Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სომხური ხავერდის ფერები

25 აპრილი 2018

ერთი შეხედვით სომხეთის რევოლუციამ ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებს გადააჭარბა. ხალხი ქუჩაში გამოვიდა და შეუპოვარი ბრძოლით თავისას მიაღწია. აქამდე სომხური რევოლუციები შუა გზაზე იჭედებოდა ხოლმე: ხალხი გამოდიოდა, მაგრამ თავისას ვერ აღწევდა. 2008 წლის თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებს მსხვერპლიც კი მოჰყვა (სხვათა შორის, ამის გამო ახლანდელი რევოლუციის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა თავი ციხეში ამოჰყო), მაგრამ ამას საბოლოო შედეგი არ შეუცვლია - ხელისუფლებამ თავისი გაიტანა.

ამჯერად რევოლუცია წარმატებით დასრულდა და სომხეთში სასიკეთო ცვლილებებს ელიან, ლამის ერევნის მიერ საგარეო კურსის ცვლილების ჩათვლით. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში ხავერდოვანი რევოლუციები ხელისუფლების სათავეში „მედასავლეთეების” მოსვლით მთავრდებოდა ხოლმე. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სწორედ რუსეთის ხელისუფლებას ხავერდოვანი რევოლუციების მიმართ პათოლოგიური შიში ჩამოუყალიბდა. თუმცა, არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით - მოსკოვი არაბულმა გაზაფხულმაც შეაშფოთა და მის უკან ამერიკული ხელი დაინახა. ეს გადაჭარბებული შიში ალბათ იმით უნდა აიხსნას, რომ რუსეთს რეალურად სხვა არაფრის არ ეშინია - ომს მას არავინ გამოუცხადებს, მისი ეკონომიკა ჯერჯერობით სანქციებმაც ვერ შეარყია სერიოზულად. მაგრამ შიდა არეულობა, უკვე მეტად სახიფათოა და კრემლის პროპაგანდაც უპირველესად ამის პრევენციისკენაა მიმართული - ტელეარხები დღენიადაგ იმას გაჰკივიან, თუ რა საშინელება ტრიალებს უკრაინაში მას შემდეგ, რაც იქ მაიდანი მოხდა. აი, რა უბედურება მოაქვს რევოლუციას. ის კი არა, შარშან ბოლშევიკური რევოლუციის 100 წლისთავიც კი ჩუმად აღნიშნეს და ამ მოვლენას სერიალი „რევოლუციის დემონიც” უძღვნეს. დემონი ლენინია, რომელიც უცხოური (გერმანული) ფულით რუსეთში გადატრიალებას აწყობს და აწყობილ ქვეყანას ქაოსში ხვევს.

ასე რომ, სომხური მოვლენები წესით რუსეთისთვის სახიფათო და დასავლეთისათვის კარგი უნდა ყოფილიყო. ასეა კი ეს? ალბათ - კიც და არაც. სანამ ამაში გავერკვევით, მოკლედ გავიხსენოთ, ვინ იყო სერჟ სარგსიანი (რომლის გამოც ეს ყველაფერი მოხდა) და როგორ მიიყვანა მან საქმე რევოლუციამდე. იგი დაიბადა ყარაბაღში და 1989 წლიდან მოყოლებული (35 წლის ასაკში) ომის დროს ყარაბაღის თავდაცვას ხელმძღვანელობდა, საიდანაც დაიწყო კიდეც მისი შთამბეჭდავი კარიერა: 1993 წელს სომხეთის თავდაცვის მინისტრი გახდა; 1998 წელს კი სომხეთის ხელისუფლება პრაქტიკულად მთლიანად ყარაბაღელების ხელში გადავიდა - პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი (ყარაბაღის ყოფილი პრემიერი) გახდა, სარგსიანი კი - მისი ადმინისტრაციის უფროსი. გასაკვირი არ არის ყარაბაღელების ასეთი წარმატება სომხეთში, სადაც ყარაბაღი არა უბრალოდ ტერიტორია, არამედ ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ ადამიანებს ყველაფერი ბეზრდებათ და აშკარაა, რომ ერევანშიც მოყირჭდათ, ე.წ. ყარაბაღის კლანი. რევოლუციის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.

