Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროგნოზირებადი ტრაგედია - გარემოს შეუფასებელი რისკები

10 ივლისი 2014

17 მაისს, დილის ათის ნახევარზე, დარიალის ხეობაში, თერგისა და ამალის შესართავთან ღვარცოფი ჩამოწვა. დაახლოებით 5 მილიონი კუბური მეტრის ჩამოზვავებულმა მასამ თერგის კალაპოტი გადაკეტა და მდინარე 15-20 მეტრის სიღრმეზე შეაგუბა. „დარიალი ჰესის“ მშენებარე გვირაბში რამდენიმე ადამიანი მოჰყვა. ამ დრომდე სულ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. 4 კვლავ დაკარგულად ითვლება. 


დარიალი ჰესი“ - მიზეზები, რისკები, დავა

2012 წლის 6 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის კანონიერებასთან დაკავშირებით ის ექსპერტები დაკითხა, რომლებმაც დარიალის ხეობაში „დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე 2011 წლის 28 ნოემბერს დადებითი ეკოლოგიური დასკვნა გასცეს.

მოსამართლის შეკითხვაზე, კონკრეტულად რა ევალებოდა და რაზე დაყრდნობით მომზადდა დადებითი ეკოლოგიური დასკვნა, კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ ტბელიშვილმა თქვა, რომ მან შეისწავლა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ჰიდროლოგიური ნაწილი. იქ დამოწმებული მონაცემები „გამოყენებულ ლიტერატურას“ შეადარა და დაადასტურა, რომ ეს ორი დოკუმენტი ერთმანეთს შეესაბამებოდა.

„მე მევალებოდა წარმოდგენილი ჰიდროლოგიური ინფორმაციის შემოწმება და ჩემი მოსაზრებების წარდგენა. გარემოზე ზემოქმედების (გზშ) ანგარიშს  ერთვოდა ინფორმაცია, რა მასალები გამოიყენა სპეციალისტმა ამ ანგარიშის შედგენისას. მე ეს მონაცემები გადავამოწმე და შევადარე. დასკვნის გაცემისას კი ანგარიშში წარმოდგენილ ინფორმაციას დავეყრდენი“, - უთხრა სასამართლოს ტბელიშვილმა.

სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამ უკანასკნელმა კი თავის მხრივ არ დააკმაყოფილა „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელი, რომელშიც ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ „დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე ეკოლოგიური დასკვნის გაცემისას ყველა საკითხი სათანადოდ არ იყო შესწავლილი და ნებართვა რამდენიმე კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო გაცემული. დარიალჰესის მშენებლობა გაგრძელდა. წელიწადნახევრის შემდეგ კი ჰესის სამშენებლო ტერიტორია ღვარცოფმა დაფარა და მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პირველი კითხვა, რომელიც ჟურნალისტებმა და მოქალაქეების ნაწილმა დასვეს – იყო თუ არა ღვარცოფის ჩამოწოლა ხეობაში ჰესების მშენებლობის ბრალი - ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაშინვე, გეოლოგების შეფასების შედეგების გაცნობამდე უარყვეს. რამდენიმე დღეში გამოქვეყნებული გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გეოლოგების დასკვნის თანახმადაც, დევდორაკიდან ღვარცოფის ჩამოწოლა უხვი ატმოსფერული ნალექების ფონზე, სტიქიური, ბუნებრივი მოვლენა იყო და პროცესი ადამიანის ჩარევით არ გააქტიურებულა.

„ზოგადად მთა მყინვარწვერის ეს კვანძი გამოირჩევა გლაციალური (გლაციოლოგია - მეცნიერება მყინვარების შესახებ) ღვარცოფების პერიოდულად აქტიური მოქმედებით, რომელთა დინამიკა, როგორც წესი, გეოლოგიურ კანონზომიერებას ძირითადად არ ემორჩილება... ბოლო 20 წლის მანძილზე კლიმატის ცვლილების საერთო ფონზე გლაციალური ტიპის ღვარცოფების აქტივიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მდინარე დევდორაკის ხეობაში ღვარცოფმა ბოლოს  2007 წლის აგვისტოში გაიარა. უფრო ადრე კი – 2003 წელს მთა მყინვარწვერის მყინვარულ კვანძში კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე რუსეთის ფედერაციაში მყინვარ კოლკის ენურ ნაწილში. 

