არაფერია“.
პაატა ამბობს, რომ ჭიათურაში გაჩერება აღარ შეუძლია, სხვა სამსახური რომ ჰქონდეს, არც დაფიქრდებოდა, ისე მიატოვებდა მაღაროს.
„ეს არაა გამოსავალი“, - აწყვეტინებს პაატას მეორე მუშა, გიორგი ტაბატაძე და გვიხსნის, რომ მაღაროების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა უკეთესი აზრია: „ამით მუშებისთვის გაცილებით სამართლიანი გარემო შეიქმნება. ახლა, სიმართლე რომ გითხრათ, არც ერთი მხარე ყურადღებას არ გვაქცევს, არც სახელმწიფო და არც კომპანია. როცა სიტუაცია კრიზისულია და გაფიცვები იწყება, კომპანია მხოლოდ მაშინ გვეკონტაქტება. თუ მაღარო სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა, კანონიც ჩვენ სასარგებლოდ იმუშავებს“, - ამბობს გიორგი.
„ჯორჯიან მანგანეზმა“, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი უკრაინული ჰოლდინგის - „პრივატ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, მანგანუმის საბადოები ჭიათურაში 2007 წელს, ზესტაფონის „ფეროთშენადნობ ქარხანასა“ და „ვარციხე ჰესთან“ ერთად შეიძინა. სამივე მათგანი ერთ ციკლში იძლევა მანგანუმის მოპოვებისა და სილოკომანგანუმის წარმოების საშუალებას.
2013 წლის მარტში კი, „ჯორჯიან მანგანეზი“ ლუქსემბურგში რეგისტრირებულ „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის“ ხელში გადავიდა.
5 საათია. მაღაროში შესვლის დროა.
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ნებართვას გვაძლევს, რომ მუშებს მაღაროს შესასვლამდე გავყვეთ. რამდენიმე წუთში მათთან ერთად ე.წ. სახალხო ვაგონში ვსხედვართ. მალე ეს დაჟანგული და მორყეული ვაგონი მუშებთან ერთად რამდენიმე კილომეტრის სიღრმეში უნდა გაუჩინარდეს.
იქვე ხის ჭუჭყიან სკამებზე ე.წ. პაიკა, მუშებისთვის განკუთვნილი საჭმლის ულუფა, დევს.
ვაგონი ძლივს მიჩახჩახებს, ნელ-ნელა გვირაბს ვუახლოვდებით.
„ახლა უნდა გადმოხვიდეთ“, - გვეუბნება უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი პროდუქტის მომპოვებლები კი 5 კილომეტრის სიღრმეში შედიან. სახალხო ვაგონმა ასე ნახევარი საათი უნდა იაროს. მერე კი რვასაათიანი მძიმე სამუშაო იწყება...
ზესტაფონი, ფეროთშენადნობთა ქარხანა
ჭიათურის მაღაროების გაფიცვის პარალელურად 7 მარტს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშებმა, მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად, ერთდღიანი აქცია გამართეს.
თუმცა ადმინისტრაციის შენობის მისაღებში მყოფი ერთ-ერთი მუშა, რომელიც დაცვის უნიფორმიან თანამშრომლებთან ერთად გვხვდება, აქციას გაერთიანებული პროფკავშირების მიერ პროვოცირებულს უწოდებს და ამბობს, რომ რეალურად ქარხანაში დიდი გადაიარაღება მიმდინარეობს.
„სადაც მუშაობაა, იქ პრობლემები ყოველთვისაა. ვინმე საერთოდ ხელფასით კმაყოფილია? სხვა შემოსავლის წყარო აქ არც არაფერია. მთავარია, ქარხანა ვითარდება და დიდი განახლება მიმდინარეობს. შარშან მაგალითად, როგორც ვიცი, კომპანიამ ბიუჯეტში 57 მილიონი შეიტანა. ეს იმას ნიშნავს, რომ მუშებისთვისაც ნელ-ნელა ყველაფერი გაკეთდება“, - გვეუბნება ქარხნის მუშა.
4 საათზე მორიგეობა იცვლება და მუშებს შეგიძლიათ გარეთ დახვდეთ - გვითხრა ტელეფონში კომპანია „ჯორჯიან მარგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.
ამასობაში გზას ტყიბულის მაღაროსკენ გავუდექით.
