Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

C ჰეპატიტის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის მაჩვენებელი დაბალია - რა სახელდება ბარიერად

28 აპრილი 2018

C ჰეპატიტის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის მაჩვენებელი დაბალია - „ლიბერალის“ მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2 წლის განმავლობაში, პროგრამის ამოქმედებიდან (04/2015- 08/2017) მასში 45 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო, პაციენტთა ჩართვის საშუალოთვიური მაჩვენებელი კი 1 100-1 200-ია. იმისთვის, რომ ქვეყანამ 2020 წლისთვის მიზნად დასახულ - C ჰეპატიტის ელიმინაციას მიაღწიოს, პროგრამაში ყოველთვიურად 4 000 პაციენტი მაინც უნდა ჩაერთოს.

ეროვნული სტრატეგიით, საქართველო 2020 წლისთვის მიზნად ისახავს:

  • C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის გამოკვლევას;
  • C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმის მქონეთა 95%-ის მკურნალობას;
  • მკურნალობის შედეგად 95%-ის განკურნებას.

2015 წელს ჩატარებული კვლევით, საქართველოში 150 000 პაციენტს აღენიშნება ქრონიკული C ჰეპატიტი. ელიმინაციის მიზნის მისაღწევად საჭირო იქნება დაახლოებით 135 000 პაციენტის დიაგნოსტირება, 128 000 პაციენტის მკურნალობა და 122 000-ის განკურნება.

რა სახელდება პროგრამაში ჩართვის ბარიერად

ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა - ძირითადად, ბარიერად ეს საკითხები სახელდება, რაც პაციენტების პროგრამაში ჩართვას აფერხებს.

მიუხედავად იმისა, რომ C ჰეპატიტის მკურნალობას ბენეფიციარები სრულიად უფასოდ იღებენ, პროგრამაში ჩართვამდე მათ სადიაგნოსტიკოდ რამდენიმე ანალიზის ჩატარება უწევთ, რისთვისაც თანხა უნდა გადაიხადონ (თანაგადახდა - 70% პაციენტი, 30% სახელმწიფო, სოციალურად დაუცველებისთვის - 30% პაციენტი, 70% სახელმწიფო);

ეს ანალიზები დაახლოებით 200-დან 260 ლარამდე ჯდება, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის - 80-დან 110 ლარამდე. პაციენტს თანაგადახდის კომპონენტში შესაძლოა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაეხმაროს, თუმცა ყველა რეგიონში დაფინანსების ინდივიდუალური წესი მოქმედებს - ზოგიერთი მხოლოდ ნაწილს ფარავს, ზოგიერთი - 100%-ს და ა.შ.

ამასთან, პაციენტს თანხის გადახდა უწევს მკურნალობის პარალელურად ჩასატარებელი გამოკვლევებისთვისაც (150-200 ლარამდე); გამოდის, რომ დიაგნოსტიკა + მონიტორინგის ანალიზები ადამიანს დაახლოებით, მაქსიმუმ, 350-450 ლარი შეიძლება დაუჯდეს, ხოლო სოციალურად დაუცველს - 150-200 ლარამდე.

რაც შეეხება სამკურნალო კლინიკებს, ქვეყნის მასშტაბით სულ 32 დაწესებულებაა, რომელთა უმეტესობა თბილისშია თავმოყრილი.

„მსოფლიო ექიმები - საფრანგეთის“ წარმომადგენლის, ინა ინარიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ანალიზები დიდ თანხასთან არ არის დაკავშირებული, ის პაციენტებისთვის მაინც ბარიერს წარმოადგენს. მას მიაჩნია, რომ მკურნალობამდე და მკურნალობის პროცესში ანალიზები სრულიად უფასო უნდა იყოს, რაც პაციენტთა პროგრამაში ჩართვას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

„გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანებს არ აწუხებთ ეს C ჰეპატიტი, „დღესვე არ ვკვდები და მოვიცდი,  ახლა არ მაქვს ფულიდა როცა მექნება, მერე ჩავერთვები.“ - მოქმედებს ეს ფაქტორიც“, - ამბობს ინარიძე.

გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მხრივ აღსანიშნავია ისიც, რომ მკურნალობის სპეციფიკიდან გამომდინარე, პაციენტი ვალდებულია, კლინიკაში ყოველ 2 კვირაში ერთხელ მივიდეს. ინარიძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ დაწესებულებების უმეტესობა თბილისშია თავმოყრილი, რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის ეს ფაქტორიც შემაფერხებლად უნდა მივიჩნიოთ.

ჯანდაცვის სამინისტროში პაციენტთა ჩართვის დაბალ მაჩვენებელს სადიაგნოსტიკო და მონიტორინგის ანალიზების ხარჯს პირდაპირ არ უკავშირებენ. როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია ამბობს, მკურნალობაში ჩართვა თავდაპირველთან შედარებით მნიშვნელოვნად გამარტივდა. პაციენტებს ანალიზებში ახლა უფრო ნაკლების გადახდა უწევთ, ვიდრე ეს პროგრამის დასაწყისში იყო, თუმცა მკურნალობაში ჩართული პაციენტების რაოდენობის ზრდა ამ ღონისძიებების გატარების შემდეგ მაინც არ მომხდარა. შესაბამისად, „აქ ცოტა სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე“. 