მდინარე ამალი-დევდორაკის ხეობაში ამჟამად წარმოქმნილი სტიქიური გეოლოგიური მოვლენა, ისე როგორც მთა მყინვარწვერის მყინვარულ კვანძში ადრეულ პერიოდებში განვითარებული გლაციალური ღვარცოფების წარმოქმნა, დღემდე დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან", - აღნიშნავდნენ გეოლოგები. 

„დარიალი ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ორ დღეშივე სპეციალური განცხადებით უპასუხეს. მათი განმარტებით, პოზიცია  - ჰესი იქ არ უნდა აშენებულიყო - სულაც არ გულისხმობდა იმას, რომ მომხდარი ჰესმა გამოიწვია. არამედ პირიქით: ჰესის მშენებლობის დაგეგმვისას და შემდეგაც, არსებული რისკები, მათ შორის მყინვარ დევდორაკიდან  მომდინარე რისკი, სრულად არ იყო შეფასებული და გათვალისწინებული.

„მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელთა განმარტებით, მთავრობის წევრები ცდილობდნენ მიეჩქმალათ ამ პროექტების დამტკიცებისა და განხორციელების პროცესში მიღებული უპასუხისმგებლო და შესაძლოა, კორუფციული გადაწყვეტილებები.      

"გარდა იმ პრობლემებისა, რომელიც ემუქრება ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას, ბუნებრივ და სოციალურ გარემოს ამ პროექტების შედეგად, ჰესების დაპროექტებისას არ იქნა ჯეროვნად გათვალისწინებული ის საფრთხეები, რომლებიც უარყოფითი გეოლოგიური პროცესების შედეგად გაჩნდა და ენერგეტიკულ  ობიექტებსა და იქ დასაქმებულ ადამიანებს ემუქრებოდა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

გარემოსდამცველები ხაზს უსვამენ, რომ ხეობაში აშენებული კიდევ ერთი ჰესის - ლარსი-ჰესის სათავე ნაგებობა და დარიალ-ჰესის სადერივაციო გვირაბის პორტალი განთავსებულია მდინარეების დევდორაკისა და თერგის შესართავთან. მდ დევდორაკი კი სათავეს მყინვარ დევდორაკიდან იღებს, რომელიც ცნობილია კავკასიაში როგორც ჰიფსომეტრიულად ყველაზე დაბლა მყოფი. იგი შედის დაკიდული მყინვარების რიგში, იმპულსურია, და მისი მოწყვეტა კატასტროფას უკავშირდება.

1832 წელს მომხდარი კატასტროფის შედეგად, დევდორაკის მყინვარიდან უდიდესი სიჩქარით დაძრულმა ყინულმა და ქვაღორღმა სამი დღით გადაკეტა თერგი. შემდეგ მდინარემ ვლადიკავკაზი დატბორა. მყინვარიდან მოწყვეტილი ყინული შვიდი წელი დნებოდა. 2007 წელს დევდორაკიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა კი ერთი ადამიანი იმსხვერპლა.

„დევდორაკთან დაკავშირებულ საშიშროებას ჰესის მშენებელი კომპანიისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა არ მიაქციეს ყურადღება მაშინ, როდესაც ამ საფრთხეებზე ვსაუბრობდით. არც ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული განხილვების დროს, არც ამ ნებართვის გაუქმების მოთხოვნით წარმართულ სასამართლო პროცესზე“, - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი, „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების კოორდინატორი.

დარიალჰესის გზშ ანგარიშში მხოლოდ რამდენიმე სიტყვით ეწერა: „ჰესის მშენებლობისათვის შერჩეულ მონაკვეთში მდ. თერგს გააჩნია სამი ძირითადი შენაკადი (მდ. მდ. ჩხერი, დევდორაკი და ხდისწყალი), რომლებიც მყინვარული მდინარეებია, აქვთ დიდი ვარდნა, ხასიათდებიან მნიშვნელოვანი ნატანით (უპირატესად ლოდების სახით) და ინტენსიური წვიმებისა და თოვლის დნობის პერიოდში გამოირჩევიან ღვარცოფული დინებით“. 

აქვე ვკითხულობთ: „ჰესის ოპერირების პროცესში საშიში გეოდინამიკური პროცესების განვითარების რისკი მინიმალურია“.

