Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაკარგული დროის ქვეყანა

02 ივნისი 2014

„მთამსვლელებს ხშირად გვეკითხებიან: რა გვაინტერესებს მთაში? ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. განმარტებისთვის მხოლოდ ზოგიერთი განცდა თუ მოგვეშველება. მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველი ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული. მოწოლილი ღრუბლები ჭექა-ქუხილს და თოვლს ფანტავენ მწვერვალთა კალთებზე, მცხუნვარე მზე კი ქვის ცვენით და ზვავების კორიანტელით აფხიზლებს ქედებს. მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა... ჩვენ მთასთან და ყინულთან მეტ საერთოს ვნახულობთ, ვიდრე ბართან და ზღვასთან“.


თითქოს არაფერი განსაკუთრებული. მთების ცხადად ჰიპერბოლიზებული, ლიტერატურული აღწერაა. ფრაზებს მიღმა კი მაინც მშფოთვარე, ზვიადი და უშუალო ბუნება იხატება. ისევე როგორც, მთების ხაზგასმული სიმშვიდე და გიგანტური მასშტაბის გამო გამორჩეული, შეკუმშული და გაზვიადებული განცდა...

ეს ლეგენდარული მთამსვლელისა და ფოტოგრაფის, გურამ თიკანაძის ჩანაწერის ფრაგმენტია, რომლის ფოტოგამოფენაც „TBC არტ გალერეის“ მრგვალ დარბაზში ორი თვის განმავლობაში შეიძლება ნახოთ. 1955-1963 წლებში გადაღებული, 90-მდე შავ-თეთრი და რამდენიმე ფერადი ფოტო საკმაოდ პატარა დარბაზში უცნაურადაა „ჩატეულ-ჩატენილი“. როგორც ერთ დროს საბჭოთა იმპერიის ხუთწლედები ფოტოებზე აღბეჭდილ პროზაულ აღლუმებს შორის. მათი ორიგინალები გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის არქივშია დაცული, რომელთა გაწმენდა-გაციფრულება საკმაოდ შრომატევადი და ძვირადღირებული სამუშაო აღმოჩნდა.

გამოფენაზე თავად ნახავთ უმიზეზო ბედნიერებით ანთებულ „მარშიროვკებს“, უჩვეულოდ საქმიან პიონერებს, ცინცხალი საბჭოთა ავტომობილების გიგანტურ რაზმს, სვანურ სოფლებში ჩაკარგულ არქეტიპულ სახეებს, დაღლილ და „შეუბღალავ“ პარტიულ ნომენკლატურას სტადიონისკენ მიმავალი ტროლეიბუსს ჩამოკიდებული ხალხით, საგანგებოდ მორწყულ თუ დახაზულ ქუჩებს, ბორჯომ-ბაკურიანის „კუკუშკას“... ანუ დროს, რომელიც სოციალიზმის რღვევა-ნგრევამდე დიდი ხნით ადრე იყო - მშვიდი, მთვლემარე, ზანტი და სოციალურ-პოლიტიკურად „შეუბღალავი“. ამავე დროს, ამ ფოტოების შავ-თეთრი სიმშვიდე უცნაურად ზუსტი და ოპტიმიტურ-მიამიტურია; ისევე, როგორც წვიმის გუბეებთან ჩაცუცქული ბავშვების სახეები.

გურამ თიკანაძე ფოტოგრაფიას პიონერთა სასახლეში, ცნობილი ფოტოგრაფების, ნიკო საღარაძისა და სერგო ახვლედიანის ხელმძღვანელობით სწავლობდა. უნივერსიტეტში ალპინიზმითა და მთებით დაინტერესდა, რომელიც საბოლოოდ, მის ბედისწერად იქცა. 1959 წლიდან მუშაობდა ჟურნალ „დროშის“ ფოტოკორესპონდენტად. ამავე წელს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალზე ვენაში ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს, რაც პირველი საერთაშორისო ჯილდოა ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში. 1962 წელს საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის ფოტოსექციის თავმჯდომარე გახდა.

თავის დროზე თიკანაძის ფოტოები იბეჭდებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო ფოტოგამოფენაში. და, რაც მთავარია, თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მან ორმოცამდე მწვერვალი დალაშქრა! გურამ თიკანაძე 1963 წელს მთაში, შხარადან დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა. 31 წლის ასაკში.

მისი პიროვნული და შემოქმედებითი თვითდამკვიდრება საბჭოთა დროის ე.წ. „დათბობის“ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ახალგაზრდა ფოტოგრაფები შეგნებულად უარს ამბობდნენ ინსცენირებული ფოტოგრაფიის კანონებზე, ასე ვთქვათ დროის მშრალ ფიქსაციაზე და თამამად ამკვიდრებდნენ რეპორტაჟულ ფოტოს.

