Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ გვჭირდება ტენუარის სისტემა უნივერსიტეტსა და სკოლაში

12 ივნისი 2014

მაკა კორძაძის თვალსაზრისი 

ტენუარის სისტემა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

  “უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფცია”, რომელიც 2012 წლის ბოლოს იყო შემოთავაზებული ცნობილი ქართველი მეცნიერების (გ. დვალი, ზ. კოკაია, ვ. ბერეჟიანი, დ. ლორთქიფანიძე) მიერ, მაშინვე გახდა განათლების სფეროს სპეციალისტების აქტიური განხილვის საგანი. ერთ-ერთი, პრინციპულად ახალი იდეა, რაც ხშირად იყო დებატების საფუძველი, ჩვენს უნივერსიტეტებში ტენუირებული პროფესორის სტატუსის შემოღებას უკავშირდებოდა. ბუნებრივია, ასეთი სტატუსი დღემდე საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არ არსებობს, ვერც იარსებებდა, თუ  ამ სტატუსის არსს ჩვენი წარსული გამოცდილების კონტექსტში შევაფასებდით. თავად კონცეფციაში ტენუარის სტატუსი ასეა განმარტებული: “ტენუარის სისტემაში პროფესორ-მასწავლებლების გარკვეული (ყველაზე წარმატებული) ნაწილი ტენუარის სტატუსს ღებულობს, რაც მათთვის და მთელი დანარჩენი აკადემიური პერსონალისთვის სტაბილურობის, აკადემიური თავისუფლების და ხარისხის კონტროლის გარანტი ხდება. ეს სისტემა ავტომატურად აფუძნებს აკადემიურ თვითმმართველობას და, შესაბამისად, წარმოადგენს ავტონომიურობისა და დეცენტრალიზაციის მექანიზმს“.

         რაც შეეხება დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს, ტენუარის სისტემა მათთვის,  რა თქმა უნდა, არახალია, უფრო მეტიც, ზოგადად ტენუარი არ არის მარტო განათლების სისტემის მოწყობისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი პრინციპი, იგი ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული მოწყობის გარანტიების შექმნის ერთ-ერთი საფუძველია. ტენუარი, ანუ უვადო დანიშვნის სტატუსი, როგორც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ანალოგი, სათავეს სასამართლო სისტემის მოწყობიდან იღებს, რომელიც  გამოიყენება  იმისათვის, რომ მოსამართლეები დაზღვეულნი იყვნენ საზოგადოებრივი აზრისა და პოლიტიკური ზეწოლისგან - ტენუირებული პროფესორის სტატუსი სწორედ მოსამართლის უვადო დანიშვნის ერთგვარი ანარეკლია  - ამ შემთხვევაში პროფესორისთვის ტენუარის მინიჭება იცავს მას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლისგან, ასევე პოლიტიკური თუ სხვა გარეშე ფაქტორების წნეხისგან.