ირაკლი მაჭარაშვილი დასძენს, რომ ანალოგიური საშიშროებაა მოსალოდნელი ყუროსა და ჩხერისგან - სწორედ ამ მდინარეების შერთვის ადგილას არის დაგეგმილი „დარიალჰესის“ კაშხლის, სალექარისა და სათავე ნაგებობის აშენება. პროექტის დამტკიცებული სახით განხორციელების შემთხვევაში შესაძლოა  დაბა სტეფანწმინდაც საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

„17 მაისს განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენამ ნათლად გვიჩვენა, თუ რა სავალალო შედეგი შეიძლება მოიტანოს არასრულყოფილად ჩატარებულმა გარემოზე ზემოქმედების შეფასებამ და ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებმა. გარემო პირობების უგულვებელყოფით, მხოლოდ მაქსიმალურ ეკონომიკურ სარგებელზე გათვლილი პროექტები საბოლოო ჯამში არა მხოლოდ ბუნებრივ და სოციალურ გარემოს აყენებენ ზიანს, არამედ სერიოზული ეკონომიკური ზიანის მომტანიც არიან“, - ვკითხულობთ გარემოსდამცველების განცხადებაში.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი თამარ შარაშიძე გარემოსდამცველებს არ ეთანხმება  და ამბობს, რომ ღვარცოფის განვითარების ალბათობა ინვესტორისთვის ცნობილი იყო, ეს საკითხი განხილული იყო  გზშ დოკუმენტშიც  და ამ შემთხვევაში სწორედ კომპანიის არჩევანი იყო გასწევდა თუ არა ამ რისკს.

გზშ ანგარიშში განხილული იყო ეს საკითხები და რისკები. შეიძლება 20 გვერდი დათმობილი არ აქვს, მაგრამ აღნიშნული იყო  და თუკი კომპანიას გააზრებული აქვს ეს რისკები, იცის, რომ მდინარის მარცხენა მხარეს არის ღვარცოფული ხევი და ამან შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს; იცის, რომ მშენებლობის მხარეს მდ.ყუროს შენაკადიც ღვარცოფულია, რა უნდა გაეკეთებინა სამინისტროს გადაწყვეტილების მიღების პროცესში? ეთქვა, რომ აქ მშენებლობით მას ზიანი მიადგებოდა? ანგარიშში ეწერა, რომ ამ შესაძლო ზიანის შესახებ კომპანიამ იცოდა“, - ამბობს თამარ შარაშიძე.

კითხვაზე, საკმარისი არგუმენტია თუ არა სოციალური და ეკოლოგიური რისკების შეფასებისას ის, რომ კომპანიას ეს რისკი შეიძლება გამართლებულად მიაჩნდეს, შარაშიძე ამბობს, რომ იქ ღვარცოფული მოვლენები ჰესის მშენებლობამდეც ხდებოდა და რისკი არა მხოლოდ ჰესისთვის, არამედ სამონასტრო კომპლექსისა და სხვა ობიექტებისთვისაც არსებობდა. ჰესის მშენებლობაზე ნებართვის გაცემით ეს მდგომარეობა არ შეცვლილა.

„თუ ეს რისკები კომპანიას გათვლილი აქვს და მისთვის მაინც მისაღებია ის ტერიტორია, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ“, - ამბობს შარაშიძე და დასძენს, რომ საჯარო განხილვებისას გარემოსდამცველებიც უფრო დიდ ყურადღებას მდინარეში  დასატოვებელი წყლის რაოდენობაზე, კალმახზე და სხვა საკითხებზე ამახვილებდნენ, ვიდრე ღვარცოფის რისკზე.

თუმცა „მწვანე ალტერნატივას“ მიერ საჯარო განხილვებისას სამინისტროში წარდგენილ მასალაში ვკითხულობთ, რომ დარიალჰესის მშენებლობის პროცესშიც კი შეუსწავლელია მდინარე თერგისა და მისი შენაკადების ჰიდროგეოლოგიური რეჟიმი. არ არსებობს უკანასკნელი 25 წლის მონაცემები. საერთოდ არ გამოკვლეულა და არ არის წარმოდგენილი თერგის შენაკადების, მდინარეების ჩხერისა და ყუროს საშუალო წლიური ხარჯისა და მყარი ხარჯის მონაცემები. ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ პროექტით მდინარეში დარჩება წყლის ნაკადის მხოლოდ 10 პროცენტი, კიდევ უფრო ზრდის როგორც დარიალის ხეობისთვის, მისი ბიომრავალფეროვნებისთვის დამანგრეველი ზიანის მიყენების, ისე ბუნებრივი კატასტროფების განვითარების საფრთხეს.