სარგსიანის ხელში სომხეთი ტრადიციულად რუსეთის გავლენის ქვეშ რჩებოდა, მაგრამ უსამართლობა იქნება იმის თქმა, რომ სერჟი მოსკოვის პაიკი იყო. 2008 წლის ომის შემდეგ მან სასტიკი უარი თქვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე. 2013 წელს კი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ინიცირება მხოლოდ მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც პუტინმა მოსკოვში დაიბარა და პირდაპირ დაემუქრა აზერბაიჯანის იარაღით მომარაგებით და ომის შემთხვევაში სამხედრო დახმარების შეწყვეტით. სომხეთიც ევრაზიის კავშირში შევიდა, მაგრამ 2017 წელს ერევანმა მაინც მოახერხა ევროკავშირთან, ე.წ. ყოვლისმომცველ და გაფართოებულ პარტნიორობაზე შეთანხმების გაფორმება, რაც ცხადია, მოსკოვს დიდად არ ესიამოვნა. ამის მიუხედავად, სომხეთის ეკონომიკა მაინც ნელი ტემპით მიდიოდა წინ (უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი), რაც კორუფციისა და იზოლაციის გარდა, არაპროპორციულად დიდი სამხედრო ბიუჯეტითაც აიხსნება. ყარაბაღი მსხვერპლს მოითხოვს და ამის გამო სომხეთში ყველა მამაკაცი ორი წლით მსახურობს ჯარში. ამ უკანასკნელ ფაქტორს სიღარიბესა და კორუფციასთან ერთად თავისი წვლილი შეაქვს იმაში, რომ ქვეყნიდან უამრავი ახალგაზრდა გარბის. სომხეთში უკან წავიდა დემოკრატიზაციის პროცესი და ქვეყანამ ცოტა ხნის წინ ჰიბრიდული რეჟიმებიდან ავტორიტარულ რეჟიმთა კატეგორიაში გადაინაცვლა.

ბოლო წვეთად სომხებისათვის სარგსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა იქცა. როცა 2015 წელს კონსტიტუციის ცვლილების შედეგად სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკად იქცა, ყარაბაღელი პრეზიდენტი ირწმუნებოდა, რომ მისი მეორე ვადის გასვლის შემდეგ პრემიერად არ მოევლინებოდა ქვეყანას. მაგრამ… შემდეგ რაც მოხდა, ცნობილია.

სარგსიანი წავიდა. ახლა წესით სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, თორემ ისე მისი წასვლა ბევრს არაფერს შეცვლის. პარლამენტში უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას უჭირავს (სარგსიანის პარტიას), იმავე პარტიის დასახელებულია ახლანდელი პრეზიდენტი არმენ სარქისიანი. ხოლო სერჟის გადადგომის შემდეგ ქვეყანას მისი ყოფილი მოადგილე კარენ კარაპეტიანი მართავს - „გაზპრომის” ყოფილი თანამშრომელი. ცვლილებები შეიძლება მაშინ დაიწყოს, თუკი ვადამდელ არჩევნებში, დავუშვათ, პაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა.

აი ყველაზე საინტერესო და რთული აქ იწყება. ხავერდოვანი რევოლუციის მოწყობა ერთია, მაგრამ სულ სხვაა რეფორმების გატარება და ქვეყნის შემოტრიალება. უკრაინამ ორი მაიდანი გამოიარა, მაგრამ კორუფციას ვერაფერი მოუხერხა და რეალურად ვერანაირი რეფორმები ვერ გაატარა. ერთადერთი ისაა, რომ მკვეთრად გადაიხარა დასავლეთისაკენ.

სომხეთის მხრიდან დასავლეთის მხარეს გადახრა არც ისე იოლი იქნება. ეს ქვეყანა ყარაბაღს ნამდვილად ვერ შეელევა და შესაბამისად, აზერბაიჯანთან ომის საფრთხეც არსად გაქრება. ასეთ ვითარებაში მას ისევ და ისევ სჭირდება რუსეთი. მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანის უკან თურქეთი დგას - ქვეყანა, რომელიც სომხეთის ისტორიოგრაფიაში ყველაზე დიდ მტრადაა გამოცხადებული.