         თუ გადავხედავთ ტენუარის სტატუსის ისტორიას, ვნახავთ, რომ ზოგადად სამეცნიერო აზრის თავისუფლებისა და შემოქმედობითობის დაცვაზე ზრუნვას, პროგრესის ხელშეწყობის მიზნით, ხანგრძლივი ისტორია აქვს. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, სწავლულთა დაცვა სამეცნიერო კვლევების ჩატარებისას, უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ასე მაგალითად, 1158 წელს რომაელმა იმპერატორმა ფრიდრიხ ბარბაროსამ გამოსცა სპეციალური განკარგულება, რომლის მიხედვითაც სწავლულები დაცულები უნდა ყოფილიყვნენ მოგზაურობებისას. საუკუნეების შემდეგ მსგავსი დაცვის მექანიზმებმა უფრო სრულყოფილი - ტენუარის სახე მიიღო და ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ტენუარის სისტემაზე  შეტევა არაერთხელ განხორციელებულა, მან ამ შეტევებს ათეულობით წლების განმავლობაში გაუძლო. ნიშანდობლივია, რომ ასეთი შეტევები ტენუარის სისტემაზე  ქვეყნების უახლეს ისტორიაში რთულ პერიოდებს  უკავშირდება ხოლმე, ვინაიდან ასეთ პერიოდებში განსაკუთრებით ხშირია ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფების მცდელობები გავლენა მოიპოვონ სამეცნიერო წრეებზე. ასე მაგალითად, ამერიკის რევოლუციის შემდეგ,  სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე პროფესორის საქმიანობიდან ჩამოცილების ცალკეულ შემთხვევებს რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი, სანამ, 1800 წელს, ჰარვარდის კოლეჯმა საფუძველი არ დაუდო ტენუარის სისტემის თანდათანობით განმტკიცებას აშშ-ს უმაღლეს განათლებაში, როცა შემოიღო პროფესორებისთვის ისეთი პოზიციები, რომლებზეც განუსაზღვრელი ვადით ხდებოდა დანიშვნა. რაც შეეხება საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის დროს მმართველი პოლიტიკური ელიტისთვის „მიუღებელი“ სამეცნიერო აზრების წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითებს, კარგად ვიცით, რომ ეს ბრძოლა  ხშირად ახალი სამეცნიერო სფეროს მთლიანად აკრძალვით (მაგალითად გენეტიკის, ან კიბერნეტიკის შემთხვევაში), საკუთარი მეცნიერული იდეების დამცველი პროფესორების უნივერსიტეტებიდან განდევნით, ზოგჯერ მათი ფიზიკური ლიკვიდაციითაც კი სრულდებოდა.                                                                                                                 

        აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებები აშშ-ს ტენუარის სისტემაში  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაინერგა. ამ დროს ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცების  უმეტესობამ მათთვის იმ დროს დაწესებული პრივილეგიებით ისარგებლა და სასწავლებლად ამერიკულ კოლეჯებსა და  უნივერსიტეტებს მიაშურა.  შედეგად შეიმჩნეოდა  კოლეჯებისა და უნივერსიტეტების რაოდენობის ზრდის ტენდენცია, რამაც პროფესორთა მკვეთრი დეფიციტი გამოიწვია. პრობლემის გადასაჭრელად კოლეჯებმა და უნივერსიტეტებმა უფრო ინტენსიურად დაიწყო „ტენუარის“ პოზიციის შეთავაზება, როგორც ერთგვარი ბონუსისა, დარგის საუკეთესო პროფესიონალების უნივერსიტეტებში მოსაზიდად, ამან კი მართლაც რეალური შედეგი გამოიღო.

         ტენუარის სისტემის საქმეში მოქმედების კარგი მაგალითია ასევე აშშ-ში 1960-იანი წლები. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს არსებული სახელმწიფო რეგულაციებით ანტისაომარი მოძრაობების მხარდაჭერისთვის ზოგჯერ გარკვეული პროფესორების სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვდნენ. ტენუარის სისტემის მეშვეობით  კოლეჯებმა და უნივერსიტეტებმა მოახერხეს შეემცირებინათ მთავრობის პოლიტიკური ზეწოლა და დაიცვეს თავიანთი დამოუკიდებლობა და თავიანთი პროფესორები.

        ტენუირებული პროფესორის სტატუსის მნიშვნელობა და უპირატესობები  აშშ-ს უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის მიერ (AAUP) დღეს ასე განიმარტება“ – ტენუარი განიხილება, როგორც უნივერსიტეტის  მიერ აშკარად გაცხადებული შეთავაზება პროფესორისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მისი კარიერის უწყვეტობას, რათა ამ უკანასკნელმა ისეთი გრძელვადიანი სასწავლო და კვლევითი პროგრამები განახორციელოს, რომლებიც თავის მხრივ უნივერსიტეტში “შექმნილი და გადაცემული ცოდნის” საზღვრების გაფართოებას უზრუნველყოფენ. ტენუირებულ პოზიციაზე დაწინაურების მიღწევისთვის ტრადიციულად პროფესორს მოეთხოვება საუკეთესო მიღწევები კვლევაში, ადმინისტრაციულ მომსახურებასა და სწავლებაში“.

