Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შრომა გადარჩენისათვის (ნაწილი მეორე)

01 მაისი 2014

ნაწილი პირველი

სიმონი

ჭიათურა, სოფელი შუქრუთი

„ვხედავ ნელ-ნელა კედლები ერთმანეთს როგორ შორდება, როგორ იბზარება, ნელ-ნელა როგორ ინგრევა სახლი, სადაც ვცხოვრობ“.

სიმონ ჩაჩანიძე გვირაბგამყვანია. მისი ცვლა ოთხ საათზე მთავრდება. სამუშაოს დასრულების შემდეგ ისიც სხვა მუშებთან ერთად „სახალხო“ ვაგონს მაღაროდან გამოჰყავს. რამდენიმეკილომეტრიანი გვირაბის გავლას ნახევარი საათი სჭირდება. გარეთ მეორე ცვლის მუშები იცდიან, რომლებიც იმავე ვაგონმა გვირაბში უნდა შეიყვანოს. სიმონი თავს იწესრიგებს და მაღაროდან შინ მოკლე გზას ფეხით მიუყვება. სახლი, სადაც ის მიდის, თითქმის დანგრეულია. წლების წინ მის ქვეშ მაღარომ გაიარა.

სახლი დიდმა ბაბუამ ააშენა, მას მერე აქ რამდენიმე თაობა გაიზარდა. წინასწარი გაფრთხილების გარეშე, 2005 წელს მისი სახლის ქვეშ გვირაბი ააფეთქეს. მას შემდეგ ყოველდღე ხედავს, როგორ იშლება კედლები. ერთი ნაწილი ჩამონგრეულია, რამდენიმე ოთახში ცხოვრება შეუძლებელია. მხოლოდ შუა, შედარებით დიდ ოთახში დგას მაგიდა, კარადა და ორი საწოლი.  დღეს ძირითად მაღაროში ატარებს, მის სახლში კი, რომელიც მაღაროს ზემოთაა, დაძინებაც საშიშია, არავინ იცის კედლები როდის ჩამოიშლება.  

35 წელია მაღაროში მუშაობს. ამბობს, რომ ცხოვრების ძირითადი ნაწილი მიწის ქვეშ გაატარა. მაღაროში აღებული ფული მხოლოდ საარსებოდ ჰყოფნის. სამი შვილი ჰყავს, ორი გოგო და ერთი ბიჭი. შვილებს თავიანთი ოჯახები და ცხოვრება აქვთ, თუმცა სამსახური არც ერთს.

მას შემდეგ, რაც სახლს პირველი ბზარი გაუჩნდა, კომპანიიდან მოსულმა ადამიანებმა კედლები შეათვალიერეს, წითელი ლენტები მიაკრეს, თქვეს, რომ ამგვარად კედლების გადაწევის დონეს შეამოწმებდნენ და წავიდნენ. სიმონი რამდენჯერმე ჩავიდა ზესტაფონში, სადაც კომპანიის ადმინისტრაციაა და კომპენსაცია მოითხოვა. როგორც ამბობს, დიდი ძალისხმევის შემდეგ ნაწილ-ნაწილ 31 000 ლარი გადაუხადეს.

„დავდიოდი ყოველდღე ზესტაფონში, რომ  თანხა ამეღო.  გადამიხადეს, მაგრამ ნაწილ-ნაწილ, ვერაფრის ყიდვა ვერ შევძელით. ოჯახია, მუდმივად უამრავი საჭიროებაა, რა მექნა? იქ ბიჭს  დასჭირდა, პატარა შვილები ჰყავს, იქ ავადმყოფობა. დაიხარჯა ეს ფული. ისინი ამბობენ რომ ფული ხომ მოგეცითო. ვერაფერს გავაკეთებ“, - ამბობს სიმონი.

მის მდგომარეობაში სოფელში ბევრი ოჯახია. საკუთარი სახლები მათთვის დღითიდღე საშიში ხდება. დაახლოებით 6 წელია ასე გრძელდება. 

„ერთ დღესაც სახლი რომ დაინგრეს სად წავალ?  - ვერსად.  დები მყავს და იმედია შემიფარებენ, ქუჩაში არ დამტოვებენ. სხვა არავისი იმედი არ მაქვს“,  - ამბობს სიმონი.