კომპანია „საქნახშირის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი შეგვპირდა, რომ რამდენიმე მუშასთან გასაუბრების შესაძლებლობა გვექნებოდა.
მათ გაერთიანებული პროფკავშირების ადგილობრივი თავმჯდომარის გიორგი ბაბუხადიას სამუშაო კაბინეტში შევხვდით. ინტერვიუს რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა.
„45 წელია შახტაში ვმუშაობ, ადრე გაუსაძლისი პირობები იყო. ინვესტორის გამოჩენის შემდეგ ხელფასები გაგვეზარდა და შახტა აღორძინდა. უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა დაცული, რომ კაცმა არაფერი იტკინოს“, - გვიყვება რომან ბოჭორიშვილი, მეშახტე.
პროფკავშირის თავმჯომარე საუბარში ერთვება და ამბობს, რომ შახტაში ხანძარი ბუნებრივი პროცესია, ნახშირის თვითაალებადობა კი მუშების ფიზიკური დაზიანების მიზეზიც გამხდარა. თუმცა გიორგის თქმით, სიცოცხლისთვის საშიში შემთხვევები ბევრჯერ მუშების დაუდევრობითაც ხდება.
ხუთსულიან ოჯახში ბადრი ლომთაძე ერთადერთია, ვინც დასაქმებულია. ისიც თავის თანამშრომელს ეთანხება და გვეუბნება, რომ ბოლო წლებში სამუშაო პირობები გაუუმჯობესდათ, საშუალო ხელფასმაც 800 ლარამდე აიწია.
„საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ვალერი კუხალაშვილი 2006 წლამდე შახტის გაპარტახებულ მდგომარეობაზე გვიყვება. მისი ინფორმაციით, ინვესტორის მიერ 2006 წელს, შახტის შესყიდვის შემდეგ სრული გადაიარაღება მოხდა და ამ დროისთვის მინდელის შატხა, რომელიც ორ შახტას აერთიანებს და 1500-მდე მუშას ითვლის, სრული დატვირთვით მუშაობს.
„უსაფრთხოების წესები მკაცრად გვაქვს გაწერილი. ეს შახტა ძალიან საშიშია და თვითაალებებიც ხშირად ხდება, თუმცა ეს ბუნებრივია, ჩვენ ყველა რესურსი გვაქვს, რომ ამას გავუმკლავდეთ“.
ტყიბულის შახტაში ბოლო გაფიცვა 2011 წლის თებერვალში მოეწყო.
მაშინ მუშები უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნასა და ხელფასების გაზრდას ითხოვდნენ.
თუმცა გაფიცვის მთავარი მიზეზი მინდელის სახელობის შახტაში 2010 წლის განმავლობაში მომხდარი რამდენიმე აფეთქება გახდა, რომლის დროსაც 9 მეშახტე დაიღუპა, 12 კი მძიმედ დაშავდა.
საბოლოოდ გაფიცვის შედეგად, შპს „საქნახშირის“ მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა მოძრაობის უბნის თანამშრომლებს ხელფასები 15%-ით გაუზარდა და შეჰპირდა, რომ სხვა მეშახტეების ანაზღაურების საკითხების გადახედვა და მათი ხელფასების კორექტირებაც მოხდებოდა.
***
ტყიბულიდან ისევ ზესტაფონში ვბრუნდებით.
ნახევარ საათში მორიგეობა უნდა შეიცვალოს. „ფეროშენადნობთა ქარხნის“ მუშებს გარეთ ველოდებით.
ქარხნის შესასვლელთან დაცვის ორი წევრი ჩვენი ვინაობით ინტერესდება. წვიმას ვერიდებით და გადახურულში მათ ადგილებზე ვსხდებით.
მოულოდნელად, ჩვენ წინ 7-მდე ქარხნის თანამშრომელი ჩნდება.
ერთ-ერთი ჩვენკენ მოდის და თავს, უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გვაცნობს. სახელის და გვარის გამხელისგან კი თავს იკავებს.
ვუხსნით, რომ დილით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ვესაუბრეთ და მუშებს არასამუშაო საათებში უნდა შევხვდეთ. აქ კი უბრალოდ წვიმის გამო დავსხედით.
„ახლა დავრეკავ და ადმინისტრაციას მაინც გავაფრთხილებ“.