         როგორც AAUP აღნიშნავს,  ისევე როგორც 1915 წელს, ამ ორგანიზაციის დაარსებისას, ასევე მის მიერ ჯერ კიდევ 1940 წელს აკადემიური თავისუფლებისა და ტენუარის პრინციპების გაცხადებისას, ტენუირებულის სტატუსის მიზანი უცვლელია - კვალიფიციური კადრების მოზიდვა უნივერსიტეტებში მათთვის ინტელექტუალური და ფინანსური თავისუფლების უზრუნველყოფის მინიჭების მეშვეობით. ტენუარის ძირითად პრინციპად მიჩნეულია, რომ აკადემიური თავისუფლება და ეკონომიკური უსაფრთხოება დაწესებულების მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულების აუცილებელი წინაპირობაა როგორც სტუდენტების, ასევე  მთლიანად საზოგადოების წინაშე.

         ტენუირებული პროფესორის სტატუსის უპირატესობებთან დაკავშირებით აშშ-ს განათლების ეროვნული ასოციაციის (NEA) მოსაზრება ასეთია: ტენუარის სტატუსის არსებობა აუცილებელია, ვინაიდან  ამ სტატუსით  გარანტირებული „აკადემიური თავისუფლება“ არის ერთგვარი „თავშესაფარი“, სადაც  სტუდენტებსა და პროფესორებს შეუძლიათ ღიად იმსჯელონ მეცნიერების, ხელოვნებისა თუ პოლიტიკის ამა თუ იმ სადავო საკითხებზე, თამამად გამოთქვან საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრებების საპირისპირო არგუმენტები, პროფესორებმა შეზღუდვის გარეშე გააჟღერონ „საკამათო“ იდეები, ისე, რომ არ ჰქონდეთ სამსახურის დაკარგვის შიში, ეს სტუდენტებისთვისაც კარგი მაგალითის მიმცემია, რომ მათაც გააცხადონ და დაიცვან თავიანთი თამამი იდეები ამა თუ იმ სამეცნიერო საკითხის შესახებ - საბოლოოდ კი ყოველივე ეს ხელს უწყობს სამეცნიერო აზრის განვითარებას და ამაღლებს სწავლებისა და კვლევის ხარისხს მოცემულ უნივერსიტეტში.

          საინტერესოა რა ვითარებაა ტენუარის სტატუსის მხრივ ევროპის ქვეყნებში. პერმანენტული პოზიციის მქონე შტატის (ანუ იმ პროფესორების, ვისაც აქვს ტენუირებული პროფესორის სტატუსი ან მუდმივი კონტრაქტი) და დანარჩენი შტატის შეფარდების პროპორცია უნივერსიტეტებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისთვის განსხვავებულია. ასე მაგალითად, ევროპის 15 ქვეყანაში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ეს შეფარდება ყველაზე მცირეა პორტუგალიაში, სადაც იგი 40%-ზე ნაკლებია, შემდეგ ფინეთსა და გერმანიაში 40-50%, ავსტრიაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, ესპანეთსა და ნორვეგიაში- 50-60%, ბელგიის ფრანგულენოვან ნაწილსა და დიდ ბრიტანეთში – 60-70%, ყველაზე მეტი კი ეს შეფარდება საფრანგეთსა 80% და იტალიაშია-90%.