„გარდა ამისა, დადგენილია, რომ კლიმატის ცვლილებების გამო, ყოველწლიურად რამდენიმე მეტრით იკლებს ის მყინვარები, რომლებითაც საზრდოობს თერგი და მისი შენაკადები. მყინვარების დაჩქარებული დნობით გამოწვეული წყლისა და მყარი ნატანის ხარჯის ცვლილების საკითხი ჰესის პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული არ იქნა“, - წერდნენ გარემოსდამცველები.

„დარიალი ჰესის“ გზშ ანგარიში შპს „გამა კონსალტინგმა“ მოამზადა. საკონსულტაციო კომპანიის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი ჯუღული ახვლედიანი ამბობს, რომ ანგარიშზე დაახლოებით 6-7 თვე მუშაობდნენ. მისი განმარტებითაც, ინვესტორმა იცოდა, რა რისკზე მიდიოდა.

„ინვესტორმა იცოდა წინასწარ, მაგრამ წავიდა ამ რისკზე. ვაკეში და უდაბნოში, სადაც არანაირი გეოსაფრთხე არ არის, იქ არც ენერგიის წყაროა, მთაში კი შეიძლება ზვავიც იყოს და ღვარცოფიც. მაგრამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო იღებს.  ყველა რისკი რომ სათანადოდ არ ყოფილიყო შეფასებული, სამინისტრო ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებით დასკვნას ხომ არ გასცემდა?!“ - ამბობს ახვლედიანი.

გზშ-ის ერთ-ერთი თანაავტორი ფიქრობს, რომ ანგარიშის საბოლოო ვერსია უნაკლო არ იყო და შეიძლებოდა იქ მყინვარზე პროცესების მონიტორინგის საჭიროებაზე ესაუბრათ. თუმცა, მისი აზრით, კომპანია ამ ვალდებულებას ვერ აიღებდა, რადგან ამგვარი კონტროლის პასუხისმგებლობა უფრო სახელმწიფოს, კერძოდ კი  საგანგებო სიტუაციების სამსახურს აკისრია. 

 

რას ნიშნავს გარემოზე ზემოქმედების შეფასება და რატომ არის მნიშვნელოვანი?

 

გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) პროექტის, საქმიანობის დაგეგმვის ნაწილია (საპროექტო გადაწყვეტის შემუშავებასთან ერთად).  საქმიანობის განმახორციელებელი თავისი დაგეგმილი პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად, ქირაობს საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც ატარებს კვლევას და სპეციალურ ანგარიშს - გზშ ანგარიშს ადგენს.

გზშ ანგარიშში დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე შესაძლო ზემოქმედება სისტემურად უნდა იყოს შეფასებული და მისი უმთავრესი მიზანი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებაა.

გზშ ანგარიში უნდა პასუხობდეს კითხვებს: რა სახის მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა და შედეგები შეიძლება ჰქონდეს გარემოზე დაგეგმილ საქმიანობას? სად და როდის გამოვლინდება ეს შედეგები? რამდენად ძლიერი და მნიშვნელოვანი იქნება ეს შედეგები და რა შეიძლება გაკეთდეს პოტენციური ზიანის შესამცირებლად. 

ანგარიშში უნდა განიხილებოდეს შესაძლო პირდაპირი და არაპირდაპირი ზეგავლენა არა მხოლოდ ადამიანებზე, ეკოსისტემებსა და ბუნებაზე, არამედ კულტურული, ადამიანის მიერ შექმნილ მემკვიდრეობაზეც. ამ შემთხვევაში, ეს უკანასკნელიც გარემოს ნაწილად მიიჩნევა, რომელზე ზემოქმედებაც აუცილებლად უნდა შეფასდეს.

საბოლოოდ, კვლევის შედეგად მომზადებული გზშ ანგარიში, ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის მისაღებად (რაც მშენებლობის ნებართვის მიღების წინაპირობაა) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარედგინება. თუმცა მანამდე, პროექტის განმახორციელებლი ვალდებულია, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს გზშ ანგარიში და ასევე, ჩაატაროს საჯარო განხილვა. გზშ ანგარიშის განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად  სამინისტროს 20 დღე აქვს. სამინისტროში იქმნება საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისი ექსპერტებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია, რომელიც დადებით ან უარყოფით ეკოლოგიურ დასკვნას წერს. 