 

მიშა

ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი

„ჩვენ გაფიცვისას ერთმანეთის იმედი გვქონდა“

მიშა ყაფლანიშვილი კაზრეთში დაიბადა და გაიზარდა. რამდენიმე წელი საზღვარგარეთ იცხოვრა. საქართველოში დაბრუნებული კაზრეთის მაღაროში მძღოლად მოეწყო.  42-ტონიანი „ბელაზით“  მაღაროდან მადანს ეზიდება.

„ჩვეულებრივ, თითქოს  8 საათი უნდა ვმუშაობდე, მაგრამ დილის  7 საათზე უკვე ავტობუსში ვზივარ და მაღაროში მივდივარ.  8-ის ნახევარზე სმენას ვიბარებ და მუშაობას ვიწყებ. საღამოს 8 საათზე ვამთავრებ. გვატყუებენ, 12 საათი გამომდის მუშაობა,“ - ამბობს მიშა.

კაზრეთში მძიმე ეკოლოგიური გარემოს გამო, მისი მცირეწლოვანი შვილი გამუდმებით ავად ხდებოდა, ამიტომ იძულებული გახდა ოჯახი თბილისში ნათესავთან გადაეყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ კაზრეთის მაღაროდან გათავისუფლებულ 152 მუშას შორის თვითონ არ ყოფილა, თებერვალში გაფიცულ მაღაროელებს შეუერთდა და შიმშილობა დაიწყო.

მიშას არ სჯერა, რომ კომპანიას ფინანსური კრიზისი აქვს და თანამშრომელებიც ამის გამო დაითხოვა.

„ჩემი მანქანა 42-ტონიანია, ხო? ბრძანება გვაქვს, რომ სულ ბოლომდე დავტვირთოთ. კოშს ეძახიან. უნდა ნახოთ, როგორ აწვებიან ხოლმე, რომ სატვირთო ბოლომდე გადაივსოს. სანამ ქარხანაში შევალთ, სასწორზე უნდა აწონონ, მაგრამ ეს ყოველდღიურად არ ხდება. თვეში ერთხელ ან მაქსიმუმ ორჯერ  წონიან მადანს, წესით ყოველ შესვლაზე უნდა აწონონ. ჩვენ კიდევ 35-38 ტონას გვიტარებენ. ერთ ჩამოტანაზე მინიმუმ 5 ტონაში მაინც იტყუებიან. ხომ წარმოგიდგენიათ, საბოლოოდ წონაში რამხელა განსხვავებაა? ამით საგადასახადოს ატყუებენ“, -გვიყვება მიშა.

ათი დღე იშიმშილა. როგორც ამბობს, რამდენიმე ადამიანი მუდმივად  დადიოდა და ხალხს აქეზებდა, რომ  გაფიცვა შეეწყვიტათ. „ხალხი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, სოციალური სიდუხჭირე და ბანკის ვალები. ამიტომ ეტაპობრივად  ერთობაც დაირღვა.

„კანცელარიასთან წამოსვლის დროს, პროფკავშირების წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ  - დაიწყო მოლაპარაკებები, პრემიერი ჩართულია და აღარაა საჭირო კანცელარიასთან გასვლაო. მაშინ ძალიან გავბრაზდი, რას ნიშნავს „დაიწყო მოლაპარაკებები და ჩვენი აქტიურობა აღარ იყო საჭირო“? ომის დროსაცაა ხოლმე მოლაპარაკებები, მაგრამ ის არ წყდება, რომ გავჩერებულიყავით, მთავრობა  ამასაც სათავისოდ გამოიყენებდა“.

მიშა მძიმე და საფრთხის შემცველ სამუშაო პირობებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხშირად ტექნიკა გაუმართავია, რაც სამუშაოს შესრულების დროს სიცოცხლისთვის საშიშია:

„ერთი წელი ისეთი მანქანით დავდიოდი, ნორმალური მუხრუჭი არ ჰქონდა, მაგრამ ყურს არ იბერტყავდნენ. უბედური შემთხვევები ხშირად მომხდარა. ერთხელ მადნეულის საფქვავში ბელაზის მძღოლს უყვიროდნენ, ახლოს მიდიო და ჩავარდა. მერე კიდევ ამბობენ, რომ მუშების დაუდევრობის გამო ხდება უბედური შემთხვევებიო. ერთხელ მეც გადამიყირავდა მანქანა, ეგრევე დამეტაკა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ნასვამი ხომ არ ხარო. გამეცინა, ვუთხარი შემომხედე, ნასვამი კი არა, უძილო ვარ მეთქი!", - ამბობს მიშა.