         როცა ტენუარის სტატუსის არსებობის უპირატესობების შესახებ საუბრობენ, აღინიშნება ხოლმე, რომ აკადემიურ პერსონალს, მრავალი წლის განმავლობაში საკუთარი პოზიციის მოსაპოვებლად უხდება არაპროპორციულად დიდი ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და სხვა საკუთარი რესურსების ინვესტირება. ამავე დროს პროფესორებს სხვა “შემოსავლიანი”  პროფესიების (როგორიც არის ბიზნესი, მედიცინა ან სამართალი) წარმომადგენლებთან შედარებით გაცილებით მცირე პერსპექტივა აქვთ, რომ ოდესმე სიმდიდრე მოიპოვონ ამ ინვესტიციის სანაცვლოდ და რომ  ტენუარი ძალიან მცირედი „ჯილდოა“ პროფესორისთვის, რომელიც წლების განმავლობაში უდიდეს ძალისხმევას დებს კონკრეტული სფეროს პრაქტიკული განვითარებისთვის.  ყველაზე დიდი უპირატესობა, რასაც პროფესორისთვის ტენუირებულის სტატუსის მინიჭება იძლევა, ეს არის აკადემიური თავისუფლების გარანტია, ანუ თავისუფლება კვლევით და სასწავლო საქმიანობაში, სამსახურის დაკარგვის შიშის გარეშე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტენუარი შესაძლებლობას აძლევს პროფესორს, იზრუნოს თავის სამეცნიერო და სასწავლო მიზნების მიღწევაზე, იმის ნაცვლად, რომ იზრუნოს სამსახურის შენარჩუნებაზე და ამავე დროს უზრუნველყოფილი იყოს სათანადო ანაზღაურებით. მეორე მხრივ, ვინაიდან ტენუარის სტატუსი საშუალებას აძლევს პროფესორს რეპრესიების მოლოდინისა და შიშის გარეშე დაუპირისპირდეს საყოველთაოდ გავრცელებულ საზოგადოებრივ აზრს, იგი ეხმარება უნივერსიტეტს  მისი ძირითადი ფუნქციის შესრულებაში - მეცნიერული ჭეშმარიტების ძიებაში ხელი შეუწყოს იდეების წარმოქმნასა და გაცვლას.

ტენუარის სისტემა სკოლაში  

         ყველა იმ შესაძლებლობისა და უპირატესობის მოპოვება, რასაც ტენუარის სისტემა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აძლევს, არანაკლებ მნიშვნელოვანია სკოლისათვისაც. ამავე მეცნიერების მიერ შემოთავაზებულ „მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის კონცეფციაში“ აღნიშნულია: „პროფესიონალი მასწავლებლის დეფიციტი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მთავარი პრობლემაა. არსებულ დეფიციტს სხვადასხვა ფაქტორი უწყობს ხელს: მასწავლებლის პროფესია კვლავ არაპრესტიჟული და დაბალანაზღაურებადია. არსებული სისტემა არ იძლევა კარიერული ზრდის შესაძლებლობებს. პროფესიაში მყოფი ადამიანები ორიენტირებულები არიან მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნებაზე და არა პროფესიულ განვითარებაზე, ხოლო ახალგაზრდა პოტენციურ კადრებს არ აქვთ მოტივაცია, საკუთარ პროფესიად მასწავლებლობა აირჩიონ“.

         რამ შეიძლება ხელი შეუწყოს მასწავლებლის მიერ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას სტატუსის შენარჩუნებისთვის ბრძოლის სანაცვლოდ, ასევე გააჩინოს უკეთესი მოტივაცია ახალგაზრდა კადრებისთვის? ტენუირებული მასწავლებლის სტატუსის შემოღება შეიძლება ერთ-ერთ კარგ მექანიზმად იქცეს ამ მიზნების მისაღწევად.დღეს,როცა მასწავლებლებისთვის სასერტიფიკატო გამოცდების სისტემის პარალელურად პროფესიული განვითარების ალტერნატიული ახალი სქემაც მუშავდება, იქნებ უპრიანი იყოს დაიწყოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სამომავლოდ ამ სქემაში ტენუირებული მასწავლებლისთვისაც მოინახოს ადგილი.

         ისევე როგორც ტენუირებული პროფესორის სტატუსი, ტენუირებული მასწავლებლის სტატუსიც ფართოდ არის გავრცელებული განვითარებულ ქვეყნებში. თუ გადავხედავთ ტენუირებული მასწავლებლის სტატუსის შემოღების ისტორიას, ვნახავთ, რომ აშშ-ში იგი საფუძველს  მე-19 საუკუნეში, კერძოდ 1800-იანი წლების ბოლოს იღებს, როცა ხშირი იყო მასწავლებელთა ნებისმიერი მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლება. ასეთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ორსულობა, რასობრივი კუთვნილება, პოლიტიკური შეხედულებები და ..  1885 წელს აშშ- განათლების ეროვნულმა ასოციაციამ (NEA) მოწოდება კააკეთა, მომხდარიყო მასწავლებელთა დაცვა უსაფუძვლო გათავისუფლებებისგან. მასაჩუსეტი პირველი შტატი იყო, რომელმაც ამ მოწოდების საპასუხოდ უკვე მომდევნო წელს ტენიურებული მასწავლებლის სტატუსი შემოიღო. 1909 წელს  ნიუ-ჯერსის უკვე ჰქონდა ტენუირების წესი, როგორც ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლის დამცველი მექანიზმი. 1930-იან ე.წ. დიდი დეპრესიის წლებში შეიქმნა მასწავლებელთა პირველი გაერთიანება, ხოლო აქედან დაახლოებით 20 წელიწადში აშშ-ს მასწავლებლების დაახლოებით 80% -ს ტენუირებულის სტატუსი ჰქონდა. დღესდღეობით აშშ-ში 2,3 მილიონი მასწავლებელს ტენუირებული მასწავლებლის სტატუსი აქვს.