მისი თქმით, 2017 წლის ბოლოს სახელმწიფომ მოხსნა გადასახადი სკრინინგის შემდგომ ჩასატარებელ ანალიზზე. სწრაფი ტესტით მიღებული დადებითი პასუხი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ადამიანს c ჰეპატიტი სჭირს. იმისათვის, რომ დარწმუნდეს, არის თუ არა ვირუსის მატარებელი, მან უნდა ჩაიტაროს ე.წ. კონფირმაციული კვლევა, რაც აქამდე 130 ლარი ღირდა, 2017 წლის ბოლოდან კი ეს გადასახადიც გაუქმდა, თუმცა, ადამიას თქმით, ამას არ გაუზრდია პროგრამაში პაციენტების ჩართვის მაჩვენებელი.

„მგონია, რომ გადაჭარბებული აღქმაა. არაადეკვატურად აღიქვამენ ამ ციფრებს და ჰგონიათ, რომ ძალიან ძვირია. თუმცა, დღეის მდგომარეობით, პაციენტის მაქსიმალური გადასახადი შეიძლება იყოს 258 ლარი  (მკურნალობის დაწყებამდე). ისიც, იმ შემთხვევაში, თუ მას დასჭირდა ელასტოგრაფია. თუ არ დასჭირდა, მაშინ 208 ლარი. სოციალურად დაუცველებისთვის გადასახადი კიდევ უფრო ნაკლებია და მას, რეალურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ფარავენ. ეს გადასახადი ადრე უფრო მეტი ჯდებოდა. სადიაგნოსტიკოდ კვლევების ჩამონათვალი შემცირდა. შესაბამისად, საერთო ღირებულებამაც დაიკლო, თუმცა არც ამას მოუცია ზრდა, რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ მხოლოდ ფინანსური ბარიერი არ არის. გვაქვს სხვა ბარიერებიც“, - ამბობს ადამია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო თანაგადახდის მთლიანად გაუქმებას ამ ეტაპზე არ აპირებს.

„შემდგომი ჩვენი ნაბიჯია გეოგრაფიული ბარიერის დაძლევა, რაც ნამდვილად არის ბარიერი“, - ამბობს ადამია. მისი თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში არ არის სერვისცენტრი, ამიტომ სახელმწიფოს შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს პროექტის დეცენტრალიზაცია.

„ვმუშაობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გვქონდეს მინიმუმ 1 დაწესებულება. ეს იქნება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება, სადაც პაციენტს შეეძლება, სხვა სერვისებთან ერთად, ადგილზე მიიღოს C ჰეპატიტთან დაკავშირებით ყველა მომსახურება - დიაგნოსტიკა, მკურნალობაში ჩართვა და ა.შ. ეს არის უახლოესი გეგმა, რაც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად გაზრდის ჩართულ პაციენტთა რაოდენობას“, - ამბობს ადამია. მისივე თქმით, საუბარია იმაზეც, რომ ამგვარი მომსახურება ზიანის შემცირების ქსელებმაც განახორციელონ.

ადამია ამბობს, რომ აქტიური მუშაობა გაგრძელდება პაციენტების გამოვლენის მხრივაც. მისი მონაცემებით, ამ ეტაპისთვის სკრინინგით დადებითი 25 000 ადამიანია, რომლებსაც შემდგომი გამოკვლევები აღარ ჩაუტარებიათ. ადამიას თქმით, ახლა მათი მთავარი ამოცანა სწორედ ამ ადამიანებთან მუშაობაა.

„ეს არის სერიოზული ჯგუფი პაციენტებისა, რომლებიც შეიძლება იყვნენ დაავადებულნი C ჰეპატიტით. რა თქმა უნდა, 100% არა, მაგრამ 70%-მდე შეიძლება იყოს სამკურნალო. ეს ჯგუფი არის ჩვენი პირველადი სამიზნე. ამიტომ, აქტიური გამოვლენა დავიწყეთ ამ პაციენტების. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს დაევალათ ამ პაციენტების მიდევნება და ზედამხედველობა, რომ მათ დაუკავშირდნენ და მაქსიმალურად მოიზიდონ დანარჩენი კვლევების ჩასატარებლად, შემდგომ კი, თუ საჭირო გახდება, პროგრამაში ჩასართავად“, - ამბობს ადამია.

-

ჯანდაცვის სამინისტრო ყველა ადამიანს მოუწოდებს C ჰეპატიტზე სკრინინგისა და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობაში ჩართვისკენ. ოფიციალური მონაცემებით, პროგრამაში ჩართული 45 000 პაციენტისგან 98% განიკურნა.

C ჰეპატიტის ვირუსის მაღალი პრევალენტობის გამო, საქართველო შეარჩიეს ერთ-ერთ საპილოტე ქვეყნად. საქართველოს მთავრობასა და აშშ ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საქართველო უსასყიდლოდ იღებს ძვირადღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს ყველა პაციენტისთვის, ვირუსის სრული ელიმინაციის მიზნით.

ბმულზე შეგიძლიათ, იხილოთ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც უფასოდ სკრინინგის ჩატარება შეიძლება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^