„ერთხელ მანქანას ვცლიდი, მეტი დრო დამჭირდა და დასვენებაზე რამდენიმე წუთი გადამიცდა. ამიტომ, როცა დავიძინე მაღვიძარაც ცოტა გვიან დავაყენე, ვიფიქრე, რაც დასვენების დრო ვიმუშავე, იმას დავიძინებ მეთქი.

ახალჩაძინებული ვიყავი და უცებ მანქანის შუშაზე ვიღაცამ დამიბრახუნა, უსაფრთხოების თანამშრომელი იყო, - მათ შავფორმიანებს ეძახიან, - საათს დახედე, რომელიაო. დავხედე და ზუსტად 9 წუთი მქონდა დასვენების დროს გადამეტებული. დილით მოხვალ და ახსნა-განმარტებას დაწერო. ჩავედი, მოვყევი ყველაფერი, როგორც იყო, რომ 9 წუთი გადავაცილე. ახლა ამაზე ამიშარდნენ, 9 წუთი რაღა იყოო. მაშინ ვუთხარი, ღამენათევი დამიბარე, აქ ერთი საათი გელოდეთ, რომ დამეწერა განმარტება და ახლა აქეთ მეჩხუბებით მეთქი? პირდაპირ გეტყვით, ეს იყო ხალხის გამოჭერის  საშუალება, ასეთი დაშინებებით უნდათ, რომ ხელში მოიმწყვდიონ“, - იხსენებს მიშა.

ბალიჭი

ბოლნისის რაიონი

ბალიჭი სოფელია, სადაც ადამიანებს უკვე  სამი წელია საკუთარი სახლები ნელ-ნელა ენგრევათ. ბალიჭელების თქმით, ამის მიზეზი კომპანია RMG-ის მიერ გახსნილი ახალი კარიერია.

 „აქ ყველას სახლი დაბზარულია. წამოდით და თუ არ დაგეზარებათ, თითოეულ მათგანს განახებთ“, - გვეუბნებიან სოფლის მაღაზიასთან მდგომი ახალგაზრდები და თან იმ კარიერისკენ გვითითებენ, რომელიც სოფლიდან სულ რაღაც ორ კილომეტრში მდებარეობს.

„დღეში 15-ჯერ მაინც არის აფეთქება. სოფელში სახლი არ არის დარჩენილი, რომ დაბზარული არ იყოს“, - გვიყვება მზიური ნასყიდაშვილი. მისი სახლის კედელზე ბზარები გარედან ადვილი შესამჩნევია. შიგნით კი, ხალიჩით საგულდაგულოდ დამალული კედლებიდან აგურები ჩანს.

გიორგი მახიტაშვილის სახლის გაბზარული კედლიდან კი დღის სინათლეც აღწევს. გვერდით ოთახში ჩვილს სძინავს. შვიდსულიან ოჯახში არავინ მუშაობს.

მოსახლეობა თავს სოფლის მეურნეობით ირჩენს. თუმცა მძიმე ეკოლოგიური პირობების გამო მოსავალი თითქმის არ მოდის.

სახლიდან სახლში გადავდივართ, ყველას ერთნაირი პრობლემები აქვს, დანგრევის პირას მისული სახლები, უმუშევრობა და მძიმე ეკოლოგიური გარემო, რომელიც მათ ჯანმრთელობაზე აისახება.

კომპანია RMG-ის გენერალური დირექტორი სოსო ცაბაძე  გვეუბნება, რომ კომპანია მზად არის დააფინანსოს ექსპერტიზის ხარჯები, რომელიც შეისწავლის სოფელში სახლების დაბზარვის რეალურ მიზეზებს და თუ აღმოჩნდება, რომ ეს კარიერის გახსნის შედეგად მოხდა მოსახლეობას კომპენსაციას გადაუხდის: „სხვა შემთხვევაში არანაირ კომპენსაციაზე ლაპარაკი არ იქნება“.