„მართალია, ქარხანაში შესასვლელად ოფიციალური ნებართვაა საჭირო, მაგრამ მუშებმა რომ არ მოგატყუონ და არ გითხრან, ცუდ პირობებში ვმუშაობთო, შედით და თქვენი თვალით ნახეთ, რა გადაიარაღება ხდება შიგნით“, - გვპასუხობს ტელეფონში „ჯორჯიან მარგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მაკა კვარაცხელია.
რამდენიმე წუთში, ქარხნის სამ თანამშრომელთან ერთად, სპეცტანსაცმლითა და დამცავი ქუდებით ქარხნის ტერიტორიაზე ვართ.
საამქროს უფროს ბადრი ფერაძეს ჭიათურის მუშების სოლიდარობის ნიშნად ზესტაფონის ქარხნის თანამშრომლების აქცია „ბუნდოვნად ახსოვს“ და ამბობს, რომ ამისთვის დიდი ყურადღება არც მიუქცევია: „25-მდე ადამიანი პროფკავშირების ინიციატივით ქუჩაში გავიდა და სამუშაო პირობები გააპროტესტა. უმადური უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ქარხანაში შეიცვალა. აბანო-გასახდელები იდეალურად მოეწყო, მუშებს დასასვენებელი ოთახიც აქვთ, სამზარეულო იდეალურ მდგომარეობაშია, თვითონ კომბინატში ტექნიკის განახლებაც მიმდინარეობს, ყველაფერი ავტომატიზირებული იქნება და მუშებს მხოლოდ ღილაკებზე თითის დაჭერა მოუწევთ“, - ამბობს ფერაძე და ქარხნის მთლიანი ტერიტორიის დათვალიერებას გვთავაზობს.
ქარხნის ერთ-ერთ კომბინატში ხმაურია. მუშები ყურადღებას არ გვაქცევენ, ღუმელთან მუშაობენ. უსაფრთხოების თანამშრომელი, რომელიც ქარხნის დირექტორთან ერთად თან დაგვყვება, გარემონტებული სააბაზანო-გამოსაცვლელების დათვალიერებას გვთავაზობს:
„ნახეთ, როგორი მდგომარეობაა, ზოგს სახლშიც არ აქვს ასეთი პირობები. ნახეთ, გადაუღეთ ფოტოები“.
ისევ მუშებთან ვბრუნდებით. ლევან ფერაძე მხოლოდ 3 წელია, რაც აქ მუშაობს. ხმადაბლა გვიყვება, რომ ხელფასი და პირობები არ არის გადასარევი, მაგრამ ზესტაფონში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მაინც ეს ქარხანაა: „აქ მუშაობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, რა თქმა უნდა, არ არის. გამონაბოლქვი და მანგანუმი რომ ჩადის ორგანიზმიში, როგორ შეიძლება უსაფრთხო იყოს. მე ახალგაზრდა ვარ, სტაჟიც არ მაქვს დიდი, რაც უფრო ასაკშია ადამიანი, უფრო უჭირს“.
კომბინატში ათი წუთის შემდეგ ჩვენთვისაც შეუძლებელი ხდება სუნთქვა, კვამლი და მანგანუმის გამონაბოლქვი სასუნთქ გზებს გვიკეტავს და ისევ გარეთ, ქარხნის ეზოში გამოვდივართ.
ირგვლივ, ყველგან მშენებლობაა. თონე, ახალი სამზარეულო, სველი წერტილების განახლება მიმდინარეობს: „თბილისში რამდენად ყიდულობთ პურს? 90 თეთრად ხომ? აქ კი, კახური პურის ყიდვა მუშებს 40 თეთრად შეუძლიათ, თან ასეთ გემრიელს ვერსად ნახავთ“, - და უსაფრთხოების თანამშრომელი კმაყოფილი ღიმილით ძრავს მანქანას.
ჩაფხუტებსა და უნიფორმებს ქარხნის შემოსასვლელში ვტოვებთ და ზესტაფონში ჩვენი ჟურნალისტური ექსკურსიც სრულდება. თუმცა ამით არ სრულდება ადამიანური ისტორიები, ვისი ბედიც მაღაროებზე, შახტებსა და გიგანტ საწარმო კომპანიებზეა დამოკიდებული.
პირველი ნაწილის დასასრული