Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყირიმის სინდრომი

26 მაისი 2014

ინტერნეტის აფხაზურ სეგმენტში ყირიმის თემა პრაქტიკულად მთლიანად "რუსეთის პატრიოტებმა" დაისაკუთრეს. ინტერნეტმომხმარებელთა უმეტესობა, შიდაპოლიტიკური შეხედულებების ნაირგვარობის მიუხედავად, მათ რიგებში ჩაეწერა.

მაიდანის ადრინდელი მხარდამჭერებიც და რუსული პროპაგანდისტული მანქანის ძალადობის მოწინააღმდეგეებიც დღეს დუმილს ამჯობინებენ. უკრაინაში მცხოვრები აფხაზებიც კი, რომლებიც ადრე ძალზე აქტიურობდნენ და თანამემამულეებს იქაური პროცესების ლოგიკას განუმარტავდნენ ხოლმე, არწმუნებდნენ მათ, რომ "საქმე არც ისეა, როგორც მათ ჰგონიათ". ახლა ამ მცდელობებს თავი ანებეს.

ამ დროს კი "პატრიოტები" აშკარად ეშხში შევიდნენ და პრორუსულობით "დივანზე წამოწოლილი მეომრების" რუსულ ნაწილსაც კი აჯობეს. "უკრაინული ხუნტის" მოქმედებებით აღშფოთებას იმ "ბანდერელების" მიმართ წყევლა-კრულვა ცვლის, რომლებიც "ჩვენს პაპებს ეომებოდნენ". რასაკვირველია, ბევრს საუბრობენ უკრაინელ ნაციონალისტებზე, რომლებიც 1992-93 წლების ქართულ-აფხაზურ ომში საქართველოს მხარეს იბრძოდნენ.

ხელს არც აფხაზეთის ხელისუფლება აკლებს. თან სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას კი არ სჯერდება, საბჭოთა ხანის ღირსეულ ტრადიციას ემოციური სოლიდარობით აგრძელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს უკანასკნელ პრესრელიზში საუბარია "კრამატორსკში და სლავიანსკში სადამსჯელო რაზმების მიერ მოწყობილ რბევა-დაწიოკებაზე". ის გვახსენებს, "სისხლიან სასაკლაოს, რომელიც (ჩემი ფიქრით, იგულისხმება ოდესის მოვლენები) კიევის ხელისუფლებამ მოაწყო".

რუსეთთან ამგვარი თანაგანცდის გრძნობაში არის რაღაც ავადმყოფური. იმას არ ვგულისხმობ, რომ ეს "სახალხო განცდა" არაგულწრფელია. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა, დიდ ვნებათაღელვას, ხშირად ერთმანეთის გამომრიცხავ, ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებსაც იწვევს და ძალიან ბევრ ადამიანს ბარიკადების გაღმა-გამოღმა მხარეს აყენებს. რასაკვირველია, აფხაზების შემთხვევაში რუსეთის მხარდაჭერა სრულიად გასაგებია, მით უფრო, რომ პროპაგანდისტული ინფორმაციის ნაკადი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი, აფხაზ მაყურებელს, მსმენელს და მკითხველსაც კი გვერდს არ უვლის.

მაგრამ არის ამ პროცესში რაღაც უსასოობისმაგვარიც.

2008 წელს, როდესაც რუსეთმა აფხაზეთი აღიარა, საყოველთაო ეიფორიის მიუხედავად, არსებობდნენ ანალიტიკოსები, რომლებსაც გააზრებული ჰქონდათ, რომ ეს აღიარება სინამდვილეში აფხაზეთის პოლიტიკის მრავალვექტორულობისათვის საზიანო იქნებოდა და საბოლოო ჯამში, მის ფართო საერთაშორისო აღიარებას ხელს შეუშლიდა. დღეს, როცა მოსკოვმა დასავლეთთან მძაფრი დაპირისპირების კურსი აირჩია, იმის იმედიც აღარ რჩება, რომ აფხაზეთს ოდესმე "ჩრდილოელი მეზობლისათვის" პრტექტორატზე მეტი სტატუსი ექნება.

აფხაზეთს აღარ აქვს ის კოზირი, რომელსაც რუსეთთან თამაშში გამოიყენებდა. კრემლმა თამასა ისე მაღლა ასწია, რომ აფხაზეთს მხოლოდ "პასის" თქმა მოუწევს. ბოლო დროს ხშირად ისმოდა იმაზე საუბარი, რომ, სხვა ფაქტორებს შორის, სოჭის ოლიმპიადა რუსეთისათვის შემაკავებელი ფაქტორი იყო, იმ პოლიტიკაშიც, რომელსაც ეს ქვეყანა აფხაზეთის მიმართ აწარმოებდა. ასევე ამბობდნენ, რომ მისი დასრულების შემდეგ რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნებოდა... მაგრამ საეჭვოა, რომელიმე ანალიტიკოსს წარმოედგინა, რომ რუსეთი აწყვეტილობის ფოიერვერკს მოაწყობდა და ყოველგვარ შემაკავებელ ფაქტორს უგულებელჰყოფდა.

როგორ უნდა მოიქცე ამ აწყვეტილ, ზომა-წონადაკარგულ რუსეთთან, რომელიც კონფლიქტს მთელ მსოფლიოსთან არ ერიდება? რასაკვირველია, უნდა მოახდინო მაქსიმალური ლოიალობის დემონსტრირება. მართლაცდა, რა უნდა იღონოს აფხაზეთმა? შეუძლებელია მხოლოდ პატრონის პოზიციის დაცვა, რომელზეც მთლიანადაა დამოკიდებული მისი ყოფნა-არყოფნა. განა სხვა გზა დარჩენია?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

მოლიერი, ჩეხოვი და სხვანი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - კლასიკური ტექსტებიდან სხეულის უსაზღვრო შესაძლებლობამდე
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...

მეტი

^