გარემოზე ზემოქმედების შეფასება - რას ითხოვს კანონი?

გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესს, პროცედურებს, ეტაპებსა და ვადებს, ასევე იმ საქმიანობების ჩამონათვალს, რომელთა განსახორციელებლადაც გზშ-ს ჩატარება და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (ანდა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის) აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს.

საქართველოს პარლამენტმა კანონები – „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ და „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ – 1996 წლის 15 ოქტომბერს მიიღო. ორივე მათგანი 2007 წლიდან განახლდა და სახელებიც შეეცვალა. პირველი გახდა - კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“, მეორე კი - კანონი „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“.

ამჟამად სამინისტრო გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში სწორედ ამ ორი კანონით და კიდევ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონით ხელმძღვანელობს.

ქეთი გუჯარაიძე, „მწვანე ალტერნატივას“ პოლიტიკის ანალიტიკოსი, განმარტავს, რომ  გარემოზე ზემოქმედების შეფასება - როგორც პროცესი და როგორც ინსტრუმენტი პრაქტიკულად ფორმალობამდეა დაყვანილი და რეალურად, თავის ფუძემდებლურ მიზანს ვეღარ ემსახურება.

გარემოზე ზეგავლენის შემცირება - ეს არის მთელ მსოფლიოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის მიზანი, რომელიც ისეთ ფორმალობამდეა დაყვანილი და ისეა შესუსტებული, რომ საქართველოში მოქმედი ინსტრუმენტი უკვე აღარ ემსახურება “, - ამბობს გუჯარაიძე.  

გარემოსდამცველები საქართველოში გზშ-ის, როგორც ინსტრუმენტის, არსებობის ორ პერიოდს გამოყოფენ: განვითარების - 1997-2005 წლებს და დეგრადაციის - 2005 წლიდან დღემდე. ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ პოლიტიკის ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე ფიქრობს, რომ ნებართვის დასახელების ცვლილებაშიც კი („გარემოსდაცვითი ნებართვა“ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვა“ გახდა), კარგად გამოიხატა ის დამოკიდებულება, რომელიც იმ პერიოდში გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ არსებობდა და განსაკუთრებით ძლიერი იყო.

 „2005-2007 წლებში განსაკუთრებით დასუსტდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა.  ეს იმ პერიოდში გაძლიერებულ ე.წ. ლიბერტარიანელების ზეგავლენას უკავშირდება. გარემოსდაცვითი მოთხოვნების არსებობა ინვესტიციების დამაბრკოლებლად განიხილებოდა და სწორედ ამ დროს გამიზნულად გაუქმდა თუ დასუსტდა იმ პერიოდისთვის მოქმედი არაერთი გარემოსდაცვითი ნორმა. ქვეყნის მმართველთა აზრით, ასე ქვეყანა ინვესტორებისთვის უფრო ლიბერალური და საინტერესო  იქნებოდა. სამწუხაროდ, დღევანდელი სამინისტროც ძალზე კომფორტულად გრძნობს თავს იმ ნორმებით ხელმძღვანელობისას, რომელიც მას წინა ხელისუფლებისგან დარჩა. ასეთ დეგრადირებულ ინსტრუმენტს ძალზე კარგად იყენებენ და პასუხისმგებლობა ამ მხრივ ნაკლები აქვთ. როგორც ჩანს,  არც სჭირდებათ რომ შეფასების ეს ინსტრუმენტი  უკეთესი იყოს“,  - ამბობს ქეთი გუჯარაიძე.

გარემოსდამცველები კანონმდებლობის არაერთ ნაკლზე მიუთითებენ. მათი მტკიცებით, მოქმედი ნორმები არ გამოყოფს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ადრეულ - სკრინინგისა და სკოპინგის ეტაპებს. სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცედურები შემჭიდროებულია. თავად ის ჩამონათვალი კი, რომლითაც კანონი იმ საქმიანობებს განსაზღვრავს, რომლებსაც გზშ სჭირდებათ, არასრულყოფილია და ბევრი მნიშვნელოვანი საქმიანობა მის მიღმა რჩება. რაც მთავარია, ამ სფეროში მოქმედი ძირეული კანონები არ ავალდებულებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, უზრუნველყოს საზოგადოების, განსაკუთრებით, დაგეგმილი პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის მონაწილეობა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის) გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამით საქართველო არღვევს საერთაშორისო ვალდებულებასაც - ორჰუსის კონვენციას, რომელიც საქართველოში 2001 წლიდანაა ძალაში.