ახალგაზრდები, რომლებიც სოფელში მეგზურობას გვიწევენ, თავიანთ მდგომარეობაზე გვიყვებიან. მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, მიუხედავად იმისა, რომ საწარმო საცხოვრებელ გარემოს, ჯანმრთელობას, ეკოლოგიას ანადგურებს, სხვა სამუშაო რაიონში არ არსებობს. თუმცა მრავალი მცდელობის მიუხედავად, მათ იქაც არავინ ასაქმებს. 

შრომის უსაფრთხოება

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსით“ „დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი“. თუმცა სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, ეს ნორმა მხოლოდ დეკლარირებულია და არსად არის მითითებული რა სანქცია შეიძლება დაეკისროს დამსაქმებელს მისი დარღვევისთვის.

ამავე ანგარიშში საუბარია, რომ სახელმწიფო დონეზე არ არის შემუშავებული შრომის, ჯანმრთელობისა და სამუშაო გარემოს შესახებ თანმიმდევრული ეროვნული პოლიტიკა და არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი, თუ რამდენად არის დაცული სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო გარემო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს სამუშაოს შესრულებისას დაშავებულთა რაოდენობა 102 იყო, გარდაცვლილთა კი - 42. 2011 წელს დაშავებულთა რაოდენობა - 137, გარდაცვლილთა რაოდენობა 54 იყო.

სამუშაოს შესრულებისას დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმაც“ (EMC) გამოითხოვა. ამ მონაცემების მიხედვით, 2012 წელს დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა და 289 შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე წელს მუშაობის პროცესს კი 48 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ დროისთვის საწარმოების გაკონტროლების ერთადერთი ბერკეტი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ზედამხედველობის სამსახურია, რომელმაც საწარმოში სიცოცხლესთან შეუთავსებელი გარემოს აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანია ან უნდა დააჯარიმოს, ან საქმიანობა უნდა შეუჩეროს.

თუმცა EMC-ის იურისტი, ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ  ეს სამსახური ძირითადად მხოლოდ ჯარიმების დაკისრებით შემოიფარგლება:

"მაგალითად, ჭიათურაში 2013 წელს მომხდარი უბედური შემთხვევის დროს, 2 მუშის გარდაცვალების შემდეგ ზედამხედველობის სამსახურმა კომპანია 5 000 ლარით დააჯარიმა. ბუნებრივია, როდესაც ამხელა მოგების მქონე საწარმოს მხოლოდ აჯარიმებ, არაეფექტურია. ამიტომ კომპანიის მიერ უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ერთადერთი ბერკეტი საწარმოს საქმიანობის შეჩერება შეიძლება იყოს, სანამ ის ამ პირობებს არ გააუმჯობესებს“.

გასულ წელს, აგვისტოში ჭიათურის ითხვისის მაღაროს მეორე უბანზე, უეცრად მოვარდნილმა წყალმა ორი მაღაროელი  - 51 წლის ცვლის უფროსი რონალდ ნოზაძე და 49 წლის გვირაბგამყვანი იუზა სამხარაძე დაახრჩო.

ერთი თვით ადრე კი, შუქრუთის მაღაროში ქანების აფეთქების დაწყებამდე ჩამოვარდნილმა ლოდმა, 60 წლის ამფეთქებელის შალვა დარბაიძის სიცოცხლე იმსხვერპლა.

უკვე დიდი ხანია იგეგმება შრომითი უსაფრთხოების ინპექციის სამსახურის შექმნა.

როგორც ლინა ღვინიანიძე ამბობს, ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში, რომელზეც მთავრობა ახლა მუშაობს, წერია, რომ ასეთი ორგანო უნდა შეიქმნას. ეს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მოთხოვნაცაა: „ეს მექანიზმი კომპანიას უსაფრთხოების პირობების შექნას აიძულებს. მნიშვნელოვანია ამან ფორმალური სახე არ მიიღოს და აიძულოს მეწარმეები  უსაფრთხოებაზე, ჯანდაცვაზე და  სიცოცხლეზე საბაზისო მოთხოვნები დააკმაყოფილოს“, - ამბობს  ლინა ღვინიანიძე. 