გურამ თიკანაძემ დიდი გავლენა მოახდინა ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაზეც. მან შექმნა ერთგვარი კულტურულ-გენეტიკური ტრადიცია ქართულ ფოტოგრაფიაში და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ დიდი ფოტოხელოვანები, უპირველეს ყოვლისა საინტერესო პიროვნებები არიან.

როგორც გამოფენისადმი მიძღვნილ ბუკლეტში არტკრიტიკოსი დავით ანდრიაძე მეტაფორული მოხდენილობით აღნიშნავს: „კულტურათა გენეტიკური ხსოვნა, დღესასწაულთა სისტემებითურთ, ძალაუნებურად საბჭოურ რეჟიმსაც გადმოეცა ტრადიციით... ტრადიციით, ანუ კულტურით...

ამ ტრადიციის შემნახველებად გარინდებულან თიკანაძისეული გლეხები, კოლმეურნეობის უღელში შებმულნი, თითქოსდა ადამიანის სახედაკარგული და მაინც, ადამიანობის რაღაც პირველყოფილი მზერით მომლოდინე სახეები... საქვეყნო მამითადით გათანგული ადამიანები ამგვარი „და აქ-ყოფნის, დასწრების ეფექტით გვიპყრობენ...“

ფოტო: ლიტერატურის მუზეუმი

გურამ თიკანაძის ფოტოობიექტივს არ სჭირდებოდა სტუდია, არც მხატვრულად „დაყენებული“ ვნებები. ქუჩა, ღია სივრცე თუ რეპორტაჟი სრულიად საკმარისი იყო დამუხტული ქალაქის თუ მშვიდი სოფლის, ყოფისა თუ დღესასწაულის, წარსულისა თუ აწმყოს ზუსტი არტიკულაციისათვის. რაც დრო გადის, ვხდებით, რომ ამ ფოტოებზე აღბეჭდილი „საბჭოთა სოციალური რუდიმენტები“ გარკვეულ რომანტიკულ ნოსტალგიას მაინც აღვიძებენ. დროსთან ერთად იმ სისტემისადმი მრისხანება სადღაც გაქრა და მხოლოდ შერბილებული ირონია გადარჩა. ცხადია, ძირეული მითოლოგემებიც წარსულს ჩაჰბარდა. სამაგიეროდ, დარჩა ფოტოები, რომლებიც ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა ყოველგვარი კლიშეებისა და აკვიატებების გარეშე.

კიდევ ერთი პარადოქსი გურამ თიკანაძესთან მიმართებაში: თუ მას თანამედროვენი უფრო ქმედით ადამიანად და კარგ ალპინისტად აღიქვამდნენ, ვიდრე გაბედულ, ნოვატორ ფოტოხელოვანად, დღეს როლები გაიცვალა - ის უფრო მითოლოგიური ალპინისტია და „მოქმედი“ ცოცხალი ენერგიით აღსავსე ფოტოგრაფი.

ეს ნიშნავს, რომ დროს ხელოვანთან მიმართებაში არა მარტო ხანგრძლივობა აქვს, არამედ რეალური მოცულობა - თუ მას წარსულში უკიდურესად შეამჭიდროვებ, აწმყოში აქტუალური და უკიდურესობამდე ხილული გახდება. იმდენად, რომ გადაშენებული საბჭოთა რეალისტური ფანტომებიც კი პოეტურად და მაცდურად მოგეჩვენება.

იმიტომ, რომ საოცრებათა დრო ქრება და ფოტოები რჩება!

იმიტომ, რომ დროსა და ფოტოკამერას შეუძლია 60-იანი წლების დასაწყისში ჯერ კიდევ ლითონამდელი, ხის „ყალიბში“ ჩასმული "ქართლის დედა" უფრო ცოცხლად შემოგვინახოს, ხოლო მის გვერდით მდგომი პოზიორი მანეკენები - თოჯინებს დაამსგავსოს; ანუ სინამდვილე იყოს და მერე გაქრეს; ან ჯერ არ იყოს და მერე ხორცი შეისხას. მერე რა რომ ხელოვანის მაგიერ ხშირად „სახელმწიფო იყო დროის განმკარგავი და როგორც მერე გაირკვა - დამკარგავიც“ (ესეც დავით ანდრიაძეს დაუკითხავად დავესესხეთ!).

თუ „TBC არტ გალერეაში“ წარმოდგენილ გურამ თიკანაძის სრულიად არაკონცეფტუალურ ფოტოებს გამოტოვებთ, ნამდვილად დაკარგავთ დროს, რომელიც შეგიძლიათ (შეგეძლოთ) ცოცხალად განიცადოთ (განგეცადათ). მთავარია, საბჭოთა მითების არსებობა (რომელიც ოდესღაც იყო და მერე გაქრა) დღეს მისი საოცარი ფოტოებით დაიჯეროთ.

იმისათვის, რომ დაკარგული დროის ქვეყანა ნახოთ, ორი თვე საკმარისზე მეტი დროა - გამოფენა ივნისის ბოლომდე გასტანს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^