როდის არის გზშ საჭირო?

„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონი გასაზღვრავს იმ საქმიანობებს, რომლებსაც აუცილებლად სჭირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება. კანონის თანახმად,  ეკოლოგიურ ექსპერტიზას ექვემდებარება სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება; ცემენტის, ასფალტის, კირის, გაჯის, თაბაშირისა და აგურის წარმოება; ტოქსიკური და სხვა სახიფათო ნარჩენების განთავსება, მაგისტრალური ნავთობსადენისა და გაზსადენის გაყვანა; საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, რკინიგზის და მათზე განთავსებული ხიდების, გზაგამტარი გვირაბის მშენებლობა; მაღალი ძაბვის საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა, ქვესადგურის განთავსება; ჰიდროელექტროსადგურის და თბოელექტროსადგურის განთავსება, კაშხლის, ნავსადგურის, ნავმისადგომის განთავსება; ქიმიური მრეწველობა, ნებისმიერი მეტალურგიული წარმოება; ტოქსიკური და სხვა საშიში ნივთიერებების საცავების მოწყობა და სხვა.

გარემოსდამცველების აზრით, აბსურდულია, რომ წიაღის მოპოვებას, რასაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა აქვს ბიომრავალფეროვნებაზე, ადამიანების ჯანმრთელობასა და საარსებო გარემოზე, გზშ ანგარიშის მომზადება არ მოეთხოვება.

 „გაგიჭირდებათ მსოფლიოში მოძებნოთ ქვეყანა, სადაც წიაღის მოპოვებისას წინასწარ არ ითხოვენ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებას. აბსურდულია და შეიძლება ითქვას, დანაშაულიც კია, რომ საქართველოში ამ საქმიანობის საწარმოებლად კომპანიებს არ მოეთხოვებათ გზშ-ს ჩატარება და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მოპოვება. ძალზე სამარცხვინო იყო 2006-2007 წლებში ამ მოთხოვნის გაუქმება და კიდევ უფრო სამარცხვინოა ის, რომ სიტუაცია დღემდე არ გამოსწორებულა, მიუხედავად ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი მითითებისა“, - ამბობს ქეთი გუჯარაიძე.

თამარ შარაშიძეც ფიქრობს, რომ ეს ჩამონათვალი დასახვეწია. მისი აზრით, წიაღის მოპოვება გზშ-ს უნდა საჭიროებდეს, თუმცა არ აკონკრეტებს, რატომ არ შეიტანა ამ დრომდე სამინისტრომ კანონში შესაბამისი ცვლილება. შარაშიძის  თქმით, ჩამონათვალს შეიძლება ზოგი საქმიანობა დაემატოს, ზოგი კი მხოლოდ ეკოლოგიურ ექსპერტიზას ან სანებართვო პროცესს დაექვემდებაროს და არა სრულმასშტაბიან გზშ კვლევას.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ეტაპები

სამინისტროს წარმომადგენლები, გარემოსდამცველები და საკონსულტაციო კომპანიების წევრებიც ფიქრობენ, რომ კანონით უნდა გამოიყოს ადრეული - სკრინინგისა და სკოპინგის ეტაპები, რომლებიც საშუალებას მისცემს კომპანიას, რომ ადრეულ ეტაპზევე გამოავლინოს ის რისკები და პირობები, რომელთა გათვალისწინების გარეშეც (დაგეგმვის ეტაოზე) საქმიანობას ვერ ახორციელებს.

სკრინინგის ეტაპზე კომპანია არკვევს რა მასშტაბის კვლევა სჭირდება, სკოპინგის ეტაპზე კი -  რა ძირითადი საკითხები უნდა იქნას განხილული გზშ-ში და რა ზეგავლენაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. სკოპინგი პრაქტიკულად მთელი პროექტის ეფექტურობას განსაზღვრავს და სწორად წარმართული პროცესის შემთხვევაში, კონფლიქტების ალბათობას ამცირებს.  

ჯერ შეთანხმება, შემდეგ შესწავლა

თამარ შარაშიძე მიიჩნევს, რომ სკოპინგის ვალდებულება ინვესტორს დამატებითი ხარჯებისგან დააზღვევს.