გაფიცვების ტალღა

2014 წლის დასაწყისში საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მასობრივი გაფიცვების ტალღა მოედო.

პროტესტი თავიდან ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში, შემდეგ ჭიათურასა და ზესტაფონში აგორდა.

2013 წლის 13 ნოემბერს მადნის მომპოვებელი კომპანია RMG COPPER-ისა და  RMG GOLD-ის თანამშრომლები წინასწარი გაფრთხილების გარეშე პირველად გაიფიცნენ.

მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 100%-ით ზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო.

მოლაპარაკებების შედეგად გაფიცულებს კომპანია ანაზღაურების 50%-ით გაზრდას დაჰპირდა. თუმცა რამდენიმე თვეში RMG-ის გენერალური დირექტორი დიმიტრი კალანდაძე სოსო ცაბაძემ შეცვალა და საბოლოოდ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილებულა.

30 იანვარს  RMG COPPER-ის  და RMG GOLD-ის  საწარმოში დასაქმებული 184 მუშა სამსახურიდან გაათავისუფლეს, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა, სოლიდარობის ნიშნად გაფიცულ მუშებს საწარმოს 500-მდე თანამშრომლიც შეუერთდა.

14 თებერვალს კი საწარმო 3000-მდე თანამშრომელმა დატოვა. ისინი კომპანიის საწინააღმდეგო ქუჩის აქციაში ჩაერთნენ. მათ გვერდით მთელი სოფელი დადგა, რამდენიმე დღე არ ფუნქციონირებდა სკოლები, საბავშვო ბაღები და მაღაზიები.

პარალელურად აქციები ჭიათურაშიც მიმდინარეობდა. მას შემდეგ რაც მაღაროელებს იანვარ-თებერვლის ანაზღაურება სრულად არ დაერიცხათ,  3500-მდე მაღაროელმა მუშაობა შეწყვიტა და  აქციები დაიწყო.

მუშები ხელფასის ზრდას, სამუშაო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. გაფიცვის შედეგად კომპანია მუშებს აპრილიდან  ხელფასების 7%-ით გაზრდას შეჰპირდა.

ჭიათურელი მაღაროელების მიმართ სოლიდარობა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის 30-მდე მუშამაც გამოხატა და შესვენების დროს 1-დღიანი აქცია გამართა.

ჭიათურისგან განსხვავებით, კაზრეთში საპროტესტო აქცია 40 დღემდე გაგრძელდა. 10 დღის განმავლობაში კომპანია RMG-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშებს კარვები ჰქონდათ გაშლილი და შიმშილობდნენ.

კაზრეთელი მუშების მხარდასაჭერად აქციები თბილისში, კანცელარიასთანაც გაიმართა. მათ მხარი მოქალაქეებმა, სტუდენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს.

სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა, კომპანიის მენეჯმენტის შეცვლა, ანაზღაურების გაორმაგება, სამუშაო ინვენტარისა და სამედიცინო სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება  - ეს ის ძირითადი მოთხოვნები იყო, რის გამოც დაბა კაზრეთი მასშტაბურ აქციებში ჩაერთო.

რამდენიმე დღეში  ჯანდაცვის სამინისტრომ პროფკავშირებთან შეთანხმების საფუძველზე კომპანიასა და მუშების წარმომადგენლებთან მედიატორად ირაკლი ყანდაშვილი დანიშნა.

ორკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 24 მარტს, ყანდაშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ კაზრეთში აქციები შეწყდა და კომპანიასა და მუშებს შორის შეთანხმება შედგა.

შეთანხმების ტექსტში წერია, რომ კომპანია მზადაა, სამსახურში აღადგინოს გათავისუფლებული 80 მუშა, დანარჩენების დაბრუნება კი კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად მოხდება. გარდა ამისა, კომპანია შეთანხმებით ამ კატეგორიის მუშებს ორი თვის კომპენსაციას გადაუხდის. სამსახურში აღსადგენი დანარჩენი მუშებისგან შედგება სია და კომპანიაში ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში, მათ აიყვანენ.