         რა ვითარებაა ამ კუთხით სხვა ქვეყნებში?

         ამერიკული ორგანიზაციის - საგანმანათლებლო ტესტების სერვისის (ETS) 2003 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც 9 სხვადასხვა ქვეყნის - ავსტრალია, ინგლისი, ჰონგ-კონგი, იაპონია, კორეა, ნიდერლანდები, სინგაპური, აშშ მასწავლებელთა განათლებისა და სერტიფიცირების მოდელების  შედარებით ანალიზს გვთავაზობს, ყველა ამ ქვეყანაში არსებობდა ტენიურებული მასწავლებლის სტატუსი. განსხვავება აღინიშნებოდა მხოლოდ ტენუარის სტატუსის მოპოვების პირობებსა და პრობაციის ვადების კუითხითOECD 2011 წლის მონაცემებით ამ დროისთვის გაერთიანების წევრ 26 ქვეყანაში მოქმედებდა ტენუირებული მასწავლებლის სტატუსი, განსხვავებები ამ შემთხვევაშიც ამ სტატუსის მოპოვების პირობებსა და პრობაციის ვადებშია.

         რას ნიშნავს ტენუირებულის სტატუსი მასწავლებლისთვის და სკოლისთვის

         ისევე როგორც ტენუირებული პროფესორის შემთხვევაში, ტენუარის სტატუსი პირველ რიგში იცავს მასწავლებელს სამსახურიდან გათავისუფლებისგან განსაკუთრებული, კარგად დასაბუთებული  მიზეზის გარეშე, შესაბამისად აძლევს მას საშუალებას უფრო შემოქმედებითად მიუდგეს საკუთარ საქმიანობას, არ შემოფარგლოს საქმიანობის მიზნები კონტრაქტის ვადებით. ტენუარის სტატუსი მეტ მოტივაციას უჩენს მას იზრუნოს იმ სკოლის წარმატებაზე, რომელშიც მუშაობს და რომელმაც ეს სტატუსი მიანიჭა, ვინაიდან სკოლის წარმატება თავად ამ მასწავლებლის სამომავლო გეგმების წარმატებას უფრო თვალსაჩინოდ გამოკვეთს. ამავე დროს,  როგორც ტენუარის სტატუსის მხარდამჭერი არაერთი  ავტორი აღნიშნავს, ხაზი უნდა გაესვას, რომ მცდარია შეხედულება თითქოს ტენუარი ეს უვადო სამსახურის გარანტიაა, ტენუარის პოზიცია მასწავლებელს მხოლოდ სამსახურიდან ვოლუნტარისტულად და დაუსაბუთებლად გათავისუფლებისგან იცავს. გათავისუფლების მიზეზები შეიძლება იყოს ისეთი, როგორიცაა მორალური გადაცდომა, არაკომპეტენტურობა სახელმწიფო რეგულაციებით დადგენილი საგანმანათლებლო გაიდლაინების შესრულებაში და სხვა.

 

ტენუირებული მასწავლებელის სტატუსი - დადებითი და უარყოფითი მხარეები

        რა არის ტენუირებული მასწავლებლის სტატუსის შემოღების მხარდაჭერის ან მასზე უარის თქმის არგუმენტები?