„საერთაშორისო ექსპერტებიც იზიარებენ ჩვენს სურვილს, რომ კანონმდებლობაში  სკრინინგისა და სკოპგინის სავალდებულო ეტაპები შემოვიღოთ. სწორედ სკოპინგის ეტაპმა უნდა გადაწყვიტოს, შეიძლება თუ არა ამ ტერიტორიაზე ამა თუ იმ წარმოების გაკეთება. კომპანიას ასეთ შემთხვევაში ნაკლები ფინანსური დანახარჯი ექნება, რადგან საკუთარი მოგებისა და გარემოსდაცვითი კუთხით წინასწარ შეაფასებს პროექტს მანამ, სანამ რაიმე ვალდებულებებს აიღებს“, - ამბობს შარაშიძე და დასძენს, რომ არსებული სისტემით, ინვესტორი ირჩევს ადგილს პროექტისთვის, აფორმებს შეთანხმებას ხელისუფლებასთან და მხოლოდ შემდეგ იწყებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. შემდეგ კი ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ სანებართვო პირობებში ისეთი საკითხები იწერება, რითიც მისი დანახარჯები მნიშვნელოვნად იზრდება.

ჯუღული ახვლედიანიც ფიქრობს, რომ ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში წინასწარი შეთანხმების სისტემა მანკიერია.  

ახვლედიანი იხსენებს, რომ როდესაც კომპანიის დაკვეთით ნამახვანის კასკადის გზშ ანგარიში მოამზადეს, დაასკვნეს, რომ მოცემული საპროექტო გადაწყვეტით, იმ პროექტის განხორციელება არ შეიძლებოდა. დასკვნით იმედგაცრუებულმა კომპანიამ კი მათ საექსპერტო მომსახურების ანაზღაურებაც არ გადაუხადა. 

ამასთან, პრობლემურია ის ვადებიც, რომლებიც საქმიანობის განმახორციელებლებისთვის არის დაწესებული. სამინისტრო ვადების მიხედვით საქმიანობების ორ კატეგორიად დაყოფას გეგმავს.

 „არასწორია, რომ გაჯის წარმოება და დიდი მეტალურგიული წარმოება ერთნაირად რეგულირდება და ორივემ სამთვიანი პროცედურა უნდა გაიაროს. გვინდა, რომ გავმიჯნოთ მაღალი რისკის ობიექტები და შედარებით ნაკლები ზიანის მომტანი საქმიანობები. ეს ერთი მხრივ ხელს შეუწყობს ინვესტიციებს, მეორე მხრივ კი ზოგიერთ საქმიანობაზე მჟამად არსებული ვადებიც უნდა გაიზარდოს“, - ამბობს სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველომ რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით უნდა შეცვალოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონმდებლობა: გააუმჯობესოს საზოგადოების ჩართულობის ელემენტები, გადახედოს საქმიანობების ჩამონათვალს, გადაწყვეტილების მიღების პროცესს და დანერგოს სტრატეგიული გარემოზე ზემოქმედების შეფასება.

დასავლური პრაქტიკით, გარემოზე ზემოქმედების შეფასება უნდა უტარდებოდეს, არა მხოლოდ კონკრეტულ პროექტებს, არამედ სახელმწიფო სტრატეგიებსა და პოლიტიკებს, რათა ყველა საჯარო უწყება, მთელი მთავრობა და, მეორე მხრივ, საზოგადოება, შეთანხმდნენ საერთო წესებზე, ქვეყნის განვითარების ეკონომიკური, ენერგეტიკული თუ სხვა სტრატეგიები კი, გარემოსდაცვითი კუთხით შეფასდეს.

გზშ-ის წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ გზშ, როგორც დაგეგმვის დამხმარე გარემოსდაცვითი ინსტრუმენტი, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია დანერგილი და აპრობირებული, მას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. პროექტების განმახორციელებლები ხშირად ამბობენ, რომ გზშ ანგარიშის შედგენა რთული და ძვირადღირებული პროცესია, რომ ის პროცესს აჭიანურებს და აფერხებს. თუმცა ქეთი გუჯარაიძე ამბობს, რომ სწორად შერჩეული ექსპერტებისა და შეფასების დროულად დაწყების შემთხვევაში, გზშ პროცესი მხოლოდ ეხმარება ინვესტორს და არა პირიქით.

