აგარის ქარხნის მუშები აგარიდან თბილისის მიმართულებით მთავრობის კანცელარიამდე ფეხით მოემართებიან.
ექვს თვეზე მეტია, აგარის შაქრის საწარმო გაჩერებულია. უკვე ორმოცი დღეა, რაც აგარელი მშრომელები, აგარის შაქრის კომპანიის პირველადი პროფკავშირისა და სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ პროტესტის ნიშნად ათენებენ ღამეებს.
„კომპანია ყველაფერს იმპორტული შაქრის დაბალ ფასსა და პროდუქციის ჭარბ შემოდინებას აბრალებს, პასუხისმგებლობას იხსნის და ხელისუფლებისაკენ იშვერს თითს.
ხელისუფლება კი დღემდე არ დგამს ქმედით ნაბიჯებს, რომლებსაც ამ პრობლემის რეალურად მოგვარების ძალა შესწევთ. სახეზე გვაქვს მხოლოდ პროტესტის მაქსიმალური მინელების მიზნით არაშედეგობრივი დისკუსიების წამოწყების მცდელობა ჯგუფებთან, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტებს არ წარმოადგენენ.
აგარის მოსახლეობა დღეს არის გაუსაძლის კრიზისში, როგორც ეკონომიკურად, ისე სოციალურად. ყველა დასაქმებულის უკან ოჯახი დგას და სამწუხაროდ ყველა მოქალაქეს გააჩნია საბანკო ვალდებულებები.
აგარაში შიმშილმა მასიური ხასიათი მიიღო. მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამოიჩინოს პასუხისმგებლობა, გაატაროს რეალური პოლიტიკა. ჩვენ მოწოდებას თბილისშიც გავაჟღერებთ .
18 აპრილს აგარიდან დავიწყებთ მსვლელობას თბილისის მიმართულებით, საქართველოს მთავრობის კანცელარიამდე. პროტესტი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო და იქნება ვიწრო პარტიული ინტერესებისგან თავისუფალი. აღნიშნული პროტესტის მთავარ მამოძრავებელ ძალას ყოველთვის წამორმოადგენდა და წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი. შესაბამისად აღნიშნული პროფკავშირი სრულად იღებს პასუხისმგებლობას მომავალში პროცესების განვითარებაზე. ღონისძიებაზე დაუშვებლად მიგვაჩნია სხვადასხვა პარტიული აქტივისტებისა და უპასუხისმგებლო ჯგუფების შემოერთება.
მოვუწოდებთ საზოგადოებას, ჩაერთონ დასაქმებულთა კოლექტიურ მოქმედებებში, გაერთიანდნენ ღირსეულ მშრომელთა ბრძოლისა და პროფკავშირების გარეშემო. ერთად მოვითხოვოთ ქარხნების ამუშავება", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.