ალბათ, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მოსკოვი ამჯერად საკმაოდ მშვიდად შეხვდა მორიგ ხავერდოვან რევოლუციას მის სამეზობლოში. სახელმწიფო ტელეარხებს სომხური რევოლუცია თითქმის არ გაუშუქებიათ. ან თუ გაშუქდა, გაშუქდა მეტად მშვიდად და ნეიტრალურ კონტექსტში. ერთ-ერთმა წონიანმა დეპუტატმა ვიაჩესლავ ნიკონოვმა (სტალინის საგარეო მინისტრის, მოლოტოვის შვილიშვილმა) აღნიშნა, რომ ადგილი არ ჰქონია არანაირ ანტირუსულ გადატრიალებას, უბრალოდ ხალხს სარგსიანი მობეზრდა. საგარეო სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ კი ტვიტერზე სომეხი ხალხი გაამხნევა და თანადგომა უსურვა. თუკი რამდენიმე წლის წინ მოსკოვი იანუკოვჩს პოლიტიკურ საფლავში ჩაჰყვა, სარგსიანის შემთხვევაში ეს აღარ მოხდა და ამაში ერთგვარი ლოგიკა იყო - სარგსიანი თუ პაშინიანი, ერევანი ასე იოლად რუსეთს თავს ვერ დააღწევს და რა საჭიროა უბრალო სომეხი ხალხის განაწყენება?

არ არის გამორიცხული, რომ სერჟის საკმაოდ მოულოდნელი გადადგომა მოსკოვიდან მისულმა სიგნალმაც განაპირობა. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ 21 აპრილს პაშინიანმა თავის მხარდამჭერებს მიტინგზე აცნობა, სარგსიანს რუსეთი მხარს აღარ უჭერსო. სერჟის მხრიდან იმპულსური ქმედებაც - პაშინიანის დაკავება მასთან შეხვედრის შემდეგ - ალბათ ერთგვარი სასოწარკვეთის გამოვლინება იყო, რომლის შემდეგაც გამოცდილი პოლიტიკოსი გონს მოვიდა და ღირსეულადაც წავიდა.

ასე რომ, ჯერჯერობით მოსკოვში დიდად არ ნერვიულობენ. მაგრამ არაა გამორიცხული სომხეთმა იმარჯვოს იქ, სადაც ვერ იმარჯვა უკრაინამ - დაამარცხოს კორუფცია და გააძლიეროს დემოკრატია. აი ეს შეიძლება კიდევ უფრო დიდი გამარჯვება (და მოსკოვისათვის უსიამოვნო სიურპრიზი) იყოს, ვიდრე საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება. დემოკრატიული და განვითარებული სომხეთი თავისი ფასეულობებითა და სახელმწიფო ინსტიტუტებით ავტომატურად (აფიშირების გარეშე) დაუახლოვდება დასავლეთს და დაშორდება რუსეთს. მოსკოვს კორუმპირებული და არადემოკრატიული რეჟიმების მართვა და კონტროლი გამოსდის იოლად, დემოკრატიასთან კი გაუჭირდება. მით უმეტეს, რომ მას სარგსიანის სომხეთის ბოლომდე გაკონტროლებაც არ გამოსდიოდა. ცხადია, ყარაბაღი მაინც პრობლემად დარჩება, მაგრამ დემოკრატიულ სომხეთს დასავლეთის გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნება - იგი სომხეთს გვერდით დაუდგება და ყარაბაღის საკითხის მოსაგვარებლადაც უფრო გააქტიურდება. აი, ეს არის ის დიდი პოზიტივი, რომელიც სომხურმა რევოლუციამ შეიძლება მოიტანოს.

დემოკრატიზაცია საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია და იოლად არ მოდის. თუმცა, რაც კარგია, ის არასოდეს არის იოლი.      

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^