„მსოფლიო პრაქტიკით, მთელი გზშ-ს პროცესი ჯდება პროექტის საერთო ღირებულების დაახლოებით 1-5%-მდე. სწორად წარმართული გზშ პროცესი და კვალიფიციური გზშ ანგარიში უზრუნველყოფს საპროექტო ხარჯების შემცირებას. თუ პროცესი სწორად წარიმართა, მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურად კარგი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა, რომ  ყველა უარყოფითი რისკფაქტორი  წინასწარ გამოავლინო და შეისწავლო, თუ შესაძლებელია - თავიდან აიცილო, თუ არა და - შეამცირო. ასეთი მიდგომით შესაძლებელი ხდება გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან აცილება“, - ამბობს გუჯარაიძე.

მისი აზრით, სწორად და ჯანსაღად წარმართულ პროცესში შეიძლება პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობასთან თანამშრომლობის დამყარებაც, მათთან კოსულტაციების გზით, სოციალური რისკებისა და წინააღმდეგობების შემცირება.

არასწორი დაგეგმვა საბოლოოდ უფრო ძვირი გვიჯდება, მატერიალურადაც და არამატერიალურადაც. დარიალის შემთხვევა ძალიან კარგი მაგალითი იმისა, როგორი შედეგი შეიძლება მოჰყვეს არასწორ დაგეგმვას. „დარიალი ენერჯისექნება ძალიან დიდი დამატებითი ხარჯები (და შესაძლოა, სახელმწიფოსაც) მხოლოდ იმის გამო, რომ დაგეგმვისას პროექტის ადგილი არასწორად შეარჩია. ზიანი მიადგა მის მშენებლობას, ტექნიკას, დაიღუპნენ ადამიანები.

ერთ-ერთი მსხვილი საკონსულტაციო კომპანია „გამა კონსალტინგის“ წარმომადგენელის ჯუღული ახვლედიანის აზრითაც, წინასწარი და ყოველისმომცველი შესწავლაა აუცილებელი.

„საჭიროა კონცეპტუალური კვლევა, ზოგადი გარემოსდაცვითი შეფასება. ყველა მდინარეზე ჰესს ვერ გააკეთებ, უნდა შევისწავლოთ მნიშვნელოვანი ხეობები, გავიგოთ სად რისი გაკეთება შეიძლება და რისი - არა. ჩვენ არ ვართ ყველა მდინარეზე ჰესის აშენების მომხრე, გვინდა, რომ რეალურად ფასდებოდეს, მაგრამ როცა პროექტი არსებობს, ტენდერია გამოცხადებული, ჩვენ ვაძლევთ წინადადებას და ვიგებთ, რატომ უნდა ვთქვათ უარი?

ახვლედიანი ამბობს, რომ მართალია, გზშ კვლევის ჩატარება და ანგარიშის შედგენა, როგორც წესი, პროექტის ღირებულების 1-5%-მდე ჯდება, მაგრამ ქართულ საკონსულტაციო კომპანიებს ამდენს სულაც არ უხდიან. ამჟამად „გამა კონსალტინგი“ 15-ზე მეტ პროექტზე მუშაობს. მათგან 5 უკვე წინასწარი საჯარო განხილვებისთვისაა გამზადებული.

 რაც შეეხება, დარიალის ხეობას, ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის ფინანსური რისკი გასწია „დარიალი ენერჯიმ“. დაკარგულ მუშებს ჯერ კიდევ ეძებენ. 27 ივნისს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ვალდებულება აიღო. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კი აგვისტოში საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად სამუშაო ჯგუფის შეკრებას და კანონმდებლობაზე მნიშვნელოვანი მუშაობის დასაწყებად ემზადება. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ დაინი ...

იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. მიქაუტაძის უვა ...
24 მაისი
24 მაისი

სულ სხვა ბიძინა

ოპერისა და ბალეტის თეატრში ბიძინა კვერნაძის 90 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა ...როდესაც ბიძინა კვერნაძისადმი მიძ ...
24 მაისი
24 მაისი

„როცა ვარდი ყვავის, ბაღი მისიას ასრულებს ...

ს.ს. - როგორია თქვენთვის წარმატებული ადამიანი? გ.ე. - წარმატებული ადამიანი - აბსურდის ადამიანია, მოთამაშე ადამიანი: ...

მეტი

^