        მხარდამჭერ არგუმენტებს შორის ძირითადად სახელდება ხოლმე:

  • ტენუარი იცავს მასწავლებელს პოლიტიკური, პირადი და სხვა, მათ შორის ცრუ ბრალდებების, მიზეზებით გათავისუფლებისგან, რაც არ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან;
  • §  ტენუარი ეხმარება მასწავლებლებს იმუშაონ უფრო ეფექტურად, ვინაიდან ისინი არ არიან მუდმივი შიშის ქვეშ რომ დაკარგავენ სამსახურს;
  • ტენუარის სისტემა შესაძლებლობას აძლევს  მასწავლებლებს  რეპრესიების შიშის გარეშე ასწავლონ ის საკამათო, არაპოპულარული საკითხები, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს;
  • მუდმივი სტაბილური სამსახურის გარანტია მიმზიდველს ხდის მასწავლებლის პროფესიის დაუფლებას, ზრდის მის პრესტიჟს;
  • ხელს უწყობს სასკოლო სწავლებაში ინოვაციების დანერგვას;
  • §  საშუალებას აძლევს მასწავლებლებს ღიად არ დაეთანხმონ სკოლის ადმინისტრაციას ან ხელმძღვანელ სახელმწიფო სტრუქტურებს თავიანთი მოსწავლეების აზრის დასაცავად და მათი სახელით;
  • ტენუირებული მასწავლებლის შერჩევის კარგად გაწერილი, ზუსტი პროცედურა უზრუნველყოფს სკოლებისა და კლასების უკეთესი, უფრო კვალიფიციური და ეფექტიანი მასწავლებლებით დაკომპლექტებას;
  • §  ტენუარის სტატუსი დამსახურებული ჯილდოა მასწავლებლისთვის მისი მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომისა და სკოლის ადმინისტრაციის, მშობელთა და მოსწავლეთა მხრიდან დადებითი შეფასებებისთვის;

კრიტიკოსების მიერ საპირისპირო არგუმენტებს შორის სახელდება:

  • იმის გამო, რომ აქვთ გარანტირებული სამსახური, ტენუირებული მასწავლებლები ნაკლებად არიან ორიენტირებულნი შეიძინონ ახალი ცოდნა, უკეთ შეასრულონ თავიანთი მოვალეობები;
  • ტენუარი ართულებს ცუდად მომუშავე მასწავლებლების სკოლიდან დათხოვნას, ვინაიდან ამ შემთხვევაში სკოლის დირექციასთან, სამეურვეო საბჭოსთან დავა თვეების განმავლობაში გრძელდება და თან სდევს შესაბამისი სასამართლო პროცედურები;
  • ბევრ სკოლას, რომელსაც არ აქვს დანერგილი ტენუარის სტატუსი, ჰყავს საკმაოდ კარგი მასწავლებლები;

 დაბოლოს...

           ტენუირებული მასწავლებლის სტატუსის შემოღება ალბათ დღესდღეობით სადავო და საკამათოა, ბევრი იქნება კონტრარგუმენტი, მაგალითად - თუ როგორი იქნება „ცუდი“ მასწავლებლებისთვის მუდმივი სტატუსის მინიჭებისგან დაზღვევის გარანტიები. პასუხი  ასეთი შეიძლება იყოს:

         სკოლაში არიან და ყოველთვის იქნებიან შედარებით ნაკლებად კვალიფიციური, დაღლილი და გადაქანცული, გამოუცდელი,  ვეტერანი მასწავლებლები, რომლებსაც უჭირთ სრულფასოვნად გაუმკლავდნენ თანამედროვე მოსწავლეებთან ურთიერთობისთვის დამახასიათებელ ახალ გამოწვევებს, მაგრამ იმედია, ნაკლებად არიან მართლა ცუდი მასწავლებლები. ყოველ შემთხვევაში, ტენუარის მინიჭებისთვის პრობაციის შესაბამისი პერიოდის დაწესების შემთხვევაში ცუდი მასწავლებლების უმეტესობა სკოლაში იმდენ ხანს არ დარჩება, რომ ტენუარის სტატუსი მოიპოვოს, ისინი უბრალოდ ამასობაში არჩევენ სხვა სფეროში სცადონ ძალები, სადაც შეიძლება წარმატებულები იყვნენ და თუ მაინც დარჩებიან, შესაბამისი შერჩევის კრიტერიუმები არ მისცემს მათ ამ სტატუსის მოპოვების უფლებას. სამაგიეროდ ის მასწავლებლები, რომლებიც ე.წ. „ტენუარის გზას“ დაადგებიან და მასწავლებლის პროფესიას თავიანთ მუდმივ საქმიანობად აირჩევენ, თავიანთი საქმის ერთგულები, უფრო თავდადებულები იქნებიან. ხომ გვსმენია მშობლებისგან ასეთი სიტყვები: ჩემი შვილის მასწავლებელს არ უყვარს თავისი საქმე, გულს ვერ უდებს, არ უყვარს ბავშვები. ამ შემთხვევაში ალბათ ასეთ მასწავლებლებს უნდა ეთქვათ, რომ მასწავლებლობა არ არის მათი პროფესია და ისინი ვერ გახდებიან ტენუირებული მასწავლებლები. ამის რეგულირება შესაძლებელია. მთავარია მოხდეს შესაბამისი შერჩევის მეთოდებისა და პრობაციის პერიოდის გამოყენება ისე, როგორც ეს ბევრ მოწინავე ქვეყანაშია.

         ამავე დროს ტენუირებული მასწავლებლის სტატუსის შემოღება სკოლაში  გაზრდის მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟს, ამ პროფესიაში შესვლის მოტივაციას გაუჩენს საუკეთესო სპეციალისტებს, რომელთა დეფიციტიც სკოლაში ვიცით რომ დღესდღეობით ძალიან საგრძნობია, არსებულ საუკეთესო მასწავლებლებს კი უფრო მეტად შეუნარჩუნებს სკოლებს. რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს ანაზღაურებას, როგორც მოტივაციის ფაქტორს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამის პარალელურად არანაკლებ მნიშვნელოვანი მოტივატორი შეიძლება იყოს ისეთი ღირებულებითი კატეგორიები, როგორიც არის პრესტიჟულობა, სტაბილურობა, აკადემიური თავისუფლება.

         შესაძლებელია ტენუირებული მასწავლებლის სტატუსი სწორედ ის ერთ-ერთი საკვანძო ქვაკუთხედია, რაც სჭირდება ჩვენს სკოლას. ამ სტატუსმა   გამორჩეულ მასწავლებლებს უნდა მისცეს ის, რაც მუდმივად ასე აკლდათ მათ - ღირსების ხელშეუხებლობა და პოლიტიკური ზეწოლისგან დაცვის გარანტია. დაე, იზრუნოს მასწავლებელმა თავისი საქმიანობის ხარისხზე, თავისი მოსწავლეების აღზრდა-განათლებაზე, საკუთარი სკოლის წარმატებაზე მსგავსი შიშის ფაქტორის გარეშე. შესაძლებელია ამის საპირისპირო არგუმენტი იყოს ის, რომ მთავარია დემოკრატიული გარემოს შექმნა, ასეთ გარემოში კი ყველა ადამიანის, მათ შორის, მასწავლებლის უფლებაც დაცულია. რა თქმა უნდა, ეს ასეა, და სწორედ ასეთი თავისუფლად მოაზროვნე, დემოკრატიულ საზოგადოების ჩამოყალიბებას იქ უნდა ჩაეყაროს საფუძველი და იქიდან დაიწყოს, სადაც ჩვენი მოზარდი თაობის აღზრდა-განათლება ხდება. დაშინებული მასწავლებელი ხომ ვერასდროს აღზრდის თავისუფალ მოქალაქეს.

       ტენუირებული პროფესორის საკითხზე მსჯელობა დაწყებულია, უკვე ტენუირებული მასწავლებლის საკითხზე მსჯელობაც შეიძლება. მნიშვნელოვანია მსჯელობა არგუმენტირებული და დასაბუთებული იყოს -  ტენუარის, როგორც ფენომენის არსიც ჯამში ხომ ის არის, რომ განსახილველად და შესასწავლად ყველაზე სადავო და საკამათო იდეის შეთავაზება ხდებოდეს თამამად.

 

          

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^