გარდა ამისა, კომპანიაში შეიქმნება შრომითი ურთიერთობების, საჩივრებისა და დავების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც შეისწავლის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებულ ურთიერთობებს.

დაბოლოს, თუ კომპენსაციების გაცემის შემდეგ კომპანია საწარმოში დანარჩენ მუშებს ვერ აღაგდენს, ადმინისტრაცია დაეხმარება დასაქმებულს,  რომ მათ თავიანთი ხელფასებიდან წერილობითი თხოვნის საფუძველზე თანხა გამოუყონ სამსახურის გარეშე დარჩენილ მუშებს.

თუმცა დაბალანაზღაურებადი მუშებისთვის ხელფასების 15%-იანი ზრდის შესახებ შეთანხმების ოფიციალურ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი. როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, ანაზღაურების გაზრდა სწორედ მათი ინიციატივით მოხდა.

გაფიცვის შეწყვეტის შემდეგ RMG-ის ადმინისტრაციასა და მუშებს შორის შეთანხმების შესახებ საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გაჩნდა. სახელმწიფომ და პროფკავშირებმა მოლაპარაკებებს წარმატებული და მუშებისთვის მისაღები უწოდეს. თუმცა „ლიბერალთან“ საუბარში მუშები აცხადებენ, რომ რეალურად, კომპანიამ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და აქციების შეწყვეტის ნამდვილი მიზეზი მძიმე სოციალური ფონი გახდა:

„40 დღე, ხალხი გატყდა, ლუკმა-პური აღარ ჰქონდათ. წარმოიდგინეთ, 2 თვე ხელფასები არ გვქონია, მაღაზიაც აღარ გასცემდა „ნისიებს“. ხალხი შიმშილობდა და ბოლოს სხვა გზა არ დაგვრჩა“, _ ამბობს ლადო ასლანიშვილი, რომელიც კომპანიას სამსახურში არ აღუდგენია.

გაერთიანებული პროფკავშირების თამჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ამ შეთანხმებას დამაკმაყოფილებელს უწოდებს: „ჩვენ ხელფასების ნაწილში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მივაღწიეთ. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის ცოტა, დაახლოებით 300 - 400 კაცს აპრილშივე უნდა მოემატოს ანაზღაურება“.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოციალურ საკითხებში ბექა ნაცვლიშვილი, მედიაციის პროცესს თვალყურს ადევნებდა და, როგორც ამბობს, საკითხის განხილვის პროცესში პირადად იყო ჩართული.

მისი განმარტებით, შეთანხმება მუშების თითქმის ყველა მოთხოვნაზე შედგა:

„შესაძლოა ვიღაცისთვის ეს დამაკმაყოფილებელი არ იყო. მედიაცია როცა ერთვება, სიტუაცია უკვე კრიზისულია ხოლმე. თორემ, თავიდან იმედი გვქონდა, რომ პროცესები მოგვარდებოდა. როცა პროცესი ჩიხში შევიდა, სწრაფად დაინიშნა მედიატორი ფორსმაჟორულ სიტუაციაში. ეს იყო კომპრომისზე დაფუძნებული შეთანხმება, რასაც მედიაცია თავისთავად გულისხმობს“.

თუმცა EMC-ის იურისტი ლინა ღვინიანიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შრომით დავაში, რომელიც RMG-სა და მუშების წარმომადგენელს შორის მიმდინარეობდა, გვიან ჩაერთო და ამან, რეალურად გაფიცვის შედეგებზეც  მოახდინა გავლენა:

„სახელმწიფოს დაგვიანებულმა რეაქციამ, ვფიქრობ, ძალიან მოკლე ვადაში წარმართა მედიაცია და ეს შესაძლოა აისახა კიდეც შედეგებზე. ადამიანებს აღარ ჰქონდათ დრო და სივრცე, რომ კიდევ გაეგრძელებინათ დავა საწარმოსთან და მიეღოთ უკეთესი შედეგი. პროცესები ძალიან გაიწელა. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენდა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამიტომ მგონია, რომ სახელმწიფოს ჩართულობა იყო დაგვიანებული და არაეფექტური“, - ამბობს ლინა ღვინიანიძე.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ბექა ნაცვლიშვილს, რომელმაც განგვიმარტა, რომ კომპანიასთან მოლაპარაკებებს თავდაპირველად პროფკავშირი აწარმოებდა, შემდეგ პროცესში ქვემო ქართლის გუბერნატორიც ჩაერთო: "სახელწმიფო პირდაპირ ვერ ჩაერეოდა, ეს არაა მიღებული. მათ ერთმანეთში უნდა ელაპარაკათ. როცა გუბერნატორმა ვერ მოახერხა დავის მოგვარება, მედიატორი სწრაფი ტემპით ჩაერთო. სირცხვილია, როცა ამბობენ, რომ სახელმწიფომ დაასუსტა აქციის მონაწილეები და თითქოს კომპანიის მხარეს დადგა“.

ლინა ღვინიანიძეს შეკითხვები უშუალოდ მედიაციის მიმდინარეობის პროცესის ირგვლივაც აქვს. მისი თქმით, კომპანიის მიერ ფინანსური კრიზისის შესახებ გაკეთებული განცხადება მედიაციის დროს განხილულიც არ ყოფილა.

„როგორც ვიცით, მედიაციის ფარგლებში საერთოდ არ ყოფილა საუბარი ფინანსურ კრიზისზე. არადა ეს მუშების გათავისუფლების ერთადერთი არგუმენტი იყო. კომპანიას ამის შესახებ მტკიცებულებებიც არ წარმოუდგენია“.

გარდა ამისა, ლინა ღვინიანიძის თქმით, საინტერესო ფაქტია, რომ  RMG-მ შემდეგ გათავისუფლებულ მუშებს ორი კვირით ადრე უვადო ხელშეკრულებები გაუფორმა: „შრომის კოდექსით“ უვადო ხელშეკრულების შეწყვეტა დამსაქმებელს განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში შეუძლია. რატომ შეუწყვიტა კომპანიამ უვადო ხელშეკრულებები მუშებს და რა იყო ეს განსაკუთრებული შემთხვევა, საწარმოს ხელმძღვანელობას ეს არ განუმარტავს“.

RMG-ის კომერციულ დირექტორს, სოსო ცაბაძეს კი „ლიბერალის“ მიერ დასმულ შეკითხვაში შესწორებები შეაქვს და გვიხსნის, რომ კომპანიამ მუშების გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად ეკონომიკური კრიზისი კი არა, ეკონომიკური სირთულეები დაასახელა. მისივე თქმით, ამ სირთულეებმა თავი მას შემდეგ იჩინა, რაც მუშებს უვადო ხელშეკრულებები დაუდო:

„ორი კვირით ადრე არავის შეეძლო პროგნოზირება, რომ კომპანიას ასეთი სირთულეები ექნებოდა. ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა“.

რაც შეეხება მიღწეულ შეთანხმებას, სოსო ცაბაძე ამბობს, რომ ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება კომპანიას გაფიცვამდე ჰქონდა დაგეგმილი.

„მუშებს საკმაოდ ბევრის დათმობა მოუწიათ“, - ასე აფასებს საბოლოოდ შეთანხმების პირობებს ლინა ღვინიანიძე და განმარტავს, რომ შესაძლოა კომპანიასა და მუშებს შორის გარკვეული შეთანხმება შედგა. თუმცა ისიც უნდა გავიაზროთ, რეალურად რას ითხოვდნენ საწარმოს თანამშრომლები და საბოლოოდ რა მიიღეს: `მნიშვნელოვანია, გავიაზროთ საბოლოოდ, მუშების რა მოთხოვნები დაკმაყოფილდა სრულად, რა ნაწილობრივ და რა არ დაკმაყოფილებულა საერთოდ. გაფიცვების დროს ითხოვდნენ 152 ადამიანის უპირობოდ აღდგენას, ხელფასების გაზრდას და მენეჯმენტის ცვლილებას. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე კრიტიკულ მოთხოვნებზე მოლაპარაკება არ შედგა. ხელფასებიც ყველა მუშას არ გაზრდია, 152-დან მხოლოდ 80 დაუბრუნდა სამსახურს, მენეჯმენტი კი კომპანიას ისევ უცვლელი ჰყავს“.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^